შეხვედრა კონკრეტულ საკითხს არ ეძღვნებოდა, მიზანი - მედიასთან პრობლემებზე საუბარი იყო. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არა ერთ კონკრეტულ, არამედ სხვადასხვა საკითხზე ილაპარაკეს.
კრიტიკა გვჭირდება
ლევან კობიაშვილი: - დღეს მიმდინარე საკითხებზე, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ. ასეთი ტიპის ურთიერთობა ყველასთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ამიტომ მიხარია, ერთმანეთს რომ შევხვდით...
დასრულდა სეზონი, ნაკრებმაც
სლოვაკეთთან, რუმინეთთან და ესპანეთთან ჩატარებულ სანაკრებო ამხანაგურ შეხვედრებსაც შევეხები. ორი წაგების შემდეგ გუნდმა სწორი ანალიზი გააკეთა და ესპანეთი იმიტომ დაამარცხა, რომ გუნდში ერთსულოვნება იყო. მაგალითად ხორვატიასთან მოგებული თამაში გამოდგება - მაშინაც ყველა ერთსულოვნები ვიყავით და ამით მოვიგეთ - სხვათა შორის, ეს არამხოლოდ ნაკრების წევრებმა შევძელით.
რუმინეთთან წაგების შემდეგ კრიტიკა საჭიროც იყო და ის ჩვენ მივიღეთ, მაგრამ შეცდომას არ უშვებს ის, ვინც საქმეს არ აკეთებს. ჩვენ კი ესპანეთთან გამარჯვება არ გვაკმაყოფილებს. წინ რთული გზაა და პროგრესს მარტო ვერ მივაღწევთ, ყველამ ერთად უნდა ვიაროთ. დღეს კი იქ არ ვართ, სადაც ყველას გვსურს ყოფნა, მაგრამ გვაქვს გეგმები, რომლებიც უახლოეს წლებში უნდა განვახორციელოთ და მიზნამდე სწორედ ეს მიგვიყვანს...
ეს რეაქცია გაუგებარი იყო
ალექსანდრე იაშვილი: - მნიშვნელოვანი სამი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, რადგან მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები იყვნენ და ვლადიმირ ვაისმა გუნდსა და ფეხბურთელებზე ბევრი რამ შეიტყო. ესპანეთთან მოგებამ მთელი საქართველო გაახარა, მაგრამ ილუზიებში არ ვართ და კარგად ვაცნობიერებთ, სად არის ახლა ქართული ფეხბურთი. ვაისი საქართველოში რომ ჩამოვა, გვეცოდინება, რა პრობლემებია და რომელ ფეხბურთელთან. პროგრესს დრო და დიდი შრომა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ...
დავით მუჯირი:
- ამხანაგურ მატჩებზე მუშაობისას აქცენტი ძლიერ მეტოქეებზე გავაკეთეთ. შესარჩევისთვის გუნდი უკეთეს პირობებში უნდა მომზადებულიყო. ორ მატჩში მარცხის შემდეგ ძლიერი დარტყმა მივიღეთ, ფეხბურთელებზე კი დიდი ზეწოლა იგრძნობოდა, მაგრამ შეცდომები გაანალიზდა, ნაკრების წევრებმა ის გამოასწორეს, გუნდი შეიკრა და ესპანეთი დაამარცხა - მთავარი ესაა.
ესპანეთთან მოგება დიდი სტიმულია. დამიჯერეთ, სერიოზულად ვუდგებით საქმეს და მთავარია, განწყობა შეიცვალოს და პოზიტივზე ვიფიქროთ. მაგრამ ეიფორიაში რომ არ ჩავვარდით, იქიდანაც ჩანს, რომ 10 ივნისს ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე მიგვიწვიეს, მაგრამ თბილისში აღმასკომის სხდომაზე გადმოვფრინდით.
საწყენია, რომ ის განწყობა ვერ ვიგრძენით, რაც ესპანეთის დონის გუნდთან მოგებას უნდა ახლდეს. გაუგებარია, რომ ისმოდა ქილიკი და ლანძღვა. ჩვენ ერთიანობა გვჭირდება, ასეთი მიდგომით წინ ვერ წავალთ...
სისტემას ვაყალიბებთ
კახა ჭუმბურიძე: - წარმატება უცებ არ მოდის, მას საფუძვლები სჭირდება. ისლანდიამ და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილმა სხვა პატარა ქვეყნებმა პროგრესს სწორედ ასე მიაღწიეს. შექმნეს სისტემა, მეტი ყურადღება მიაქციეს ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთს და წარმატებებს საფუძველი ჩაუყარეს. ჩვენც იგივე გზა ვარჩიეთ. შევქმენით სისტემა, რომელიც რამდენიმე წელიწადში წარმატებას აუცილებლად მოიტანს - ბავშვები გაიზრდებიან, ჩემპიონატის დონე ამაღლდება. შესაძლოა, ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა გვიწევს, მაგრამ ერთჯერადი წარმატებით გახარებას ისევ ეს სჯობს, რადგან ის შედეგს აუცილებლად მოიტანს...
...მადლობა ნაკრების ფეხბურთელებს, რადგან ეს გამარჯვება სჭირდებოდა მწვრთნელს და, ზოგადად, მთელ ნაკრებს. ეს კი თავდადების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.
აქამდე ნაკრებს წყლის ბოთლის მეტი არაფერი ჰქონდა, ახლა კი, შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ ფედერაციამ გუნდისთვის შეიძინა საკმაოდ ძვირად ღირებული აღმდგენი საშუალებები, ვიტამინები, სამედიცინო აპარატურა... ეს თანამედროვე ფეხბურთში საჭიროა და ნაკრებს გამოადგება. აღდგენები ფეხბურთში აუცილებელია.
მაგალითად, 6 და 9 ოქტომბერს შესარჩევში ირლანდიასა და უელსს გადაბმულად ვეთამაშებით და ეს ფეხბურთელებს საშუალებას მისცემს, მოედანზე გამოფიტულები არ იყვნენ. თავისუფლად შეიძლებოდა, ეს აპარატურა ადრეც შეეძინათ, მაგრამ ფაქტია, ასე არ მომხდარა. თუ დააკვირდით, ამხანაგურებში ფეხბურთელებს სპეციალური სახვევები ჰქონდათ, რაც უჩვენებს, ვინ რამდენად დაიხარჯა. ამ ყველაფრის ანალიზიც დაიწყო.
ნაკრების ფეხბურთელების პრემიებზე
ლევან კობიაშვილი: - ფეხბურთის ფედერაციის მიდგომა ასეთია - თუ ნაკრები წარმატებას მიაღწევს და ფინალურ ეტაპზე გავა, პრემია ფეხბურთელებზე განაწილდება. კონკრეტულ თამაშზე და მოთამაშეთა მოსაწვევად კი პრემიების გაცემა გამორიცხულია და ამას არც განვიხილავთ...
გიორგი ჯიქიას რაც შეეხება, ის რუსეთის მოქალაქეა და მასთან მოლაპარაკება კვლავ მიდის. ვცდილობთ, დავარწმუნოთ, რომ მისთვის საქართველოს ნაკრებში თამაში უკეთესი იქნება. საბოლოოდ, უარიც არ გვითქვამს და იმედია, ეს საქმე გამოგვივა. ეროვნულ გუნდში მისი მოწვევის შანსი ჯერაც არსებობს, მაგრამ ფეხბურთელის პრემიით დაინტერესება გაუმართლებლად მიმაჩნია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რუსებს ფულით ვერ ვაჯობებთ; მეორე და მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელს ნაკრებში თამაში თავად უნდა სურდეს. სხვათა შორის, მსგავსი მოლაპარაკება სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე კიდევ რამდენიმე ქართველთან გვაქვს...
ევროთასებზე ყველა კლუბს წარმატებებს ვუსურვებ - ეს მათაც სჭირდებათ და საქართველოსაც, მით უფრო, გასული წლების ევროსეზონების ფონზე. იმედია, პირველ ბარიერს ოთხივე გუნდი გადალახავს და შორს წავა. შანსი კი არის.
"სამტრედია" "გაბალას" შეხვდება, რომელიც რთული მეტოქეა, მაგრამ გია ცეცაძის გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია, რაც ბუქარესტის "დინამოსა" და ალბანურ "კუკეშთან" გამარჯვებებშიც გამოჩნდა...
ორი წლის განმავლობაში, ქართულ-აზერბაიჯანული გუნდების თამაშებს გარკვეული დაძაბულობა ახლდა. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია. ვისურვებდი, ფანებს შორის დაპირისპირებები არ მოხდეს და ვიზრუნებთ, მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.
გაიმართება სუპერთასი?
დავით მუჯირი: - გასული სეზონის რეგლამენტში სუპერთასთან დაკავშირებით არაფერი ეწერა. ამიტომ ამ საკითხს აღმასკომი გადაწყვეტს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, დასადგენი არც არის, სუპერთასს რომელი გუნდები გაითამაშებენ.
წესი ასეთია: თუ გუნდი ერთ სეზონში ჩემპიონატსაც იგებს და თასსაც, მაშინ სუპერთასის მატჩში თასის ფინალისტს ხვდება. ასეთ შემთხვევაში, სუპერთასზე "დინამო" ბოლნისის "სიონს" უნდა ეთამაშოს. ამიტომ აღმასკომზე განსახილველიც არ არის, სუპერთასს რომელი გუნდები გაითამაშებენ.
ლევან კობიაშვილი:
- ჩემპიონატის შვიდ-შვიდგუნდიან ჯგუფებად დაყოფა იდეალური ვარიანტი არ იყო, მაგრამ ამ ეტაპზე სხვაგვარად ვერ მოხერხდა - ალტერნატიული ვარიანტით, 26 ტური უნდა გვეთამაშა, რასაც თასის გათამაშება ემატებოდა. მოკლე დროში ამდენი მატჩის ჩატარება წარმოუდგენელი იყო. საქართველოსთვის მისაღები კი სწორედ 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგისკენ სწრაფვაა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"