დავით მუჯირი: რბილად რომ ვთქვათ, ფედერაციაში არასახარბიელო სიტუაციაა

AutoSharing Option
13 ოქტომბერს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის ინიციატივა განიხილეს და გენმდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის, დავით მუჯირის კანდიდატურა დაამტკიცეს.

ფედერაციის ახალ გენმდივანს "ლელომ" მცირე ინტერვიუ ჩამოართვა:

- გილოცავთ ახალ თანამდებობაზე დანიშვნას. ძალზე რთულ საქმეს შეეჭიდეთ...
- გეთანხმებით, სფფ-ის გენერალური მდივნობა მართლაც მძიმე და საპასუხისმგებლო თანამდებობაა. უპირველესად, ამ ნდობისთვის მადლობა უნდა გადავუხადო ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს.

ამ დღეების განმავლობაში ლევანი ფედერაციაში არსებულ ვითარებას სწავლობდა,
მე კი მას ვეხმარებოდი. ახლა ეს უკვე ჩემი უშუალო მოვალეობა გახდა. მინდა, პირადად მას წარმატება ვუსურვო ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ. ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული, მაქსიმალურად ხელს შევუწყობ და კოორდინირებულად ვიმუშავებ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დაგვიდგება გვერდში ქართული საფეხბურთო საზოგადოება. ამაზე ბევრი იქნება დამოკიდებული.

- თქვით, რომ კობიაშვილთან ერთად ფედერაციაში არსებულ ვითარებას სწავლობდით. რა მდგომარეობა დაგხვდათ?
- შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა.

- რას გულისხმობთ? გავრცელდა ხმები, თითქოს, ფეხბურთის ფედერაციას 9-მილიონიანი დავალიანება აქვს. ეს რეალური ინფორმაციაა?
- ვალები მართლაც არის, მაგრამ ჯერ ვითარების შესწავლა მიმდინარეობს და ნაადრევ განცხადებებს მოვერიდები. მაგრამ ვიმეორებ - რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო სიტუაციაა და ვეცდებით, მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწოროთ.

- ვიცე-პრეზიდენტების ვინაობა როდის გახდება ცნობილი?
- ჯერ 18 ნოემბრის რიგგარეშე ყრილობა უნდა გაიმართოს, სადაც ახალი აღმასკომის წევრებს აირჩევენ. ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატურები მათგან პრეზიდენტის მიერ შეირჩევა.

- 18 ნოემბრის ყრილობის დელეგატები სფფ-ში ახალი წევრების მიღების საკითხს თუ განიხილავენ?
- ჯერ სასწრაფოდ აღმასკომის წევრებია ასარჩევი. მის ძველ შემადგენლობას ვადა გასდის და ახლები წელსვე უნდა ავირჩიოთ, დანარჩენსაც სამომავლოდ განვიხილავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
ლუკა,
მე მთლიანად არ გამოვრიცხე მთავრობის ჩარევა,საუბედუროდ აუცილებელი გახდა ქვედა დინების კონტროლზე აყვანა,იმიტომ,რომ არველაძე თამაშობდა წესების გარეშე და დიდი იყო შანსი,რომ იგივე მაფია დარჩენილიყო.მე ამ სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრი,მქონდა მაგ ბანდასთან შეხება,უმცრ.ახალკაციდან მოყოლებული და ვიცი რა ჯურის ყალთაბანდებიც არიან.არ მომწონს ის ფაქტი,რომ მთავრობის ჩარევა გახდა საჭირო,მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აუცილებელი იყო.რაც შეეხება მუჯირს,არა მგონია კობიაშვილმა ხალხის ნდობა ძმაკაცობას გადააყოლოს,ეტყობა აქვს მისი ნდობა,სჯერა მისი შესაძლებლობების და იმიტომაც დანიშნა,თანაც მის საარჩევნო ჯგუფში იყო,პლიუს არა მგონია გენ.მდივნის პოსტი ისეთი უმნიშვნელო იყოს რომ კობიმ ძმაკაცის დანიშვნის გადაწყვეტილება ჰაერზე მიიღო.მოდი ვაცალოთ და ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება.
პროვოკატორი
18:43 15-10-2015
0
პროვოკატორი,
ვერ დაგეთანხმები იმ საკითხში, რომ კობიაშვილმა მთავრობის ჩარევის გარეშე მოიგო არჩევნები. მისმა მეგობარმა კალაძემ პირდაპირ, ლამის სიამაყით, განაცხადა რომ ნარკომანები არ უნდა წყვეტდნენ ქართული ფეხბურთის ბედს და არჩევნების წინ დაიჭირეს ნარკომანობაში ეჭვმიტანილი დელეგატი. შეიძება ვიკამათოთ რომ არველაძე და მისი შანტრაბა სხვანაირად ცოცხალი თავით ვერ შეელეოდა თანამდებობას, მაგრამ სიბინძურეს სიბინძურით ვერ ჩამოწმინდავ. ასევე ვერ დაგეთანხმები იმაში რომ კობიაშვილს არ ესაჭიროება მეგობრების დახმარება. ფეხბურთის სამთავრობო პროგრამაზე მისი ვიცე-პრემიერი მეგობრის კომენტარები მიუთითებს მთავრობის მხარდაჭერაზე, რაც ახალ პრეზიდენტს ბევრად დაეხმარება რეფორმების განხორციელებაში. გამართლება კალაძის ჩარევას მაშინ ექნება თუ კობიაშვილი მიხედავს ქართულ ფეხბურთს და არველაძის და სიჭინავას დატოვებულ ჭაობს ამოაშრობს. გულით ვუსურვებ წარმატებას კობიაშვილს, მაგრამ მისი პირველი საკადრო ნაბიჯი არ მომწონს. მიმაჩნია რომ ძალიან ძლიერი გუნდი უნდა შექმნას, რომ სიტუაციას გამოსწორება დაეტყოს რამდენიმე წელიწადში.
ლუკა
14:58 15-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული