ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"

AutoSharing Option
გაგრძელება, იხილეთ დასაწყისი

პომპეზური იყო XX საუკუნის გაცილება, თუმცა, ალბათ გახსოვთ, მსოფლიო კინაღამ შეცდა - ერთხანს ხომ 1999 წელს მიიჩნევდნენ ასწლეულის დასასრულად. მეც ასე მეგონა 1998 წლის ზაფხულში, როცა პარიზში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასული, თვალს ვადევნებდი, როგორ ითვლიდნენ ეიფელის კოშკზე უზარმაზარი ციფრები საუკუნის ბოლომდე დარჩენილ დღეებს: 554, მეორე დღეს - 553, მესამე დღეს - 552 და ა. შ.

იჩქარა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის ინსტიტუტმაც და 1999 წლის 11 იანვარს მდინარე ფულდაზე მდებარე პატარა, ლამაზ გერმანულ ქალაქ როტენბურგში საუკუნის ფეხბურთის შემაჯამებელი
საზეიმო საღამო გამართა. სწორედ იქ მითხრა ფერენც პუშკაშმა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დი სტეფანო მიაჩნდა. მანამდე კრუიფსაც არაერთხელ გამოუთქვამს იგივე აზრი, ჯორჯ ბესტსაც, ლუის მენოტიმაც მეფეთ მეფედ მოიხსენია დი სტეფანო ჟურნალ "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამ ორი თუ სამი წლის წინათ.

მერე მთელი მსოფლიო საბოლოოდ შეთანხმდა, რომ XX საუკუნის ბოლო დღე 2000 წლის 31 დეკემბერი იყო და ფიფამ თავის გალა-წარმოდგენაზე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად პელე აღიარა, ხოლო SMS-ით გამოკითხულმა ფეხბურთის მოყვარულებმა მარადონას მიანიჭეს უპირატესობა; საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პელე საუკუნის N1 სპორტსმენად დაასახელა!

ცხადია, საინტერესო იყო საქართველოს სპორტკომიტეტისა და შპს "ვერიტას" მიერ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები - 2001 წლის 26 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ საზეიმო საღამოზე ცნობილი გახდა გასული საუკუნის ქართული ფეხბურთის ლაურეატების ვინაობა თვრამეტ ნომინაციაში.

ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაში გამარჯვებულის - XX საუკუნის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოცხადების პატივი საქართველოს პრეზიდენტს ხვდა.

ბორის პაიჭაძე! - წაიკითხა ედუარდ შევარდნაძემ რეფერენდუმის შედეგი. პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას იქვე გააცნო დადგენილებაც: ქართული ფეხბურთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ბორის პაიჭაძე გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა...

დიდი ქართველი ფეხბურთელის თამაში რამდენჯერმე მაქვს ნანახი, მაგრამ მხოლოდ ვეტერანთა მატჩებზე. 1952 წლის შემოდგომაზე დინამოელი ვეტერანებისა და ზესტაფონის გუნდის შეხვედრაში, ფეროს სტადიონზე, ბორის პაიჭაძემ ორი გოლი გაიტანა საჯარიმო მოედნის გარედან, მარცხენა ფეხით - მეტალურგის მეკარე ოთარ სამყურაშვილი ორჯერვე დროულად გადახტა, მაგრამ შორეულ მარცხენა კუთხეში ბურთს ვეღარ მისწვდა.

მოგვიანებით, უკვე თბილისის "დინამოს" სტადიონზე, არაერთხელ დავრწმუნდი, რომ ლეგენდარული ფორვარდი, ასაკის მიუხედავად, ისევ აღტაცებას ჰგვრიდა ტრიბუნებს.

...ვეტერანი დინამოელები ამხანაგურ მატჩში "ბ" კლასის საკავშირო ჩემპიონატის ერთ-ერთ ძლიერ გუნდს - თბილისის "ლოკომოტივს" ხვდებოდნენ. პაიჭაძემ დასავლეთ ტრიბუნების წინ ბურთის მიღების შემდეგ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა და პირდაპირ წავიდა მეტოქეთა გუნდის მარჯვენა მცველისაკენ, რომელიც უკან იწევდა, ფორვარდთან შესახვედრად ემზადებოდა.

როცა ბურთისათვის პირისპირ ბრძოლის წამიც დადგა, პაიჭაძემ ტემპის შეუნელებლად განაგრძო დრიბლინგი "ლოკომოტივის" კარისაკენ, მცველი კი ჯერ საპირისპირო მხარეს გაიქცა, მერე სარბენი ბილიკებიც გადაკვეთა და პირველი იარუსის წინ, ე. წ. პარტერში მსხდომმა მაყურებლებმა ძლივს გააჩერეს. გაოგნებული, ალბათ, ვერც მიხვდა, როგორ მოატყუა პაიჭაძემ, რომლის ცრუ მოძრაობა ტრიბუნებიდანაც შეუმჩნეველი იყო.

მეორე დღეს ტელევიზიაში ჩემი უფროსი მეგობრები ისევ და ისევ იხსენებდნენ პაიჭაძის დიდ ოსტატობას, მე კი პირველად ვინანე, რომ ათი წლით ადრე არ ვიყავი დაბადებული...

1958 წელს რუსთაველის პროსპექტზე, გაზეთ "ზარია ვოსტოკას" რედაქციის სააქტო დარბაზში შვედეთიდან დაბრუნებული ბორის პაიჭაძე ფეხბურთის გულშემატკივრებს ხვდებოდა. იგი აღფრთოვანებული იყო ახალი მსოფლიო ჩემპიონით - ბრაზილიის ნაკრებით. მერე, როცა ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა გარინჩასთვის ბურთის წართმევაო, ღიმილით უპასუხა: როგორ არა, თუ მცველი ნაჯახით გავა მოედანზეო.

რამდენიმე წლის შემდეგ იმ საღამოს გახსენებისას ბატონმა ბორისმა ძალიან გამახარა, როცა მითხრა, გარინჩაზე საინტერესოდ ჩვენი მიშა თამაშობსო...

"დინამოს" სტადიონის რეკონსტრუქცია-მშენებლობის წლებში, ყოველ სამშაბათს თბილისის მესამე სამშენებლო სამმართველოს უფროსი ვლადიმერ გოგოლიძე, არქიტექტორები მამა-შვილი არჩილ და გია ქურდიანები, კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი, სტადიონის დირექტორის, ბორის პაიჭაძის კაბინეტში იკრიბებოდნენ და მშენებლობის მიმდინარეობაზე მსჯელობდნენ. ტელევიზიის კინოოპერატორთან ერთად ასეთ შეხვედრებს მეც ვესწრებოდი და იმავე საღამოს საინფორმაციო პროგრამა "მოამბე" გადასცემდა სპეციალურად მომზადებულ სიუჟეტს. ხშირად ბატონი ბორისი თათბირის შემდეგ აღარ მიშვებდა, გვიანობამდე ვისხედით და ვსაუბრობდით, ფეხბურთის ჭეშმარიტ ლეგენდას გასახსენებელი ბევრი რამ ჰქონდა...

ერთ დღეს თავისი კარიერის დასაწყისზე, პირველ ნაბიჯებზე მიამბო. გაიხსენა 1936 წელს, "დინამოში" ბრწყინვალე სადებიუტო მატჩების შემდეგ გახალისებულმა, როგორ მოინდომა, კიდევ მეტი წარმატებისთვის ებრძოლა. გადაწყვიტა, მიზნის მისაღწევად ასკეტურად ეცხოვრა და თითქმის ერთი თვე ყოველგვარი ადამიანური სიამოვნებისგან თავს იკავებდა.

სტალინგრადში თასის გათამაშების მატჩში გოლის გატანა კი შეძლო, მაგრამ საკმაოდ უფერულად ითამაშა. მატჩის შემდეგ დინამოელთა კაპიტანმა შოთა შავგულიძემ ყველაფერი გამოჰკითხა და 21 წლის ფორვარდს ცხოვრებისა და ვარჯიშის ახალი გრაფიკი შეუდგინა. ამ რეჟიმს მტკიცედ და სიამოვნებითაც ვიცავდი, ვიდრე ვთამაშობდიო, - ღიმილით მითხრა ბატონმა ბორისმა, მერე კი ახალგაზრდობის დროინდელი რამდენიმე პიკანტური თავგადასავალიც დაამატა...

ბევრი რამ მიამბო ცნობილ ტრავმატოლოგთან, პროფესორ აბრამ ლანდასთან, სახელოვან კომპოზიტორ დიმიტრი შოსტაკოვიჩთან ურთიერთობაზე, აღარაფერს ვამბობ ფოთელ და დინამოელ მეგობრებთან გატარებულ წლებზე, გამორჩეულ საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწეებთან შეხვედრებზე. ვატყობდი, სიამოვნებდა იმ დროის გახსენება და მეც სიხარულით ვუსმენდი...

გაგრძელება მომდევნო ნომერში

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯამში წუთ-ნახევარი მაქვს პაიჭაძის თამაში ნანახი,დიდებული იყო,უფრო მეტი სტატიებიდან მაქ გაგებული ასე გააგრძელეთ,დიდი მადლობა ლელოს
irakli arqania
15:28 05-01-2016
0
ბევრი დიდებული ქართველი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან რომ სიცოცხლეში ვერ დავაფასეთ. მე კი ღმერთმა უდიდესი ბედნიერება მომანიჭა, ჩემი ხალხის დიდი სიყვარული სიცოცხლეში მერგოო - ამას რომ კაცი იტყვის, მეტი რაღა შეფასება უნდა. ბ-ნი ბორისი იყო უდიდესი ფეხბურთელი, ქართველი და პიროვნება. მერე ა რომსაერთოდ ვერ მოვესწარი მას :)
დავითი
23:02 04-01-2016
0

სიახლეები პოპულარული