გიორგი ანჩაბაძე: "დინამო" მანქანაში ვერ გავცვალე

AutoSharing Option
ბევრჯერ გვსმენია და შეუძლებელია ამ აზრს არ დაეთანხმო, რომ დღევანდელ ეროვნულ ნაკრებს შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელები ძალიან აკლია. ბედიის ირონიაა, რომ დამოუკიდებლობის პირველ წლებში ასეთები მრავლად იყვნენ და მათ შორის ერთ-ერთმა საუკეთესომ, გიორგი ანჩაბაძემ, კარიერა ისე დაასრულა, "ჯვაროსნებში" ოფიციალურად არც უთამაშია.

არადა, რასაც "ანჩა" საქართველოს ჩემპიონატში აკეთებდა, არის ის, რისთვისაც ეს თამაში გვიყვარს. აზრიანი და გემოვნებიანი ცენტრალური ნახევარმცველი ისეთ პასებს არიგებდა და თამაში ისე მიჰყავდა, საქართველოს ნაკრებს დღეს ჰაერივით რომ სჭირდება.

ანჩაბაძეს არ გაუმართლა იმაში, რომ მის დროს გიორგი ქინქლაძე და
გოჩა ჯამარაული
თამაშობდნენ... ქინქლაძე მისი ბავშვობის მეგობარი და თანაგუნდელია, კარიერაც ერთად დაიწყეს...

ბავშვობა ქინქისთან ერთად
- 8 წლის ვიყავი, მამაჩემმა დაინახა, რომ ფეხბურთში რაღაც გამომდიოდა და "ნორჩ დინამოელში" შემიყვანა. ბოლომდე ამ სკოლაში ვიზრდებოდი. თან, მაშინ ფეხბურთის ბუმი იყო და ყველა ეზოში ყველა ბავშვი ბურთს აგორებდა. სხვათა შორის, გამიმართლა, რომ ჩემი პირველი მწვრთნელი ნოდარ აკობია იყო. მაგრამ მასთან მცირე ხნით ვივარჯიშე, მერე კი ოთარ გეგეჭკორთან და საშა ვაშაკიძესთან გადავედი. ისე ხდებოდა, რომ ერთი წლით უფროსებთანაც ხშირად მათამაშებდნენ და ჩემს ასაკშიც...

მე და გიო ქინქლაძე ერთ გუნდში ვიზრდებოდით. ის თავიდანვე მაგარი ბავშვი იყო. ორივე პლეიმეიკერი ვიყავით და შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ერთად გვათამაშებდნენ. მწვრთნელის ნიჭიც ისაა, გუნდს ტაქტიკას მოთამაშეების მიხედვით რომ შეურჩევს. ჩვენს ასაკში თითქმის ყველა ტურნირი მოვიგეთ.

მერე, 1990 წელს, იტალიაში წავედით და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიძღვნილ რეჯანას თასის გათამაშებაშიც ძალიან კარგად ვითამაშეთ. იქ სერიოზული გუნდები გამოდიოდნენ, მაგრამ ყველა თამაში მოვიგეთ, ფინალში კი პოლონეთის ნაკრებს შევხვდით. დამატებით დროში გამაგდეს, მაგრამ პენალტების სერიაში მაინც გავიმარჯვეთ.

გიორგი ისეთი ნიჭიერი და სასიამოვნო პარტნიორი გახლდათ მოედანზე, წარმოუდგენელი იყო, მასთან თამაში ვერ აგეწყო. "დინამოშიც" დაახლოებით ერთ პერიოდში მივედით, მაგრამ იქ გიო ოდნავ წინ, თავდამსხმელების უკან ასწიეს და მაგრად გაიხსნა...

ოცნების გუნდი
- თბილისის "დინამომდე" "შევარდენში" ვთამაშობდი, რომელიც მაშინ ძალიან ძლიერი გუნდი იყო და იქ ნაკრების ბევრი მაშინდელი წევრიც თამაშობდა - კაკო დევაძე, გია ჯიშკარიანი, გია ნემსაძე, დათო ყიზილაშვილი, ზაზა ჯანაშია...

მწვრთნელად გუჯა ხუციშვილი გვყავდა, ძალიან კარგი ადამიანი და სპეციალისტი. მისი დამსახურებაა, 1991-92 წლების სეზონი საკმაოდ კარგად რომ ჩავატარე.

დაინტერესებაც უცებ გამოჩნდა. 18 წლის ბიჭს, ერთი მხრივ, ფულიანი ზესტაფონის "მარგვეთი" მიწვევდა, მეორე მხრივ კი - თბილისის "დინამო".

ახლა რომ მახსენდება და პარალელებს ვავლებ, რა მაგარი ჩემპიონატი იყო და რა დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ. რაიონებში ლიტვისა და ლატვიის ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ, მანქანებს აძლევდნენ და იმ დროისთვის საკმაოდ კარგ ხელფასებს უნიშნავდნენ. ზესტაფონში გადასვლის საფასურად მეც მთავაზობდნენ მანქანას. პატარა ბიჭისთვის ეს დიდი ამბავი იყო...

მაგრამ ბავშვობიდან თბილისის "დინამოში" მოხვედრაზე ვოცნებობდი, რომელსაც მაშინ ფული არ ჰქონდა. დაუჯერებელია, არა? მაგრამ ასე იყო. მიუხედავად ამისა, მაინც "დინამო" ვამჯობინე. მაშინდელ გუნდში მოხვედრა იმდენად პრესტიჟული იყო, არც მიკითხავს ხელფასის ოდენობა. "დინამო" ჩემი ოცნების გუნდი იყო და ამან ყველაფერი გადაწონა.

ამ ყველაფერს წინ ერთი ამბავი უსწრებდა. 15 წლისა მივხვდი, რომ სისწრაფეში პრობლემები მქონდა და ნაკლი უნდა გამომესწორებინა. მცირე ხნით, მძლეოსნობაზეც დავდიოდი და სირბილი საგრძნობლად გავაუმჯობესე. შეიძლება, ყველაზე სწრაფი არ ვიყავი, მაგრამ სხვაგვარად "დინამოში" არავინ ამიყვანდა...

საფეხბურთო კორპუსი და ოჯახი
- ვაკე-საბურთალოს გადასახვევთან ისეთ სახლში ვცხოვრობ, რომლის მსგავსი საფეხბურთო კორპუსიც საქართველოში მეორე ძნელი მოსაძებნია. წარმოიდგინეთ, ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ ვახტანგ ქორიძე და ვიტალი დარასელია. შემდეგ თაობაში ერთად ვიზრდებოდით მე და გელა ქორიძე. პატარა ვიტალიკა ჩვენზე რამდენიმე წლით პატარაა. თუ გახსოვთ, უნიჭიერესი ბავშვი ფარნა კუსრაშვილი? ისიც ჩვენი მეზობელია. ყველა ბავშვი ფეხბურთს თამაშობდა და გულშემატკივრობდა...

მეუღლეც ცნობილი ფეხბურთელის ოჯახიდანაა - კრისტინა ვიტალი დარასელიას შვილია. 1997 წელს დავოჯახდით და ორი შვილი გვაყვს. უფროსი, სანდრო, 17 წლის ხდება, გოგონა კი 15 წლისაა. სანდრო ფეხბურთზე დადიოდა, მაგრამ აღარ თამაშობს. დროულად მივხვდით, რომ ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტდა და სწავლაზე გადაერთო.

კრისტინა ფეხბურთის დიდი მოყვარულია და ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს. განსაკუთრებით, "ბარსელონას" გულშემატკივრობს...

...უფროსი ვიტალი დარასელია და ვახო ქორიძე ჩვენს კორპუსში ერთად გადმოვიდნენ. ვიტალი რომ დაიღუპა, მაშინ პატარა ვიყავი და ახლოს არც ვიცნობდი. მაგრამ სახლში გვაქვს მისი 6-ნომრიანი "დინამოს" მაისურა, რომელიც მამაჩემს აჩუქა.

Sportall.Ge

მინი-ფეხბურთი და ნაკრები
- მე და გელა ქორიძეს მინი-ფეხბურთი ბავშვობიდან გვიყვარდა და მერე ვიტალიკა და ფარნაც რომ წამოიზარდნენ, "ბენდელაზე" სულ ერთად გამოვდიოდით. სხვათა შორის, რაც მითამაშია, არც ერთი ტურნირი არ წამიგია.

"მინის" ფეხბურთელობის დროსაც სიამოვნებით ვთამაშობდი. მწვრთნელები ინდივიდუალურად მხოლოდ "ფიზიკაში" გვავარჯიშებდნენ, ტექნიკასა და ბურთის ფლობაზე, ანუ წმინდა საფეხბურთო ნიუანსებს მაშინ მხოლოდ ქუჩაში თუ აითვისებდი. საამისოდ კი მინი-ფეხბურთი ძალიან მაგარი სკოლაა.

სამწუხაროდ, ეროვნულ ნაკრებში ოფიციალური თამაშები არ ჩამიტარებია. თუმცა რამდენიმე მატჩში მაინც ვითამაშე. მიწვევა ყიფიანის დროს მქონდა. პირველად - 1998 წელს, როცა ბათუმში მოლდოვას 2:0 მოვუგეთ.

მაშინ კარგ ფორმაში ვიყავი და "დავიდიჩმა" განაცხადში შემიყვანა, თუმცა არ მითამაშია. მეორედ კი გასვლაზე პოლონეთთან 1:4 რომ წავაგეთ, იმ შეხვედრაზე წამიყვანეს...

ამხანაგურ მატჩებში რამდენჯერმე ვიყავი. ეს 1992 და 1994 წლებში მოხდა. პირველად, ისრაელში ტურნირზე გავემგზავრეთ, მეორედ კი ესპანეთში და ორივეგან მათამაშეს...

სამეფო კარის თავადები
- მეამაყება ჩემი გვარის ისტორია: აფხაზეთის დიდი მთავრები იყვნენ შერვაშიძეები, დგებუაძეები, ემუხვარები, მარშანიები და ანჩაბაძეები. ჩვენები სამეფო კარის თავადები გახლდნენ. არის ვერსიაა, რომ აჩბა-ანჩაბაძის მონათესავეა ჩაჩბა-შერვაშიძეების გვარი, ეს ორივე გვარი კი VIII-X საუკუნეების აფხაზთა სამეფო დინასტიის სხვადასხვა შტოებიდან მომდინარეობდა.

ისიც მეამაყება, რომ ჩვენს გვარში საქართველოს ბევრი ღირსეული შვილია. მაგალითად, სოხუმის ქართული უნივერსიტეტი ზურაბ ანჩაბაძემ ჩამოაყალიბა. სახლში გვაქვს საგვარეულო გერბი, დანარჩენი კი ყველაფერი სოხუმშია დარჩენილი, სადაც ბაბუა 1990 წელს გარდაიცვალა და უნიკალური ფოტოალბომიც დაიკარგა.

ბაბუა, ვლადიმერ ანჩაბაძე, კომუნისტების შემოსვლის შემდეგ რუსეთში გაიქცა. იქ ჩვენი გვარის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ, საქართველოში კი თავადაზნაურობას დევნიდნენ. მაგრამ გვარი არ გადაუკეთებია, ამის გამკეთებელი არ იყო.
მამას ბებიაჩემი ზრდიდა, რომელიც დადიანის ქალი იყო - ნინა დადიანი. ხომ იცით, კომუნისტებამდე როგორც იყო - თავადი თავადის ასულზე უნდა დაოჯახებულიყო. მერე რეპრესიები ოდნავ შენელდა და ბაბუა თბილისში დასახლდა. სულ განიცდიდა, აფხაზეთში საკუთარი სახლი როგორ არ ჰქონდა, ზღვა და იქაური ჰაერი უყვარდა.

კაცი ამაყობდა და ბევრჯერ უთქვამს, აფხაზეთში ფეხბურთის ერთ-ერთი პირველი ფუძემდებელი ვარო. გუნდი კი არ დაუარსებია, ბურთი შეიტანა და ფეხბურთის პოპულარიზაციას ეწეოდა. ბოლოს ოცნება აისრულა - კომუნისტების უკანასკნელ წლებში სოხუმში სახლი აჩუქეს და ბებიასთან ერთად იქ დასახლდა.

აფხაზეთში დატრიალებულ კონფლიქტს ძალიან განიცდიდა. 1990 წელს გარდაიცვალა და ომს ვერ შეესწრო. ბებიაც სოხუმში დარჩა.

ვარსკვლავების დანაკლისი
- მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, თბილისის "დინამოში" ბევრი აფხაზი თამაშობდა და ბაბუა მათ განსაკუთრებულად ქომაგობდა - ვიტალი დარასელიას, გრიშა ცაავას, თემურ ჟიბას, ახრიკ ცვეიბას, ჯემალ გუბაზს, საიდ თარბას, თემურ ქეცბაიას...

დღეს, როდესაც ქართული ფეხბურთის კრიზისის მიზეზებზე ლაპარაკობენ, ათასგვარ პრობლემას ასახელებენ. ბუნებრივია, მიზეზი ისიცაა, რომ ფეხბურთს ძალიან ბევრი სტადიონი წაართვეს. ახლა "ოლიმპზე" აქცია რომ გაიმართა, მაშინ გავიგე, რომ მარტო თბილისში 23 სტადიონია დაკარგული. ეს სერიოზული პრობლემაა, ბავშვები სად უნდა გაიზარდონ?!

ბევრს ავიწყდება, რომ აფხაზეთში ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელები იზრდებოდნენ. ეროვნული ნაკრების პირველ თაობაში იქიდან 6-7 ფეხბურთელი ყოველთვის ხვდებოდა.

მახსოვს, ბავშვობაში სოხუმის "დინამოსა" და ოჩამჩირის "ამირანის" თამაშებს ვესწრებოდი და მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ, თბილისის "დინამოში" სულ ვარსკვლავები მოდიოდნენ. რაც მთავარია, აფხაზეთში არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელები, არამედ ძლიერი პიროვნებები და ვაჟკაცები იზრდებოდნენ...

არც ისე შორს
- საქართველოს ჩემპიონატს თვალს ვადევნებ. ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ჩემპიონატია და მაინტერესებს. ეს სამყარო ჩემთვის ნაცნობი და ახლობელია. მაგრამ გიორგი ნემსაძე ფედერაციის პრეზიდენტობისთვის რომ იბრძოდა, მას შემდეგ ჩამოვშორდი.

ერთი ხანობა, პროფესიული ფეხბურთის ლიგაში მიმიწვიეს, მაგრამ მერე ამ საქმიანობასაც შევეშვი.

ფეხბურთში ყოფნა მსურდა, მაგრამ მწვრთნელობაზე არ მიფიქრია. დიდი ხანია, ახლოს არ გავკარებივარ და აქტიური შეხება აღარ მაქვს. მაგრამ ძალიან შორსაც არ წავსულვარ - სპორტის სამინისტროს სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ, რომელიც სპორტული ობიექტების მშენებლობაზეა ორიენტირებული.

მაგრამ ფეხბურთიდან სად უნდა წავიდე? სადაც გავიხედავ, ყველგან ახლობელი ან მეგობარია. ეს ჩემი სამყაროა!..
მერაბ მამულაშვილი


მკითხველის კომენტარები / 8 /
ტუ ვინმეს გახსოვტ,ბოლოს დინამომ დესეტეს ტასი რო მოიდო,,რა მაგრად იტამასჰა გიორგიმ,ფინალსჰი გოლი რო გაუტანა სკონტოს,ჯადო გოლი იყო,,ტუ ვინმეს ახსოვს ეს დრო,დაწერეტ
KIRKITA,,
18:44 03-01-2016
0
დასანანია ასეთი დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელს უფრო დიდი წარმატების მიღწევა შეეძლო.როგორც მახსოვს ტრავმებმა შეუშალა ხელი,ახალი თაობა სწორედ ამ ნიჭიერი ფეხბურთელის თამაშის სწავლებით უნდა იზრდებოდეს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული