[ოთხშაბათის საკითხავი] მწვრთნელებო, უყურეთ ევროპის ჩემპიონატს, რა!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. დაიწყო ისე, როგორც იწყება ხოლმე დიდი ტურნირები - შეცდომებით, სუპერგოლებით, ტენდენციებით... დაიწყო ცოტა გრანდითა და ბევრი საშუალო გუნდით...

ეს ყველამ იცის და ევროპის ჩემპიონატს ყველა გულშემატკივარი უყურებს. მე კი მოუთმენლად ველი საქართველოს ჩემპიონატის დაწყებას, რათა მივხვდე, უყურეს თუ არა ევროფორუმს ჩვენი გუნდების მთავარმა თუ რიგითმა მწვრთნელებმა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე მოხდება...

ნებისმიერი დიდი ტურნირი გვთავაზობს ტაქტიკურ სიახლეებს. კონტინენტის პირველობა სულ ახლახან დაიწყო, მაგრამ უკვე არის საინტერესო ტაქტიკური ტენდენციები. მე
მინდა, ეს ტენდენციები საქართველოს ჩემპიონატშიც ვნახო.

რა თქმა უნდა, ქართული გუნდები წამყვან ევროპულ ნაკრებებს სისწრაფეში ვერ გაეჯიბრებიან, ვერც - საფეხბურთო ნიუანსების წვდომასა და ტაქტიკურ აზროვნებაში, მაგრამ მცდელობას წინ რა უდგას? ჩვენ ვცადოთ იმ დონეზე და იმ დოზით, რისი გაკეთებაც ჩვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ. ამისთვის კი საჭიროა, რომ ჩვენმა მწვრთნელებმა ევროპის ჩემპიონატს უყურონ.

თუ ისინი ასე მოიქცევიან, უკვე აუცილებლად ნახავდნენ რამდენიმე ძალიან საინტერესო ტენდენციას. მაგალითად იმას, რომ ფლანგელი მცველების სათამაშო სტილი, პრაქტიკულად, შეცვლილია.

მათ უნდა უყურონ ევროპის ჩემპიონატს თუნდაც იმიტომ, რომ დღევანდელი მოცემულობით, რასაც ევროპის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე ვხედავთ, საყრდენი ნახევარმცველი მხოლოდ მინდვრის ცენტრში აღარ შლის თუ ქმნის. ის ეხმარება ფლანგელ მცველებს და ძალიან ხშირად მცველიცაა.

ამის დანახვას ევროპის ჩემპიონატის ყურება სჭირდება. ეს მავანთათვის თავის ზედმეტი ტკივილია. სულაც არ ვართ დარწმუნებულები, რომ ამ გაგანია არდადეგების დროს ჩვენი მწვრთნელები მზად არიან ასეთი თავისტკივილის ასატანად.

ყველაზე არ ვამბობთ, მაგრამ ისეთებიც არიან, მწვრთნელობა მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის ჩამოწერა და გამოცხადება რომ ჰგონიათ. ამაზე ადვილი არაფერია. მიხვალ გუნდში, სადაც შენი კაცია, როგორმე ვარჯიშსაც ჩაატარებ და მეტს არავინ არაფერს გთხოვს.

მოვა თამაშის დღეც, დაიბარებ ფეხბურთელებს "უსტანოვკაზე", გამოაცხადებ "სასტავს", ეტყვი, რომ მათგან ბრძოლა, თავდადება და სისხლი გჭირდება მინდორზე და ამით ამოიწურება შენი მისია...

ქართულ ფეხბურთს თავისი ბევრი ჭირი სჭირს და მათგან ერთ-ერთი - სწორედ სამწვრთნელო ჭირია. არიან ისეთები, ვისი საფეხბურთო განათლების დონეც ვერ უძლებს თუნდაც დღევანდელი მოთხოვნების მინიმუმს.

კონკრეტულად დასახელება საჭირო არ არის. მით უმეტეს, ზოგიერთი დღეს აღარც არის ქართულ ფეხბურთში, თუმცა ზოგი ისევ აქაა.

ზოგიერთი ჩვენი მწვრთნელისგან ისეთს შევსწრებივარ...

მაგალითად, მე ვიცი, რომ თავისი შეგირდების ქმედებით უკმაყოფილო ერთ-ერთი ქართველი მწვრთნელი, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი რიგითი თამაშის შესვენებაზე, ადგა და... სახლში წავიდა!

შე დალოცვილო, რომ მიდიხარ, სად მიდიხარ, გუნდი შენ არ მოამზადე თამაშისთვის?! თუ სხვისი მომზადებული გუნდის თამაშია, რომ არ მოგწონს? მით უმეტეს, გაქცევა გამოსავალი არ არის. ყველგან ასეა და სამწვრთნელო საქმეში სხვანაირად რატომ უნდა იყოს?

საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს არ ვაკლდები და ძალიან იშვიათად ხდება, თამაშის დროს ისეთი "გადაწყობა" ნახო, რომელიც გუნდის წარმატებაში წვლილს შეიტანს. ბევრი ქართული გუნდი, თამაშის მსვლელობის მიუხედავად, ისე ამთავრებს მატჩს, როგორც იწყებს.

მწვრთნელის მაქსიმუმი თამაშის მიმდინარეობისას სამი შეცვლის გაკეთებაა. ამით ყველაფერი ამოიწურება. არავინ ითხოვს დიეგო სიმეონეს ემოციებს და სერ ალექსის ტაქტიკურ განსწავლულობას. სულ მცირე, ის მაინც შეძელი, რომ ფეხბურთელისთვის ავტორიტეტი იყო და როცა მას ცვლი, ხელების ქნევითა თუ უფრო უარესი გამოხდომებით არ აიკლოს იქაურობა.

ვერც იმას დავეთანხმები, რომ თუ რაღაც დონეზე ვინმეს უთამაშია ფეხბურთი, ის აუცილებლად დიდი ან საშუალო მწვრთნელი მაინც არის. რაღა ბრაზილიურ და ისტორიულ მაგალითებში ვიბოდიალოთ, აგერ -ხორვატია და აგერ - ანტე ჩაჩიჩი.

ჩაჩიჩს სამშობლოში მძაფრად აკრიტიკებდნენ თუნდაც ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ. მიზეზი არაერთია - დაწყებული იმით, რომ ჩაჩიჩის ხორვატია გიჟურად ვერ უტევს, და დამთავრებული იმით, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა დეიან ლოვრენი.

ჩაჩიჩის სუპერმწვრთნელობისა რა გითხრათ, მაგრამ ხორვატიამ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთი თამაში ითამაშა და იმ თამაშში მე არაფეხბურთელ ჩაჩიჩს არამწვრთნელისა ვერაფერი შევატყვე.

ესენი კი მაინც თავისაზე დგანან - თუ ფეხბურთი არ გითამაშია, ისე ფეხბურთისა არაფერი გაგეგებაო.

ვითომ?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ალეკო დიდი პატივისცემის მიუხედავად ,ბევ რამეში ვერ დაგეთანხმები.თუ იცი სახლში ვინ მიდის თქვი ,რა პრობლემა ანდა ყურბით ეშველება საქმეს,ამით ხალის და ენთუზიაზმს უკარგავ იმ მწრთვნელებს ,რომლებიც სულს და გულს დებენ,ეს არ არის კრიტიკა რაც შენ დაწერე,ეს არის შეურაცყოფა.და თუ ხედავ ვინ ვერ დგას თავის დონეზე თქვი,და რა ევროპის ჩემპიონატის ყურებით ეშველება ქართულ ფეხბურთს,არა პრობლემები უფრო სხვაგანაა და იქ უნდა ვიპოვოთ.
zaza
23:08 17-06-2016
0
თან ზემოდან გიყურებენ, თქვენ გასახდელში ოფლის სუნი არ გიყნოსიათ და კოჭში წიხლი არ მოგხვედრიათ და რა იცით თქვენ რა არის ფეხბურთიო...
ისუნთქე ეგ ოფლის და ფსიტის სუნი, მაგრამ ეგრე მწვრთნელი კი არა ტოქსიკომანი გამოხვალ...
Walkabout
14:35 16-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული