[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ ისლანდია და არა ჩვენ?

AutoSharing Option
ისლანდიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. მეოთხედფინალშია ინგლისის გავლით და ეს ნიშნავს მსოფლიო საფეხბურთო წესრიგის მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ შეცვლას მაინც.

როგორ ისურვებდა ყველა ქართველი, რომ ისლანდიის ნაკრების ადგილას საქართველოს უპირველესი გუნდი ყოფილიყო, მაგრამ ვაი, რომ მხოლოდ სურვილი არ კმარა. რეალობაში ისლანდია იქ არის, სადაც ინგლისის სკალპია, ჩვენ კი მხოლოდ იმით ვამაყობთ, რომ ცოტა ხნის წინ მსოფლიოსა და ევროპ
ის ჩემპიონებს (აწ უკვე ყოფილს), ესპანეთის მართლაც უძლიერეს ნაკრებს მოვუგეთ, ოღონდ - ამხანაგურ შეხვედრაში.

არადა, ჩვენი საფეხბურთო წარსულით, ალბათ, მეტად მოგვიხდებოდა კიდეც ის ადგილი, სადაც დღეს ისლანდიაა, მაგრამ ფეხბურთი ცხოვრებასავითაა - არას დაგიდევს წარსულის ზიზილ-პიპილოებს, მხოლოდ აწმყოთი და მომავლით ცხოვრობს...

ახლა ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ისლანდიელებმა ფეხბურთის განვითარების გვარიანი პროექტი დადეს, მერე იმ პროექტს მიჰყვნენ და ამან მოიტანა საბოლოო წარმატება. პროექტი და გეგმა გასაგებია, მაგრამ არ მგონია, ისლანდიელთა ჩაუქობა მარტო სწორხაზოვანი გეგმის სწორად მიყოლის ნაწილი იყოს.

არის რაღაც ისეთი ამ ხალხის ბუნებაში, რაც დიდ წარმატებას განაპირობებს. ამაზე ქვემოთ, ჯერ კი ზოგადად შევხედოთ საკითხს...

ამას წინათ სკანდინავიის ერთ-ერთ ქვეყანაში მცხოვრები ჩემი მეგობარი იქაურ ამბებს მიყვებოდა და სიტყვა სპორტზე რომ ჩამოვარდა, ზუსტად ასე მითხრა - იქ რომ ჩავედი, ქართველები სპორტული ხალხი მეგონა და ეს წარმოდგენა პირველივე დღეს გამიქარწყლდაო.

ისლანდია არ არის შვედეთი, სადაც ჩემი მეგობარი ცხოვრობს, მაგრამ არა მგონია, ცხოვრების წესში დიდი სხვაობა იყოს. ჰოდა, როგორც ამ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ყოველ დილით, ქალი თუ კაცი, ბავშვი თუ ჭარმაგი შვედი ვარჯიშობს და თამაშობს ათასგვარ სპორტულ თამაშობას.

დიახ, ბატონებო, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ იწყება სპორტის მასობრიობიდან და ამ მხრივ კარგად რომ არ გვაქვს საქმე, ამის დადგენას დიდი სტატისტიკოსობა სულ არ სჭირდება. გნებავთ, თბილისის ქუჩებში გადით, გნებავთ, რეგიონში გაიარეთ - არაფერი ამის მსგავსი!

ახლა უშუალოდ ფეხბურთზე. ყველა ვხედავთ, რომ ისლანდიური კლუბები სულაც არ წყვეტენ ციდან ვარსკვლავებს. გადახედეთ ევროთასებზე მათ შედეგებს და ყველაფერი ცხადი გახდება.

სამაგიეროდ, რატომღაც მგონია, რომ ისლანდიური ფეხბურთი ჩვენზე სუფთაა. იქ საეჭვო რაღაცები არ ხდება ყოველ მეორე თამაშში. რასაც თამაშობენ, სუფთად თამაშობენ და იმ სუფთა თამაშებში ათიდან ერთი კარგი ფეხბურთელი მაინც იზრდება.

მავანი შემეკამათება - კარგი ფეხბურთელები არც ჩვენ გვაკლიაო. ჰოდა, ჩვენც მანდ ვართ - არ გვაკლია, მაგრამ ნიჭს ვერ ვუვლით, გასაქანს ვერ ვაძლევთ. ვერ უვლიან ჯერ თავად ფეხბურთელები და მერე - ყველა ჩვენგანი.

არა მგონია, ისლანდიურ ფეხბურთში ტრიალებდეს საშოვარს გადაგებული ამდენი მენეჯერი, რომელსაც ერთადერთ მიზნად ფეხბურთელების გაყიდვა და ფულის შოვნა ჰქონდეს დასახული. არ მგონია, ისლანდიელი აგენტი ისე ურევდეს ტვინს თანამემამულე ფეხბურთელს, როგორც - ქართველი მენეჯერების უმრავლესობა.

რა თქმა უნდა, პირადად არ ვიცნობ არც ერთ ისლანდიელ ფეხბურთელს, მაგრამ ვიცნობ მათ კარიერას და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით დავწერო - მათი უმრავლესობა არა ფულზე, არამედ კარიერაზე ფიქრობს. ისლანდიელი ფეხბურთელისთვის არასოდეს იქნება მაქსიმუმი, რომ კარგ მანქანაში ჩაჯდეს და კარგი კონტრაქტი დაირტყას. ის სათამაშოდ მიდის ან ნაღდ ევროპულ ლიგაში, ან ინგლისურ პრემიერლიგასა თუ ჩემპიონშიფში.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მავანი ისლანდიელი ფეხბურთელისთვის გაცილებით იოლია პრემიერლიგაში და ზოგადად, ინგლისურ ფეხბურთში მოხვედრა, ვიდრე ქართველისთვის, მაგრამ ეს ზოგად სიტუაციას არ ცვლის.

არადა, ვერც ერთ ისლანდიელზე ვერ იტყვი, რომ ის უზომოდ ნიჭიერია.

ერთხელ შოთა არველაძეს ვესაუბრებოდი ფეხბურთზე. შოთასთან ფეხბურთზე საუბარი ერთი დიდი სიამოვნებაა. მან ისეთი რამ მითხრა, რასაც დღემდე ვერაფრით ვივიწყებ:

"ჩვენ მხოლოდ დიდი ტალანტების დაფასება ვიცით და მაინცდამაინც არ ვაფასებთ საშუალო და ცოტა მეტი ნიჭის ფეხბურთელებს. არადა, ევროპაში ფეხბურთი სწორედ მათზე დგას", - ასე მითხრა შოთამ და მერე რომ დავფიქრდი, ნაღდად "ათიანშია" გარტყმული.

რა თქმა უნდა, ყველა ქინქლაძე ვერ იქნება, ვერც შოთა თუ აჩი, ვერც მალხაზ ასათიანი. ვარსკვლავი გუნდის სამშვენისია. საშუალო ფეხბურთელის ჩრდილში გადასროლა კი დაახლოებით იმას ჰგავს, დღენიადაგ რომ ტორტი ჭამო და პურზე უარი თქვა.

აი, დაახლოებით ასეთ ფეხბურთელებს მიხედა ისლანდიამ, ჩამოუყვანა მათ მცოდნე შვედი მწვრთნელი, რომელმაც შეგირდებს კიდევ უფრო დაახვეწინა ის ფეხბურთი, რაც წლების განმავლობაში ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი...

* * *
ახლა უნდა დავწერო იმაზე, რაზეც ადრეც უნდა დამეწერა და ეს ის შემთხვევაა, როცა პირველ ქვას, როგორც ამ საკითხში ყველაზე ცოდვილი, საკუთარ თავს ვესვრი. კერძოდ, საქმე ეხება იმას, თუ როგორი ფეხბურთი მოგვწონს ჩვენ და როგორ ფეხბურთს მოაქვს შედეგი.

იმთავითვე ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებულნი, გვიყვარდეს "ავტობუსები" და ის ფეხბურთი, მხოლოდ "ბეი ბიგის" რომ ეფუძნება. ეს ასეა, მაგრამ არც ის ვარგა, ბავშვობიდან ფეხბურთელს რომ ამოვიჩემებთ, შევხარით მის ყოველ დრიბლინგსა თუ ფინტს, წარმოვიდგენთ მას შემდგარ ვარსკვლავად და მერე ეს "ვარსკვლავი" ისეთ გუნდში გადადის, რომელსაც... ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს.

არა, ბატონებო! ფეხბურთელი არ შეიძლება კარგ ფეხბურთელად იწოდებოდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ან კარგად ატყუებს კაცს, ან ერთი ფინტი "დაამუღამა" და სულ იმას აკეთებს. ბევრი, ძალიან ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილო ამისთვის და თუ მათ აკმაყოფილებ, სულაც არ არის საჭირო, ლიონელ მესი ან კრიშტიანო რონალდო იყო - წარმატება აუცილებლად მოვა გუნდური თამაშითა და საყვარელი საქმის სიყვარულით.

რამდენი ასეთი ფეხბურთელი გვყავს დღეს ქართველებს? მე მხოლოდ სამს ჩამოვთვლი. რა თქმა უნდა, ისინი არ არიან სუპერვარსკვლავები, მაგრამ კარგად იციან თავიანთი საქმე და, რაც მთავარია, პროფესიონალები არიან, საკუთარი საქმის დიდი პროფესიონალები - ჯაბა კანკავა, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.

რაც მთავარია, სამივე მათგანი თამაშობს ნაღდ ევროპულ კლუბში და სამივემ დიდი შრომის ფასად აიწყო კარიერა. სამივე მოშორებულია პოსტსაბჭოთა საფეხბურთო სივრცეს, რომელიც დიდი ვერაფერი საშუალებაა ფეხბურთელის წინსვლისთვის.

მკითხველს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსული ფეხბურთის საწინააღმდეგო გვაქვს რამე. არამც და არამც! თუ მაინცდამაინც რუსეთში წასვლაა, წავიდნენ "ზენიტში", ცსკა-ში, "სპარტაკში" მაინც...

მაგრამ ამას დონე სჭირდება. "ზენიტში" ჰალკი და აქსელ ვიტსელი თამაშობენ. არმიელებს აჰმედ მუსა ჰყავთ. "სპარტაკში" ჩვენ გვყავს ჯანო ანანიძე და ბოლო დრომდე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ძალიან ცოტას თამაშობდა "სახალხო გუნდში". სიტუაცია ვითომ შეიცვალა, მაგრამ ჯანოსთვის ალბათ მაინც გაცლა სჯობს.

რუსეთის საშუალო და უფრო დაბალი ხარისხის გუნდებში თამაში კი უკუსვლაა და მეტი არაფერი. ჯერ ერთი, მათ უმრავლესობას ისეთი სტადიონები აქვს, იქ ფეხბურთის თამაში ძალიან ჭირს.

მეორეც: ასეთი გუნდები "ჩამჯდარ" ფეხბურთს თამაშობენ და იქ მოთამაშე ქართველიც სწორედ ასეთ ბურთაობას ეჩვევა.

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებს დომინანტურ თამაშს ჩასაფრებული ყოფნა რომ ურჩევნია, პირადად მე ჩვენი ფეხბურთელების კლუბების უმრავლესობის სათამაშო სტილს ვაბრალებ. მათი უმრავლესობა ასე თამაშობს და ჩვენს ბიჭებს ეს უკვე სისხლში გაუჯდათ.

* * *
ისლანდიით დავამთავროთ - რატომ აისბერგების ქვეყანა და არა - საქართველო?

აქ აუცილებლად უნდა გამოვყოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ისლანდიური ფეხბურთი სულ სხვანაირი ფენომენია, ვიდრე ქართული. იქ საკლუბო ფეხბურთში მოყვარულებსაც შეხვდებით, მაგრამ ვერ შეხვდებით იმ "კარუსელებს", რომლებიც ქართულ ფეხბურთში ტრიალებს.

ისლანდიაში ყოველ ექვს თვეში ახალ გუნდს არავინ აკეთებს და ფეხბურთელს უკეთესად განვითარების საშუალება აქვს. მწვრთნელს არ ჰყავს რჩეული ფეხბურთელები და არ მიჰყავს გუნდში იმის მიუხედავად, თუ როგორ ფორმაშია ის.

ყველაფერი წვრილმანებიდან იწყება და ბოლოს ვიღებთ მსხვილმანს, რომელსაც ჰქვია შედეგი. შედეგად ისლანდიამ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალი მიიღო.

საინტერესოა, რამდენ ხანს უნდა ვიცადოთ, რომ... მეოთხედფინალს ვინ ჩივის, დიდ ტურნირზე მაინც გავიდეთ?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
ჩვენთან ფეხბურთი ვერასდროს აღორძინდება ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე ..... ერთადერთი კაცი ქეცბაიაა რომელსაც შეუძლია ფეხბურთის აღორძინება თუ პრეზიდენტად მოვა, ის არ მოუსმენს და ანგარიშს არ გაუწევს ძმაკაცებსა და ბნათესავებს და ნებიმისმიერ გადაწყვეტილება ს სამიდან გამომდინარე გამოიტანს, აი ასეთი კაცი ჭირდება დღეს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტად
დაა
29 ივნისი 2016 15:03
0
ტრუსიკებით რომ დარბიან და თან ბლატაობენ,თან ყეყეჩობენ ჩვენები იმის ბრალია ეს! გული და სული უნდა ჩადონ თავიანთ საქმეში რომ შედეგი მოვიდეს
დიტო
29 ივნისი 2016 15:02
0
შრომა ბიძიკო შრომა,შრომას და ოფლისღვრას მოაქვს შედეგი.შრომის გარეშე შედეგი არ მიიღწევა,არ ეზარებათ ისლანდიელებს შრომა და შედეგოც სახეზეა.ჩვენი ფეხბურთელები ზარმაცობენ,არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა მარა მარიაჟობენ,ერთი პატარა წარმატების მერე მოდუნდებიან და მერე დოყლაპიასავეთ არიან მთელი სეზონი,შედეგი მიღწეული ჰგონიათ ამ პატარა გამარჯვებების მერე! ერთი სიტყვით მთლიანად სისტემა და მიდგომა უნდა შეიცვალოს ფეხბურთის მიმართ,დაწყებული ფედერაციიდან დამთავრებული 3-4 ლიგებში,ნუ ბავშვთა ფეხბურთზე უკვე იმდენი ითქვა რომ აღარაფერს დავამატებ,ის ხომ ფეხბურთის ფესვია და აქიდან უნდა დავიწყოთ მუშაობა
fanat
29 ივნისი 2016 15:00
0
იცით რატომ ისლანდია და არა საქართველო,ალბათ ისლანდის ფედერაციაში არ არი კორუფცია,რამდენი ხანი გავიდა აუდიტის ჩატარებიდან ჩვენს ფედერაციაში,ეხლა ამბობთ თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე.კომენტარი ზედმეტია.
99999999999999
29 ივნისი 2016 14:58
0
შეიკრიბონ სპეციალისტები,იმსჯელონ,გაარჩიონ თამაშები და დასკვნები გამოიტანონ თუ რა აკლია ქართულ ფეხბურთს,ჩემნაირებმა რა იდეაც არ უნდა წამოვაყენოთ ყურს მაინც არავინ დაგვიგდებს.
მალხაზი
29 ივნისი 2016 14:58
0
უცხოეთში, მთელი თამაშის განმავლობაში სირბილო რომ შეძლონ, მუდმივად ეძებენ რაღაც ახალს, ქართველი ფეხბურთელების ფიზმომზადება კი ისევ XX საუკუნის ტექნოლოგიების დახმარებით შემუშავებული სტრატეგიის ინერციით ხორციელდება. სახეზეა ქმედება, რომელიც უკუშედეგს იძლევა და ამავე დროს ხელს უშლის სიახლის დანერგვას.
გუჯა კახაძე
29 ივნისი 2016 14:55
0
წარმატების მიღწევა თუ გვინდა ჯერ ქართულ და უცხოურ ფსიქოტიპს შორის არსებული ძირითადი განსხვავება უნდა ვაღიაროთ - ქართველი ვიდრე მოგისმენს ჯერ უარყოფს და მხოლოდ ამის შემდეგ გისმენს. უცხოელმა კი იცის, რომ ყველაფერი არ იცის, ამიტომ თავიდანვე გისმენს.
სირბილის სწავლების ცენტრი
29 ივნისი 2016 14:53
0
ქეცბაიას უნდა წააკითხო ისლანდიელების შემადგენლობა, თუ ყავთ გუნდში მესები, მერე მაგათი თამაში აჩვენო. ასეა, ქართველებს სხვებზე გადაბრალება გვიყვარს ყველაფრის,არადა თუ საქმეს გულით გააკეთებ შედეგი აუცილებლად იქნება. იგივე ალბანეთი, ჯგუფიდან ვერ გავიდა მაგრამ როგორი გამართული ფეხბურთი ითამაშა ნახეთ?
kote
29 ივნისი 2016 14:42
0
me ase vityodi,islandielebs uyvart tavisnti samshoblo,chvenenis umravlesobad kidev ara.iq albat ojaxebshi ascavlian qveynis siyvaruls,chventan kidev pulis siyvaruls ascavlian ojaxebshi da rato vtvlit tavs uplis rcheul xalxad ar mesmis
bacho
29 ივნისი 2016 14:41
0
ვა საღოლ მაგარი სტატიაა
hiu
29 ივნისი 2016 14:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული