გიორგი დევდარიანი: ყოველთვის დავდგები იქ, სადაც საქართველოს დასჭირდება!

AutoSharing Option
42 წლის გიორგი დევდარიანს გულშემატკივრები ძალიან კარგად იცნობენ. ის ჯერ კიდევ წლების წინათ განსხვავებულად ფიქრობდა ფეხბურთის ავან-ჩავანზე.

წლების წინათ, სწორედ დევდარიანი იყო მეტად გუნდის, "თბილისის" მთავარი შემომქმედი, დღესაც რომ ახსოვს ქომაგს...

კულუარებში უკვე ითქვა, რომ დევდარიანმა, შესაძლოა, საქართველოს ახალგაზრდული ან რომელიმე ასაკობრივი ნაკრები ჩაიბაროს. "ლელო" მას სწორედ ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ დაუკავშირდა...

- დავიწყოთ ხანმოკლე ტრაბზონული გამოცდილებით. საინტერესოა, რა მოგცათ თურქეთში გატარებულმა პერიოდმა?
- ვერ ვიტყვი, რომ ამ რამდენიმე თვემ მთელი ცხოვრება და საფეხბურთო აზროვნება შემიცვალა, მაგრამ რაღაც გამოცდილება
მაინც მომცა. ეს იყო ერთ-ერთი ეტაპი ჩემი სამწვრთნელო კარიერისა, რომელიც უკვე კარგა ხანია დაიწყო და ახლაც გრძელდება.

- რა ხდებოდა გუნდის შიგნით? როგორი იყო თურქული გრანდის ყოფა?
- ჩემთვის ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ის დამოკიდებულება, რომელიც თურქეთში იგრძნობოდა როგორც "ტრაბზონსფორის", ისე ზოგადად, ფეხბურთის მიმართ.

ვგულისხმობ დამოკიდებულებას სახელმწიფოს, გულშემატკივრებისა და თუნდაც მასმედიის მხრიდან.

- რატომ არ გამოვიდა "ტრაბზონსფორში" ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ?
- ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერ დავასახელებ, ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ამის და ამის გამო არ გამოვიდა რაღაც... იყო რამდენიმე წვრილმანი მიზეზი და საბოლოო ჯამში მივიღეთ მნიშვნელოვანი დაბრკოლება.

ჩემთვის ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ 5 თვის განმავლობაში ვიყავით კლუბში და მხოლოდ ერთხელ გადაიხადეს ხელფასი. საქართველოდან ჩასული კაცი კიდევ გაიგებს ამას, მაგრამ "ტრაბზონსფორის" ფეხბურთელებისთვის ამის გაგება ძალიან რთული აღმოჩნდა.

წარმოიდგინეთ, მიდიხარ ვარჯიშზე და ხედავ ფეხბურთელის დაღვრემილ სახეს... ამ ფეხბურთელების უკან ხომ ოჯახები დგანან, ისინი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები არიან...

- საქართველოში გადმოვინაცვლოთ. ბოლო დღეებში ერთხელაც გახდა აქტუალური გარიგებული მატჩების თემა. როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას? თქვენ ჯერ კიდევ წლების წინათ ლაპარაკობდით "სუფთა თამაშის" აუცილებლობაზე...
- ეს მარტო ჩვენი კი არა, მთელი მსოფლიოს პრობლემაა. შეიძლება, ბოლომდე ვერც აღმოიფხვრას ეს სენი, მაგრამ ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბრძოლა იყოს ბოლომდე და თან - შეურიგებელი!

ვისაც ევალება ამ სენთან ბრძოლა, ის ხალხი უნდა იყოს ძალიან მკაცრი და თანმიმდევრული. ცნობილია, რომ ამ საქმის გამკეთებელი ხალხი ეტანება ისეთ ნიადაგს, რომელიც საამისოდ ნოყიერია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ასეთი ნოყიერი ნიადაგი არ იყოს საქართველოში.

- კულუარებში ითქვა, რომ შესაძლოა საქართველოს რომელიმე ასაკობრივი ნაკრები გიორგი დევდარიანმა ჩაიბაროს. ფეხბურთის ფედერაციისგან შეთავაზება ხომ არ მიგიღიათ?
- მე ჩვეულებრივად ვაპირებ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას. ერთი ეტაპი უკვე გავიარე და ახლა მეორე უნდა დაიწყოს... ჯერჯერობით, ამ თემაზე არავისთან მილაპარაკია.

ვფიქრობ, ჩემთვის, კონკრეტულ მოცემულობაში, უკეთესი იქნებოდა რამდენიმე წლით უცხოეთში მუშაობა, მაგრამ მე ვარ ქართველი, ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და ყოველთვის დავდგები იქ, სადაც საქართველოს დასჭირდება...

უცხოეთში მუშაობა კი იმიტომ ვახსენე, რომ იქ მეტ გამოცდილებას იღებ, მაგრამ ეს გამოცდილებაც და მთლიანად საკუთარი თავიც იმიტომ გჭირდება, რომ ქართულ ფეხბურთს, საქართველოს გამოადგე...

საერთოდ, მე ყოველთვის მზად ვარ, ვემსახურო ქართულ ფეხბურთს. ვმუშაობდი ნოდარ ახალკაცის დროს, ვმუშაობდი ზვიად სიჭინავას დროს... არ ვარ არავის კაცი და არც არასოდეს ვყოფილვარ, ჩემთვის მიუღებელია ბანაკებად დაყოფა... ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ქართული ფეხბურთის სადარაჯოზე.

- საქართველოს ჩემპიონატში მაყურებლების რაოდენობა დღითი დღე მცირდება. როგორ ფიქრობთ, ქომაგი რა შემთხვევაში დაუბრუნდება სტადიონს?
- ამისთვის საჭიროა, ქვეყანაში ცხოვრების დონემ აიწიოს. კაცი, რომელიც შიმშილს ებრძვის, ვერ დაჯდება და ფეხბურთს დაწყნარებულად ვერ უყურებს, საამისოდ მას ნერვები არ ეყოფა. ფაქტია, ხალხს უჭირს... ავიღოთ თურქეთი. რასაც მე დავაკვირდი, იქ ცხოვრების დონე, ჩვენთან შედარებით, მაღალია. ხალხი სამსახურს რომ მორჩება, მშვიდად მიდის სტადიონზე და საყვარელ გუნდს ქომაგობს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც გინდა დანიშნე, მაინც არაფერი შეიცვლება.
kai raa
18:36 06-12-2015
0
გიორგი კარგი ადამიანი ხარ მართლა მაგრამ ვის აჩალიჩებ ესე რომ შენ გარშემო ტრიალებენ ჩემი რჩევა იქნება მცვრთნელობას თავი დაანებო დამიჯერე თუ ნამუსი გაქვს
zviadi
19:14 06-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული