უცნობი ისტორიები: ­რატომ არ გადასცეს მერაბ მეგრელაძეს ევროპის "ოქროს ბურთი"?

AutoSharing Option
არიან ფეხბურთელები, რომლებიც განსაკუთრებულ კვალს ტოვებენ. ასეთი გახლდათ მერაბ მეგრელაძე - მიუხედავად იმისა, რომ თავისი დროის საქართველოს ნაკრებში, თბილისის "დინამოში" არ უთამაშია, მისი სახელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირებში შევიდა.

სულ რაღაც ორი თვე და მეგრელაძის დაბადებიდან 60 წელი შესრულდება...

საბჭოეთის ბომბარდირი
"თუ სტენლი მეტიუზს ინგლისის დედოფალმა სერის ტიტული მიანიჭა, ქართველებმა მერაბ მეგრელაძე ლორდად უნდა მოვიხსენიოთ" - მოსწრებულად თქვა ცნობილმა კომენტატორმა ნუგზარ ჯუღელმა და როგორც ყოველთვის, "ათიანში" მოარტყა.

ქართული ფეხბურთის საბჭოური ისტორია იმდენადაა თბილისის "დინამოზე" ფოკუსირებული, რომ ბევრისთვის ეს ფაქტი უცნობია და
გამომდინარე აქედან, საინტერესოც: 1982 წელს, მეგრელაძემ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 18 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა. თანაც, უკან თბილისის "დინამოს" ვარსკვლავი რამაზ შენგელია ჩამოიტოვა (16 გოლი).

ქუთაისის "ტორპედომ" მისი გოლებით მოუგო მოსკოვის "დინამოს", ერევნის "არარატს", ლენინგრადის (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგის) "ზენიტს", გასვლაზე დუბლი შეუსრულა მაშინდელ ჩემპიონ მინსკის "დინამოს", გუნდს ქულა მოაპოვებინა დონეცკში "შახტართან", ხარკოვში - "მეტალისტთან", შინ კი - ოდესის "ჩერნომორეცთან"...

მაშინდელი ბომბარდირთა სამეული ასე გამოიყურებოდა: 1. ანდრეი იაკუბიკი ("ფახთაქორი") - 23; 2. მერაბ მეგრელაძე ("ტორპედო") - 18; 3. რამაზ შენგელია ("დინამო" თბ) -16.

უნიკალურ ფორვარდს საბჭოთა კავშირის და საქართველოს ჩემპიონატებში არაერთი ბურთი გაუტანია. 1982 წელს "ტორპედომ" მე-13 ადგილი დაიკავა, მეორე წელს კი ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდა, მაგრამ 1985 წელს დაბრუნდა და მე-11 ადგილი დაიკავა, რაც უმაღლეს ლიგაში 13-წლიანი ასპარეზობის განმავლობაში გუნდის საუკეთესო შედეგი გახლდათ.

მერაბ მეგრელაძისათვის კი გამორჩეული აღმოჩნდა მატჩი მოსკოვში, რომელიც ქუთაისელებმა მისი ჰეთ-თრიქით მოიგეს - 3:1. 1989 წელს, ლანჩხუთის "გურიაში" საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში 29 გოლი გაიტანა და მაშინაც ბომბარდირებში მე-2 ადგილზე გავიდა.

ეროვნული ჩემპიონატის რეკორდსმენი
ევროპულ ლიგებში საუკეთესო შედეგი ჩვენმა თავდამსხმელებმა ორჯერ აჩვენეს: ოთარ კორღალიძემ 1991-92 წლების სეზონში 40 გოლი გაიტანა, მეგრელაძემ ეროვნული ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა და ანგარიშზე 41 გოლი ჩაიწერა. ეს 1992-1993 წლების სეზონში წყალტუბოს "სამგურალის" მაისურით მოახერხა, როდესაც 37 წლის (?!) გახლდათ.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ "ოქროს ბურთის" პრიზი 5 წელი არ თამაშდებოდა და ამის გამო დავკარგეთ უნიკალური შანსი, პოპულარული პრიზის მფლობელი ქართველი გამხდარიყო.

სულ, ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებულ 140 მატჩში სულ 104 გოლი გაიტანა. კარიერა 44 წლის ასაკში, 1998 წელს რუსეთის პირველი ლიგის ნოვოსიბირსკის "ჩკალოვეცში" დაასრულა, სადაც გუნდის საიუბილეო მე-1000 გოლის ავტორი გახდა და სიყვარულით "ბაბუ" შეარქვეს. "ჩკალოვეცის" სამართალმემკვიდრე რუსეთის პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი ნოვოსიბირსკის "სიბირია", რომლის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებად აღიარეს იური სიომინთან (მოსკოვის "ლოკომოტივისა" და კიევის "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი) ერთად. ასეთ ლიგაში მოხვედრას დღეს ბევრი ქართველი "პერსპექტიული" მოთამაშე ვერ ახერხებს.

ქართველი უნიკუმი
ახლახან პოპულარულ რუსულ გამოცემაში, "ფუტბოლ რევიუში" ოლეგ ლიტკინმა მერაბ მეგრელაძეზე ძალიან თბილი წერილი გამოაქვეყნა.

"ახალგაზრდობაში, მქონდა ბედნიერება, ორი არაჩვეულებრივი თავდამსხმელი მენახა. ერთი შეხედვით, მათი გარეგნობა ფეხბურთელისას ყველაზე ნაკლებად მაგონებდა. ისინი ნაადრევად გამელოტებული, საკმაოდ დამძიმებული ბიძიები იყვნენ, მაგრამ მწვანე მოედანზე სრულიად გარდაიქმნებოდნენ. ისე შეიძლებოდა მათი თამაშის ნახვა, ვერ მოწყდებოდით.

პირველი თავდამსხმელი "შახტიორის" ვიტალი სტარუხინი იყო, მეორე - მერაბ მეგრელაძე.

1982 წლისთვის სტარუხინმა თამაში უკვე დაამთავრა. მაგრამ საბჭოთა ფეხბურთი უნიკუმის გარეშე არ დარჩენილა. უმაღლესი ლიგის დებიუტანტი ქუთაისის "ტორპედოს" ფორვარდი საკმაოდ თამამი მებრძოლი აღმოჩნდა, მალე კი ბომბარდირთა სიაში ფეხბურთის მოყვარულთა ფართო წრისთვის უცნობი სახელი გამოჩნდა - მერაბ მეგრელაძე.

"ტორპედოს" თავდამსხმელმა "შახტარის" დონეცკში გაუტანა, მერე ორჯერ ხარკოვის "მეტალისტის" კარი აიღო. აღმოჩნდა, რომ ავტოქარხნელებს საქართველოდან ორი ღირსეული ფორვარდი ჰყავდათ - დენიზ დარჯანიასაც საკმაოდ ბევრი გაჰქონდა. ამ უჩვეულო სახელის მქონე ფეხბურთელზე ოდესმე წამეკითხა - ის შარშანდელი "ტორპედოს" ლიდერი იყო. მაგრამ ვინ არის მეგრელაძე?

აღმოჩნდა, რომ მერაბი გამოდიოდა ლანჩხუთის "გურიაში", პირველი ლიგის კიდევ ერთ ქართული გუნდში. იქაც მას არც ისე ცოტა ჰქონდა გატანილი, მათ შორის, "ტორპედოს" კარშიც. როდესაც ქუთაისელებმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს, მეგრელაძე მიიწვიეს. მის ბომბარდირულ გმირობაზე წერდა "საბჭოთა სპორტიც" და "ფეხბურთი ჰოკეიც".

მაგრამ მე საკუთარი თვალით მსურდა მენახა ის, ვინც ასე ადვილად ჩაეწერა საბჭოთა უმაღლეს ლიგაში. სამწუხაროდ, "ტორპედო" ხომ ჩვენი სატელევიზიო ეკრანების იშვიათი "სტუმარი" იყო.

და მაინც, ეს საოცარი უცნობი "საფეხბურთო მიმოხილვაში" აჩვენეს. მელოტი, რომელიც თავის ოცდაექვს წელზე გაცილებით ასაკოვნად გამოიყურებოდა, მოგრეხილფეხებიანი არც ისე წარმოსადეგი ჩანდა და მრისხანე ბომბარდირს არანაირად ჰგავდა. თუმცა, თამაშის დროს მეგრელაძე გარდაიქმნებოდა. უპირველესად, უზადოდ არჩევდა პოზიციას. მეორეც, დიდ დისტანციურ სისწრაფეს არ ფლობდა, მაგრამ შეეძლო და ახერხებდა კიდეც უსწრაფესად გაქცევას და წამში უმეთვალყურეოდ დარჩენას.

ტექნიკური თავდამსხმელის არსენალში აღმოჩნდა ელიტური გუნდების დამცველებისთვის სრულიად უცნობი რამდენიმე ფინტი. იმის მიუხედავად, რომ მეტოქეები "ტორპედოს" ლიდერის ნეიტრალიზებას ყველანაირად ცდილობდნენ, მერაბი თავის დაძვრენასა და გატანას ახერხებდა. იმ წელს, ტაშკენტის "ფახთაქორის" ფორვარდის, ანდრეი იაკუბიკის შემდეგ, მეგრელაძე ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა და უკან ბევრი ცნობილი ფორვარდი ჩამოიტოვა. არადა, იმ ჩემპიონატში თამაშობდნენ ოლეგ ბლოხინი, რამაზ შენგელია, სერგეი როდიონოვი...

რატომ მოხვდა ეს თვითნაბადი ტალანტი "გურიაში", შემდეგ "ტორპედოში", მაგრამ არა საქართველოს მთავარ გუნდში, თბილისის "დინამოში", ძნელი სათქმელია. ალბათ, "დინამოს" ხელმძღვანელებმა მერაბი გუნდისთვის არც ისე სასარგებლოდ ჩათვალეს. ის იყო ძალიან სპეციფიკური ფეხბურთელი. გარდა ამისა, მეგრელაძეს ბომბარდირული ნიჭი საკმაოდ გვიან გაეხსნა. მაგრამ ვაღიარებ, რომ თბილისის "დინამოს" დიდი გულშემატკივარი ვიყავი და ვწუხდი, რომ შენგელია-მეგრელაძის დუეტი არ შედგა.

მერაბი კი იბრძოდა მოკრძალებული "ტორპედოსთვის", უმაღლესი ლიგიდან მასთან ერთად ვარდებოდა და შემდეგ მაინც გადმოდიოდა. შემდეგ "გურიაში" დაბრუნდა. პატარა დასახლების გუნდმა არნახულ წარმატებას მიაღწია - ელიტაში გაძვრა. "გურიამ" უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა, მაგრამ უბადრუკად სულაც არ გამოიყურებოდა და მაღალ საზოგადოებაში ღირსეულად ითამაშა.

სამწუხაროდ, მერაბ ნოდარიჩმა ამ სეზონში თავი ვერ გამოიჩინა, რადგან ტრავმირებულმა აღდგენას ხანგრძლივი დრო მოანდომა, მწვრთნელებთან კი რაღაც პრობლემები შეექმნა. მიხეილ ფომენკომ გამოცდილი თავდამსხმელის სამსახურზე საერთოდ უარი თქვა და მერაბი ქუთაისში დაბრუნდა, სადაც სეზონში ოცდაათ გოლამდე გაჰქონდა.

ოთხმოცდაათიან წლებში, ფეხბურთიდან ლამის ერთად წავიდნენ ის მოთამაშეები, რომლებთანაც მეგრელაძე "გურიასა" და "ტორპედოში" გამოდიოდა. საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონის იყო. თუმცა მეგრელაძე თამაშობდა და თითქოს იცოდა, რომ მისი ოსტატობა მაინც გამოადგებოდათ. ასეც მოხდა. ნოვოსიბირსკის "ჩკალოვეცში" მიიწვიეს. მწვრთნელმა სერგეი ირომაშვილმა ციმბირში კიდევ რამდენიმე ქართველი დაიმატა. თავი ყველამ ვერ გამოავლინა, მაგრამ მეგრელაძე, რომელმაც იმ დროისთვის ორმოცი წლის ბარიერს გადააბიჯა, კაშკაშად და შედეგიანად ათამაშდა.

ნოვოსიბირსკის პუბლიკა სტადიონზე საგანგებოდ "ბაბუს" სანახავად დადიოდა. ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მერაბ ნოდარიჩი ყოველთვის ნამუსიანად თამაშობდა და ამ ორი წლის განმავლობაში ნოვოსიბირსკში ძალიან კარგი სახელი დატოვა. მერაბი ბაბუს ციმბირელები დღემდე ძალიან თბილად იხსენებენ. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში - უკვე სევდით. სამ-ნახევარი წლის წინ, მერაბ მეგრელაძე გარდაიცვალა. სამწუხაროდ, სპორტული და ცხოვრებისეული დღეგრძელობა ყოველთვის ერთი და იგივე არ არის".

უნიკალური დინასტია
2008 წლის მარტში, საქართველოს ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში, "ბორჯომის" თავდამსხმელმა გია მეგრელაძემ თბილისის "ამერს" ეფექტური ბურთი გაუტანა. მაგრამ ეს გოლი არა მარტო სილამაზით გამოირჩეოდა, ისტორიაშიც დარჩა. საქმე ისაა, რომ გია საქართველოს ბომბარდირთა "ასიანთა კლუბის" წევრი გახდა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში კი უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა - ასიანთა კლუბში ერთდროულად მამა-შვილი, გია და მერაბ მეგრელაძეები შევიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში 15 ფეხბურთელია, ვისაც საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდში 100 და მეტი გოლი აქვს გატანილი.

მეგრელაძეებს ერთ გუნდშიც წელიწად-ნახევარი უთამაშიათ - 1994-1995 წლებში ისინი ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდნენ. მაშინ ისინი ისტორიული და ამავდროულად, სახალისო მატჩის მონაწილენი გახდნენ: "ტორპედომ" ლანჩხუთის იმ "გურიას" წინააღმდეგ ითამაშა, სადაც მერაბის ყოფილი თანაგუნდელი და უახლოესი მეგობარი, ოთარ კორღალიძე მოედანზე შვილთან, ლევან კორღალიძესთან ერთად გავიდა. ეს შეხვედრა 1995 წელს ქუთაისში გაიმართა და ისტორიაში გია მეგრელაძის ფრაზითაც შევიდა - "მამა, პასი".

გულშემატკივრებისთვის ისიც უცნობია, რომ საქართველოში მეგრელაძეები ყველაზე ტრადიციულ საფეხბურთო დინასტიას წარმოადგენენ: ოზურგეთის "მერცხალში" თამაშობდნენ მერაბ მეგრელაძის ბაბუა და მამა, ილია და ნოდარ მეგრელაძეები - ყველა მათგანი თავდამსხმელი გახლდათ. დინასტია კი ასევე ფორვარდმა გიამ გააგრძელა, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა ქართულ, ბერძნულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, ყაზახურ და უზბეკურ კლუბებში, 1998 წელს კი ეროვნული ნაკრების ფორმაც მოირგო.

4 თაობა ფეხბურთში - უნიკალურია! შესაძლოა, მეშლება, მაგრამ სანთლით რომ ეძებოთ, მსგავს დინასტიას მსოფლიოში ვერ მოძებნით. მეგრელაძეებს პატარა ბომბარდირი ახლაც ეზრდებათ. 16 წლის მერაბ მეგრელაძე-უმცროსი საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში" ვარჯიშობდა, ახლა კი - "საბურთალოში".

ქუთაისის "ტორპედოს" და ლანჩხუთის "გურიას" ცნობილ თავდამსხმელს გული სწყდებოდა, უმცროსმა მეგრელაძემ საქართველოს ნაკრებში რომ ვერ ითამაშა. არადა, მისი დროის ნაკრებში, "დინამოში" თამაშზე უარი თავად თქვა, "ტორპედოს" ვერ ვუღალატებდიო.

მეგრელაძის ანეკდოტი საკუთარ თავზე
ენამოსწრებული გურული იყო, საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ მასზე მოგონილ ანეკდოტებს სიამოვნებით იხსენებდა.

ეს ისტორია წლების წინ თავად მიამბო:

- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროინდელი ამბავია. ერთი ხანობა, მეც და "ტორპედოსაც" ჩავარდნა გვქონდა. ისეთი გოლები ვერ გამქონდა, მანამდე იოლად რომ ვადგებდი. ასე იყო მთელი გუნდი და ქუთაისელი გულშემატკივარიც არ გვწყალობდა.

სწორედ ამ პერიოდში მანქანით გზაზე მივდიოდი, როდესაც გულდამძიმებულმა პატარა ორმო ვერ შევნიშნე და ბორბლის დისკი გავღუნე.

შუა გზაზე გავჩერდი და დასახმარებლად გზაზე მომავალი მანქანა გავაჩერე. მძღოლმა მიცნო, მაგრამ დაბღვერილი გადმოვიდა.
- მეგრელაძე არ ხარ?
- დიახ, მეგრელაძე ვარ.
- მერაბია, შვიდმეტრიან კარს ერთი ბეწო ბურთს აცილებ და ამ პატარა ორმოს ამხელა მანქანა ვერ ააცილეო?

ამას ბატონი მერაბი იუმორით იხსენებდა: - თუმცა მერე გადამეხვია და მითხრა, შენი იმედი რომ მაქვს, ამიტომ გაგიბრაზდი ბიძიკოო.

რა თქმა უნდა, ეს ეპიზოდი მეგრელაძის ცხოვრებაში გამონაკლისი იყო, ის ქართველ გულშემატკივარს ძალიან უყვარდა.

2012 წლის 24 იანვარს, ჯან-ღონით სავსე კაცი, 56 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 20 /
უკვე რამდენი წელი გავიდა და კიდევ ერტხელ ვწერ--- მადლობა ცხონებულო მერაბ რა სიხარულს გვანიჭებდა შენი გატანილი ტორპედოს შემადგენლობაში
gela
11:24 20-02-2017
0
უფალმა გაანათლოს მისი სული, დიდი სიხარულის მომტანი იყო გუშემატკივრებისთვის. მინდა დავლოცო უმცროსი მერაბი და ვუსურვო, რომ ესახელებინოს ბაბუის სახელი და გაეხარებინოს ქართველი გულშემატკივარი. წერილის ავტორს დიდი მადლობა ასეთი თბილი მოგონებისთვის, გაიხარე მერაბ და მრავლად დაგეწეროს ასეთი სტატიები ქართული ფეხბურთის ლეგენდეზე, იქნებ ჟურნალისტებმაც მოგბაძონ.
gizog
10:20 20-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული