ლევან კობიაშვილი: გვაქვს საინტერესო ჩანაფიქრი...

AutoSharing Option
2015 წლის "ბენდელას თასის" გათამაშება უკვე ისტორიის საკუთრებაა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტურნირები უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს.

"ჩემი დამოკიდებულება "ბენდელას თასის" მიმართ ცალსახაა. პირადად რადენჯერმე ვიყავი ამ ტურნირის მონაწილე და მოედანზე გასვლა ყოველთვის მიხაროდა. ამგვარი ტურნირები რომ აუცილებელია, ამაში ბოლო ფინალმა ყველა დაგვარწმუნა. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც უმძიმეს პირობებში მოახერხეს ამ გათამაშების შენარჩუნება - ეს მარტივი საქმე სულაც არ ყოფილა.

საერთოდ, მსგავსი ტურნირები აუცილებელია და 2016 წელს გულშემატკივრებს რამდენიმე საინტერესო ჩანაფიქრს გავაცნობთ. მაგრამ მოვლენებს არ
გავასწრებ", - ამბობს კობიაშვილი.

სამწუხაროდ, გაჭირვებამ მოიტანა ის სამწუხარო ამბავი, რომ საქართველოში ბავშვების ერთიანი ტურნირები არ ტარდება. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდები ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს.

არადა, უშუალოდ ამ შეხვედრებში ბევრი საინტერესო ბავშვის აღმოჩენა შეიძლება. ასე მაგალითად, "ბენდელას თასის" ბოლო გათამაშებაში საუკეთესო მეკარედ აბაშის "ზანას" გოლკიპერი დაასახელეს - უნიჭიერესი ბავშვი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა, ეს გუნდი მე-3 ადგილზე რომ გავიდა.

საინტერესო ისაა, რომ ეს 11 წლის მეკარე... გიორგი ლომაია გახლავთ - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის სეხნია და მოგვარე. ის იმდენად მოეწონათ, რომ თბილისში დატოვეს და კონტრაქტი გაუფორმეს.

აბაშის "ზანას" მთავარი მწვრთნელი მამუკა კიზირიაც მიიჩნევს, რომ მსგავსი ტურნირები აუცილებელია.

"მიხარია, რომ ჩვენი რაიონი ღირსეულად წარმოვადგინეთ და ძლიერ მონაწილეთა შორის მე-3 ადგილი დავიკავეთ.

ჩვენ იშვიათად გვიწევს თბილისურ და აღმოსავლეთ საქართველოს კლუბებთან თამაში. "ზანა" სამეგრელო-ზემო სვანეთის ჩემპიონატში გამოდის და ამიტომ მიხარია, რომ ჩამოვედით და ბავშვებმა გამოცდილება მიიღეს. ეს მათ მომავალს აუცილებლად წაადგება. ბავშვებს მეტი სტიმული უჩნდებათ, რადგან "საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" შემდეგ მესამე ადგილი დავიკავეთ.

ჩვენი სკოლის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ რაიონში ნიჭიერი ბავშვები გამოჩნდნენ", - ამბობს კიზირია.

რა პირობებში ვარჯიშობენ აბაშელი ბავშვები? კიზირიამ ამაზეც ილაპარაკა:

"ჩვენთან რაიონში ყველაფერი უფასოა და ამით აბაშის რაიონი გამორჩეულია. ახლა ქართულ ფეხბურთში პრობლემებია და ამის თავი და თავი ფასიანი ჯგუფებია. მიხარია, რომ ეს პრობლემა ჩვენთან მოგვარებულია - ფორმები, ბურთები, ეკიპირება და სხვა ხარჯები მშობლების მოსაგვარებელი არ არის.

ახლაც თბილისში ლამის ერთკვირიანი გამომგზავრების ხარჯები საკუთარ თავზე რაიონისა და კლუბის ხელმძღვანელებმა აიღეს. მთავარია, ბავშვებმა წინსვლა არ შეაჩერონ და დარწმუნებული ვარ, ისევე, როგორც ჩვენი გაზრდილი გიორგი ქვილითაია, დიდ ფეხბურთს ითამაშებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული