ფირუზ კანთელაძე: ნეტავ, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი თბილისში მოგვასმენინა...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე ფეხბურთის ფედერაციის 3 ოქტომბრის ყრილობას აფასებს და არსებულ რეალობაზე გველაპარაკება:

"მართალია, დღეს ფეხბურთში აღარ ვსაქმიანობ, მაგრამ ძველი დინამოელი ვარ და პროცესებს განზე მდგომი ვერ ვუყურებდი.

"ჰოლიდეი ინში" ფედერაციის ყრილობაზეც ვიმყოფებოდი. იქ გამოჩნდა, რომ ქართულ ფეხბურთში ძალიან ფეთქებადსაშიში ვითარება იყო. კიდევ კარგი, ბოლოს ვითარება დაწყნარდა და ვნებები დაცხრა, თორემ დაპირისპირებას სიკეთე არავისთვის მოუტანია და ჩვენც ვერ გვახეირებს.

ვისურვებ, რომ ჩვენი ფეხბურთი ლევან კობიაშვილის ხელში მაინც გაერთიანდეს, განვითარდეს და ხალხმა ისევ გაიხაროს", - ამბობს ფირუზ კანთელაძე.

მისი თქმით, ქართულ ფეხბურთს ახლა რეალური დახმარება ესაჭიროება:

"ბოლო დროს, ძალიან ბევრმა ისეთმა ქვეყანამ გაგვასწრო, სადაც ძლიერი ფეხბურთი არ ჰქონიათ. ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ აზერბაიჯანული "გაბალა" და "ყარაბაღი", ყაზახურმა "ასტანამ" კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გააღწია. ამას გარდა, პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ლიგაში მოხვდნენ კიევის "დინამო", დონეცკის "შახტარი", მოსკოვის ცსკა, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" და ბელარუსის ბატე. ანუ ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილი საბჭოთა კავშირიდან სულ 6 კლუბი თამაშობს.

სადაც სამართალია, იქ საქართველოს გუნდიც უნდა იყოს, მაგრამ რას ვუყურებთ? მიმაჩნია, რომ "გაბალამ" არ უნდა დაგამარცხოს. ესაა გულდასაწყვეტი, თორემ "ტოტენჰემი" რომ მოგიგებს, გასაკვირი არ არის.

არადა, თითოეული ჩვენგანი ხომ იმაზე ოცნებობს, საქართველოს ძლიერი ჩემპიონატი ჰქონდეს, ფეხბურთში ფული ჩაიდოს და იმ დღეს მოვესწროთ, როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი "დინამოს" სტადიონზეც აჟღერდება.

არადა, ჩვენ რომ ეს შეგვიძლია, დარწმუნებული ვარ. ნიჭს ხელის შეშველება სჭირდება, დიდი ფულის გარეშე კი დღეს წარმატებას ვერ მიაღწევ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი იქნება თუ ქ. ფოთში აჟღერდება
0
ტყუილად დავობთ რომელი გუნდიც არ უნდა გავიდეს ლიგაზე ჰიმნი მაინც თბილისსში აჟღერდება რადგან სხვაგან შესაბამისი სტადიონი არსადაა
SATEROBELI
15:26 18-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული