"ალკმაარის" მწვრთნელი: იმედი მაქვს, ამ ბიჭებს ჰოლანდიაშიც შევხვდები

AutoSharing Option
ქართველ ბავშვებს გაზრდაში მხოლოდ პირობების არქონა არ უშლით ხელს. მათ საერთაშორისო გამოცდილება და ტურნირებში მონაწილეობაც აკლიათ. თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის განმავლობაში "საბურთალო" თბილისში ტურნირებს (ჯერ "ფოლკსვაგენის" თასი, შემდეგ - "სალერის") ატარებდა და ევროპის ძლიერი საფეხბურთო სკოლების გუნდებს იწვევდა - "ბენდელას" სტადიონზე უთამაშიათ "მალაგას", მადრიდის "ატლეტიკოს", არნემის "ვიტესის", ჰაიფას "მაკაბისა" და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ასაკობრივ გუნდებს...

ამ ტურნირებში კარგად ჩნდებოდა, რომ ჩვენი ბავშვები ყველაზე წარმატებული ლიგების ასაკობრივ გუნდებს არაფრით ჩამორჩებოდნენ. აქ მათ გამოცდილებაც შეიძინეს და თავდაჯერებაც. მაგრამ ასეთი რამ საქართველოში იშვიათად ხდება...

თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიას ინიციატივით გამართულ ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო ტურნირს ყველა დადებითად აფასებს. ჯერ იმიტომ, რომ ქართულ ფეხბურთში ყველაზე საჭირო გოლის ავტორს ქვეყნისგან მეტი დაფასება სჭირდება. მეორეც - მსგავსი ტურნირები ევროპელებთან კავშირების დასამყარებლად და დასაახლოებლად საუკეთესო საშუალებაა.

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი: დასანანი მარცხი ფინალში [VIDEO+PHOTO]

სამწუხაროდ, დიდი ხანია, რაც ქართული ფეხბურთი მსოფლიო ორბიტას მოსწყდა და საკუთარ წვენში იხარშება. "დარასელიას თასზე" თურქული "ბეშიქთაშისა" და "ტრაბზონსფორის", ჰოლანდიური "ალკმაარის", მოლდოვური "შერიფისა" და პოლონური "ლეხიას" ასაკობრივ გუნდებთან თამაში ჩვენს მოზარდებს საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში დაეხმარება...

წერილი, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით, "დინამო"-"ალკმაარის" ფინალამდეა მომზადებული...

მეტოქეებს არათუ ჩამოვრჩებით, ვჯობნით კიდეც
ცნობილია, რომ 27 მაისს, თბილისის "დინამოს" ორგანიზებით, კლუბის აკადემიაში ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. საქართველოს დედაქალაქში ხუთი ქვეყნის შვიდი 16-წლამდელთა გუნდი ჩამოვიდა. მასპინძელი სამი გუნდითაა წარმოდგენილი - თბილისის "დინამოს" ორი გუნდი და "ლოკომოტივი".

"ლოკომოტივის" ფეხბურთელი ლევან გრძელიძე ტურნირით ძალიან კმაყოფილია:

"ძალიან კარგი ტურნირია, რადგან ჩვენთვის საინტერესო იყო, რა დონეზე თამაშობენ ჩვენი ასაკის ევროპელი ბიჭები, რაში ჩამოვრჩებით თუ ვჯობნით მათ. ჩვენ პირველი ორი შეხვედრა ძლიერ გუნდებს, "ტრაბზონსფორსა" და გდანსკის "ლეხიას" მოვუგეთ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სულაც არ ჩამოვრჩებით. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია", - ამბობს გრძელიძე.

გიორგი მინაშვილი, "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემიის დირექტორი:

"მშვენიერი ტურნირია, რომელმაც მოგვცა საშუალება, ბავშვების მომზადების დონე, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები შევაფასოთ და დავინახოთ, რაში ჩამოვრჩებით ევროპელებს. რაც ვნახეთ, ამ ასაკში პრობლემა ნაკლებია, მეტოქეებს არათუ ჩამოვრჩებით, ვჯობნით კიდეც".

მენეჯერი გუგა კაჭახიძე კი კონკრეტულ ფაქტს ასახელებს, თუ როგორ შეიძლება ასეთ ტურნირებზე ევროპელებთან კავშირების დამყარება:

"აქ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი ვნახე. ერთი მათგანი ჰოლანდიელია - "ალკმაარის" წევრი, რომელიც მომეწონა. ჩვენი თანამშრომლობის შესახებ რომ დავილაპარაკეთ, დაგვთანხმდა...

საერთოდ, ამ კლუბთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და სავარაუდოდ, ამ ჰოლანდიელ მოთამაშეს ესპანეთში წავიყვანთ. მსგავსი ტურნირები იმიტომაც არის სასარგებლო, რომ ევროპელები ქართველ ბავშვებს დააკვირდებიან. ხომ ხედავთ, ჩვენი გუნდები წარმატებით თამაშობენ და ისინიც დაფიქრდებიან, რომ ქართველი ბავშვების წაყვანა ნამდვილად ღირს".

"ალკმაარის" მწვრთნელი: იმედი მაქვს, ამ ბიჭებს ჰოლანდიაშიც შევხვდები!..
ტურნირთან დაკავშირებით შთაბეჭდილებების გაზიარება ჰოლანდიური "ალკმაარის" მთავარ მწვრთნელს, ლეროი ეხტელდს ვთხოვეთ, რომლის გუნდმაც თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.

საინტერესოა, რომ ეს სპეციალისტი არა მხოლოდ 16-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებს, 2015 წლიდან "ალკმაარის" მთავარი მწვრთნელის, ვან დენ ბრომის ასისტენტიცაა.

"მოხარული ვარ, რომ ასეთ ძლიერ ტურნირზე მოგვიწვიეს. აქ მშვენიერი პირობები და ორგანიზაციაა. ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ორგანიზატორები, "დინამოს" წარმომადგენელი წამითაც არ გვშორდებიან და მათ თანადგომასა და მეგობრულ დამოკიდებულებას ყოველ წამს ვგრძნობთ.

მიმაჩნია, რომ ტურნირზე მონაწილეობა ჩვენი გუნდის მომავალ თაობას დადებითად წაადგება და მშვენიერ გამოცდილებას მიიღებს. ბიჭები სხვა ქვეყნების ფეხბურთს გაიცნობენ და ეცოდინებათ, მომავალში რომ შეხვდებიან, რა დაუპირისპირონ", - ამბობს ეხტელდი.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჰოლანდიელებმა "დინამოს" 1:0 მოუგეს, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ თბილისელების მთავარმა მწვრთნელმა ლადო გოჩაშვილმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დაასვენა. რამდენიმე მათგანი მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოს შეუშვა და ამის შემდეგ "ალკმაარს" ძალიან გაუჭირდა, დინამოელებმა კი რეალური საგოლე მომენტები შექმნეს.

"ალკმაარის" მწვრთნელმა თბილისის "დინამოს" 16-წლამდელთა გუნდზეც ილაპარაკა:

"მსურს, კომპლიმენტები ვთქვა თბილისის "დინამოზე". ეს გუნდი იმ ფეხბურთს თამაშობს, რაც მე მომწონს. იმედია, ამ ბიჭებს კიდევ ერთხელ ჰოლანდიაშიც შევხვდებით".

აღსანიშნავია, რომ "ალკმაარის" ერთ-ერთი ფეხბურთელის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული - ვინც თამაშები ნახა, ხმელი, სწრაფი და ტექნიკური ფლანგის თავდამსხმელი მეირონ ბოადუ აუცილებლად დაამახსოვრდებოდა.

შოთა არველაძე: ეს ტურნირი თერმომეტრის როლს ასრულებს
ტურნირმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მას ბევრი ცნობილი მწვრთნელი, ვეტერანი ფეხბურთელი, ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელები და მენეჯერები დაესწრნენ. ისე დაემთხვა, რომ ტურნირის ნახევარფინალში შოთა არველაძის სამი ყოფილი გუნდი თამაშობდა: ეხტელდი მას და აჩიკო არველაძეს ახლოს იცნობს და როდესაც ტყუპი "დინამოს" აკადემიაში გამოჩნდა, ფრონტელი მეგობრებივით გადაეხვია.

"მსგავსი ტურნირები საუკეთესო "თერმომეტრია", რომელიც გაჩვენებს, რა მდგომარეობაში ხარ. როცა მწვრთნელი გუნდს აშენებს, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებში ვერ მონაწილეობს და უცხოელებთან შეხება არ აქვს, მას გაწეული სამუშაოს შეფასების საშუალება არ გააჩნია.

არადა, ეს ის თაობაა, რომელიც, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს და საერთაშორისო გამოცდილება დასჭირდება. იქ კი გამოცდილი გუნდები და ფეხბურთელები დახვდებიან.

მაგალითად, ჰოლანდიელები ავტობუსით გადადიან ბელგიასა და გერმანიაში, მათგან ახლოსაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სკანდინავიის ქვეყნები და ლამის ყოველდღიური კავშირები აქვთ. ჰოლანდიელი ბავშვები სწორედ ასეთი თამაშებით იზრდებიან, მათი ფეხბურთი კი ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული.

მერე მათ გამოუცდელი რომ შეხვდები, უცხოპლანეტელივით უყურებ, მწვრთნელს კი მთელი შრომა წყალში ეყრება", - ამბობს შოთა არველაძე.

მისივე თქმით, ამ ტურნირს სხვა მისიაც აკისრია:

"ჩვენ ევროპისგან შორს ვართ და აქედან გამომდინარე, კავშირებიც ნაკლებია და, ფაქტობრივად, ნორმალურად არც გვიცნობენ, მაგრამ აქ ერთხელ რომ ჩამოვლენ, აჩვენებ, თუ რა კარგად ორგანიზებული ტურნირია, როგორი ნიჭიერი ბავშვებით შედგენილი გუნდები გყავს, როგორი სტუმართმოყვარე ხარ და ასე ნელ-ნელა გაგიცნობენ, მეტი ნდობა და ინტერესი გაუჩნდებათ.

გარდა ამისა, ბავშვები თავიდანვე მათთან თამაშს რომ შეეჩვევიან, "ბარსელონასა" და "ლივერპულს" შეხვდებიან და რომელიმეს მოუგებენ.

ხომ გახსოვთ "ლოკომოტივი"? იუნიორთა ლიგის მომავალი გამარჯვებული "ბარსელონა" მისსავე მოედანზე რომ დაამარცხა? ასეთი მატჩების შემდეგ მიხვდებიან, რომ მათთან თამაში შესაძლებელია, გაუცხოებულები აღარ იქნებიან და საკუთარ ნაკლსა და ღირსებას ობიექტურად შეაფასებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უღრმესი მადლობა ბატონ რომან ფიფიას ასეთი ტურნირისთვის...
ეს დიდაფ წაადგება ქართული ფეხბურთის მომავალს...
ioseb
20:33 01-06-2016
0
ესეტი ტურნირები აუცილებელია. ჩვენებიც ხშირად უნდა წავიდნენ ბავშვთა ტურნირებზე, თუნდაც ავტობუსით ადვილი შესაძლებელია ყველა მეზობელ ქვეყანაში ჩასვლა, მათ შორის რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში.
tngh
19:26 01-06-2016
0

სიახლეები პოპულარული