უეფამ საჩხერის "ჩიხურას" ევროპალიგაზე საპასუხო მატჩის თარიღი შეუცვალა

AutoSharing Option
ნიონში, 2016/17 წლების სეზონის ევროპალიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრაზე, ქართული გუნდების მეტოქეები და მათი პრობლემები გაირკვა. ევროთასებზე იმერეთის ორივე წარმომადგენელს, "სამტრედიასა" და "ჩიხურას", 30 ივნისს გასვლაზე უნდა ეთამაშა, 7 ივლისს კი - შინ. მაგრამ ორივე გუნდმა საშინაო სტადიონად ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი დაასახელა, რაც იმთავითვე გამორიცხავს ერთ დღეს ორი ასეთი რანგის მატჩის გამართვას ერთსა და იმავე არენაზე.

ევროტურნირები 2016/17 - წილისყრა სრულად

პირველი მატჩის სტუმრად ჩატარება მცირე უპირატესობას იძლევა და მისი დათმობა არც ერთ გუნდს არ სურს.
ამიტომ საკითხზე უეფაში იმსჯელეს და ქართულ გუნდებს შესთავაზეს, რომ 7 ივლისის ნაცვლად, ერთ-ერთს ორი დღით ადრე, 5 ივლისს ეთამაშა, მეორეს კი - დადგენილი გრაფიკით.

21 ივნისს, ფეხბურთის ფედერაციამ ევროპალიგაზე ქართული კლუბების მატჩების განრიგი გაასაჯაროვა და უეფას გადაწყვეტილებაც ცნობილი გახდა - "ჩიხურა"-"ზიმბრუს" საპასუხო მატჩს თარიღი შეეცვალა და ის ახლა 7 ივლისის ნაცვლად, 5 ივლისს ზესტაფონში გაიმართება.

საინტერესოა, რომ აზერბაიჯანული "გაბალა" "სამტრედიას" მიიღებს არა საკუთარ ქალაქში, არამედ ბაქოს "ბაქსი არენაზე", სადაც "ნეფთჩი" თამაშობს.

* * *
ამასობაში, "ჩიხურამ" ავსტრიულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი სლოვენიურ "მარიბორთან" გამართა და 2:2 ითამაშა.

ანგარიში ბალკანელებმა გახსნეს: თავი "მარიბორის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მარკოს ტავარეშმა გამოიჩინა, მაგრამ სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა ტაიმის დასრულებამდე მდგომარეობა გამოასწორეს და საბა ლობჟანიძის დუბლით დაწინაურდნენ კიდეც.

საბოლოო ანგარიში კი მეორე ნახევარში ბალკანელთა 17 წლის ფორვარდმა ლუკა სტორმა დააფიქსირა - 2:2.

ამით საჩხერის "ჩიხურას" ავსტრიული შეკრება დასრულდა. ფრუიძის კრებულმა 4 მატჩიდან ერთი მოიგო, ამდენივე ფრედ დაასრულა და ორიც წააგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოჭებო აბა თქვენ იცით, დაასვენეთ ზიმბრუ მომავალ წლამდის!
jango
12:58 22-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული