[ოთხშაბათის საკითხავი] აღარც საქათმე, აღარც ბოსტანი!..

AutoSharing Option
ქართულ საფეხბურთო თემში ახლა ყველაზე აქტუალური თემა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაა.

პროგრამის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგება. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერ საქმეს და განსაკუთრებით, ასეთ საპასუხისმგებლოს, სერიოზული მიდგომა სჭირდება.

რა უნდა იყოს ამ მართლაც რომ ისტორიული პროგრამის პრიორიტეტები? იმთავითვე ვიტყვით, რომ ჩვენი წერილი იმ იდეალური სიტუაციისთვისაა, როცა თითოეული თეთრი დანიშნულებისა და საჭიროების მიხედვით დაიხარჯება...

ინფრასტრუქტურა
პირველი და გადაუდებელი ამოცანა ჩვენი კლუბებისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უნდა იყოს. ქვეყანას, სადაც ორიოდე ნორმალური სტადიონია, ვერაფრით ექნება სოლიდური მიზნები. სულაც არ არის აუცილებელი, სტადიონების მშენებლობას ასტრონომიული თანხები
შევწიროთ. არიან ევროპული კომპანიები, რომლებიც საკმაოდ იაფად აშენებენ სტადიონებს (ამაზე "ლელო" წერდა) და ეს გამოცდილება უნდა გავიზიაროთ.

განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მინდვრის საფარის მდგომარეობას. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ ყანაში ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია. მე მინახავს საქართველოში ჩამოსული რამდენიმე ლეგიონერი, რომელთაც სხვადასხვა დროს უთამაშიათ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში და მინახავს მათი გაოცებული თვალებიც, ჩვენი სტადიონებისა თუ მინდვრების ნახვისას.

არც ერთი ნორმალური ლეგიონერი არ ჩამოვა და, თუ შემთხვევით ჩამოვიდა, არ გაჩერდება იმ ჩემპიონატში, სადაც ფეხბურთს ასეთ მინდვრებზე თამაშობენ. სხვა თუ არაფერი, ოღროჩოღრო მოედანზე ფეხბურთის თამაშს ვერ ისწავლი და ამით ახალგაზრდა თაობაც ძალიან დაზარალდება.

არ შეიძლება სტადიონს საქათმე და ბოსტანი უმშვენებდეს გვერდს. ადრე ფეხბურთი სხვა რამ იყო. ახლა კი ის დიდი ბიზნესია, შოუა. შოუს საქათმე არ უხდება.

ლეგიონერები
როცა კლუბებში ფული გაჩნდება და ისინი ოდნავ მაინც მოაგვარებენ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, ამის შემდეგ წინ წამოიწევს გუნდების დაკომპლექტების თემა. ქართული საფეხბურთო რესურსისადმი პატივისცემის მიუხედავად, პირდაპირ უნდა დავწერო - ჩვენი ჩემპიონატი ფეხზე ვერაფრით დადგება, თუ ქართულ კონტინგენტს კვალიფიციური ლეგიონერები არ შევაშველეთ.

ცხადია, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ "მესები" ან "რონალდოები" უნდა ჩამოვიყვანოთ. ლაპარაკია ევროპული მასშტაბით საშუალო დონის ლეგიონერზე, რომელსაც კარიერის განმავლობაში ბევრი უნახავს. რა თქმა უნდა, ისინი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების პროგრესს მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს.

აქ ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო სულაც არ არის. ავიღოთ ერთი რომელიმე ქვეყნის მიერ არჩეული გზა და გავყვეთ მას. ამაში სათაკილო არაფერია.

აგერ,  არის აფრიკული ბაზარი, რომელიც ჩვენი კლუბების მიერ, რატომღაც, საერთოდ არ არის ათვისებული. არადა, აფრიკაში ძალიან კარგ ფეხბურთელს ძალიან იაფად გადააწყდები. კვიპროსელები, მაგალითად, საშუალო დონის ბრაზილიელებსა და არგენტინელებს პოულობენ. პორტუგალიის უმაღლესი ლიგის საშუალო და დაბალი დონის კლუბებიდან მიჰყავთ არცთუ მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები, რომლებიც იქაური ჩემპიონატის საერთო დონეს მაღლა სწევენ და არც ევროთასებზე ირცხვენენ თავს.

სამწუხაროდ, თითქმის არც ერთ ქართულ კლუბში არ მუშაობს ან მხოლოდ ფორმალურად არის სასელექციო სამსახური. გამიგონია, თავის დროზე, როცა პრემიერლიგის ამჟამინდელი ლიდერის, "ლესტერის" მეგოლე ჯეიმი ვარდი ინგლისური ქვედა ლიგების ლაბირინთებში წვალობდა, შეიძლებოდა, თურმე, საქართველოშიც აღმოჩენილიყო...

თუ ეს მართალია, ფაქტია, ვიღაცას რაღაც გამოეპარა, ვიღაცამ რაღაც ვერ გათვალა... წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა - ვარდის ტრანსფერით ჯერ ქართული კლუბი იხეირებდა და მერე ინგლისის ნაკრების ფორვარდის კარიერულ ჩამონათვალში ეს ჩვენი ქართული კლუბიც რომ ეწერებოდა. როგორ გინდა, სხვა უკეთესი რეკლამა მოიფიქრო შენი ჩემპიონატისთვის, რომელსაც ეს რეკლამა მართლაც რომ ჰაერივით სჭირდება...

სელექცია
ჩვენს კლუბებს ძალიან ხშირად სელექცია ეს ჰგონიათ - ჩამოვლენ თბილისში, მივლენ საფეხბურთო სკოლაში და თუ ერთი ბავშვი სხვას ჯობია, აიყვანენ. საქმისადმი ასეთი მიდგომა, თუ გადაჭარბებაში არ ჩამითვლის მკითხველი, დამღუპველი მგონია.

რა თქმა უნდა, არაფერს ვერჩი თბილისელ ბავშვს, რომელიც ფეხბურთს კარგად თამაშობს. მისი ნიჭი ხელისგულზე დევს და თუ ქართულ ფეხბურთში ფესვგადგმულმა "შენ-ჩემობიამ" არ შეუშალა ხელი, ფეხბურთს ითამაშებს...

მაგრამ რა ვუყოთ იმ რესურსს, რომელიც საქართველოს სოფლებშია გაბნეული. როგორ გვჭირდება დღეს სულმნათი ანდრო ჟორდანია, სოფელ-სოფელ რომ დადიოდა ტალანტების საძიებლად, ესენი კი...

ლიხსიქითა კლუბის ხელმძღვანელის ადგილას რომ ვიყო, მწვრთნელსა თუ სელექციონერს ამას ვეტყოდი - კი ბატონო, ჩამოიყვანე ფეხბურთელი თბილისიდან, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ადგილობრივ რესურსს ამოწურავ!

ვინმეს უფიქრია, რა ნიჭი იკარგებს დღეს თუნდაც სამეგრელოსა და იმერეთის სოფლების მინდვრებზე? ნუთუ, არ შეიძლება, რომ თუნდაც იქაურ კლუბებში ჩავამატოთ არა ფსევდოსელექციონერის, არამედ ნაღდი სელექციონერის შტატი და ეს კაცი ყოველდღე ტალანტების მოძიებაზე ზრუნავდეს?!

მაგრამ ამას ფეხბურთის ფანატიკური სიყვარული სჭირდება, დღეს კი ჩვენში ფანატიკოსები ცოტანი არიან. ხელფასს ხომ ვიღებ? თავი რატომღა მოვიკლა?! - ამგვარი მიდგომა ქართულ ფეხბურთს უკან სწევს...

შევფუთოთ პროდუქტი
სხვისი არ ვიცი და, პირადად მე ქართულ ტელევიზიებს ვერ ვამტყუნებ იმის გამო, რომ, პრაქტიკულად, არ აშუქებენ საქართველოს ჩემპიონატს. კი, ჩვენს პირველობაზე გამოერევა ხოლმე საშუალოევროპულ დონესთან მიახლოებული სანახაობა, მაგრამ ეს ხდება გამონაკლისის სახით, ძალიან იშვიათად...

როცა საქართველოს ჩემპიონატს ექნება რეკლამა, როცა სტადიონი სტადიონს დაემსგავსება, როცა გამოჩნდებიან ნორმალური ლეგიონერები, მაშინ თვითონვე გამოჩნდება საზოგადოებრივი მოთხოვნა. ხალხი თავად მოითხოვს იმ პროდუქტის ნახვას, რომელიც მისთვის მისაღები იქნება და ხარისხიც არ დაეწუნება.

მერე ქართულ სტადიონებზე მაყურებელიც მოიმატებს.

რას მიჰყავს ხალხი სტადიონზე? სანახაობას, რომელიც დღეს საქართველოს ჩემპიონატში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ არის. მერე ტელევიზიებიც აღარ გადგებიან განზე...

მწვრთნელთა განათლება
ჩვენს ერთ-ერთ წინა წერილში უკვე შევთანხმდით, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ წერტილი უნდა დაუსვას ექვსთვიანი გუნდების არსებობის არასასიამოვნო და არაფრისმომცემ ტრადიციას.

აქედან გამომდინარე, კლუბებმა უნდა იზრუნონ თავიანთ სამწვრთნელო შტაბებში დასაქმებული მწვრთნელების განათლებაზე.

გუნდი და მწვრთნელი ხანგრძლივად უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს და არა - ნახევარი სეზონით.

"დღეს მოვიყვან ამ მწვრთნელს, ის თავის ხალხს მოიყვანს; ხვალ სხვა მწვრთნელს მოვიყვან და ისიც თავის ხალხს მოიყოლებს. დავატრიალებ კარუსელს"... - ქართული კლუბების ხელმძღვანელები ასე ფიქრს უნდა შეეშვან!

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჩვენი მწვრთნელების ერთმა ნაწილმა არ იცის უცხო ენა (უპირველეს ყოვლისა - ინგლისური), ვერ მისდევს ტაქტიკურ სიახლეებს და მხოლოდ საკუთარ წვენში იხარშება.

საერთოდ, ამ პროგრამამ კერძო კლუბებამდე უნდა მიგვიყვანოს, კვალიფიციური კადრების გამოჩენამდე, კლუბებში ხელისუფლების დეცენტრალიზაციამდე... იქამდე, რომ გუნდებში ყველაფერი ერთი კაცის "დაცემინებაზე" არ იყოს დამოკიდებული, იყოს გუნდური მმართველობის პრინციპი...

საკლუბო აკადემიები
ექვსთვიან და ერთწლიან, რაიონის ხელმძღვანელობის მიერ დაფინანსებულ კლუბებს ერთი სერიოზული მინუსიც აქვთ. ასეთ გუნდებში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არავინ ზრუნავს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიებზე, ბავშვთა ასაკობრივ გუნდებზე. მათ ყველა კლუბში შეხვდებით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში - მხოლოდ ფორმალურად.

არადა, ქართული კლუბების ერთ-ერთი მასაზრდოებელი უნდა იყოს ფეხბურთელების გასხვისება, ოღონდ ფინანსურად მომგებიანად, ამბიციურ კლუბებში...

თუ ჩვენ არ გვეყოფა კვალიფიციური რესურსი, მაშინ საკლუბო აკადემიის ხელმძღვანელები უცხოეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ.

ინტერესები
ჩვენს წერილში გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით თემას, რომელიც ქართული ფეხბურთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები.

რა თქმა უნდა, ამის დოკუმენტურად დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ძალიან ხშირად გაიგონებთ, რომ რამდენიმე ქართულ კლუბში ერთი და იმავე პიროვნების ინტერესებია. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო საფეხბურთო პრინციპებს. იმ ეთიკურ ნორმებს, რომლებიც ფიფამ და უეფამ კარგა ხნის განმავლობაში აღიარეს...

ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი ჩამოვთვალეთ, რომელთა უგულებელყოფა არაფრით შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ ბოლო დროს რომ გაიგეს სახელმწიფო აფინანსებს კლუბებსო და დაბალ ლიგაში ყველამ მოინდომა გუნდის ვითომ გაკეთება, რეგიონებზე ვლაპარაკობ, ამ დროს ვინც მთელი ცხოვრება ფეხბურთს ემსახურება, დატოვეს თამაშგარეთ, ხალხს ნაკრების წევრები ყავთ გაზრდილი და ახლა რახან გამგებელს თავის მეზობელი ან ნათესავი სურს, რათა პროგრამაში ჩართონ, დატოვეს მართლაც ღირსეული და ფეხბურთის ამაგდარი ხალხი თამაშგარეთ, ამას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადGება, რათა დამსახურებული კლუბები არ აღმოჩნდ თამაშგარეთ
tamazino
21:18 11-02-2016
0
ყველაფერი მართალია და სწორია მარა იმათ თუ ჯერავთ იციან ეს ფედერაციაში და თუ აპირებენ ამ მხრივ მუშაობას ესაა საქმე.
ქართული ფეხბურთი (მულტიმედია)
10:18 11-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული