ყრილობაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის გამოსვლა ფეხბურთის განვითარებასთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის საინტერესო მესიჯებს შეიცავდა.
"აღმასკომის არჩევის შემდეგ ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. მისი ახალი წევრების დამტკიცებას კონკრეტული ნაბიჯები და შედეგები უნდა მოჰყვეს. იმედია, სახელმწიფო და ფეხბურთის ფედერაცია თანამშრომლობას შეძლებენ და ამ მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევას ერთობლივი ძალებით შევძლებთ...
ჩემი აზრით, მუდამ წარსულისა და წინამორბედი
ბევრი კარგი პროექტი გაკეთდა და ამის დაუნახაობა არ შეიძლება. სათქმელი კონკრეტულ ფაქტებსა და ციფრებზე დაყრდნობით შეიძლება, შეფასება კი საზოგადოებამ გააკეთოს. ფედერაციაში შესული თანხები მიზნობრივი იყო და თუ პირადი ინტერესებისთვის იხარჯებოდა, ამას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს...
საამისოდ, აუცილებლად მიმაჩნია 5 და 10-წლიანი სამოქმედო გეგმა და ყველამ უნდა იცოდეს, ფედერაცია რას აკეთებს და დამაკმაყოფილებლად რა შედეგი ჩაითვლება...
არ შეიძლება, კლუბების დაფინანსება გამგებლების ხასიათზე იყოს დამოკიდებული, სისტემური მიდგომაა საჭირო. დაუშვებელია ისიც, სახელმწიფომ კლუბები აფინანსოს და ფეხბურთელის გაყიდვიდან მოგება კი მხოლოდ აგენტების ჯიბეებში მიდიოდეს. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ასე გაგრძელდება, სჯობს ფეხბურთს აღარ გაეკაროს.
აუცილებლად წახალისდებიან კერძო კლუბები, მაგრამ დაფინანსების სხვა წყაროებიც უნდა მოიძებნოს, რადგან არ შეიძლება, კლუბი მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე არსებობდეს. ამავე დროს, სახელმწიფოს მხრიდან თითოეული კლუბი უნდა გაკონტროლდეს და დაწესდეს შტატების რეგულაცია...
მიმაჩნია, რომ ჩაწყობილ თამაშებზე ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მხრიდან სათანადო რეაგირება არ ყოფილა. არადა, უეფა მეტ სიმკაცრეს გვთხოვს. ლევან კობიაშვილის მიდგომა იმით მომწონს, რომ მისთვის ამ საკითხებში თავზე ხელის გადასმა მიუღებელია...
სამინისტრო დაფინანსების ახალ სტანდარტზე გადადის და ამით რეგიონულ ფედერაციებს შეუძლიათ ისარგებლონ...
მნიშვნელოვნად მიმაჩნია პრესასთან ურთიერთობა. ეს ხალხი გმირებად მიმაჩნია. საფეხბურთო მოვლენებს სწორედ ისინი აშუქებენ. არადა, სულ მიკვირს, როცა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს მათზე ნაკლებად ფიქრობენ და მედიის მოთხოვნებს არ ითვალისწინებენ. საერთოდ, ეროვნული ჩემპიონატის უკეთ გაშუქება ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა იქცეს...
მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა ვეტერანების მიმართ. მათ განსაზღვრეს ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარული. მათთან ურთიერთობაც სწორი ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს და ისინი მხარეებად არ უნდა დავყოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"