ვადიმ აფშევი: გვსურს, მამის მემორიალზე ქართველებმაც ითამაშოთ

AutoSharing Option
ფოტოზე: მამუკა კვარაცხელია და ვადიმ აფშევი

ქართული ფეხბურთის პრობლემებზე საუბრისას ბევრს ავიწყდება, რომ ერთ-ერთი მათგანი ჩვენი კარჩაკეტილობაა. საბჭოთა კავშირი ჭირსაც წაუღია, აღარ არსებობს და მისი დაბრუნება გამორიცხულია, მაგრამ მაშინ ქართველ ბავშვებსა და მოზარდებს 14 ქვეყნის თანატოლებთან სისტემატურად შეჯიბრებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების საშუალება ჰქონდათ.

დამოუკიდებლობის წლებში მომრავლებული ფინანსური პრობლემების გამო ჩვენი ბავშვები უცხოელებთან პირველად ლამის სანაკრებო დონეზე თუ თამაშობენ, ტურნირებზე მონაწილეობა და მსგავსი ჩვეულებრივი მოვლენა კი ოცნებად ექცათ. არც ერთ საფეხბურთო აკადემიას იმის ფული არ აქვს, რომ წელიწადში სამ-ოთხჯერ გუნდები
უცხოეთში გაუშვან, მშობლები კი ამაში სოლიდურ თანხებს ვერ იხდიან.

ამიტომაც დავინტერესდით რამდენიმე დღის წინანდელი ამბით: თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის, 1964 წლის "ოქროს თაობის" ერთ-ერთი წარმომადგენლის, ალექსანდრ აფშევის შვილი ვადიმ აფშევი და ვლადიკავკაზის "ბარსების" საფეხბურთო სკოლის მწვრთნელი დავით დვალიშვილი საქართველოს დედაქალაქს სტუმრობდნენ. ისინი საინტერესო წინადადებით ჩამოვიდნენ, რაც ამ კარჩაკეტილობიდან გამოსვლის ერთ-ერთ საშუალებად შეიძლება გამოდგეს.

"ქართველი კაცი ვარ, ვლადიკავკაზში ვმუშაობ და მსურს, საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას ერთმანეთში საფეხბურთო კავშირების აწყობაში დავეხმარო.

"ბარსები" ერთი წლის წინათ თბილისში ჩამოვიყვანე, ნოდარ ახალკაცის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალზე ვათამაშეთ და საკონტროლო მატჩებიც გავმართეთ. წლეულს კი, "საბურთალოს" ბავშვები ნალჩიკში ჩემი მეგობრის, ალექსანდრე აფშევის ვაჟის, ვადიმის დახმარებით "კავკასიის თასზე" წავიყვანეთ.

ამ თემაზე მამუკა კვარცხელიასთან ვილაპარაკეთ და ორივე დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი კავშირებით ჩვენი საქმეც გაკეთდება და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგება.

ახლა გვსურს, რომ 2016 წლის მაისში ნალჩიკში ალექსანდრე აფშევის სახელობის საერთაშორისო ტრადიციული მემორიალი გავმართოთ, სადაც უკვე თანხმობა გვითხრეს ცნობილი საფეხბურთო კლუბების აკადემიებმა - მახაჭყალის "ანჟიმ", გროზნოს "ტერეკმა", "კრასნოდარმა", "ყუბანმა", "როსტოვმა", ნალჩიკის "სპარტაკმა" და ვოლგოგრადის "როტორმა", - ამბობს დავით დვალიშვილი.

ვადიმ აფშევი ნალჩიკის "სპარტაკის" ადმინისტრაციაში მუშაობს და, პარალელურად, მამის სახელობის მემორიალის ორგანიზატორია:

"2016 წელს მემორიალი მე-16-ედ გაიმართება. მამაჩემს თბილისის "დინამო" და ქართველები გამორჩეულად უყვარდა და ჩვენს ოჯახს სურდა, ამ ტურნირზე თქვენი ქვეყნის წარმომადგენლებს ეთამაშათ.

წლეულს "საბურთალომ" ითამაშა და ამიტომ ტურნირმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო. ჩვენი მიზანია, რომ მასშტაბი გავზარდოთ. თბილისის "დინამოს" აკადემიამ და "საბურთალომ" თანხმობა მოგვცეს, ისევე, როგორც ერევნის "არარატმა". ვფიქრობ, საინტერესო ტურნირი გამოვა.

საერთოდაც, დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან კავშირების აღდგენასა და დაახლოებაში ხელი ასე მაინც შევუწყო - ფეხბურთი ხომ გვაერთიანებს. ერთმანეთთან მუდმივი კავშირი უნდა გვქონდეს.

არ არის გამორიცხული, საინტერესო ახალგაზრდები საქართველოს ჩემპიონატში დავასაქმოთ და როცა გამოცდილებას მიიღებენ, რუსეთში უფრო თამამად ითამაშებენ. პრეცედენტები უკვე ფიქსირდება. მაგალითად, ცხინვალის "ლიახვში" ჩემი გაზრდილი, 1995 წელს დაბადებული მატვეი გოჩიევი ჩაირიცხა. დეკემბერში გუნდს ჩამოვიყვან, საკონტროლო თამაშებს გავმართავთ და ქართულ გუნდებს საინტერესო მოთამაშეების დატოვების საშუალება მიეცემათ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აფშევის შვილს ჰქვია ლადინი და არა ვადიმი
დავითი
17:24 05-11-2015
0
ხოდა მიგიწვევენ, ჩაგიყვანენ მანდ და დაგახვედრებენ აფხაზეთის და ცხინვალის გუნდებს და მაგათ დროშებს, მერე დაიწყებენ არ ვიცოდით სანამ წავიდოდითო, სპორტი პოლიტიკა არააო და მსგავს სისულელეებს, ჯერ გაარკვიეთ სად მიდიხართ, გარანტიები მიიღეთ და მერე წადით...
walkabout
11:03 06-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული