საუბრობენ ფეხბურთის ფედერაციაში დაწყებულ "საკადრო წმენდაზე", რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ პერსონათა გარდა, სხვებსაც შეეხოთ. მაგალითად - ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტ მურთაზ ხურცილავას, ასევე, სფფ-ის პრესსამსახურისა და სხვა სტრუქტურების არაერთ თანამშრომელს...
სანამ კონტრაქტები დასრულდება...
ამ დროისთვის, ფეხბურთის ფედერაციაში არც ალექსანდრე ჩივაძის, არც ოთარ გაბელიასა და არც სხვების გათავისუფლებას არ ადასტურებენ. შექმნილი სიტუაციიდან ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - ფეხბურთის ფედერაცია წლის ბოლომდე მიიღებს რამდენიმე საკვანძო გადაწყვეტილებას (ან უკვე მიღებული აქვს და ფორმალურად, მათი კონტრაქტების დასრულებას ელოდება). მათ შორის, გვეცოდინება ისიც, დარჩება თუ არა თანამდებობაზე ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბი.
კვამლი და ცეცხლი
და მაინც, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო, ნათქვამია. როგორც ჩანს, ფეხბურთის ფედერაციაში სერიოზულად ფიქრობენ ცვლილებებზე ახალგაზრდულ ნაკრებში. ეს, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის რანგით მეორე გუნდის სატურნირო მდგომარეობითაა განპირობებული ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში.60 წლის ჩივაძე, ვინც ქართული ფეხბურთის ლეგენდაა და სხვადასხვა დროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდიც გაუწვრთნია (სხვათა შორის, სტატისტიკურად ჩივაძეს დღემდე საუკეთესო შედეგი აქვს ნაკრების ქართველ თუ უცხოელ მწვრთნელებს შორის), ახალგაზრდულ ნაკრებს სათავეში 2012 წლიდან უდგას.
სამართლიანობისთვის, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შესარჩევი ციკლის წილისყრისას ახალგაზრდულ ნაკრებს ძალიან არ გაუმართლა. ჩვენი გუნდი ერთ ჯგუფში მოხვდა ესპანეთის, ხორვატიის, შვედეთის, ესტონეთისა და სან მარინოს 21-წლამდელებთან ერთად.
ამ დროისთვის, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს VI ჯგუფში 6 შეხვედრაში დაგროვებული ამდენივე ქულით მეოთხე ადგილი უჭირავს და კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის პრაქტიკული შანსი აღარ აქვს.
...როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა დასრულდა, ყველანი შევთანხმდით, რომ ეს იყო ურთულესი, ანუ, როგორც ვამბობთ ხოლმე - "სიკვდილის ჯგუფი". ამის მიუხედავად, ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრებისგან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას თუ არა, ამ მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლას მაინც ითხოვდა. მოთხოვნას საფუძვლად ის ედო, რომ ეს თაობა თავიდანვე შეეჩვია გამარჯვებებს სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირში. მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე თამაში და იქ წარმატების მიღწევა.
შესარჩევი ციკლის ზუსტად ნახევარი რომ გაილია, ყველანი მივხვდით - ამ მიზნის მიღწევა კი არა, მისთვის ბოლომდე ბრძოლაც კი შეუძლებელი იქნებოდა. დასაწყისი კარგი იყო, მაგრამ მას ასეთივე გაგრძელება აღარ მოჰყოლია, ცალკე - ფეხბურთელთა ტრავმების და ცალკე - მეტოქეთა სიძლიერის გამო.
ჩივაძის გზა
ჩივაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სან მარინოსთან მატჩით დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ის შეხვედრა იოლად მოვიგეთ - მოწინააღმდეგის კარში სამი ბურთი გავიტანეთ, საკუთარი კი "მშრალად" შევინახეთ.ამის შემდეგ იყო გასვლითი შეხვედრა ხორვატიის ნაკრებთან. ვერც ჩვენ და ვერც იმ შეხვედრის მასპინძლებმა საუკეთესო თვისებები ვერ წარმოვაჩინეთ. უსახური მატჩი ხორვატებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს.
ამის შემდეგ თბილისს ჯგუფის აშკარა ფავორიტი, ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები ეწვია. ესპანელებთან ისე ვიბრძოლეთ, როგორც შეგვეძლო. პირინეელებს ვუგებდით კიდეც, თუმცა, საბოლოოდ, ახალგაზრდული "ფურია როხას" სათამაშო კლასმა თავისი გაიტანა - 5:2 სტუმართა სასარგებლოდ.
სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა ესტონელ ახალგაზრდებთან თბილისში გამართულ შეხვედრაში. ჩივაძის შეგირდებმა ყველა კომპონენტში დაჩაგრეს ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერი და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ამას მოჰყვა ესპანეთთან გასვლითი მატჩი. სასწაულს ჩვენი ბიჭებისგან არც არავინ ელოდა, თუმცა საბოლოო ანგარიში ძალზე უსიამოვნოდ გამოიყურებოდა - 0:5. ესაა, ქართველები საკუთარ საჯარიმოში არ გამოკეტილან და ძლიერი მეტოქის კარში რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ...
ძალიან დასანანი იყო გორში, შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მარცხი. საქართველოს მეტოქეზე უკეთესად თუ არა, უარესად ნამდვილად არ უთამაშია. გვქონდა არაერთი საგოლე მომენტი, რომელიც იმ დღეს ძლიერად მქროლავ ქარს გავატანეთ და... ცივსისხლიანმა სკანდინავიელებმა ერთი ზუსტი დარტყმით დაგვსაჯეს.
მივიღეთ ის შედეგი, რაც ჩივაძის კრებულს ევროპირველობაზე გასვლის შანსს არ უტოვებს. იყო მთელი რიგი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორებისა, რომელთა თაობაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
მიზეზები
ჩვენი სუბიექტური აზრით, მიგვაჩნია, რომ თუ ყველაფერს აფთიაქარის სასწორზე ავწონით, ამ დროისთვის შედეგი ცოტა უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა არგუმენტები, ცხადია, ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბსაც ექნება.ერთ-ერთი უპირველესი არგუმენტთაგანი იქნება ის, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში არც ერთი მატჩი არ უთამაშია ოპტიმალური შემადგენლობით. ხშირი იყო ტრავმები და იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა პირველ პლანზე ეროვნული ნაკრების ინტერესები იდგა (და სავსებით ბუნებრივადაც).
ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდულ ნაკრებს შედეგს ნაკლებად სთხოვენ. ამ გუნდის ამოცანას ეროვნული გუნდისთვის ფეხბურთელების მიწოდება წარმოადგენს. ასეთი მიდგომის პირობებში ჩივაძეს ნამდვილად ვერავინ უსაყვედურებს: ეროვნულ გუნდში ახალგაზრდულის არაერთმა ფეხბურთელმა ითამაშა...
პირადად ამ სტრიქონების ავტორის აზრია, რომ უმჯობესია, ამა თუ იმ ფეხბურთელმა ერთ კონკრეტულ ნაკრებში ამოწუროს თავისი შესაძლებლობები და მერე დაწინაურდეს, თუმცა ისიცაა, რომ ქართული საფეხბურთო საზოგადოება, მედია და, მათ შორის, თქვენი მონა-მორჩილიც ხშირად ითხოვდა ეროვნულ გუნდში წარჩინებული ახალგაზრდების დაწინაურებას...
რეალურად კი ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ბიჭები ჯერ კიდევ უნდა გაიზარდონ იმისთვის, რომ ქვეყნის უმთავრეს კრებულს სარგებლობა მოუტანონ, ოღონდ ეს ჩივაძისა და მისი შტაბის ბრალი ნამდვილად არ არის.
დიახ, არ არის მათი ბრალი, რომ დღეს საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა. იქ რომ საუკეთესო ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სანაკრებო დონისა და სისწრაფეებისთვის ხარ მზად...
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც აუცილებლად უნდა ითქვას. ერთია, როცა ქართველი ფეხბურთელი წარმატებით თამაშობს ჭაბუკთა ნაკრებში, მეორე კი - როცა თუნდაც ახალგაზრდული ნაკრების ასაკშია.
სამწუხაროდ, იმ ორ წელიწადში ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი რეგრესის გზით მიდის. რა არის ამის მიზეზი? ალბათ, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა, ოღონდ ეს სულ სხვა, ძალიან ვრცელი წერილის თემაა...
რას გვარგებს ფორმალიზმი?
ზოგადად, მხოლოდ ეს შეგვიძლია ვთქვათ - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაბალ დონესთან ერთად ამ ფეხბურთელების ზრდა-განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს ისიც, რომ ჩვენს პირველობაზე იშვიათად ენდობიან ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ისიც, რომ საქართველო ახლაღა ხდება ნამდვილი ევროპა.ამასთან დაკავშირებით ხმა აიმაღლეს ჯერ ეროვნული გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ, მერე კი ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა კახა ცხადაძემ. ახლა ჩვენი ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალდებულია, ძირითად შემადგენლობაში, სულ მცირე, ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი მაინც დააყენოს.
ქართველები რა სიტუაციიდან არ მოვნახავთ ხოლმე გამოსავალს და ჩვენმა მწვრთნელებმაც იპოვეს ეს გამოსავალი - ორი ახალგაზრდა იწყებს თამაშს ძირითადში, მაგრამ რად გინდა? სულ მცირე, ერთ მათგანს სათადარიგოთა სკამზე სათამაშოდ გამოწყობილი პარტნიორი ელოდება, რათა... მეათე-მეთხუთმეტე წუთის ფარგლებში შეცვალოს.
სანამ ასეთ ფორმალიზმამდე დავიყვანთ ყველაფერს, მანამდე ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. საინტერესოა, საერთოდ რა ესაქმება უმაღლეს ლიგაში გუნდს, რომელსაც ორი, მეტ-ნაკლებად ნიჭიერი, კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი ვერ გაუზრდია?!
ეს იქით იყოს და, ზოგადად, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ძალიან რთული ნატურაა. მით უმეტეს, თუ ის უკვე უცხოეთშია დამკვიდრებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ძალიან ბევრ მათგანს პროფესიონალიზმი აკლია, თავი უკვე შემდგარი ვარსკვლავი ჰგონია, მწვრთნელსაც ებუტება, ქომაგსაც და მედიასაც. არადა, მას ავიწყდება, რომ მისივე პროგრესში სამივე ამ კომპონენტმა დიდი წვლილი უნდა შეიტანოს. ვერც ამას დავაბრალებთ ჩივაძესა და მის შტაბს.
რა თქმა უნდა, შეიძლება იმაზე ლაპარაკიც, რომ გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული ამა თუ იმ მატჩში შემადგენლობის შერჩევისას.
დასკვნის მაგიერ...
მოკლედ, დიდი ალბათობით, ახალი წლიდან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ფეხბურთის ფედერაციას კი ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა მოუწევს მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საერთოდ, ახალ წლამდე დარჩენილი, 2015 წლის ბოლო მონაკვეთი ბევრ საინტერესოს გვპირდება. ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"