მამუკა წერეთელი: ...ის გვჭირს, რომ ბავშვობიდანვე შედეგებს ვთხოვთ

AutoSharing Option
არავინ უწყის, როგორი იქნებოდა დღეს მამუკა წერეთლის ცხოვრება, 21 წლის კაცი ფეხში რომ არ დაეჭრათ. მისი თაობის ფეხბურთელებმა კარიერა ახლახან დაასრულეს. თავად კი ეს ნაბიჯი 8 წლის წინ გადადგა. მომხდარის შემდეგ საქართველოს ნაკრების (სადაც დებიუტი 17 წლისას ჰქონდა) ყოფილი მცველი კიდევ 7 წელი ცხოვრობდა "დიდ ავიაციაში" დაბრუნების იმედად. მაგრამ თამაშის დროს ფეხი ისე საშინლად სტკიოდა, მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა და იძულებული გახდა, ბუცები ნაადრევად ჩამოეკიდა ლურსმანზე...

კარიერა ნაადრევად დაასრულა, მაგრამ ისევ ფეხბურთშია. თავდაპირველად, სამენეჯერო საქმიანობით დაიწყო და ამით დღესაც არის
დაკავებული. პლუს ამას, ბავშვთა საფეხბურთო სკოლა "ლიდერი 2015" დააფუძნა და ბოლო ორი წელიწადია მომავალ თაობებს ზრდის...

"უფეხბურთოდ ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია. კარიერაში ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ ამოვწურე და ჟინი დამრჩა. საკუთარი თავის რეალიზება ბავშვებში მუშაობით მსურდა. იქნებ მათ მაინც მივცე ის მიმართულება, დიდი ფეხბურთი რომ ითამაშონ. ამიტომაც დავაფუძნე საფეხბურთო სკოლა.

ბავშვებს ჯერ 165-ე სკოლაში ვავარჯიშებდი და ეს საქმიანობა ისე მომეწონა, მთელი სერიოზულობით მოვკიდე ხელი. ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მცველთან, ირაკლი ბარქაიასთან და გიორგი გიოშვილთან ერთად ვმუშაობ და გვინდა, დამწყები ფეხბურთელებისთვის სამაგალითო სკოლა ჩამოვაყალიბოთ, სადაც ბავშვებს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ აუცილებელ საფუძვლებს ჩავუყრით.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ახალი გახსნილია, უკვე საკმაოდ ბევრი ბავშვი დადის. ვაკეში საფეხბურთო სკოლა აღარ დარჩა. არადა, ამ უბანში ბევრი ნიჭიერი ბავშვია და კარგია, ეს ჯგუფი მაინც რომ ჩამოყალიბდა.

მადლიერი ვარ ფეხბურთის ფედერაციის, რომელმაც ახლახან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე მინიმოედანი დამითმო და ბავშვებისთვის ფორმებისა და ბურთების გადმოცემას შემპირდა. ეს ჩემთვის მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა", - ამბობს მამუკა წერეთელი.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ლიცენზირების კურსებმა მას ბევრი რამ შესძინა:

"რა დასამალია და, მეგონა, რადგან ვითამაშე, ბევრი რამ ვიცოდი და მწვრთნელობაზე ადვილად გადავერთვებოდი. მაგრამ გაიოზ დარსაძესთან გავლილმა კურსებმა, რომლის დასრულების შემდეგაც C და B ლიცენზიები ავიღე, ყველაფერი სხვაგვარად დამანახვა.

მწვრთნელობა სერიოზული პროფესიაა, 21-ე საუკუნეში კი მეცნიერების დონეზეა ასული. გაუთავებელი სწავლაა საჭირო, დროსა და მოთხოვნებს რომ არ ჩამორჩე. ამიტომაც გადავწყვიტე, სწავლა A და პროფლიცენზიაზეც გავაგრძელო.

გაიოზ დარსაძის სახით საქართველოს ძალიან კარგი სპეციალისტი ჰყავს. თუ ვინმე უყრის ქართული ფეხბურთის მომავალს საფუძველს, ეს უპირველესად დარსაძეა და მიხარია, რომ მისი მსმენელი ვიყავი".

წერეთელი ამ საქმიანობის მნიშვნელოვან ნიუანსებზე გველაპარაკება:

"მინიმოედნები 6-დან 8-წლამდე ბავშვებისთვის მისწრებაა. ჩვენთან კი ძალიან კარგი საფარია. ბავშვებთან მუშაობისას ცოდნაც გჭირდება და პედაგოგის ზომიერებაც - თითოეული სიტყვა და ჟესტი უნდა მოზომო. ამავე დროს, ვცდილობ, ბავშვები ფეხბურთით ვახალისო და ფსიქოლოგიურად არ გადავღალო.

ჩვენ გვიკვირს - ბავშვობაში ქართველები მაგრები ვართ, მერე რა გვჭირსო? ის გვჭირს, რომ ბავშვობიდან მათ ფეხბურთს კი არ ვაყვარებთ, შედეგებს ვთხოვთ და როცა დიდების ფეხბურთში გადადიან, მორალურად უკვე გამოფიტულები არიან. არადა, 12-წლამდე ფეხბურთით უნდა ისიამოვნონ, ტექნიკის საფუძვლები აითვისონ, კოორდინაცია დახვეწონ და ლაღი, თავისუფალი აზროვნებით გაიზარდონ.

ჩვენი გუნდი ტურნირებში მონაწილეობს, მაგრამ შედეგებს არ ვითხოვთ. უბრალოდ, იარონ და სიამოვნება მიიღონ. 12 წლიდან კი სერიოზული მუშაობა და შედეგზე ფიქრიც შეიძლება".

წერეთელი არა მხოლოდ სწავლის გაგრძელებას, არამედ, საქმიანობის გაფართოებასაც აპირებს:

"ცოტა ხნის წინ, ამერიკაში, ჩიკაგოს საფეხბურთო აკადემიაში მუშაობის შანსი გამიჩნდა. იქ მშვენიერი პირობებია, მაგრამ მალე კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ფეხბურთის განვითარების პროგრამის დაწყებას მოაწერა ხელი. ფეხბურთში 90 მილიარდ დოლარს დააბანდებენ.

ამერიკელები ისეთი მიზანმიმართული ხალხია, დარწმუნებული ვარ, ფეხბურთს ევროპელებზე ნაკლებად არ განავითარებენ. მაგრამ საქართველოდან სულ აყრაც არ მინდა. ალბათ, წავალ და სკოლას იქიდან დავეხმარები".

წერეთელი საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზეც გველაპარაკა:

"მახსოვს, კარიერას რომ ვიწყებდი, მთავრობას ფეხბურთი არ აინტერესებდა და ამ ქვეყანაში ფეხბურთელები თავს გერებივით ვგრძნობდით. ამის შედეგია, ქართული ფეხბურთი სამარცხვინო დონეზე რომ დაეცა.

სიმართლე გითხრათ, არც ახლა ვიყავი დარწმუნებული, რომ სახელმწიფო პროგრამაზე სერიოზულად ლაპარაკობდნენ და ფეხბურთს რეალურად დაეხმარებოდნენ. საბედნიეროდ, ვცდებოდი და უზომოდ მიხარია, ქართულ ფეხბურთს ხელისუფლების დონეზე რომ მიხედეს. დარწმუნებული ვარ, ამით 25-წლიან ჩავარდნას წერტილი დაესმება.

ფეხბურთი სახელმწიფოს დახმარების და, რაც მთავარია, მისი ნების გარეშე ვერ განვითარდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული