[დღის თემა] ქართულ ფეხბურთს მომავალი დაუმტკიცეს

AutoSharing Option
4 თებერვალს წამყვანი ქართული ტელემაუწყებლობები მთავარ თემად პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს "ატრიალებდნენ", მაგრამ ძალიან მწირად იყო გაშუქებული საქართველოს მთავრობის მიერ გუშინდელ სხდომაზე მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელმაც, წესით, ქართული ფეხბურთის მომავალს უნდა ჩაუყაროს საფუძველი...

265 მილიონი ქართული ფეხბურთისთვის
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა და 2016-20 წლებში პროგრამა 265 მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსდება. ეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა.

"გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ 4 თებერვალი არის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული დღე - გულშემატკივარი ფეხბურთის
განვითარების პროგრამას 26 წელია ელოდა, დღეს კი ეს გადაწყვეტილი ამბავია.

მადლობა სფფ-ის ხელმძღვანელობას, რომელმაც უმოკლეს ვადაში ფეხბურთის განვითარების ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა. ასევე, მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ყველა წევრს, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე ამ პროექტს დეტალურად გაეცნენ და დაამტკიცეს. უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ქართულ ფეხბურთს გარანტირებული ექნება მთავრობის თანადგომა და მისი განვითარების პროგრამას 265 მილიონი ლარით დააფინანსებს", - თქვა მინისტრმა და ფეხბურთით ბიზნესის დაინტერესებაზეც ილაპარაკა:

"ამ ჩანაფიქრის მიხედვით, თანხები არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ დანარჩენი ლიგების კლუბებზეც გადანაწილდება. უმნიშვნელოვანესია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მიექცევა, მომავალი მოთამაშეების გაზრდაზე კი კვალიფიციური კადრები იზრუნებენ.

პროგრამის განხორციელების მიზანია, ფეხბურთი განვითარდეს და ასევე, წავახალისოთ კერძო სექტორი, რათა ფეხბურთით დაინტერესდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლუბი თანაბარ პირობებში იქნება ჩაყენებული და ყველა მიიღებს სარგებელს.

პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმება უკვე მოხდა, პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში აპირებს. პროგრამა ზაფხულიდან ამოქმედდება. ხუთწლიანი პერიოდის ათვლა წლეულს დაიწყება".

პროგრამის მიზნები
საქართველოს მთავრობის მიერ ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილ 265 მილიონ ლარზე კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"მადლობა მთავრობას პროექტის მოწონებისა და დამტკიცებისთვის! ეს მართლაც ისტორიული დღეა, რადგან ეს პროექტი 26 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა და მისი დამტკიცება მართლაც დიდი საქმეა.

მე და ჩემი გუნდის წევრები ბედნიერები ვართ, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი პროექტი მოიწონეს და მიიღეს. მადლობა მთავრობას პროექტის მოწონებისა და ქართული ფეხბურთის თანადგომისთვის. იმავეს ვამბობ სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაკავშირებითაც, რომელიც ქართულ ფეხბურთს გვერდში უდგას.

უმოკლეს დროში გვექნება პროექტის პრეზენტაცია, სადაც ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ. ამ პროექტის მეშვეობით, განვითარების საშუალება ეძლევათ მუნიციპალურ კლუბებს. გვინდა, რომ ფეხბურთი კერძო სექტორისთვის საინტერესო გავხადოთ და კლუბები კერძო მფლობელობაში გადავიდნენ".

პროგრამები? რამდენიც გინდა!
26 წლის წინათ, 1990 წლის 15 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ფეხბურთის განვითარების პროგრამამ მაშინვე პირველად გაიჟღერა. მაგრამ გავიდა 26 წელი, საქმე კი ლაპარაკს არ გასცდენია.

2007 წლის 26 ოქტომბერს, საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ფეხბურთის, რაგბისა და უმაღლესი სპორტული განათლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო და მას "გრანდიოზული პროექტი" ეწოდა.

დაპირების მიხედვით, სამ წელიწადში სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის 11 მილიონ დოლარს გაიღებდა, შვიდ ქალაქში შვიდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო-სარაგბო სტადიონსა და 2 თანამედროვე ბაზას ააშენებდა, ხოლო 8 სახელმწიფო კლუბი კერძო საკუთრებაში გადავიდოდა. ცხადია, ეს ქართულ ფეხბურთს წაადგებოდა, მაგრამ...

მოკლედ, სულ რაღაც გვიშლიდა ხელს - სამოქალაქო ომი, რუსეთის აგრესია, ეკონომიკური პრობლემები, კრიზისები... მაგრამ ყველაზე მეტად ხელისშემშლელი ფაქტორი - სახელმწიფოს, სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მუდმივი დაპირისპირებები იყო. და ამაში დაიხარჯა 26(!) წელიწადი.

მაგალითად, 2014 წლის თებერვალში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელების შეხვედრისას გაირკვა, რომ სახელმწიფო პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს დაამუშავა. შეიქმნა პრემიერის მიერ ინიცირებული სახელმწიფო კომისია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პროგრამის განხორციელებით სახელმწიფო რეალურად დაინტერესდა, მაგრამ მის განხორციელებას ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს თავკაცთა დაპირისპირებამ შეუშალა ხელი - მათ თანამშრომლობა არ ისურვეს.

ბოლო 26 წელიწადში პირველად მოხდა, რომ სახელმწიფო, სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია ერთი მიზნით გაერთიანდა.

სხვა, ვიდრე აქამდე...
ცხადია, მთავრობის გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებსა თუ ფეხბურთის დაფინანსების მოწინააღმდეგეებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პოზიციები ყველაზე მეტად ორ კომენტარში გამოიკვეთა. მოწინააღმდეგე წერდა:

"265 მილიონ ლარად მინიმუმ ორ სერიოზულ ქარხანას ან ფაბრიკას ააშენებთ და იქ დაასაქმეთ ეგ მუქთახორა ფეხბურთელები! ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს მაინც გააკეთებენ! ფეხბურთი დაივიწყეთ!"

სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებით გახარებული გულშემატკივარი კი ამბობს: "არ აფინანსებენ და ყველა მთავრობას აკრიტიკებთ, გუნდები იშლება და - არაფერს აკეთებენო, აფინანსებენ და ფული წყალშია გადაყრილიო. თქვენი ვერაფერი გავიგე".

ეს გასაგებია, ახლა კი მთავარზეც ვთქვათ. ისიც ითქვა, 265 მილიონ ლარს 5 წელიწადზე ანაწილებენ და ეს ფეხბურთს არ ეყოფაო. ანუ ბევრმა ისე გაიგო, რომ ფეხბურთში დაახლოებით იგივე თანხა ჩაიდება, რაც აქამდე.

ჯერ ერთი, ახლანდელი მდგომარეობით,  ფეხბურთში წელიწადში 44 მილიონი ლარი იხარჯებოდა - ანუ ხუთ წელიწადში 220 მილიონი. ახლა ეს ციფრი 265 მილიონი იქნება, ანუ წელიწადში 9 მილიონი ლარით მეტი. 9 მილიონით კი წესიერი ხალხი მინიმუმ ოთხ კოხტა სტადიონს მაინც ააშენებს, სადაც ეროვნული ჩემპიონატის მატჩები მაინც გაიმართება.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ესაა: ფეხბურთი გამგებლებსა და გუბერნატორებზე დამოკიდებული აღარ იქნება. ძველი და ახალი დაფინანსების სისტემებს შორის სწორედ ეს პრინციპული სხვაობაა. ფეხბურთი პოლიტიკური თამაშების ორბიტიდან საფეხბურთო წრეს უბრუნდება და ფეხბურთზე მორგებული სისტემა ჩამოყალიბდება.

შემთხვევითი არ იყო სპორტის მინისტრის სიტყვები - ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში ბევრჯერ არ ვყოფილვარო!..

4 თებერვალს, სახელმწიფომ ფეხბურთს ბოლო 26 წელიწადში პირველად მისცა თავის გადარჩენისა და ევროპული სტანდარტების ფეხბურთის "აშენების" რეალური შანსი - საბჭოთა კავშირი დასრულდა, ჩვენ კი დამოუკიდებელი ქვეყნის ფეხბურთისთვის სხვა მართვის სისტემა გვჭირდება, რომელიც საფეხბურთო სამყაროსა და ბიზნესისთვის გზავნილი უნდა გახდეს.

თურქეთშიც ზუსტად ასე იწყებდნენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
ფაქტიურად გამოვიდა რომ აქამდე რაიონების და მუნიციპალიტეტების დონეზე არსებულ ხარჯებს , ყველაფერს გადაიტანებენ ცენტრალიზებულში და მერე იქ დაიწყება გარკევვა ვინ რამდენი უნდა მოკბიჩოს, მოხერხოს,მოირგოს და მოი-დახარჯოს.
ეთქვათ პირდაპირ რომ რაც იხარჯებოდა იმის ცენტარლიზებული მართვა იქნება და დაემატება კიდევ წელწიადში 9 მილიონიო ჰოდა ყველაფერი ცხადი იქნებოდა. რა საჭიროა ამოდენა ტყუილი 265 მილიონის "დამაატებით" 5 წლიან გამოყოფაზე?
ხოლო თუკი აღმოჩნდება რომ ეს მართლაც "დამატებითი" თანხებია იმის ზემოთ რაც ისედაც იხარჯება, მაშინ სულ სხვა საქმეა...
Guadua
05 თებერვალი 2016 11:56
0
44 მილიონი ეს ცალკე თემაა და ამ ფეხბურთის განვითარების პროგრამას საერთოდ არეხება ყველამ ვიცით რომ რეგიონის ხელმძღვანელობას არ უშლიან გუნდების დაფინანსებას პირიქით.ასე რო ამ თემასთან ეს ყბადაღებული 44 მილიონი არაფერ შუაშია .
qutaiseli
05 თებერვალი 2016 11:50
0
ხალხს რა უნდა თვითონ არ იცის სამაგიეროდ მე ვიცი მუქთა ფული ფეხბურთში ამდენი ფული რატოოო იცით რას გეტყვით საქართველოს ბევრ მკვდარ ქალაქში ხალხის ნათელი წერტილი ფეხბურთია ახლობლისგან ვიცი რომ სამტრედიაში დიდი და პტარა ფეხბურთი ცხოვრობს ასეა სამეგრელოში დინამოს საშინაო თამაშებს 50 კაცი ესწრება
ako
05 თებერვალი 2016 11:47
0
ფეხბურთი არის დიდი ბიზნესიიიიიიიიიიიიი, გაიგეთ ეს რაც შეეხება მშიერ და უმუშევარ ხალხს სწორედ ისინი დასაქმდებიან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაშიიიიი,
12
05 თებერვალი 2016 11:45
0
და ვინ უშლის მერე მაგ ეგრეთწოდებულ კერძოებს ფეხბურთის დაფინანსებას ან საერთოდ მარტო სპორტს კიარა იგივე მაგ ჯანდაცვის კუთხითაც უნდა აკეთებდენ დანახარჯებს მაგრამ ჩვენთან ეგეთი საქმოსნები მხოლოდ ერთეულები არიან.
qutaiseli
05 თებერვალი 2016 11:42
0
vaa es ra momxdara 44 milioni ixarjeboda da 53 daixarjeba exla :D exla ki nagdad magrad atamashdebian chveni fexburtelebi. mtavaria statia xo gamoacxo ra kargi mtavroba gvyavs
beso
05 თებერვალი 2016 11:27
0
ფეხბურთს დაფინანსება ჭირდება,მაგრამ ეს ფული მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. საფეხბურთო მენეჯმენტში დაბალი დონეა. სულ წუწუნებენ კლუბები ფული არ გვაქვსო და უცხოეთში კი დადიან შეკრებაზე.კორუფცია და არაპროფესიონალიზმი მძვინვარებს ფეხბურთში ჩვენში
kaxa
05 თებერვალი 2016 11:19
0
რამდენი შინა მტერი ჰყავს ჩვენს უბედურ და უპატრონო ქვეყანას,თურმე ახლა აღარ არის საჭირო ფეხბურთი,მთავარია კუჭი გქონდეს სავსე.მე არ ვიცი თქვენი სტრუქტურა როგორ არის მოწყობილი,მაგრამ ვფიქრობ,რომ ასეთი ღვარძლიანი და მომწამვლელი კომენტარები უნდა დაიბლოკოს,რომ ზედმეტი დემოკრატია,(რომლის არსი ნაკლებად გვესმის)არ გამოგივიდეთ.
vaxvax
05 თებერვალი 2016 11:12
0
ძალიან კარგია და მივესალმები. რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ფეხბურთი და ზოგადად სპორტის ნებისმიერი სახეობა არის ჩვენი ქვეყნის სახე საზღვარგარეთ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ შეხედეს ნებისმიერი საშუალო ევროპული ქვეყნის ჩემპიონატს რამხელა ფული ტრიალებს, ეს რა თანხაც იდება ფეხბურთში 5 წლის შემდეგ უკან დიდი მოგებას მისცემს ქყვეყანას (ნუ თუ რამე არ აურიეს მერე), დასაქმდება ხალხი, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. ბოლო ბოლო ჯანმრთელი თაობა გაიზრდება ფეხბურთით. მადლობა ყველას ფედერაციას და მთავრობას.
ვლადიმერი
05 თებერვალი 2016 10:42
0
ქვეყანაში სადაც ათასობით უმწეო ადამიანია, ავადმყოფი ბავშვებია, რომლებიც იძულებულნი არიან მკურნალობის ფული მოწყალების გზით აგროვონ უზნეობაა, ფეხბურთზე ამხელა თანხის დახარჯვა.
ფეხბურთი მხოლოდ კერძო დაფინანსებით უნდა ვითარდებოდეს!
ზაური
05 თებერვალი 2016 10:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული