"ამ საკითხებზე სფფ-ის თანამშრომლობა შსს-სა და უეფასთან კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ტოლერანტულები მსგავსი პროცესების მიმართ. სფფ მიმართავს ქართული ფეხბურთის ყველა კეთილისმსურველს, გარიგებული მატჩების ან დანაშაულის შემცველი სხვა ფაქტის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მიმართოს სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურს ან აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენი
ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ სფფ ამ განცხადებით გარიგებული თამაშების წინააღმდეგ პროცესის დაწყებას აპირებდა. ამაზე გუშინდელი შეხვედრაც მეტყველებს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა სპორტულ შეჯიბრებებში მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან - შალვა გოგოლაძესა და რევაზ ჯაველიძესთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრები.
უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრია, წევრები კი - იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები. კომისიის მუშაობაში მონაწილეობს სფფ-ის პრეზიდენტი.
საქმე ისაა, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს შვეიცარიის ქალაქ მაკოლინში, საქართველოს სახელით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა "სპორტულ შეჯიბრებებზე მანიპულაციების შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც დღეისთვის რატიფიცირებულია ნორვეგიის და ხელმოწერილია 17 ქვეყნის (დანია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ლიტვა, ჩერნოგორია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუსეთი, სერბეთი, შვეიცარია, სომხეთი, აზერბაიჯანი) მიერ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს თანამშრომლობას სპორტში არსებული გლობალური საფრთხეების პროცესშიც. საქართველოში კი უწყებათაშორისი კომისია მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სხდომის მიზანი იყო კომისიის კომპეტენციის გაზრდა, მის დებულებაში ცვლილებების შეტანა და თემატური ჯგუფების შექმნა. მაგრამ რეალურ მიზანზე მინიშნებად ის ფაქტი გამოდგება, რომ შეხვედრას სფფ-ის თავკაცი ესწრებოდა.
განცხადებაში სხვა საინტერესო მინიშნებაცაა:
"კომისიის შექმნა განპირობებულია საქართველოში სპორტული შეჯიბრებების (განსაკუთრებით, ფეხბურთის მატჩებთან დაკავშირებით) მანიპულაციების გახშირებული ფაქტებითა და აღნიშნულის წინააღმდეგ წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის უზრუნველსაყოფად".
"ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა შევძლოთ, რომ სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან გარიგებულ თამაშებზე მკაცრი რეაგირება მოხდეს. ამავე დროს, აუცილებელია, გაძლიერდეს დოპინგ-კონტროლი", - ეს მინისტრის სიტყვებია.
ლევან კობიაშვილი: "ჩვენი სურვილია, რომ სპორტის სახეობებში არსებული პრობლემები ერთიანი ძალებით დავძლიოთ".
აქ მრავლისმეტყველი ქვეტექსტები იკითხება და გვაფიქრებს, რომ შესაძლოა, ქართულ ფეხბურთში დიდი რყევა მოხდეს, ოღონდ რეალური რყევა და არა ისეთი, წლების წინათ რომ იყო. სპეცოპერაცია თავად შსს-მ რომ წამოიწყო და მის მიერვე გადაგდებულ ანკესზე წამოგებული ღლავები გვაჩვენა, აქაოდა, ფეხბურთში გარიგებულ თამაშებს ვებრძვითო. არადა, ორგანიზატორები არ დაუჭერიათ და ამან მხოლოდ პიარაქციის შთაბეჭდილება დატოვა.
სფფ-ის პრეზიდენტად არჩევის დღიდან კობიაშვილი ამბობდა, რომ გარიგებულ თამაშებში მონაწილე ნებისმიერ კლუბს მკაცრად დასჯიდა. ბოლო დღეებში კი ამ თემის წამოწევა დამაფიქრებელია.
მეორე წრეში ჩაწყობილ თამაშებზე ნაკლებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ბოლო ტურებში რამდენიმე უცნაური რამ მაინც მოხდა. აგორებული ხმების მიღმა დაინტერესებული ხალხის კავშირი იკვეთება, რომლებმაც ტყუილით სინამდვილის გადაფარვა მოიწადინეს. მაგრამ ეს სინამდვილეც არ იმალება, რაც თამაშების მსვლელობისას 70-ე წუთამდე და შემდგომ მომხდარ მანიპულირებასთან გავრცელებულ, უფრო დამაჯერებელ ხმებს უკავშირდება (გამგები გაიგებს).
არავინ დავობს, ეს ძალიან მძიმე თემაა. ამიტომ კობიაშვილისა და სახელმწიფოს პოზიციაც გასაგებია: რეალურ ბრძოლას თუ დაიწყებენ, არავინ უწყის, ამას რა შეიძლება მოჰყვეს. შესაძლოა, გარიგებული მატჩების გამომჟღავნების შემთხვევაში, ქართული ფეხბურთის დროებითი პარალიზებაც მოხდეს - კორუფციამ და გარიგებებმა ხომ ძალიან ღრმად გაიდგა ფესვები.
მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადასადგმელია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უგონო მდგომარეობაში მყოფი ქართული ფეხბურთი კომიდან ვეღარც გამოვა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"