"გაბალადან" ხალხი გარბის - რა ხდება ევროპალიგაზე "სამტრედიის" მეტოქის ბანაკში?

AutoSharing Option
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუპირისპირდება, რომელმაც შარშან თბილისის "დინამო" ამავე ტურნირის პირველივე ეტაპიდან გამოთიშა. შემდეგ "გაბალა" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა და გვარიანი გამოცდილებაც მიიღო...

იყო ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანული კლუბი მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა დატოვა, მაგრამ ის ჯერ გუნდშია და აზერბაიჯანელებს ევროპალიგის მატჩებისთვის საქართველოს დედაქალაქში ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ "გაბალა" საქართველოში 18 ივნისს ჩამოვიდა და გორში "დილას" ამხანაგურად დაუპირისპირდა. მე-60 და 63-ე წუთებზე რაშიდ ეიუბოვისა და რამილ გასანოვის გოლებით სტუმრებმა 2:0 გაიმარჯვეს. გრიგორჩუკის შეგირდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
ბეზოტოსნი, რიკარდინიო, აბასოვი, ვერნიდუბი, სტანკოვიჩი, სადიგოვი, ალიევი, მამედოვი, ოზობიჩი, ეიუბოვი, ჰუსეინოვი; შეცვლაზე: პეტკევიჩი, მირზაბეკოვი, მუტალიმოვი, მუსაევი, სანტოსი, გულიევი, კვეკვესკირი, შახვერდიევი, გასანოვი, დილანოვი.

"გაბალას" პრესსამსახური აანონსებდა, რომ კლუბი საქართველოში 28 ივნისამდე დარჩებოდა და კიდევ 2 შეხვედრას გამართავდა - 22 ივნისს ბოლნისის "სიონთან", ხოლო 26 ივნისს დაგეგმილ სპარინგში მეტოქის ვინაობა თბილისში უნდა გაერკვიათ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ევროპალიგის წილისყრამ გრიგორჩუკი აიძულოს, სხვაგან გაამგზავროს გუნდი, რადგან მეტოქის ქვეყანაში მომზადება კარტების გახსნას ნიშნავს.

წილისყრის შემდეგ "გაბალას" მწვრთნელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "მეტოქის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან მათ არც ვიცნობ და არც არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ქართულ გუნდებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ამას საინტერესოდ აკეთებენ, კარგი მოთამაშეები კი ყოველთვის ჰყავდათ. მეტოქეს შევისწავლით და მოვემზადებით" .

Sportall.Ge

საინტერესოა, რომ გამოცემა "აზერიფუტბოლის" ცნობით, საქართველოში შეკრებამდე გრიგორჩუკმა ძირითადი შემადგენლობის ორი თავდამსხმელი (ალექსეი ანტონოვი და სერგეი ზენიოვი) დუბლებში ხელმძღვანელობის ზეწოლით გადაიყვანა.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა ამტკიცებს, დღესდღეობით ისინი დიდ გასამრჯელოს არ იმსახურებენ, რადგან იმედებს ვეღარ ამართლებენ, კლუბი კი გრიგორჩუკის სატრანსფერო პოლიტიკით არის უკმაყოფილო. დანამდვილებით მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ "გაბალა" დატოვა წამყვანმა ნახევარმცველმა, უკრაინელმა ალექსანდრ გაიმ, რომელიც სამშობლოში ბრუნდება - ლუგანსკის "ზორიაში" ან პოლტავის "ვორსკლაში". ანტონოვს, ზენიოვსა და გაის გორში მართლაც არ უთამაშიათ. გრიგორჩუკი ამბობდა, რომ გაის გარეშე გუნდს გაუჭირდებოდა, რადგან ის "გაბალასთვის" საკვანძო ფიგურა იყო.

უკრაინული "სპორტ-ექსპრესი" საყურადღებო ცნობას ავრცელებს: "ხმების მიხედვით, გაის პოლტავის "ვორსკლაში" გადასვლა სურს. შესაძლოა, ის ლუგანსკის "ზორიაშიც" მოხვდეს. მას მწვრთნელთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ გუნდში ხელფასები ყველას შეუმცირეს და ხალხმა გაქცევა დაიწყო. რაც შეეხება ანტონოვსა და ზენიოვს, ამტკიცებენ, რომ კლუბში აღარ იციან, ისინი თავიდან როგორ მოიშორონ".

ეს ინფორმაცია დასაფიქრებელია. ამას გარდა, "სამტრედიის" წინააღმდეგ ვერც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ნახევარმცველი ელვინ ჯამალოვი ითამაშებს, რომელმაც ახლახან თურქეთში ოპერაცია გაიკეთა და მოედანს ორ კვირაში თუ დაუბრუნდება. აზერბაიჯანის ნაკრების მცველ პაველ ფაშაევს კი კონტრაქტი არ გაუგრძელეს და ის კარიერას "სუმგაითში" გააგრძელებს.

კლუბი აზერბაიჯანის ნაკრების მეკარე ანდრეი პოპოვიჩმაც დატოვა, რადგან სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. სხვათა შორის, გრიგორჩუკი მისმა თანამემამულეებმა, უკრაინელმა ასისტენტებმა - მიხეილ სავკამ და სტეპან მატვეევმაც მიატოვეს - მიზეზად დასახელებული ოჯახური მოტივები, რა თქმა უნდა, სიმართლის დამალვის მცდელობაა.

ამასობაში, აზერბაიჯანის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი 25 წლის ხორვატი ცენტრალური ნახევარმცველით, ფილიპ ოზობიჩითა და ლიბერიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველით, ლეო ლუის უიკსით გაძლიერდა. პირველი ხორვატიის ასაკობრივი ნაკრებების, მოსკოვის "სპარტაკის" დუბლებისა და ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელი გახლდათ. თურქეთისა და პორტუგალიის უმაღლეს ლიგებში ნათამაშები აფრიკელის ტრანსფერი კი კვიპროსის "ერმისს" ეკუთვნის და ახალ გუნდში იჯარით ითამაშებს.

მაგრამ უჩვეულოა, ევროპალიგაზე მოხვედრილი მდიდარი აზერბაიჯანული კლუბი საქართველოში იაფად მზადებას ავსტრიის ან ბალკანეთის ძვირად ღირებულ სამთო კურორტზე გამგზავრებას რომ ამჯობინებს. აღმოჩნდა, რომ გუნდის ბიუჯეტი შეამცირეს. კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ფარიზ ნაჯაფოვმა თქვა, რომ თბილისში გუნდი სახსრების ეკონომიის მიზნით ჩამოვიდა. ის ინტერვიუში ამბობდა, რომ შარშან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ძლიერი ლეგიონერების ხარჯზე მოხვდნენ და არ მალავდა, რომ ახლა ეს ურთულესი ამოცანა იქნება.

საქართველოში გამომგზავრებამდე ფინანსურ პრობლემებს გრიგორჩუკიც არ მალავდა:

"კლუბის ხელმძღვანელებმა ბიუჯეტის შემცირება გადაწყვიტეს და ეს მათი საქმეა. მატერიალური მხარდაჭერის გარეშე გუნდს გაუჭირდება, მაგრამ საქართველოში რომ მივემგზავრებით, ამაში რაიმე ქვეტექსტებს ნუ ეძებთ. მე უფულობა არ მაშინებს, მთავარია, ევროგათამაშებისთვის გუნდი კარგად მოვამზადო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა დასუსტდა არცეთი ძლიერი ფეხბურთელი არ წასულა გაის გარდა.ორი კიდევ მოუყვანიათ თან საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები.
bebeto
12:38 23-06-2016
0
არადა ძაან ძლიერი გუნდით გამოვა გაბალა აქ რაც წერია ეს სტატია პირიქით იქნება აგერ ნახავთ...არაპერი პროლემა არაქვთ აზერებს მაგათ რომ ფული აქვთ ისე უნდა...ქუთაიში მაინც ეთამაშათ ბევრი ხალხი მივიდოდა ზესტაფონი რა უბედურებაა ((
გურო
02:52 23-06-2016
0

სიახლეები პოპულარული