სამეული - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"

AutoSharing Option
დასასრული. იხილეთ დასაწყისი

...თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს გადაცემებში არც ერთ მწვრთნელზე იმდენი არ მისაუბრია, რამდენიც ლუის მენოტიზე, ჩემი აზრით, მისი გუნდის თამაში 1978 წელს ბევრად უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, ვიდრე მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონებისა.

საბედნიეროდ, მქონდა საშუალება, დავსწრებოდი მის პრესკონფერენციებს, 1994 წელს ბოსტონში არგენტინა-ნიგერიის მატჩზე. ტაიმებს შორის შესვენებისას ტელეინტერვიუც გადავიღე მექსიკის ტელევიზიის - "ტელევისას" კომენტატორებთან შეთანხმების შემდეგ.

მენოტი ხომ არაერთხელ იყო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ამ უმძლავრესი და ყველაზე მდიდარი ტელევიზიის ფეხბურთის ექსპერტი მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ტურნირების პერიოდში.

ეს
კი მენოტის ერთ-ერთი წიგნის ფრაგმენტებია:

"ბუენოს-აირესის მოდერნიზაცია პარიზის მოდელის მიხედვით დაიწყეს, უმცირესი დეტალებიც კი გადმოიღეს. შემდეგ ბევრჯერ სცადეს, ათასნაირი სიახლით გაემდიდრებინათ, სულ ცოტა, ორმოცდაათჯერ შეუცვალეს იერი, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს სულისკვეთებას, მანერას, რიტმს, იმიტომ, რომ თითოეული ქუჩისა თუ უბნის სული და გული ხალხია, სწორედ ხალხი და არა ძველი და ახალი შენობები, მოასფალტებული გზები და შუქნიშნები...

...მინდა ჩავწვდე თამაშის სიღრმეს, მის არსს, რადგან იქაა სათავე არგენტინელი ბიჭუნას ოინების, მისი ეშმაკობის, მხიარულების თუ თავქარიანობისა, რაც მას სჭირდება უბანში თავის მოსაწონებლად...

...არ მინდოდა ვყოფილიყავი ერთ-ერთი იმ მწვრთნელთაგანი, რომლებიც მხოლოდ ერთხელ გაიელვებენ და ყველაფერი ამით მთავრდება. სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ნაკრებში. გამონაკლისი იყო მხოლოდ დონ გილერმო სტაბილე, სხვები სულ ცდილობდნენ, რაღაც განსხვავებული გადმოეღოთ ახალი მსოფლიოს ჩემპიონისაგან, ნაცვლად იმისა, რომ დაეხვეწათ ჩვენი ფეხბურთელების ბუნებრივი მონაცემები, სტილი, რომელიც უნიკალურია მსოფლიოში და არც ერთ სხვას არ ჰგავს...

სულ დარდად მქონდა იმ ფეხბურთელების ბედი, რომლებიც ნაკრებში გამოცდას უდავოდ იმსახურებდნენ, მაგრამ თავის გამოჩენის არავითარი შანსი არ ეძლეოდათ. ბავშვობიდანვე არ მასვენებდა ასეთი უსამართლობა - რივერის, ბოკას, რასინგისა და ინდეპენდიენტეს მოთამაშეებს ყველა იცნობდა, მე კი ვწუხდი, როგორ იკარგებოდნენ როსარიოს უნიჭიერესი ფეხბურთელები. როცა პროვინციიდან ვინმეს ნაკრებში დაუძახებდნენ, იმ ფეხბურთელს უდროოდ გადარგული ხის ბედი უფრო ელოდა: შემოაგდებდნენ უცხო გუნდში, უცნობ გარემოში და არაფერი გამოსდიოდა...

ნაკრებში მოსვლისთანავე მიზნად დავისახე, ხორცი შემესხა ჩემი დიდი ხნის ოცნებისთვის, ჩამოგვეყალიბებინა ოთხი ნაკრები. არ მინდოდა მყოლოდა მხოლოდ ერთი - ვარსკვლავებით სავსე ან ნაჩქარევად არჩეული გუნდი. მინდოდა ოთხმოცი კომპეტენტური ფეხბურთელი შემერჩია ჩემი პრინციპების გათვალისწინებით, თანაშემწეების რეკომენდაციით.

ასე წარმოიშვა - "შიდა ნაკრები" და ყველა პერსპექტიულ ფეხბურთელს მიეცა ნიჭის გამოვლენის შანსი. არგენტინის პროვინციები მოვიარეთ, რა თქმა უნდა, უდიდეს ყურადღებას ვუთმობდით იუნიორებს. მწვრთნელებს დავურიგეთ სპეციალური ანკეტები, რომლებშიც უნდა შეეტანათ პერსპექტიული ფეხბურთელების გვარები და სრული მონაცემები...

...მტკიცედ მწამს, რომ გამარჯვების ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი ფეხბურთელების დამსახურებაა. ნებისმიერი მწვრთნელი, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს, ცრუობს ანდა თავს იტყუებს. მწვრთნელს შეუძლია და ვალდებულიცაა, შეარჩიოს მოთამაშეები, შეიმუშაოს გუნდის მომზადების გეგმა, რჩევა მისცეს ფეხბურთელებს, კარგად შეისწავლოს და მერე მათ გააცნოს მეტოქის თამაშის ყველა ნიუანსი.

მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას იმდენი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი რამ წამოიჭრება ხოლმე, მათი გადალახვა და საკუთარი გუნდის სასარგებლოდ გამოყენება მხოლოდ მაღალი კლასის, ინტელექტუალურ ფეხბურთელებს შეუძლიათ...

...ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო ორმა ფეხბურთელმა. ესენი იყვნენ გატი და კარასკოსა. გატიმ მითხრა: "მისმინე, სესარ! მე არც ფიზიკურად და არც მორალურად ისე მომზადებულად არ ვგრძნობ თავს, რომ ნაკრებში გავაგრძელო ვარჯიში. მირჩევნია, ერთი თვე ბოკაში გავატარო, იქ მოვიდე გონს და შემდეგ დავბრუნდე", რადგან ექიმისგან ვიცოდი, რომ გატი მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში იყო, ჩვენი საუბრის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოვიყვანე ნაკრებიდან, თუმცა "ხელუხლებელ" ფეხბურთელთა სიაში მყავდა და მჯეროდა, თუ გამიჭირდებოდა, მაშინვე გვერდში დამიდგებოდა. მე მგონი, უგო შეცდა!

რაც შეეხება კარასკოსას, აქ სულ სხვა რამ მოხდა. ჩვენი საუბრისას გაირკვა, რომ მისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ იყო. არადა, მე მხოლოდ ის ფეხბურთელები მჭირდებოდა, რომლებიც პირადულს დაივიწყებდნენ და ჩვენს საერთო საქმეს შესწირავდნენ ყველაფერს, ოჯახსაც კი. კარასკოსა ისე მოიქცა, როგორც სურდა".

* * *
არ მინდა იფიქროთ, რომ თავს ვარიდებ მენოტისა და მარადონას იმ პერიოდის ურთიერთობას. ამიტომ ვიტყვი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირისათვის მზადების ბოლო ეტაპის მატჩი პარაგვაისთან არგენტინამ 0:2 წააგო, რის შემდეგაც მენოტიმ მარადონას და ნაკრების კიდევ ორ კანდიდატს უფრო გამოცდილი ფეხბურთელები ამჯობინა.

1978 წელს ცნობილმა სერბმა სპეციალისტმა, იუგოსლავიის რამდენიმე კლუბის, ეროვნული ნაკრების, მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა მილან მილიანიჩმა, რომელიც არგენტინის მსოფლიოს ჩემპიონატს ფიფას ექსპერტის სტატუსით დაესწრო, ასე შეაფასა მენოტი და მისი გუნდი:

"მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ახალი ნაკრები ჩამოაყალიბა, მენოტი შეუდგა თავისი 70-პუნქტიანი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელებას. შემდეგ გადავიდა მუშაობის მომდევნო ეტაპზე: ნაკრების წევრთა შეკავშირებაზე, შეისწავლა თითოეული მოთამაშე, ცალკეული რგოლები და მთლიანად გუნდი.

ადრე არგენტინის ნაკრების სტილი იყო თამაშის სტატიკური მანერა, მოკლე გადაცემები, ბურთის ხანგრძლივად ტარება, მენოტიმ კი გუნდი მიიყვანა ელვისებურ თამაშამდე - ბურთით და უბურთოდ. არგენტინის ნაკრებმა შემოგვთავაზა კოლექტიური და ინდივიდუალური ფეხბურთის შესანიშნავი მაგალითები.

სწორედ არგენტინელებმა შეძლეს ბოლო ჩემპიონატზე ეთამაშათ ისე, როგორც ვერ ითამაშა ვერც ერთმა სხვა გუნდმა. მათ შემტევი ფეხბურთი აირჩიეს, უარი არ თქვეს რისკზე, თუმცა ესმოდათ, რომ დაზღვეული არ იყვნენ წაგებისაგან. მენოტი მხოლოდ შეტევას მოითხოვდა. ამრიგად, არგენტინის ნაკრების გამარჯვება განაპირობა ყოველმხრივმა ორგანიზებამ, მისი ხელმძღვანელების მუშაობამ, გუნდში შექმნილმა კარგმა კლიმატმა, შესანიშნავმა ფიზიკურმა მომზადებამ და ფეხბურთის არსის პროგრესულმა გააზრებამ, შემტევმა, რისკის შიშისგან თავისუფალმა ფეხბურთმა.

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ არგენტინელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს, რომ მათს გუნდში თამაშობდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი, რომ ისინი გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები - სწორედ ამაში გამოჩნდა ტოტალური ფეხბურთის კანონზომიერება", - დასძენს დასასრულს მილან მილიანიჩი.

დავუბრუნდეთ ლუის მენოტის:

"ჩემმა ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ საომრად კი არ გადიოდნენ მოედანზე ნაკრების მაისურით, არამედ ფეხბურთის პრესტიჟის, არგენტინული ფეხბურთის ღირსების დასაცავად თამაშობდნენ. მათ იმ ხალხის იმედი უნდა გაემართლებინათ, რომელიც ოცნებობდა, ეროვნულ ნაკრებს ეთამაშა სწორედ ისეთი ფეხბურთი, ჩვენ რომ გვიყვარს.

პირველ მატჩზე, როცა ავტობუსით სტადიონზე მივედით და დავინახე არგენტინელები ეროვნული დროშებით, მივხვდი, რას ნიშნავდა მათთვის - ეროვნული ნაკრების გამარჯვება"...

"ჩელსი", "ფულჰემი", "სენტ ეტიენი", "ლიონი", "როსარიო სენტრალი", "რასინგი", "ბოკა ხუნიორსი", "სანტოსი" - აი, ზოგიერთი ის საფეხბურთო კლუბი, სადაც ცნობილ პარტნიორებთან, გამოცდილ, პროფესიონალ მწვრთნელთა ხელმძღვანელობით თამაშობდნენ - რონ გრინვუდი, ემე ჟაკე და ლუის მენოტი. მათ იხილეს, მოისმინეს, ჯერ საკუთარ თავზე, შემდეგ მწვრთნელად მუშაობის სხვადასხვა საფეხურზე სცადეს და საბოლოოდ შეძლეს კიდეც თავიანთი იდეების ხორცშესხმა.

...მოსკოვის "სპარტაკის" ბაზაზე ტარასოვკაში, როცა კონსტანტინ ბესკოვთან შეხვედრისას მწვრთნელის პროფესიაზე წამოვიწყე ლაპარაკი, მან დიდი მხატვრის შეგონება გაიხსენა: ჯერ არ მინახავს კაცი, რომ ხატვა არ იცოდეს და სხვას ასწავლიდესო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადრე არგენტინის ნაკრების სტილი იყო თამაშის სტატიკური მანერა, მოკლე გადაცემები, ბურთის ხანგრძლივად ტარება, მენოტიმ კი გუნდი მიიყვანა ელვისებურ თამაშამდე - ბურთით და უბურთოდ. არგენტინის ნაკრებმა შემოგვთავაზა კოლექტიური და ინდივიდუალური ფეხბურთის შესანიშნავი მაგალითები.
სპორტულ ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი კ ა ს ქართული ფეხბურთის გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლია. მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატს ისევ ნაადრევად გამოვეთიშებით თუ არა, ეს ყველაზე მეტად მასმედიაზე არის დამოკიდებული.
სირბილის სწავლების ცენტრი
18:57 30-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული