"უნდა შევძლო და დავბრუნდე" - ბექა გოცირიძის ბრძოლის ქრონიკა

AutoSharing Option
ბექა გოცირიძე ახლა 27 წლისაა. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ეროვნულ გუნდში კი 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 2009 წელს "ზესტაფონიდან" გადავიდა დნეპროპეტროვსკის "დნიპროში". მისი ტრანსფერი სარეკორდო იყო და გაჩნდა იმედი, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი თვისობრივად ახალ დონეზე გავიდოდა, მაგრამ...

მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო - სერიოზული ავტოავარიის შემდეგ ფეხბურთელს ძველი სათამაშო ფორმის დაბრუნება გაუჭირდა და მისი კარიერაც დაღმა დაეშვა. ვისაც გოცირიძის თამაში უნახავს, დაგვეთანხმება - თავისი მონაცემებით ის დღეს ფასეული მოთამაშე იქნებოდა საქართველოს ნაკრებისთვის...

27 წელი ფეხბურთელის
შუადღეა. ბექას თაობის მოთამაშეები, ისინი, ვის წინააღმდეგაც გოცირიძე წარმატებით თამაშობდა საერთაშორისო ასპარეზზე, დღეს სხვადასხვა გუნდის ლიდერები არიან, თავად კი...

"ლელომ" საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ინტერვიუ სთხოვა...

- ინდივიდუალურად ვვარჯიშობ იპოდრომზე. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს აღარც ვფიქრობდი აქტიურ ფეხბურთზე. გადაწყვეტილი მქონდა წასვლა და წასულიც ვიყავი. ახლა მოტივაცია გამიჩნდა...

- რას გულისხმობთ?
- ვუყურებდი ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს და აქ თამაშის არანაირი სურვილი არ მქონდა. ჩემი თქმა რად გინდათ, ყველამ კარგად იცით, რაც ხდებოდა ქართულ ფეხბურთში ბოლო წლების განმავლობაში... არჩევნებში ლევან კობიაშვილის გამარჯვებამ დიდი იმედი გამიჩინა. კობიაშვილი უპატიოსნესი ადამიანია, პროფესიონალია და მჯერა, ბევრ რამეს შეცვლის.

მეც მინდა, სულ ცოტა რამ მაინც გავაკეთო ჩვენი ფეხბურთისთვის. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვთხოვ მაქსიმუმს. დავიწყე ინდივიდუალურად ვარჯიში. წონა მქონდა მომატებული, ეს ბევრმა იცის. დავიკელი, თუმცა ჯერ ბოლომდე არა. უნდა შევძლო და დავბრუნდე - ესაა ჩემი მოტივაცია. თუნდაც, ჯერ პირველ ლიგაში. ზამთრამდე დროა და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო.

- 27 წელი ფეხბურთელისთვის "ოქროს ასაკია". თქვენი ხნის ფეხბურთელები სხვადასხვა გუნდებში ლიდერები არიან...
- ვკითხულობ პრესას, ვუყურებ ფეხბურთს და მეც ვხედავ ამას. გული მწყდება წარსულის გამო, იმ წლების გამო, რომელიც უკვე წავიდა, მაგრამ რას ვიზამთ... ეს ჩემი ბოლო შანსია. ზუსტად ვიცი. მართალი ხართ - 27 წელი ის ასაკი არ არის, ხელი საბოლოოდ რომ ჩავიქნიო.

- ბექა, რას უნდა დავაბრალოთ თქვენი კარიერული უკუსვლა?
- რომ არა ის დაწყევლილი ავარია, მჯერა, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ყველაფრის მიზეზი ეს არ არის, ჩემი არასწორი ცხოვრების ბრალიცაა და ეს ყველაზე კარგად მე ვიცი. იმ წლებში მეტი სერიოზულობა უნდა გამომეჩინა.

- თავის დროზე, "ზესტაფონიდან" დიდი იმედით წახვედით "დნიპროში". რა მოხდა იქ? რატომ ვერ მოიკიდეთ ფეხი?
- მართლაც დიდი იმედებით მივედი "დნიპროში". მაშინ ბესონოვი იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი. "შახტართან" მომცა შანსი... იცით, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მართლა მაგრად ვითამაშე. მეორე შეხვედრაში პენალტი მოვიპოვე... კარგად ვგრძნობდი თავს, თამაში მიმდიოდა...

გავიდა დრო, სასტარტო შემადგენლობის ფორვარდი დაბრუნდა და ძირითადიდან ამომაგდო. მერე ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო - ავარია, იჯარა "კრივბასში"... იქ არ მათამაშებდა მწვრთნელი. მეც და სანდრო კობახიძეც სათადარიგოთა სკამზე ვიჯექით...

ბევრი რამ ვნახე ფეხბურთში და ასეთი მწვრთნელი არ მინახავს. მისი გვარი აღარ მახსოვს. საშინლად ვერ იტანდა ქართველებს. მერე გავიგე, აქტიური ფეხბურთელობის დროს მას რაღაც მოსვლია რომელიღაც ჩვენებურ ფეხბურთელთან და ამის შემდეგ ჩაუდევს წყენა გულში ქართველებზე...

მერე დავბრუნდი "დნიპროს" დუბლებში. არ დავმალავ, ამ დროს უკვე აცრუებული მქონდა გული. სულ ბავშვები იყვნენ... ჩემში მილიონი ჰქონდა გადახდილი "დნიპროს" და უფულოდ ან იაფად სად გამიშვებდა? მერე წავიდა და წავიდა ცუდი პერიოდი...

- თქვენ რამდენჯერმე სცადეთ დიდ ფებურთში დაბრუნება. რატომ არ გამოგივიდათ?
- დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც რთულ მდგომარეობაში დახმარების ხელი გამომიწოდა - თუნდაც, "დილას" და მარტვილის "მერანის" ხელმძღვანელობას.

იცით, რომ ვაკვირდებოდი მოვლენებს, რაც ქართულ ფეხბურთში ხდებოდა. რომ ვუყურებდი ჩვენი ჩემპიონატის დონეს, მოტივაცია მიქრებოდა... არის რაღაცები, რაც ვერაფრით ამიხსნია...

- რას გაქვთ მხედველობაში?
- თუნდაც ის, თუ რატომ არ არის "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში? აქვს კი დღეს ქართულ ფეხბურთს იმის რესურსი, რომ უარი თქვას ასეთ სტადიონზე? შეიძლება, ასეთი ბაზა უმოქმედოდ იყოს? წლების განმავლობაში ვითამაშე ამ ქალაქში და იქაური სითბო დღემდე მომყვება.ზესტაფონელი ქომაგი ღირსია, ფეხბურთი ჰქონდეს...

საერთოდ, მგონია, რომ საქმისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონე მოიმატებს. აგერ, ნაკრებს თვალსაჩინო პროგრესი ეტყობა... ჩვენ გვყავს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი და ამ ნიჭის გამოყენება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
odalas-ს. რას ქვია ნუ წაიკითხავს. მე წავიკითხე კიდევაც და აზრის გამოთქმის უფლებასაც ვიტოვებ. ვერ გავიგე თუ სტატია არ მომწონს, არ უნდა გამოვხატო აზრი? რა სისულელეს წერ. რაც შეეხება ამ სტატიას, აქ ბევრი საკრიტიკო არაფერია, იმ სტატიებთან შედარებით, რაც ალეკოს ადრე დაუწერია. განსაკუთრებით "ვერ იტანდა" და მიკერძოებული იყო ქეცბაის მიმარტ.
nika
12:16 26-10-2015
0
თუ აქამდე არ ეყო ნებისყოფა წონის დასაგდებათ და ეხლა კობიაშვილით, "ზესტაფონით" ხსნის თავის მოტივაციას, მაშინ ეს ფუჭე ლაპარაკია!
გამოცდილი
11:56 26-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული