დამიბრუნე 300$! - აფრიკელთა დავა საქართველოში და საჩივარი ფიფაში

AutoSharing Option
ფოტოზე: ირაკლი ხვედელიანი და კელვინ ოტუს ბლექი

კელვინ ოტუს ბლექი
ნიგერიის მოქალაქე გახლავთ, პატრიკ საინტ ელი - კოტდივუარელია. პირველი - კლუბის პრეზიდენტია, მეორე - მოთამაშე. მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და ახლა ფეხბურთელი ფიფაში ჩივილით იმუქრება.

აბა, ჩვენ აფრიკელების დავასთან რა შეხება ან ინტერესი უნდა გვქონდეს, მაგრამ... საქმე ისაა, რომ ბლექი საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის ეგზოტიკური კლუბის, "მარკ სტარსის" პრეზიდენტი გახლავთ.

კოტდივუარელი ფეხბურთელი კი უჩივის მას, როგორც ქართული კლუბის პრეზიდენტს.

პატრიკ საინტ ელი პოსტში წერს, რომ ბლექმა 400 დოლარის გამოგზავნა სთხოვა,
ჩემს გუნდში სინჯებს გაგიკეთებ, მოწვევას და ვიზასაც ჩემს თავზე ვიღებო, მაგრამ ფეხბურთელმა 400 დოლარი ვერ იშოვა - საბოლოოდ, 300-ზე შევთანხმდით და ეს ფული 2015 წლის 17 დეკემბერს გამოვუგზავნე, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც ხელთ მაქვსო.

თუმცა ბლექი მის ზარებს, მესიჯებსა და ინტერნეტფოსტით გაგზავნილ წერილებს აღარ პასუხობს - მატყუარაა და ფიფაში ვუჩივლებო, იმუქრება კოტდივუარელი.

ამ შარში კინაღამ ახალგაზრდა ქართველი მენეჯერი ირაკლი ხვედელიანიც გარიეს. ის "ლელოს" დაუკავშირდა და მომხდარზე განმარტების გამოქვეყნება გვთხოვა:

"პატრიკ საინტ ელი "ფეისბუქში" "მარკ სტარსის" ხელმძღვანელობას, კერძოდ კი, კელვინ ოტუს ბლექს თაღლითობაში ამხელდა. ერთ-ერთ ადრესატად და ბრალდებულად კი მეც ვყავდი მონიშნული. ადრე ამ კლუბის სპორტული დირექტორი გახლდით და ეტყობა, ჩათვალა, რომ ამჟამადაც "მარკ სტარსს" წარმოვადგენდი.

პატრიკ საინტ ელის განვუმარტე, რომ 2014 წლის 6 ოქტომბერს კლუბი ოფიციალურად დავტოვე და მას შემდეგ კელვინ ოტუს ბლექთანაც არანაირი კავშირი აღარ მქონდა. ის ამტკიცებდა, რომ მოტყუებულია და ფიფაში ჩივილს აპირებს.

პირადად მე, ამ ფაქტის მიმართ გულგრილი ვერ დავრჩები, ვინაიდან ჩემთვის ჯერ ქართული ფეხბურთია და შემდგომ - პიროვნებები. სამწუხაროდ, საერთაშორისო არენაზე ქართული ფეხბურთის იმიჯი ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს. მსგავსი შემთხვევის ფიფას დონეზე განხილვა კი ამ იმიჯს კიდევ ერთ მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს.

ფეხბურთელს ვურჩიე, ამ საკითხზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მიემართა. იმედია, ფედერაციაში გაეცნობიან დეტალებს და ამას შემდგომი ნაბიჯებიც მოჰყვება.

მჯერა, რომ ქართული ფეხბურთის იმიჯის ნებსით თუ უნებლიეთ შელახვა არავის შერჩება", - ამბობს ხვედელიანი.

რამდენიმე წელია, კელვინ ოტუს ბლექი ქართულ საფეხბურთო სამყაროშია და საკუთარ კლუბში როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოთამაშეებს აძლევს თამაშის საშუალებას. შესაძლოა, ახლა ფეხბურთელი იმიტომ ვერ ჩამოიყვანა, რომ მიმდინარე სეზონამდე რეგიონალლიგაში ლეგიონერების თამაში აკრძალეს (რაც სრულიად ლოგიკურია) და მის აფრიკულ-ქართულ ბიზნესს წყალი შეუდგა, მაგრამ ფულის უკან დაბრუნებას წინ რა დაუდგა, ეს ჩვენთვის უცნობია.

"მარკ სტარსის" შესახებ ადრეც დაწერილა. კელვინ ოტუს ბლექი აცხადებდა, რომ კლუბში 100 ათასი ლარი დააბანდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა სურდა.

სისულელის თქმის უფლებას კონსტიტუცია არავის უკრძალავს, მაგრამ... 100-ათასიანი ინვესტიციით ჩემპიონთა ლიგაში გუნდის გაყვანას დევიდ კოპერფილდიც ვერ მოახერხებდა. აქ საინტერესო უფრო სხვა რამაა: ქართული ფეხბურთი მომგებიანი არ არის, მით უფრო - მეორე ლიგაში და ამ კაცს ასეთი რა ინტერესი აქვს, ამ სამყაროში თავის დამკვიდრება რომ გადაწყვიტა?

ერთ-ერთი ფეხბურთელი წერდა:

"ალბათ, სოციალურ ქსელებში თქვენც ბევრ აფრიკელს შეუწუხებიხართ, საქართველოში თამაშზე ვოცნებობო. ამ დროს, შესაძლოა, ფეხბურთი ტელევიზორშიც არ ჰქონდეს ნანახი. მაგრამ ევროპული ქვეყნის ვიზაზე მეოცნებე აფრიკელი ჭაბუკებით ჩვენთან ეტყობა ვიღაცები ფულს აკეთებენ".

შევეცდებით, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში მეორე მხარის კომენტარიც შემოგთავაზოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ესაქმებატ ამატ ქარტულ ფეხბურტსი?გასაკრელები არიან
ალეკსანდრე
16:28 03-02-2016
0
მოაშორეთ ეგ საერთოდ თბილისიდან ან სანქციიები დააკისრებინეთ რამე ქენით ნუ ხართ ხალხნო ჩუმად იმოქმედეთ,,,
ეგ თუ თავის ნიგერიელს ატყუილებს თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ რას გვიზამს
kaxa
15:19 03-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული