"მწვრთნელზე ხელის დადებას და მარტო მის დადანაშაულებას კატეგორიულად ვემიჯნები"

AutoSharing Option
ვასილ მაისურაძე მწვრთნელთა განათლების კურსების ხელმძღვანელია. მან აღნიშნულ თანამდებობაზე გაიოზ დარსაძე მიმდინარე წლის დასაწყისში შეცვალა. საინტერესოა, რა დონეზე არიან ქართველი მწვრთნელები, რა წარმატებაზე ფიქრი შეუძლიათ მათ...

Sportall.ge ვასილ მაისურაძეს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორც ვიცით, მწვრთნელთა სალიცენზიო კურსების ხელმძღვანელი გახდით...
- იყო შემოთავაზება ხელმძღვანელობის მხრიდან, რაზეც დავთანხმდი. დიდ ქვეყნებში არის იმის პრაქტიკა, რომ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები აღნიშნული კურსების ხელმძღვანელებად ინიშნებიან. ფედერაციას ამ მიმართულებით წასვლა სურდა და მეც დავთანხმდი.

არის ის ფაქტორი, რომ ამ მიმართულებით არ მაქვს დიდი გამოცდილება,
მაგრამ იმედი მაქვს, ამ ყველაფერს თავს გავართმევ.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელებზე, თქვენი აზრით, რამდენი აკმაყოფილებს პროფესიონალიზმის მინიმალურ ზღვარს?
- ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელებიდან B ლიცენზიის უკვე 300-ზე მეტი მწვრთნელია. ასევე, A ლიცენზია აქვს 200-ზე მეტ მწვრთნელს. პირველი პრო ლიცენზია ორი თვის წინ ჩატარდა და მეორე იწყება ახლა.

რა შეიძლება ითქვას... მწვრთნელები, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, არცთუ ისე დაბალ დონეზე არიან. უბრალოდ, საჭიროა, კლუბების მხრიდან გაცილებით მეტი ყურადღება მიექცეს თუ რა ვითარებაში უწევთ მათ ამ ცოდნის იქ გადატანა და განხორციელება.

- უშუალოდ, გვინდა ეროვნული ნაკრების მწვრთნელებზეც გკითხოთ... ბოლო დროს დიდი იყო კრიტიკა გია გეგუჩაძის მიმართ, ბოლო პერიოდში კი გიორგი ნემსაძეზე...
- მე თავად მწვრთნელი გახლავართ და მოდი, ჩემს კოლეგებზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ.  ჩემი უშუალო მოვალეობა არის, რომ ის თანამედროვე მოთხოვნები, რომლებიც უეფასგან მოდის, აქ დავნერგო, განვახორციელო და ყურადღება ვადევნო. ჩემს მოვალეობაში არ შედის, რომ მწვრთნელები შევაფასო.

გია გეგუჩაძეც და გიორგი ნემსაძეც არიან ჩემი მეგობრები. ეს არის მწვრთნელის ხვედრი, რომ შენ მოშვების უფლება არ გაქვს. მით უმეტეს, როდესაც ასაკობრივი ნაკრების ხელმძღვანელი ხარ და მე ეს ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი.

- რომ შევადაროთ ევროპულ კლუბებში მყოფი მწვრთნელები ქართველ მწვრთნელებს...
- ჩვენი სპეციალისტები იმ ჩემპიონატებში რომ იყვნენ, სადაც უფრო კარგი პირობებია, თავიანთ უნარს უფრო კარგად გამოავლენდნენ და კარგ შედეგებსაც მიაღწევდნენ. ახლა ვერანაირ პარალელს ვერ გავავლებ...

მას შემდეგ, რაც მოხდა ჩვენი წყვეტა პოსტსაბჭოთა სივრციდან, არანაირი სამწვრთნელო განვითარება და განათლება არ გვქონია. ჩვენ ახლა ვდგამთ ამ ნაბიჯებს, 10-15 წელია, რაც დავიწყეთ მწვრთნელთა გადამზადება და ამიტომ მათ ვერც შევედრებით. ჩვენს მწვრთნელებს ყველაფერი წინ აქვთ.

- ევროტურნირებზე ქართული გუნდები წარუმატებლად ასპარეზობენ. თქვენი აზრით, ამ ასპექტში რა როლი მიუძღვით მწვრთნელებს?
- ეს ჩვენი სატკივარია, რომ ევროტურნირებზე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ძალიან ცუდად გამოვდივართ. მე ასე ვიტყოდი... არ მინდა, მწვრთნელის როლი ამ საქმეს ავარიდო, გასაგებია მწვრთნელის კრიტიკა, მაგრამ ყველაფერი მისი ბრალი ხომ არაა.

კლუბის სტრუქტურა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ წარმატებაზე იფიქრო... მწვრთნელზე ხელის დადებას და მარტო მის დადანაშაულებას კატეგორიულად ვემიჯნები. რა თქმა უნდა, არის პროცენტულად მწვრთნელის დანაშაული, მაგრამ არა მთლიანობაში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ილიჩივით გაშვერილი თითით რას აკეთებს ტაკტიკას ალაგებს?
tubaldo
11:23 13-02-2018
1
ეს ინტერვიუ იყო თუ ავტობიოგრაფია? ((..
ტორინო
10:13 13-02-2018
0

სიახლეები პოპულარული