გოჩა ჯამარაული: ძალიან დამაფიქრებელი იყო ესტონეთთან მარცხი...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში ბევრი ახალი ფიგურაა. მათ შორისაა ქართველ ქომაგთა "ჯილა", 44 წლის გოჩა ჯამარაული, 90-იანების თაობის გამორჩეული ვარსკვლავი თვითმყოფადი სათამაშო მანერითა და დიდი ნიჭით. ახლა ის ქართულ ფეხბურთს სხვა ამპლუაში ემსახურება...

ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ინტერვიუ ჯამარაულთან, ვინც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 62 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

- შევაფასოთ 2015 წელი ქართული ფეხბურთისთვის. როგორი იყო ის, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, ეს იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. ახალი ხალხი მოვიდა
ჩვენი ფეხბურთის სათავეში და ქომაგსაც იმედი გაუჩნდა.

- რა არის პირველი რიგის ამოცანა ფეხბურთის ფედერაციისთვის?
- იმდენი პრობლემაა, ხელს ერთ კონკრეტულ თემას ვერ დაადებ და ვერ იტყვი, რომ მაინცდამაინც აქედან უნდა დაიწყოს საქმის კეთება. სტადიონები, ზოგადად, ინფრასტრუქტურა, აღებ-მიცემობა... ძალიან ბევრი პრობლემაა.

- აღებ-მიცემობა ახსენეთ... ალბათ, ყველაფერს შეიძლება ეშველოს, მაგრამ მთავარია, ჯერ ქართული ფეხბურთი გავასუფთაოთ. როგორ უნდა მოვერიოთ ამდენ საეჭვო მატჩს, ყველგან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ ჩავა და თამაშს ვერ გადადებს...
- ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. აღმასკომის სხდომაზე იყო ამ თემაზე ლაპარაკი და, ჩემი აზრით, საინტერესო იდეაც დაიბადა. შეიქმნება ჯგუფი, რომელშიც შევლენ ავტორიტეტული, ფეხბურთის ძალიან კარგად მცოდნე ადამიანები. ისინი ივლიან თამაშებზე და საეჭვო მატჩებს გამოააშკარავებენ. ეს ერთი გზაა. მეორე კი ისაა, რომ საჭიროა სამართალდამცველებთან კოორდინირებული მუშაობა. იმ ჯგუფს იმხელა ავტორიტეტი ექნება, ყველაფერი უნდა დაამტკიცოს და დამნაშავე მხარემაც უნდა აღიაროს ყველაფერი...

ეს ჩვენი ფეხბურთის დიდი უბედურებაა, ამას უსათუოდ უნდა ეშველოს. საქართველოს ჩემპიონატში ჯერჯერობით ისეთი დონეა, რაც ჩვენ არ გვაკმაყოფილებს და მეორეც - ბოლომდე არ იხარჯება ფეხბურთელი. როცა ბოლომდე არ იხარჯები, მერე გადიხარ ევროთასებზე, იქ ვერ აჩვენებ იმ თამაშს, რომელსაც შენგან ელიან. ფეხბურთელი იმ წუთში შეიძლება ვერ ხვდებოდეს ამას, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ასეა.

- ფაქტია, რომ სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის გარეშე ქართულ ფეხბურთს ძნელად თუ ეშველება...
- ფინანსები ქართული ფეხბურთისთვის აუცილებელია. სტადიონი, მაყურებელი - ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ვუყურებ და იცით, კიდევ რაზე მწყდება გული? ფეხბურთელები მსაჯებს ისე ელაპარაკებიან, გეგონება საქართველოს ჩემპიონატს კი არა, ქუჩის ფეხბურთს უყურებ. ასე არ შეიძლება!

- თქვენი აზრით, რამდენი გუნდი უნდა თამაშობდეს საქართველოს ჩემპიონატში?
- დღეს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ეს ვრცელი ანალიზის თემაა. რატომ 16 ან 10? ამ კითხვას საფუძვლიანად რომ ვუპასუხოთ, ანალიზია საჭირო.

- შეაფასეთ 2015 წელი საქართველოს ნაკრებისთვის...
- ის, რომ უფრო შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, კარგია, მაგრამ ამით ვერ დავკმაყოფილდებით. კიდევ მეტი და მეტი გვინდა. პროფესიონალი იქნება თუ უბრალო ქომაგი, მას ორი ძირითადი რამე უნდა თავისი ნაკრებისგან თუ გუნდისგან - შეტევა და შედეგი. დაიხვეწა გემოვნება. "ბარსელონას" რომ უყურებ, სხვანაირად ვერც იქნება. "ბარსა" "ტიკი-ტაკაში" რომ ჩარჩენილიყო, დღეს ის გუნდი აღარ იქნებოდა, რომელიც არის. მათ იციან, როდის შეუტიონ და როდის გააგორონ ბურთი. ჩვენთან კი არა, ხშირად იმპროვიზაცია არც სერია A-სა თუ პრემიერლიგის მატჩებშია...

ძალიან დამაფიქრებელი იყო ესტონეთთან მარცხი, თან 0:3. დიდი იმედი მაქვს, ასეთი რამ აღარ განმეორდება. ეროვნულ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ!

- რა უნდა ვქნათ, რომ ამდენი ტალანტი არ დავკარგოთ?
- აქ ორი ვარიანტია: პირველი ის, რომ ბავშვობაში ტალანტს ვერ ამჩნევს მწვრთნელი; და მეორე - ფეხბურთელი, თავისი ხასიათის გამო ვერ ავლენს ნიჭს. შეიძლება მწვრთნელმა ერთი ან ორი წელი მისცეს შანსი, მაგრამ ხშირად ეს არ შველის საქმეს.

- 17-18 წლის ქართველი ფეხბურთელი, ერთ-ორ გოლს რომ გაიტანს, ხელს კონტრაქტს გამოჰკრავს და კარგ მანქანაზე დაჯდება, ზრდას წყვეტს. ცხადია, ამაში თანამედროვე ქართული რეალობაცაა დამნაშავე, მაგრამ, ალბათ, წინა პლანზე მაინც ფეხბურთელის ხასიათი უნდა წამოვწიოთ...
- აქ ისევ ხასიათის პრობლემასთან მივდივართ. ვინმეზე ნაკლები რაოდენობის ან ხარისხის მანქანა ჰყავს ლიონელ მესის თუ რა? გინახავთ ნაკლებად მოტივირებული მესი? ის ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯება.

საერთოდ, სულით სპორტსმენი ან ხარ, ან არ ხარ. თუ ფეხბურთს მხოლოდ იმიტომ თამაშობ, რომ ერთი მანქანა იყიდო, მაშინ არც ფეხბურთელი ხარ და საერთოდ, არც - სპორტსმენი.

- რას იტყვით ეროვნული ჩემპიონატის დონეზე და როგორ უნდა ამაღლდეს ის? გამოსავალი ლეგიონერების ჩამოყვანა ხომ არ არის?
- დავდივარ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე. თამაში ხომ 90 წუთი გრძელდება? ჩვენი მოთამაშეები კი, თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტების გათვალისწინებით, მხოლოდ 30 წუთს თამაშობენ. ტემპი ძალიან დაბალია.

დონის ამაღლება მე ასე მესახება: ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს გარკვეული თანხა, უნდა ჰქონდეს ბაზა, სტადიონი, აკადემია... არ უნდა იყოს ეს ერთწლიანი გეგმა, ხანგრძლივი პროექტი უნდა იყოს...

რა თქმა უნდა, ლეგიონერების ჩამოყვანა კარგია, თუნდაც - ქართველი ლეგიონერების. ალექსანდრე იაშვილი 38 წლისაა და რამდენ რამეს სწავლობს მისგან ფეხბურთელი?! ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მასთან მუშაობა დიდი სტიმულია. ეს 38 წლის კაცი დღეს სირბილში ყველას ჯობია. ტექნიკით რომ სჯობს, ყველამ ვიცით და რასაც დავაკვირდი, ყველაზე მეტს და სწორად დარბის. ასეთი ლეგიონერები უნდა დავაბრუნოთ საქართველოში. დაახლოებით, 30 წლის ასაკში.

ისეთი ფეხბურთელები უნდა დავაბრუნოთ, რომელთაგანაც ახალგაზრდები ბევრს ისწავლიან - საქმისადმი სწორად მიდგომას, პროფესიონალიზმს...

ეს მაინც მეორე რიგის, სამომავლო ამოცანაა. ჯერ სტრუქტურულად უნდა ჩამოყალიბდნენ ქართული კლუბები. ბაზა, სტადიონი, აკადემია - ეს აუცილებელი კომპონენტებია კლუბის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გასაგებია მაგრამ ჯერ ის აგვიხსენი თუ როგორი იყო შენი როგორც ფეხბურთელისა და დიდი დავით ყიფიანის როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ურთიერთობა,
ჯობდა მონანიებით დაგეწყო, მაგრამ ეტყობა რაც იყავი ის დარჩი.
გთხოვთ არ დაბლოკოთ
ჩუნჩო
18:07 11-12-2015
0
აეეეე,გენაცვალეეეე ჯამაააააარ,შენ და ქინქლაძე ჩემთვის ლეგენდები ხაააართ!!!!
davidbe
18:21 11-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული