[დღის თემა] დიდი წმენდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე აღარ გაწვრთნის. შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლებულია ამავე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, კიდევ ერთი ვეტერანი ფეხბურთელი ოთარ გაბელია.

საუბრობენ ფეხბურთის ფედერაციაში დაწყებულ "საკადრო წმენდაზე", რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ პერსონათა გარდა, სხვებსაც შეეხოთ. მაგალითად - ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტ მურთაზ ხურცილავას, ასევე, სფფ-ის პრესსამსახურისა და სხვა სტრუქტურების არაერთ თანამშრომელს...

სანამ კონტრაქტები დასრულდება...
ამ დროისთვის, ფეხბურთის ფედერაციაში არც ალექსანდრე ჩივაძის, არც ოთარ გაბელიასა და არც სხვების გათავისუფლებას არ ადასტურებენ.

საქმე ისაა, რომ მწვრთნელებსა და თანამშრომლებს ფედერაციასთან მოქმედი კონტრაქტები მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებთ. შეფასდება მათი მუშაობა და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამის მიხედვით მიიღებენ - ასეთია ქართული ფეხბურთის მმართველთა პოზიცია.

შექმნილი სიტუაციიდან ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - ფეხბურთის ფედერაცია წლის ბოლომდე მიიღებს რამდენიმე საკვანძო გადაწყვეტილებას (ან უკვე მიღებული აქვს და ფორმალურად, მათი კონტრაქტების დასრულებას ელოდება). მათ შორის, გვეცოდინება ისიც, დარჩება თუ არა თანამდებობაზე ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბი.

კვამლი და ცეცხლი
და მაინც, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო, ნათქვამია. როგორც ჩანს, ფეხბურთის ფედერაციაში სერიოზულად ფიქრობენ ცვლილებებზე ახალგაზრდულ ნაკრებში. ეს, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის რანგით მეორე გუნდის სატურნირო მდგომარეობითაა განპირობებული ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში.

60 წლის ჩივაძე, ვინც ქართული ფეხბურთის ლეგენდაა და სხვადასხვა დროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდიც გაუწვრთნია (სხვათა შორის, სტატისტიკურად ჩივაძეს დღემდე საუკეთესო შედეგი აქვს ნაკრების ქართველ თუ უცხოელ მწვრთნელებს შორის), ახალგაზრდულ ნაკრებს სათავეში 2012 წლიდან უდგას.

სამართლიანობისთვის, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შესარჩევი ციკლის წილისყრისას ახალგაზრდულ ნაკრებს ძალიან არ გაუმართლა. ჩვენი გუნდი ერთ ჯგუფში მოხვდა ესპანეთის, ხორვატიის, შვედეთის, ესტონეთისა და სან მარინოს 21-წლამდელებთან ერთად.

ამ დროისთვის, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს VI ჯგუფში 6 შეხვედრაში დაგროვებული ამდენივე ქულით მეოთხე ადგილი უჭირავს და კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის პრაქტიკული შანსი აღარ აქვს.

...როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა დასრულდა, ყველანი შევთანხმდით, რომ ეს იყო ურთულესი, ანუ, როგორც ვამბობთ ხოლმე - "სიკვდილის ჯგუფი". ამის მიუხედავად, ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრებისგან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას თუ არა, ამ მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლას მაინც ითხოვდა. მოთხოვნას საფუძვლად ის ედო, რომ ეს თაობა თავიდანვე შეეჩვია გამარჯვებებს სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირში. მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე თამაში და იქ წარმატების მიღწევა.

შესარჩევი ციკლის ზუსტად ნახევარი რომ გაილია, ყველანი მივხვდით - ამ მიზნის მიღწევა კი არა, მისთვის ბოლომდე ბრძოლაც კი შეუძლებელი იქნებოდა. დასაწყისი კარგი იყო, მაგრამ მას ასეთივე გაგრძელება აღარ მოჰყოლია, ცალკე - ფეხბურთელთა ტრავმების და ცალკე - მეტოქეთა სიძლიერის გამო.

ჩივაძის გზა
ჩივაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სან მარინოსთან მატჩით დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ის შეხვედრა იოლად მოვიგეთ - მოწინააღმდეგის კარში სამი ბურთი გავიტანეთ, საკუთარი კი "მშრალად" შევინახეთ.

ამის შემდეგ იყო გასვლითი შეხვედრა ხორვატიის ნაკრებთან. ვერც ჩვენ და ვერც იმ შეხვედრის მასპინძლებმა საუკეთესო თვისებები ვერ წარმოვაჩინეთ. უსახური მატჩი ხორვატებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს.

ამის შემდეგ თბილისს ჯგუფის აშკარა ფავორიტი, ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები ეწვია. ესპანელებთან ისე ვიბრძოლეთ, როგორც შეგვეძლო. პირინეელებს ვუგებდით კიდეც, თუმცა, საბოლოოდ, ახალგაზრდული "ფურია როხას" სათამაშო კლასმა თავისი გაიტანა - 5:2 სტუმართა სასარგებლოდ.

სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა ესტონელ ახალგაზრდებთან თბილისში გამართულ შეხვედრაში. ჩივაძის შეგირდებმა ყველა კომპონენტში დაჩაგრეს ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერი და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ამას მოჰყვა ესპანეთთან გასვლითი მატჩი. სასწაულს ჩვენი ბიჭებისგან არც არავინ ელოდა, თუმცა საბოლოო ანგარიში ძალზე უსიამოვნოდ გამოიყურებოდა - 0:5. ესაა, ქართველები საკუთარ საჯარიმოში არ გამოკეტილან და ძლიერი მეტოქის კარში რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ...

ძალიან დასანანი იყო გორში, შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მარცხი. საქართველოს მეტოქეზე უკეთესად თუ არა, უარესად ნამდვილად არ უთამაშია. გვქონდა არაერთი საგოლე მომენტი, რომელიც იმ დღეს ძლიერად მქროლავ ქარს გავატანეთ და... ცივსისხლიანმა სკანდინავიელებმა ერთი ზუსტი დარტყმით დაგვსაჯეს.

მივიღეთ ის შედეგი, რაც ჩივაძის კრებულს ევროპირველობაზე გასვლის შანსს არ უტოვებს. იყო მთელი რიგი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორებისა, რომელთა თაობაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

მიზეზები
ჩვენი სუბიექტური აზრით, მიგვაჩნია, რომ თუ ყველაფერს აფთიაქარის სასწორზე ავწონით, ამ დროისთვის შედეგი ცოტა უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა არგუმენტები, ცხადია, ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბსაც ექნება.

ერთ-ერთი უპირველესი არგუმენტთაგანი იქნება ის, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში არც ერთი მატჩი არ უთამაშია ოპტიმალური შემადგენლობით. ხშირი იყო ტრავმები და იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა პირველ პლანზე ეროვნული ნაკრების ინტერესები იდგა (და სავსებით ბუნებრივადაც).

ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდულ ნაკრებს შედეგს ნაკლებად სთხოვენ. ამ გუნდის ამოცანას ეროვნული გუნდისთვის ფეხბურთელების მიწოდება წარმოადგენს. ასეთი მიდგომის პირობებში ჩივაძეს ნამდვილად ვერავინ უსაყვედურებს: ეროვნულ გუნდში ახალგაზრდულის არაერთმა ფეხბურთელმა ითამაშა...

პირადად ამ სტრიქონების ავტორის აზრია, რომ უმჯობესია, ამა თუ იმ ფეხბურთელმა ერთ კონკრეტულ ნაკრებში ამოწუროს თავისი შესაძლებლობები და მერე დაწინაურდეს, თუმცა ისიცაა, რომ ქართული საფეხბურთო საზოგადოება, მედია და, მათ შორის, თქვენი მონა-მორჩილიც ხშირად ითხოვდა ეროვნულ გუნდში წარჩინებული ახალგაზრდების დაწინაურებას...

რეალურად კი ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ბიჭები ჯერ კიდევ უნდა გაიზარდონ იმისთვის, რომ ქვეყნის უმთავრეს კრებულს სარგებლობა მოუტანონ, ოღონდ ეს ჩივაძისა და მისი შტაბის ბრალი ნამდვილად არ არის.

დიახ, არ არის მათი ბრალი, რომ დღეს საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა. იქ რომ საუკეთესო ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სანაკრებო დონისა და სისწრაფეებისთვის ხარ მზად...

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც აუცილებლად უნდა ითქვას. ერთია, როცა ქართველი ფეხბურთელი წარმატებით თამაშობს ჭაბუკთა ნაკრებში, მეორე კი - როცა თუნდაც ახალგაზრდული ნაკრების ასაკშია.

სამწუხაროდ, იმ ორ წელიწადში ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი რეგრესის გზით მიდის. რა არის ამის მიზეზი? ალბათ, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა, ოღონდ ეს სულ სხვა, ძალიან ვრცელი წერილის თემაა...

რას გვარგებს ფორმალიზმი?
ზოგადად, მხოლოდ ეს შეგვიძლია ვთქვათ - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაბალ დონესთან ერთად ამ ფეხბურთელების ზრდა-განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს ისიც, რომ ჩვენს პირველობაზე იშვიათად ენდობიან ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ისიც, რომ საქართველო ახლაღა ხდება ნამდვილი ევროპა.

ამასთან დაკავშირებით ხმა აიმაღლეს ჯერ ეროვნული გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ, მერე კი ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა კახა ცხადაძემ. ახლა ჩვენი ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალდებულია, ძირითად შემადგენლობაში, სულ მცირე, ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი მაინც დააყენოს.

ქართველები რა სიტუაციიდან არ მოვნახავთ ხოლმე გამოსავალს და ჩვენმა მწვრთნელებმაც იპოვეს ეს გამოსავალი - ორი ახალგაზრდა იწყებს თამაშს ძირითადში, მაგრამ რად გინდა? სულ მცირე, ერთ მათგანს სათადარიგოთა სკამზე სათამაშოდ გამოწყობილი პარტნიორი ელოდება, რათა... მეათე-მეთხუთმეტე წუთის ფარგლებში შეცვალოს.

სანამ ასეთ ფორმალიზმამდე დავიყვანთ ყველაფერს, მანამდე ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. საინტერესოა, საერთოდ რა ესაქმება უმაღლეს ლიგაში გუნდს, რომელსაც ორი, მეტ-ნაკლებად ნიჭიერი, კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი ვერ გაუზრდია?!

ეს იქით იყოს და, ზოგადად, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ძალიან რთული ნატურაა. მით უმეტეს, თუ ის უკვე უცხოეთშია დამკვიდრებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ძალიან ბევრ მათგანს პროფესიონალიზმი აკლია, თავი უკვე შემდგარი ვარსკვლავი ჰგონია, მწვრთნელსაც ებუტება, ქომაგსაც და მედიასაც. არადა, მას ავიწყდება, რომ მისივე პროგრესში სამივე ამ კომპონენტმა დიდი წვლილი უნდა შეიტანოს. ვერც ამას დავაბრალებთ ჩივაძესა და მის შტაბს.

რა თქმა უნდა, შეიძლება იმაზე ლაპარაკიც, რომ გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული ამა თუ იმ მატჩში შემადგენლობის შერჩევისას.

დასკვნის მაგიერ...
მოკლედ, დიდი ალბათობით, ახალი წლიდან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ფეხბურთის ფედერაციას კი ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა მოუწევს მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

საერთოდ, ახალ წლამდე დარჩენილი, 2015 წლის ბოლო მონაკვეთი ბევრ საინტერესოს გვპირდება. ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ნამდვილად,დომენტიჩების და ვაზელინების დრო უნდა მორჩეს.მე საშა ჩივაძეზე ძალიან,არც ერტი ფეხბურტელი არ მყვარებია,მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას,რომ მას Yველას გუნდში უნდა ვხედავდეთ.დროა,თვითონ ბატონი ალეკსანდრეც დაფიქრდეს ამაზე.
valeri tatuashvili
25 დეკემბერი 2015 17:58
0
ჩივაძე და ხურცილავა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში "ოქროს" ასოებით არიან შესული. თანაც სამუდამოდ. მათი ავად მხსენებლები კი, ალბათ ცალკე სიაში მოხვდებიან...
tngh
25 დეკემბერი 2015 17:18
0
მთელი ფედერაცია გასაწმენდია! დიდი ცოცხით! ჩივაძე და ხურცილავა ძალიან კარგია თუ გაუშვებენ! ამოვიდა ყელში ამათი ფეხბურთისადმი ემსაკუთრე განწყობა! ფეხბურთი არის ხალხის და არა თნდაც ჩივაძის დარი დიდი ვეტერანის! და კიდე შენგელიებით დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული, მთლიანი შემადგენლობა უდნა შეიცვალოს! ასე ხდება ყველგან და ასე უდნა მოხდეს აქაც! ტრაგედია იმაში რომ ახალ კადრებს მიეცეთ ბოლომდე თავიანთ გუნდთან მუშაობა ანმდვილად არაა, პირიქით! ვფიქრობ რომ ნამუსი რომ ჰქონდეთ არველაძის გუნდის წევრებს, იგივე გიორგი კაციტაძეს განცხადებას თავად უნდა წერდნენ! ასევე მთელი პრესს სამსახური, რომელიც არველაძეს და დომენტის კბილებით იცავდა და ახლა ტონა ვაზელინით დადიან!
დათო
25 დეკემბერი 2015 16:37
0
ჩივაძეს შედეგი აქვსო რომ იძახით, მაშინ ფეხბყრთელებიც სხვა დონის იყვნენ ეს ერთი და მეორე ის რომ მეორე ციკლის დასაწყისი მან მთლიანად ჩააგდო და შემდეგ სხვა მწვრთნელის ხელში ამოქაჩა ნაკრებმა და ერთი გოლი დააკლდა რომ ისევ მესამე ადგილზე გასულიყო ასე რომ იმ დროში ჩვენც გვიცხოვრია და არ გვინდა კორუმპირებული ხალხის გაპრავება.
niko
25 დეკემბერი 2015 14:36
0
ჟურნალისტი ვერ იტყვის, ეს გაუშვით, ის დანიშნეთო. აქ მგონი სწორია აქცენტები და ყველა ჰო და არის მოყვანილი. მე მომეწონა სტატია
mkiTxveli
25 დეკემბერი 2015 14:33
0
ზოგადი საუბრები შედეგს არასდროს მოიტანს!!!!

"კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც აუცილებლად უნდა ითქვას. ერთია, როცა ქართველი ფეხბურთელი წარმატებით თამაშობს ჭაბუკთა ნაკრებში, მეორე კი - როცა თუნდაც ახალგაზრდული ნაკრების ასაკშია.
სამწუხაროდ, იმ ორ წელიწადში ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი რეგრესის გზით მიდის. რა არის ამის მიზეზი? ალბათ, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა, ოღონდ ეს სულ სხვა, ძალიან ვრცელი წერილის თემაა...
საინტერესოა, საერთოდ რა ესაქმება უმაღლეს ლიგაში გუნდს, რომელსაც ორი, მეტ-ნაკლებად ნიჭიერი, კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი ვერ გაუზრდია"?!

ამდენი ზოგადი საუბრის ნაცვლად დაასახელეთ მწვრთნელები, ვინც ფეხბურთელი ვერ გაზარდა!!!!

გუჯა კახაძე
25 დეკემბერი 2015 14:27
0
ბ-ნ ალექსანდრე ჩივაძეს საუკეთესო შედეგი აქვს არა მარტო როგორც ნაკრების მწვრთნელს, არამედ როგორც ფეხბურთელსაც საქართველოს ისტორიაში. ვისაც ამაში ეჭვიც კი ეპარება, მას ვურჩევ სატატისტიკას და ფეხბურთის ისტორიას ერთხელ მაინც გადახედოს.
tngh
25 დეკემბერი 2015 13:04
0
"სხვათა შორის, სტატისტიკურად ჩივაძეს დღემდე საუკეთესო შედეგი აქვს ნაკრების ქართველ თუ უცხოელ მწვრთნელებს შორის" - ამას რომ წერთ, რა საუკეთესო შედეგზეა ლაპარაკი იქნებ დაგეკონკრეტებინათ? იმას თუ გულისხმობთ, თითო-ოროლა ტესტის სათამაშოდ რომ იწვევდა ფეხბურთელებს, რომ სტატისტიკაში ჩაწეროდათ ნაკრებში ითამაშაო, მაშინ მართალია. მოკლედ, თუ შეიძლება ნუ მისტირიხართ მაგ კაცს - ჯერ არ მომკვდარა!
კლიმენტი
25 დეკემბერი 2015 12:27
0
კარგია, ... უნდა გაასუფთავონ ფედერაციაც და ნაკრებებიც, მარა სხვა ... არ უნდა ჩაანაცვლონ.
giga
25 დეკემბერი 2015 12:09
0
რა დავაბრალოთ ჩივაძეს ეს გვითხარი თორემ ეგრე ამგელოზი გამოგყავს და მისი შეცვლაც სისულელეა თურმე. თქვი პირდაპირ თუ რამის თქმა გინდა, მასე არც მწვადი დავწვა და არც შამფურიო არ გამოდის საქმე. ვიცით რაც ევალება კარგ ფეხბურთელს, კარგ მწვრთნელს და ა. შ. მაგრამ ასევე ვიცით რომ კარგ ჟურნალისტს პირდაპირობით აფასებენ პირველრიგში.
goga
25 დეკემბერი 2015 11:57
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული