ევროტურნირები 2016/17 - წილისყრა სრულად
პირველი მატჩის სტუმრად ჩატარება მცირე უპირატესობას იძლევა და მისი დათმობა არც ერთ გუნდს არ სურს.
21 ივნისს, ფეხბურთის ფედერაციამ ევროპალიგაზე ქართული კლუბების მატჩების განრიგი გაასაჯაროვა და უეფას გადაწყვეტილებაც ცნობილი გახდა - "ჩიხურა"-"ზიმბრუს" საპასუხო მატჩს თარიღი შეეცვალა და ის ახლა 7 ივლისის ნაცვლად, 5 ივლისს ზესტაფონში გაიმართება.
საინტერესოა, რომ აზერბაიჯანული "გაბალა" "სამტრედიას" მიიღებს არა საკუთარ ქალაქში, არამედ ბაქოს "ბაქსი არენაზე", სადაც "ნეფთჩი" თამაშობს.
* * *
ამასობაში, "ჩიხურამ" ავსტრიულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი სლოვენიურ "მარიბორთან" გამართა და 2:2 ითამაშა.ანგარიში ბალკანელებმა გახსნეს: თავი "მარიბორის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მარკოს ტავარეშმა გამოიჩინა, მაგრამ სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა ტაიმის დასრულებამდე მდგომარეობა გამოასწორეს და საბა ლობჟანიძის დუბლით დაწინაურდნენ კიდეც.
საბოლოო ანგარიში კი მეორე ნახევარში ბალკანელთა 17 წლის ფორვარდმა ლუკა სტორმა დააფიქსირა - 2:2.
ამით საჩხერის "ჩიხურას" ავსტრიული შეკრება დასრულდა. ფრუიძის კრებულმა 4 მატჩიდან ერთი მოიგო, ამდენივე ფრედ დაასრულა და ორიც წააგო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"