ქველმოქმედება: გავცდეთ საზღვრებს!..

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები სისტემატურად მონაწილეობენ საქველმოქმედო აქციებში. ამჯერად, ისინი ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა საგანმანათლებლო ცენტრს ესტუმრნენ და კავშირის 27 წევრს, პროდუქტებთან ერთად, სხვადასხვა სააღდგომო საჩუქარი გადასცეს.

"ჩვენი ვალია, საფეხბურთო ჩარჩოებიდან გავიდეთ და სოციალურ პროექტებში ჩავერთოთ. დიდი ხანია, რაც გუნდის წევრთა სურვილით, ჩვენ ქველმოქმედებაში ვმონაწილეობთ და მომავალშიც ასე ვაპირებთ. ახლა აღდგომამდე ვესტუმრეთ და შევეცადეთ, ჩვენი ყურადღებით თანადგომა და სიყვარული გამოგვეხატა", - ამბობს კლუბის დირექტორი თემურ ბარქაია.

ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირმა კი სოციალურ ქსელში სამადლობელი წერილი გაავრცელა:

"დიდი მადლობა "კოლხეთი 1913"-ის
მთელ შემადგენლობას ასეთი სიკეთისთვის. ჩვენი კავშირი გგულშემატკივრობთ და წარმატებებს გისურვებთ!"

* * *
პარალელულად, სოციალურ პროექტში მონაწილეობდნენ პირველი ლიგის ბინადარ "რუსთავის" ფეხბურთელებიც. ისინი ქვემო ქართლის რეგიონის პრობაციონერების ნაკრებს შეხვდნენ.

ცხადია, არ არსებობს ადამიანი, ვინც არ ცდება, მაგრამ მათ ხელი უნდა გავუმართოთ - მსგავსი თამაშები და ურთიერთობები კი პრობაციონერების საზოგადოებასთან ინტეგრაციას უწყობს ხელს და ეს მისასალმებელია.

"ჩვენი მიზანია, პრობაციონერებიდან დაინტერესებულები სპორტულ აქტივობებში ჩავრთოთ. ისინი სემინარების გავლის შემდეგ "ფოლადის" სტადიონზე სტიუარდებად მოგვევლინებიან ან "რუსთავში" სხვა მიმართულებით იმუშავებენ.

მოკლედ, ამ ახალგაზრდების შრომითი რეაბილიტაცია ფეხბურთის დახმარებით გვინდა. პრობაციონერებში არასრულწლოვნებიც არიან და მათგან გამორჩეულები, შესაძლოა, ასაკობრივ გუნდში მოვიწვიოთ", - ამბობს "რუსთავის" დირექტორი ბადრი მაჭავარიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული