დიდი სკანდალის მიზეზი: თბილისის სტადიონები ბერმუდის სამკუთხედში

AutoSharing Option
...ბერმუდის სამკუთხედში გემები, თვითმფრინავები და ხალხი ქრებოდა, მაგრამ დღისით, მზისით, შუა ქალაქში რამდენიმე სტადიონი ერთად გაქრეს, ასეთი რამ, ალბათ, მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი.

ალბათ, უახლოეს დღეებში გასხვისებული და საამისოდ გამზადებული სტადიონების თემა დიდი სკანდალის მიზეზი გახდება. უეფას მედია-ოფიცერი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მამუკა კვარაცხელია ქვეყანაში შემორჩენილი სტადიონების აღრიცხვას ითხოვს და შესაძლო კორუფციულ სქემებზე მიანიშნებს.

გუშინ, 7 დეკემბერს, მან სტუდია "რეპორტიორში" პრესკონფერენცია გამართა და თბილისში ბოლო 15 წლის განმავლობაში არსებულ კატასტროფულ ტენდენციაზე ილაპარაკა:

- უეფა ხშირად მგზავნის მეზობელ ქვეყნებში და
ცნობისთვის გეტყვით: ბოლო ათ წელიწადში ბაქოში 20 ახალი სტადიონი აშენდა, ერევანში - 2 საფეხბურთო ბაზა და 20-მდე (!) მოედანი. აბა, გაბედოს ვინმემ და დაუკითხავად შევიდეს ამ მოედნებზე! გაყიდვაზე არაფერს ვამბობ...

ამ დროს, თბილისში რომან ფიფიამ 6 ახალი მოედანი დააგო, თენგიზ სულაქველიძემ - 7, კარლო მჭედლიძემ - 4, ილო კოკაიამ - 2 თბილისის ზღვაზე. ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საფეხბურთო მოედნების მშენებლობის ბუმია, მაგრამ... რეალობა სხვაგვარია. თბილისში იმდენად კატასტროფული მდგომარეობაა, შესაძლოა, მალე სტანდარტული საფეხბურთო მოედნები სანთლით საძებარი გაგვიხდეს.

შეხედეთ, სამედიცინოს ირგვლივ რამდენი კორპუსი აშენდა. ტარიელ ხეჩიკაშვილმა და კახა ჭუმბურიძემ ჯერ სამედიცინო უნივერსიტეტის სტადიონი გადაარჩინეს, მერე კი გლდანში - "ამერი". მათ რომ არ ევაჟკაცათ, "ბენდელას" ადგილზე ჯერ კრიკეტის მოედნის მოწყობა სურდათ, მერე კი, ბუნებრივია, გაასხვისებდნენ...

თბილისში უკვე 20-ზე მეტი სტადიონი განადგურდა ან გასხვისდა: ვაკეში, სტუდქალაქის სტადიონი (1 დიდი, 1 პატარა მოედანი), ოქროყანაში (მთაწმინდაზე, 1 დიდი), ავლაბარში (1 დიდი, 1 პატარა), ჩუღურეთში ძველი 35-ე სკოლა (1 დიდი), ვაკეში, სპორტის აკადემიაში (1 დიდი, 1 პატარა), "ქარიშხალას" დარბაზთან (1, სტანდარტულზე ოდნავ პატარა), სპორტის სასახლის უკან (1 დიდი მოედანი)...

მათ დაუმატეთ უკვე გაყიდული და დასანგრევად გამზადებული კიდევ 10 არენა: მუხიანში "სიონის" სტადიონი (2 დიდი), მუშტაიდში "ნორჩი დინამოელის" საფეხბურთო სკოლა (3 დიდი, 3 პატარა), "ოლიმპის" საფეხბურთო სკოლა (ჯიქიას ქუჩა, 1 დიდი, 2 პატარა), "ფეიქარის" საფეხბურთო სკოლა (ნაძალადევი, ყოფილ ტრიკოტაჟის ქუჩაზე, 1 დიდი, 1 პატარა). იქვე, ელდეპოს უბანში გაუქმებულია 3 მინი-მოედანი.

გარდა ამისა, ლოტკინზე, სამღერეთის ქუჩაზეც აღარაა 1 დიდი მოედანი. მათ ბედს გაიზიარებენ დიდუბეში მაუდ-კამვოლის სტადიონი (1 დიდი მოედანი), საქართველოს უნივერსიტეტში (1 დიდი, 1 პატარა), დიღმის მასივში საშუალო მოედანი მტკვრის სანაპიროზე, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე "მერანის" სტადიონების კომპლექსი (2 დიდი, 1 პატარა) და მოედანი, ასევე, ეგრეთ წოდებული "ზეემკას" სტადიონის 3 დიდი მოედანი...

უკვე ტრადიციად იქცა საფეხბურთო სკოლების გასხვისება: "ბამბის ნართის" ბალანსზე ირიცხება ნაძალადევში ერთ-ერთი უძველესი სტადიონი "ფეიქარი", ეგრეთ წოდებული ტრიკოტაჟის სტადიონი, სადაც საქართველოს ცოცხალი ლეგენდები ვარჯიშობდნენ: ალექსანდრე ჩივაძე, ვოვა გუცაევი, ძმები მაჩაიძეები, ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი... ათჯერ მეტი კი ქუჩას ააცდინეს...

მის შენარჩუნებას დღემდე ცდილობენ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჟანი ლეჟავა და დათო სხიერელი. ამ უკანასკნელმა საკუთარ სახლში გასახდელი გახსნა და სტადიონს უსასყიდლოდ ემსახურება. ვის არ მისწერეს, პარლამენტიდან დაწყებული და რაიონის გამგეობით დამთავრებული, მაგრამ რად გინდა? - სტადიონი "ბამბის ნართს" ეკუთვნის და კაცმა არ იცის, იქაურობას ბულდოზერები როდის მიადგებიან. არადა, გარშემო ყველაფერი საამისოდაა გამზადებული. სხვათა შორის, იქვე ერთი მინი-მოედანი უკვე გაავერანეს...

ასევე გაყიდული და გაპარტახებულია ქალაქის ცენტრში "ნორჩი დინამოელი", სადაც 1 500 ბავშვი ვარჯიშობდა. იგივე ბედი გაიზიარა გაიოზ ჯეჯელავას მიერ დაარსებულმა 35-ე სკოლამ, რომელიც ტრაილერების ავტოსადგომად გადააკეთეს და, შესაძლოა, მალე იქ კოლმეურნეობის ბაზრობა გადაიტანონ. არადა, იქ გაიზარდნენ მესხი, იამანიძე, კოტრიკაძეები, ყიფიანი...

"ზეემკას" სტადიონის სამი მოედანიც საფრთხის წინაშეა და სადაცაა, ამ უნიკალური სპორტული სარბიელის დანგრევასაც დაიწყებენ!

ცალკე თემაა მუხიანის სტადიონი: ის 4 ნაწილად დაანაწევრეს და ასე გაყიდეს, ახლომახლო რაიონები კი საფეხბურთო მოედნის გარეშე დარჩნენ.

საქართველოს ნაკრების ახლანდელ თაობაში ბევრი გაიზარდა ჯიქიაზე მდებარე "ოლიმპის" სკოლაში. მისი მყიდველი უცხოელი ინვესტორები კორპუსებში ჩაძირული საფეხბურთო ოაზისის დანგრევას ელიან, ჩვენი უდარდელი ერისთვის ახალი კორპუსები რომ ააშენონ, ფული აიღონ და იქ მცხოვრები ბავშვები უსტადიონობისთვის გაწირონ...

ფუნქცია დაკარგა მაუდ-კამვოლის სტადიონმაც და საშინელ დღეშია. ფაქტობრივად, განწირულია საქართველოს უნივერსიტეტის სტადიონი. ჩემი მონაცემებით, მერიამ სამშაბათს უნდა გამოიტანოს დასკვნა, გადარჩება სტადიონი თუ არა...

ანუ რა გამოდის - წინა თაობების მიერ ნაშენები სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხალხის გასაჯანსაღებლადაა, წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებრივად მიღებული კანონების შედეგად, ვიღაც კერძო პირის ხელში გადადის და მერე იქ კორპუსები შენდება. მის ამშენებელს კი ჭკუაც არა აქვს, შვილს ჯანსაღი გარემო რომ დაუტოვოს!

გამოსავალი მერიამ და საკრებულომ უნდა მონახონ. მერიაშიც და საკრებულოშიც წერილი შევიტანე და ვითხოვ: ა) ინვესტორს სხვა ადგილი გამოუყოს; ბ) შეისწავლოს, კანონიერად მოხდა თუ არა მოედნის გასხვისება, რაც წარმოუდგენელია; გ) უკეთესი იქნება, თუ თავად მერია ან საკრებულო მონახავენ თანხებს, არსებულ მოედნებს შეისყიდიან და თბილისს შეუნარჩუნებენ.

იმედია, თბილისს უსტადიონოდ არ დატოვებენ!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თბილისში მინი ფეხბურთის დარბაზი არ არის თავისუფალი რომ სავარჯიშოდ ხალხმა იქირაოს და ამ ყინვაში გარეთ გვიწევს თამაში.
ზურა
13:58 08-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული