კახა ჭუმბურიძე: დიდი დრო არ გვაქვს, ხალხი ამდენ ხანს ვეღარ დაგველოდება...

AutoSharing Option
კახა ჭუმბურიძე
დაიბადა 1970 წლის 13 აგვისტოს, თბილისში
სპორტული კარიერა
1987-89 ზოოვეტი
1989-90 ალაზანი
1991-92 სამგურალი
1993-95 ზოოვეტი
1996-97 გურია
1997-2000 ვიტ ჯორჯია
სამსახურებრივი კარიერა
2000-02 საბურთალოს დირექტორი
2003-04 თბილისის დინამოს აკადემიის დირექტორი
2004-05 თბილისის დინამოს სპორტული დირექტორი
2006-07 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის ცენტრის დირექტორი
2007-15 საბურთალოს გენერალური დირექტორი
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და 3 შვილი
განათლება: უმაღლესი (თბილისის ზოოვეტერინარული ინსტიტუტი).

22 ნოემბერს გამართულ აღმასკომის სხდომაზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად ნიკოლოზ ჯღარკავა და კახა ჭუმბურიძე აირჩიეს. მანამდე ჯღარკავა თბილისის "დინამოს" აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, ჭუმბურიძე კი - "საბურთალოს" გენე
რალური დირექტორი.

რა მიმართულებებს ჩაიბარებენ სფფ-ის ახალი ვიცე-პრეზიდენტები, რა გეგმებითა და წარსულით მოდიან?..

გულშემატკივრებისთვის ცნობილია, რომ კახა ჭუმბურიძე "საბურთალოს" გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს მას შემდეგ, რაც სკოლა "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" და მისმა მფლობელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა შეიძინა. მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ 1999 წლის 20 აგვისტოს, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 161-ე საჯარო სკოლაში გიგა არევაძემ, ქართლოს ჭუმბურიძემ და მამუკა კვარაცხელიამ დააფუძნეს საფეხბურთო კლუბი "საბურთალო", რომლის პირველი დირექტორიც სწორედ ჭუმბურიძე გახლდათ.

ის ყველაზე პრესტიჟული სამოყვარულო ტურნირის, "ბენდელას თასის" დამფუძნებელია. ამავე დროს, წლების წინათ დავით პეტრიაშვილთან ერთად იყო თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ეს ის პერიოდია, როცა "დინამომ", პირველად (და ჯერჯერობით უკანასკნელად) დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უეფას თასის (ევროპალიგის წინამორბედი) ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეძლო.

ჭუმბურიძის დამსახურებაა ისიც, ერთ-ერთი რიგითი საფეხბურთო სკოლა "საბურთალო" დღეს მოწინავეთა შორის რომ დამკვიდრდა, გუნდი კი უმაღლეს ლიგაში აღზევდა. ვფიქრობთ, მისი გამოცდილება ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს.

- მეორეობა კარგა ხანია დაგებედათ - "დინამოშიც" და "საბურთალოშიც" სულ მეორე პირი იყავით და ახლაც, ფეხბურთის ფედერაციაშიც, იმავე როლში ხართ...
- მეც ასე მგონია, რომ ყველაზე კარგად მეორეობა გამომდის, ოღონდ ეს მაშინ, როცა კარგი პირველი კაცი მყავს... ჩემი ამბიცია ყოველთვის საქმის კეთება იყო და ბედნიერი ვიქნები, თუ ქართული ფეხბურთის განვითარებაში წვლილს შევიტან.

- ცნობილია, აღმასკომმა რა მიმართულებებიც ჩაგაბარათ...
- დიახ, ჩემი საკურატორო სფეროები იქნება ნაკრები გუნდები, ბავშვთა ფეხბურთისა და რეგიონების განვითარება, მწვრთნელთა მომზადება და გადამზადება, სამედიცინო სფერო.

- ფეხბურთის ფედერაციაში ისეთ დროს მიხვედით, როცა მისი და ფეხბურთის სახელი ძალიან შელახულია და ამას ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლა, ვგულისხმობ ელიტრაუნდის საგზურების მოპოვებას, ვერ გადაწონის...
- ხალხი არჩევას კი მილოცავს, მაგრამ მე მათ ვეუბნები - საქმე მოსალოცად მაშინ გვექნება, როცა ამ ნდობას გავამართლებთ და 2-3 წლის შემდეგ შედეგი გამოჩნდება. იმის თქმა, რომ ჩვენ რეკორდებს მოვხსნით, მართალი არ იქნება. მაგრამ გულშემატკივარი მხოლოდ წინსვლასა და წარმატებებს ელის, ჩვენ კი საამისოდ არც ისე დიდი დრო გვაქვს. ხალხი ამდენ ხანს ვეღარ დაგველოდება.

- ბავშვთა ფეხბურთში საქმიანობდით და ახლა სწორედ ეს მიმართულება ჩაგაბარეს. კონკრეტული პროექტი თუ გაქვთ?
- გადასახადი ყველა სახეობაში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეიმუშაოს პროგრამა და გამორჩეულად ნიჭიერ ბავშვებს ყველანაირად ხელი შეუწყოს. ეს იქნება რეგიონებში მოსამზადებელი ცენტრების გახსნა და კლუბებთან აქტიური თანამშრომლობა.

ერთ თვეში მზად გვექნება სამოქმედო გეგმა, პროექტები და გვეცოდინება, რომელი მიმართულებებით რა უნდა გავაკეთოთ... აბსოლუტურად ვეთანხმები ლევან კობიაშვილს - ინფრასტრუქტურის გარეშე განვითარება გამორიცხულია.

- "საბურთალოდან" უკვე წახვედით?
- მართალია, პოსტების შეთავსება იურიდიულად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მაინც გაუმართლებელი იქნებოდა. ორივე ფრონტზე ყოფნა რთულიც იქნებოდა და ფიზიკურადაც ვერ შევძლებდი.

თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ "საბურთალოში" წლების განმავლობაში ვიმუშავე. აქ საქართველოსთვის არა მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელები იზრდებოდნენ, არამედ მენეჯერები და მწვრთნელები ჩამოყალიბდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმათმა ფეხბურთი მოშალეს,ესენი კი დაასამარებენ გარანტირებულად.
ფედერაციაა თუ საბურთალოს საკადრო განყოფილება?
ჯარჯი21
17:04 24-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული