[აქტუალურ თემაზე] ნაკრები და მწვრთნელი - ვისწავლოთ პრაგმატული მეზობლებისგან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება. ქართველი თუ უცხოელი? ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ ორივე ვარიანტს განიხილავენ. ვის უნდა შეედაროს საქართველო? ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ და იმედია, მალე ვიქნებით კიდეც...

საფეხბურთო თვალსაზრისით კი, საქართველო ჯერაც ვერ არის ნაღდი ევროპა. ცხოვრების დონითა და ფეხბურთის განვითარების თავისებურებებით ჩვენ დღეს ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას თუ შევედრებით. ასეა დღეს და ხვალ რა იქნება, ამასაც დრო გვიჩვენებს.

საინტერესოა, რა ხდება ამ ხსენებული პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნულ გუნდებში. როგორაა
გადაწყვეტილი იქ სამწვრთნელო საკითხი?..

პოსტსაბჭოეთი
რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ფაბიო კაპელო წვრთნიდა. ის ლეონიდ სლუცკიმ შეცვალა და წარმატებითაც. კაპელოს ხელმძღვანელობით რუსეთის ნაკრები ევროშესარჩევ ციკლში დამაჯერებელი ვერ იყო, მაგრამ იტალიელის წასვლის შემდეგ სლუცკიმ რუსეთი მშვენივრად აათამაშა. რუსეთი ევროფორუმზე მიდის...

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც ადგილობრივია - ლანჩხუთის "გურიის" ყოფილი დამრიგებელი მიხაილო ფომენკო. უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება და, შესაბამისად, ფომენკოს მუშაობაც წარმატებულად უნდა შეფასდეს...

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელორუსის ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა. გუნდს ალექსანდრ ხაცკევიჩი წვრთნის, ვისაც ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურით არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია...

უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს სამველ ბაბაიანი ავარჯიშებს. გვარმა არ მოგატყუოთ - მას უზბეკეთის მოქალაქეობა აქვს. მანამდე ამ პოსტზე ცნობილი უზბეკი ფეხბურთელი მირჯალოლ კასიმოვი მუშაობდა. უზბეკეთის მიზანი მომავალ მუნდიალზე გასვლაა...

მარტის ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენს უახლოეს მეტოქე ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს რუსი სპეციალისტი იური კრასნოჟანი უდგას სათავეში. ყაზახები ნელ-ნელა სანაკრებო დონეზეც სწავლობენ ფეხბურთის თამაშს და ამას, მგონი, ყველა ამჩნევს...

აზერბაიჯანის ნაკრებს ახლო წარსულში ცნობილი ხორვატი ფეხბურთელი რობერტ პროსინეჩკი მოძღვრავს. აზერბაიჯანს აქვს იმის ფუფუნება, რომ უცხოელ მწვრთნელში დიდი თანხა გადაიხადოს და, ამავე დროს, შედეგს მაინცდამაინც არ გამოეკიდოს. შეგახსენებთ, რომ პროსინეჩკიმდე აზერბაიჯანს ბერტი ფოგთსი ავარჯიშებდა.

ტაჯიკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუბინ ერგაშევი მუშაობს, ყირგიზეთში კი - რუსი ალექსანდრ კრესტინინი. თურქმენეთს ადგილობრივი მანგატიკ კაჩუმოვი წვრთნის. ახლახან მოლდოვის ნაკრებიც ადგილობრივმა სპეციალისტმა, საბჭოური ეპოქის ვარსკვლავმა იგორ დობროვოლსკიმ ჩაიბარა...

გადავიდეთ ბალტიისპირეთში. ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია ახლო წარსულში ამ გუნდის ლიდერი - მარიანს პახარსი. ლიტვას ასევე ყოფილი მენაკრებე, ოდესღაც შესანიშნავი შემტევი - ედგარას იანკაუსკასი ხელმძღვანელობს. ესტონეთის ეროვნული გუნდი კი, ნოემბერში უშანსოდ რომ მოგვიგო, შვედი მაგნუს პერსონის განკარგულებაშია.

მივადექით სომხეთის ნაკრებს, რომელთანაც ფიფას რეიტინგშიც ვმეზობლობთ და ჩვენ შორის მსგავსება მხოლოდ ეს არ არის. ჩემი აზრით, ჩვენ დაახლოებით თანაბარი ძალისა და გაქანების გუნდები გვყავს.

და როგორ იქცევიან სომხები ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში? ვარდან მინასიანის ხელმძღვანელობით, გუნდი ძალიან კარგად ათამაშდა. მერე სომხებმა ჩათვალეს, რომ მომწიფებული იყო ნიადაგი უცხოელი მწვრთნელის ჩამოსაყვანად და ეროვნული გუნდი შვეიცარიელ ბერნარ შალანდს ჩააბარეს.

შალანდი მშობლიური ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იყო და მას არაერთ შვეიცარიულ კლუბში მუშაობის გამოცდილებაც უმაგრებდა ზურგს, მაგრამ სომხეთში ის ჩაფლავდა. იქაურმა ფეხბურთის ფედერაციამ სიტუაცია გონივრულად შეაფასა და ეროვნული გუნდის გაწვრთნა ვარუჟან სუკიასიანს ანდო, რომელსაც ადრეც უმუშავია სომხეთის უპირველეს გუნდში, ახლა კი, პარალელურად, ერევნის "არარატის" მთავარი მწვრთნელიცაა.

აღმოსავლეთი ევროპა
ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეს ცოტა ხანი თვალი მოვწყვიტოთ და აღმოსავლეთ ევროპისკენ გავიხედოთ.

ალბანეთმა არცთუ მაღალანაზღაურებადი იტალიელი მწვრთნელი, თუმცა სერია A-ში მუშაობის საკმაო გამოცდილების მქონე ჯანი დე ბიაზი მოძებნა და ევროპის ჩემპიონატზეც გავიდა.

შევიხედოთ ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ბანაკში. გუნდს ადგილობრივი სპეციალისტი ივაილო პეტევი ავარჯიშებს, რუმინეთის ნაკრებს კი ამ გუნდში მესამე ვადით მისული, უდიდესი გამოცდილების მქონე ანგელ იორდანესკუ მოძღვრავს...

მეზობლების მაგალითი
ვფიქრობთ, ზოგადი სურათის შესაქმნელად საკმარისია, რაც დავწერეთ. ამით შევეცადეთ, მკითხველისთვის მოკლედ მოგვეთხრო, თუ რა ხდება დაახლოებით ჩვენი გაქანების ნაკრებებში, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხოლოდ ამ მოტივებით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ფედერაციამ თავისი იცის, ისე კი, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ახლა ოპტიმალური ვარიანტი ქართველი მწვრთნელის დანიშვნა იქნება. კახა ცხადაძე იმ მოტივით აღარ არის ნაკრებში, რომ ფული დაიზოგა და, ცხადია, ფედერაციას აუცილებლად მოუწევს ახალი დამრიგებლის ხელფასის გასაჯაროება.

ჩვენ თვალწინ გვაქვს სომხების მაგალითი. მოდით, ვაღიაროთ, რომ მათ ჩვენზე მეტი თუ არა, ნაკლები თაობა არ ჰყავთ. ბოლოს და ბოლოს, ჰენრიხ მხითარიანს ყველა ვიცნობთ და სომხეთის ნაკრები მხოლოდ მხითარიანი არ არის. იქ არიან მარკოს პიზელი, იურა მოვსესიანი...

ფაქტია, ადგილობრივი მწვრთნელის ხელში სომხეთის ნაკრები წინ წავიდა, გრანდებსაც მაგრად ეჭიდავა და წინა მუნდიალის შესარჩევში ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა პლეი ოფში მოხვედრის შანსს (გავიხსენოთ ზედიზედ ორი საგარეო გამარჯვება ჩეხეთთან და დანიასთან, ასევე, გასვლითი ფრე იტალიასთან). მერე მოვიდა უცხოელი და ყველაფერი აირია. ახლა აქცენტი ისევ სომეხზე გაკეთდა...

ვერ შევურიგდებით...
საქართველოს დღეს არ ჰყავს ის თაობა, რომ მაღალკვალიფიციურ უცხოელს მილიონები დაუნანებლად შევწიროთ. თუ თანხის ეკონომიისთვის გაკეთდა ის, რაც გაკეთდა, მაშინ აქედანვე ნათელია, რომ ფედერაცია უარს იტყვის მაღალანაზღაურებად უცხოელ მწვრთნელზე...

ოღონდ აქ არის ერთი მეტად ფაქიზი და მნიშვნელოვანი მომენტი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არამც და არამც არ უნდა იფიქრონ, რომ აქცენტების სხვაგან გადატანა და თუნდაც ქართული ფეხბურთის განვითარების ასე ნანატრი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება ნაკრების შედეგს მეორე პლანზე გადასწევს.

ვერც ქართული სპორტული მედია და ვერც გულშემატკივარი ვერ შეურიგდება იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები გამუდმებით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევი ჯგუფის ცხრილის ფსკერზე იტანჯებოდეს.

გასაგებია, რომ თუნდაც ბელგიამ და ავსტრიამ, გარკვეული ხნის განმავლობაში, აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდაზე გადაიტანეს, მაგრამ, იმავე დროს, საერთაშორისო ასპარეზზე მათი შედეგები კატასტროფული არ გამხდარა.

გარდა ამისა, ავსტრიაში იცოდნენ, რომ მათ ეზრდებოდათ დავიდ ალაბა და მარკო არნაუტოვიჩი. ბელგიაშიც იმდენი და ისეთი ტალანტები იზრდებოდნენ და იზრდებიან, მათი ჩამოთვლით ახლა თავს აღარ შეგაწყენთ...

ძალიან კარგია, მაგრამ ზეიმი ადრეა...
და რას ვხედავთ ჩვენ? ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ერთ-ორი გამონაკლისის გარდა, დღევანდელ ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებულ ტალანტს ვერ ვხედავ და სულ მალე ის ერთი-ორი გამონაკლისიც განსაკუთრებული გამოცდის წინაშე დადგება. თუ მათ ხასიათი მისცემთ გასაქანს, დიდ ფეხბურთს ითამაშებენ, თუ არა და...

საქართველოს ეროვნული ნაკრები არის ჩვენი საფეხბურთო პირამიდის წვერი და გვინდა თუ არა, უნდა შევეგუოთ, რომ სფფ-ის მიერ გაწეული საქმიანობა დიდწილად ეროვნული ნაკრების ასპარეზობით შეფასდება.

ამ მხრივ, ახალ ველოსიპედს ნამდვილად არ ვიგონებთ. ასეა თითქმის ყველა ქვეყანაში და ასე უნდა იყოს საქართველოშიც. ნაკრებზე წინ, ზოგადად ფეხბურთში, არაფერი დგას. ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იდენტობის წარმოჩენის ერთადერთი საფეხბურთო საშუალებაა.

საქართველო იწვის ქვეყნის მთავარი საფეხბურთო კრებულის წარმატების სურვილით და ჩვენი გულშემატკივრის მოლოდინიც უსაზღვროა. მთელ ცხოვრებად ღირს ის წამი, როცა ეს მოლოდინი რეალობად იქცევა...

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა რომ დამტკიცდა, მაგრამ ეს ჯერ არ გვაძლევს ზეიმის უფლებას. სახელმწიფო კლუბები, გაბერილი შტატები, ამ გუნდებს მიტმასნილი ათასი ნაძირალა... ეს ყველაფერი მოსაშორებელია და იოლი არ იქნება...

და გაბერილი ხელფასები მაშინ, როცა რაიონებში, არაერთ სახლში წვიმს და ცივა - ეს უკვე უსამართლობაა და ქართული საკლუბო ფეხბურთი სწრაფი ტემპით უნდა დაიძრას განახლებისკენ, გაჯანსაღებისკენ, კერძო სექტორისკენ...

ამ ფულს კი, საკმაოდ დიდ თანხას, უმკაცრესი კონტროლი სჭირდება, თორემ ფული ქართულ ფეხბურთში ადრეც იხარჯებოდა. ესაა, არასწორი მიდგომის გამო შედეგი არ ჩანდა და თუ თითოეული თეთრი უმკაცრესად არ გაკონტროლდა, არც მომავალში გამოჩნდება...

ამბობენ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს მომავალი სეზონიდან დიდი რყევები ელისო და იქნებ გვარიანმა შეჯანჯღარებამ ქართულ ფეხბურთს უშველოს კიდეც. იმასაც ამბობენ, ჩვენს საკლუბო ფეხბურთს ერთი ისეთი პიროვნებაც გაეცლება, არაერთ ქართულ გუნდში რომ აქვს თავისი ინტერესებიო...

ვნახოთ, ის კი ფაქტია, რომ ჩვენს წერილში სანაკრებო თემას საკლუბოც შევურიეთ. რას ვიზამთ, მხოლოდ ეროვნულ გუნდზე ან მხოლოდ კლუბებზე წერა არ გამოდის, ეს ერთი დიდი ჯაჭვია...

ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარება კი ის სეგმენტია, რომლის გარეშეც საქართველოს ვერასოდეს ეყოლება ძლიერი ნაკრები. ამ ფორმაციის ფეხბურთის ფედერაციის დროს გაკეთდა ის, რასაც სრული 25 წელია ველით, მაგრამ თუ ამით დავკმაყოფილდით და ეს გამარჯვება არ განვავრცეთ, მალე სიხარულს მარცხის სიმძიმე შეგვიცვლის.

ფაქტია, ქართულ კლუბებში უსერიოზულესი წმენდაა ჩასატარებელი. წლების განმავლობაში გარყვნილ, ყველაფერს შეჩვეულ კაცს ვერაფერს უშველი, თორემ პატიოსან და მონდომებულ კადრს ყველაფერს ასწავლი...

სხვათა შორის, სწავლაზე ფული არამც და არამც არ უნდა დაიზოგოს. მეტიც - ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ყველა ადამიანისთვის სავალდებულო უნდა იყოს უცხოური ენების ცოდნა, რაკი ზოგადად ფეხბურთი უკვე დიდი ხანია, აღარ არის მხოლოდ თამაში და მისი მნიშვნელობა გაცილებით მეტია.

რა თქმა უნდა, ჩვენს ფეხბურთში წლების განმავლობაში იმდენი ჭირი დაგროვდა, ერთ ჯერზე და ერთი ამოსუნთქვით მას ვერ ვუშველით, მაგრამ ჭაობში ჩაძირულსა და სასიკვდილოდ გამზადებულს ყოფა რომ უნდა შევუმსუბუქოთ, ეს ფაქტია.

ჩემპიონატს ხომ ვატარებთ და ნაკრები ხომ თამაშობსო - ადრე ეს არგუმენტი გვესმოდა. არ გამოდგება ის - ფიფა და უეფა, ფორმალურად მაინც, იმდენად დემოკრატიულები და ტოლერანტები არიან, რომ ფეხბურთის თამაშს არ აგვიკრძალავენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ბატონო ალეკო, ვარ ვეტერანი გულშემატკივარი. მომწონს თქვენი სტატიები. თუ არისშანსი, რომ ერთ დღეს შევხვდეთ და ფეხბურტზე ვილაპარალოთ
gogi
15:48 05-02-2016
0
მართალია ავტოროი. ეს მხოლოდ სანახევრო გამარჯვებაა
bero
15:49 05-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული