[დღის თემა] ქართულ ფეხბურთს მომავალი დაუმტკიცეს

AutoSharing Option
4 თებერვალს წამყვანი ქართული ტელემაუწყებლობები მთავარ თემად პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს "ატრიალებდნენ", მაგრამ ძალიან მწირად იყო გაშუქებული საქართველოს მთავრობის მიერ გუშინდელ სხდომაზე მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელმაც, წესით, ქართული ფეხბურთის მომავალს უნდა ჩაუყაროს საფუძველი...

265 მილიონი ქართული ფეხბურთისთვის
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა და 2016-20 წლებში პროგრამა 265 მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსდება. ეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა.

"გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ 4 თებერვალი არის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული დღე - გულშემატკივარი ფეხბურთის
განვითარების პროგრამას 26 წელია ელოდა, დღეს კი ეს გადაწყვეტილი ამბავია.

მადლობა სფფ-ის ხელმძღვანელობას, რომელმაც უმოკლეს ვადაში ფეხბურთის განვითარების ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა. ასევე, მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ყველა წევრს, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე ამ პროექტს დეტალურად გაეცნენ და დაამტკიცეს. უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ქართულ ფეხბურთს გარანტირებული ექნება მთავრობის თანადგომა და მისი განვითარების პროგრამას 265 მილიონი ლარით დააფინანსებს", - თქვა მინისტრმა და ფეხბურთით ბიზნესის დაინტერესებაზეც ილაპარაკა:

"ამ ჩანაფიქრის მიხედვით, თანხები არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ დანარჩენი ლიგების კლუბებზეც გადანაწილდება. უმნიშვნელოვანესია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მიექცევა, მომავალი მოთამაშეების გაზრდაზე კი კვალიფიციური კადრები იზრუნებენ.

პროგრამის განხორციელების მიზანია, ფეხბურთი განვითარდეს და ასევე, წავახალისოთ კერძო სექტორი, რათა ფეხბურთით დაინტერესდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლუბი თანაბარ პირობებში იქნება ჩაყენებული და ყველა მიიღებს სარგებელს.

პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმება უკვე მოხდა, პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში აპირებს. პროგრამა ზაფხულიდან ამოქმედდება. ხუთწლიანი პერიოდის ათვლა წლეულს დაიწყება".

პროგრამის მიზნები
საქართველოს მთავრობის მიერ ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილ 265 მილიონ ლარზე კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"მადლობა მთავრობას პროექტის მოწონებისა და დამტკიცებისთვის! ეს მართლაც ისტორიული დღეა, რადგან ეს პროექტი 26 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა და მისი დამტკიცება მართლაც დიდი საქმეა.

მე და ჩემი გუნდის წევრები ბედნიერები ვართ, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი პროექტი მოიწონეს და მიიღეს. მადლობა მთავრობას პროექტის მოწონებისა და ქართული ფეხბურთის თანადგომისთვის. იმავეს ვამბობ სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაკავშირებითაც, რომელიც ქართულ ფეხბურთს გვერდში უდგას.

უმოკლეს დროში გვექნება პროექტის პრეზენტაცია, სადაც ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ. ამ პროექტის მეშვეობით, განვითარების საშუალება ეძლევათ მუნიციპალურ კლუბებს. გვინდა, რომ ფეხბურთი კერძო სექტორისთვის საინტერესო გავხადოთ და კლუბები კერძო მფლობელობაში გადავიდნენ".

პროგრამები? რამდენიც გინდა!
26 წლის წინათ, 1990 წლის 15 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ფეხბურთის განვითარების პროგრამამ მაშინვე პირველად გაიჟღერა. მაგრამ გავიდა 26 წელი, საქმე კი ლაპარაკს არ გასცდენია.

2007 წლის 26 ოქტომბერს, საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ფეხბურთის, რაგბისა და უმაღლესი სპორტული განათლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო და მას "გრანდიოზული პროექტი" ეწოდა.

დაპირების მიხედვით, სამ წელიწადში სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის 11 მილიონ დოლარს გაიღებდა, შვიდ ქალაქში შვიდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო-სარაგბო სტადიონსა და 2 თანამედროვე ბაზას ააშენებდა, ხოლო 8 სახელმწიფო კლუბი კერძო საკუთრებაში გადავიდოდა. ცხადია, ეს ქართულ ფეხბურთს წაადგებოდა, მაგრამ...

მოკლედ, სულ რაღაც გვიშლიდა ხელს - სამოქალაქო ომი, რუსეთის აგრესია, ეკონომიკური პრობლემები, კრიზისები... მაგრამ ყველაზე მეტად ხელისშემშლელი ფაქტორი - სახელმწიფოს, სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მუდმივი დაპირისპირებები იყო. და ამაში დაიხარჯა 26(!) წელიწადი.

მაგალითად, 2014 წლის თებერვალში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელების შეხვედრისას გაირკვა, რომ სახელმწიფო პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს დაამუშავა. შეიქმნა პრემიერის მიერ ინიცირებული სახელმწიფო კომისია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პროგრამის განხორციელებით სახელმწიფო რეალურად დაინტერესდა, მაგრამ მის განხორციელებას ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს თავკაცთა დაპირისპირებამ შეუშალა ხელი - მათ თანამშრომლობა არ ისურვეს.

ბოლო 26 წელიწადში პირველად მოხდა, რომ სახელმწიფო, სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია ერთი მიზნით გაერთიანდა.

სხვა, ვიდრე აქამდე...
ცხადია, მთავრობის გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებსა თუ ფეხბურთის დაფინანსების მოწინააღმდეგეებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პოზიციები ყველაზე მეტად ორ კომენტარში გამოიკვეთა. მოწინააღმდეგე წერდა:

"265 მილიონ ლარად მინიმუმ ორ სერიოზულ ქარხანას ან ფაბრიკას ააშენებთ და იქ დაასაქმეთ ეგ მუქთახორა ფეხბურთელები! ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს მაინც გააკეთებენ! ფეხბურთი დაივიწყეთ!"

სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებით გახარებული გულშემატკივარი კი ამბობს: "არ აფინანსებენ და ყველა მთავრობას აკრიტიკებთ, გუნდები იშლება და - არაფერს აკეთებენო, აფინანსებენ და ფული წყალშია გადაყრილიო. თქვენი ვერაფერი გავიგე".

ეს გასაგებია, ახლა კი მთავარზეც ვთქვათ. ისიც ითქვა, 265 მილიონ ლარს 5 წელიწადზე ანაწილებენ და ეს ფეხბურთს არ ეყოფაო. ანუ ბევრმა ისე გაიგო, რომ ფეხბურთში დაახლოებით იგივე თანხა ჩაიდება, რაც აქამდე.

ჯერ ერთი, ახლანდელი მდგომარეობით,  ფეხბურთში წელიწადში 44 მილიონი ლარი იხარჯებოდა - ანუ ხუთ წელიწადში 220 მილიონი. ახლა ეს ციფრი 265 მილიონი იქნება, ანუ წელიწადში 9 მილიონი ლარით მეტი. 9 მილიონით კი წესიერი ხალხი მინიმუმ ოთხ კოხტა სტადიონს მაინც ააშენებს, სადაც ეროვნული ჩემპიონატის მატჩები მაინც გაიმართება.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ესაა: ფეხბურთი გამგებლებსა და გუბერნატორებზე დამოკიდებული აღარ იქნება. ძველი და ახალი დაფინანსების სისტემებს შორის სწორედ ეს პრინციპული სხვაობაა. ფეხბურთი პოლიტიკური თამაშების ორბიტიდან საფეხბურთო წრეს უბრუნდება და ფეხბურთზე მორგებული სისტემა ჩამოყალიბდება.

შემთხვევითი არ იყო სპორტის მინისტრის სიტყვები - ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში ბევრჯერ არ ვყოფილვარო!..

4 თებერვალს, სახელმწიფომ ფეხბურთს ბოლო 26 წელიწადში პირველად მისცა თავის გადარჩენისა და ევროპული სტანდარტების ფეხბურთის "აშენების" რეალური შანსი - საბჭოთა კავშირი დასრულდა, ჩვენ კი დამოუკიდებელი ქვეყნის ფეხბურთისთვის სხვა მართვის სისტემა გვჭირდება, რომელიც საფეხბურთო სამყაროსა და ბიზნესისთვის გზავნილი უნდა გახდეს.

თურქეთშიც ზუსტად ასე იწყებდნენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს ფული არის იმ ხალხის ჯიბიდან აღებული ვინც დღეში მინიმუმ 8-10 საათს მუშაობს, აბსოლიტური უმრავლესობა შვებულების გარეშე, ქართული ფეხბურთის ფანების 90% იგივე უბრალო ხალხია, ის ხალხი ვინც იმის იმედით ცოცხლობს რო ოდესმე ისევ ნახავს ფეხზე დამდგარ ქართულ ფეხბურთს და აგუგუნებულ სტადიონს, ასე რო ხალხს იმედი არ გაუცრუოთ და ეს ფული ნორმალურად საქმეს მოახმარეთ, თუ არადა იგივე ხალხი სიცოცხლეში სახეში შეგაფურთხებთ, სიცოცხლის მერე კიდე თქვენ საფლავზე დააფურთხებს, ასე ნუ გაიხდით საქმეს...
cezarius
16:11 06-02-2016
0
პირადად მიგაჩნიათ თუ არა ფეხბურთი #1 სახეობად,ან საქართველოში #1 სახეობად ამას დიდი მნიშვნელობა აქვს?თუ მნიშვნელოვანია,რომ მსოფლიოშია უდავოდ #1სახეობა და ჩვენ ვითამაშებთ თუ არა ფეხბურთს ამას მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიოსთვის!რას ადარებთ?ფეხბურთი ყველა დანარჩენ სპორტის სახეობებზე პოპუკარულია და მხოლოდ ფეხბურთშია მეტი ფული ჩადებული,ვიდრე ყველა დანარჩენ სპოტის სახეობებში!ფეხბურთის მსოფლიო თასის ტელეაუდიტორია გაცილებით აღემატება ოლიმპიადის ტელეაუდიტორია და თუ ამას დავუმატებთ ჩემპიონთა ლიდია,ევროლიგის,წამყვანი ეროვნული ჩემპიონატების ტელეაუდიტორიას და შევადარებთ ყველა დანარჩენი სპოტის სახეობებში სხვადასხვა ტურნირების,ეროვნული ჩემპიონატების ტელეაუდიტორიას,მაშინ სხვაობა საერთოდ ასტრონომიული იქნება!თუნდაც ბოლო საფეხბურთო ტრანსფერების ფასები ნახეთ და შეადარეთ ნებისმიერი სხვა სპოტის სახეობებში ფასებს.მოკლედ 53 მილიონი წელიწადში ძალიან ცოტაა,სულ მცირე პირველი 2–3 წელი მეტია საჭირო საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის და ასევე აუცილებლად საჭირო უცხოელი სპეციალისტების მოწვევისთვის,რომ ბავშვთა აღზრდაში თანამედროვე მეთოდოლოგია დავნერგით
ზაზა
13:50 06-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული