დილა VS შირაქი - დადებითი ბალანსი

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს, სამი ქართული გუნდისთვის ახალი, 2016/17 წლების საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დაიწყება: "დილა", "სამტრედია" და "ჩიხურა" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავენ.

ამათგან ყველაზე ადრე საასპარეზოდ "დილა" გავა და გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" სომხურ "შირაქს" (გიუმრი) უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას ტელეკომპანია "თრიალეთი" განახორციელებს.

29 ივნისს "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა "შირაქთან" მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

- უჩა სოსიაშვილი: მარცხის გაფიქრებაც არ გვინდა!

გორის "დილას" საევროთასო განაცხადი: 1. გიორგი ბეგაშვილი; 22. გრიგოლ დოლიძე; 55. ნიკა ელიაური; 19. გიორგი
ერისთავი; 80. ალექსანდრე გამცემლიძე; 21. თეიმურაზ ღონღაძე; 14. ლაშა ჯაფარიძე; 39. დავით კაპანაძე; 27. გივი ქარქუზაშვილი; 77. ირაკლი ქათამაძე; 17. თამაზ კიკაბიძე; 12. გიორგი კურმაშვილი; 9. ლაშა კუჭუხიძე; 49. ალექსანდრე კვახაძე; 16. დავით კვირკველია; 2. ილია ლომიძე; 15. ირაკლი მოდებაძე; 30. მიხეილ მუჯრიშვილი; 11. ლევან ნონიკაშვილი; 7. ლუკა რაზმაძე; 92. ლევან საბაძე; 5. გიგა სამხარაძე; 8. ლევან შარიქაძე; 10. თენგიზ წიქარიძე.

მოდი, თვალი გადავავლოთ ევროტურნირებზე ქართულ-სომხური დაპირისპირების ისტორიას და უფრო ადრინდელი პაექრობებიც გავიხსენოთ...

მეტოქეებიც, მეგობრებიც...
ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თბილისის "დინამო" 55 სეზონის განმავლობაში (1936-89 წლებში) გამოდიოდა და მეტოქეთაგან განსაკუთრებულად პრინციპული დაპირისპირებები... სომხეთის საუკეთესო გუნდთან, ერევნის "არარატთან" ჰქონდა! თანაც, მნიშვნელობა არ ჰქონდა, კონკრეტული მომენტისათვის მეტოქეები რომელ ადგილზე იყვნენ, ისე, როგორც არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ სად ტარდებოდა მატჩი - თბილისში თუ ერევანში!

თუმცა ეს პრინციპული ქიშპობა მხოლოდ მოედანზე, 90 წუთის განმავლობაში იყო; აი, მატჩის დასრულების შემდეგ კი "დინამოსა" და "არარატის" ფეხბურთელები ისევ ისეთ მეგობრებად რჩებოდნენ, როგორიც მატჩის დაწყებამდე იყვნენ; ასე იყო 60-იან წლებში, ასე გაგრძელდა 70-იანსა და 80-იანში.

უფრო ზუსტად, დღემდე გრძელდება და ამის ნათელი მაგალითია თბილისის "დინამოსა" და "არარატის" მართლაც ლეგენდარული კაპიტნების, ალექსანდრე ჩივაძისა და ხორენ ოგანესიანის თითქმის 30-წლიანი მეგობრობა, დღემდე რომ გრძელდება...

პოსტსაბჭოთა პერიოდში "დინამოსა" და "არარატს" შორის არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩატარებულა და რამდენიმე მართლაც გამორჩეული იყო; აი, თუნდაც 1965 წლის ის შეხვედრა, "დინამომ" 5:0 რომ მოუგო "არარატს" და ხუთივე გოლი პრინციპული მეტოქის კარში ილია დათუნაშვილმა გაიტანა!

ან, თუნდაც, 1971 წლის სეზონი გავიხსენოთ, როცა პირველ წრეში "არარატმა" სასტიკი მარცხი აგემა თავის პრინციპულ მეტოქეს და 4:0 მოუგო... თბილისში!

თუმცა მეორე წრეში ჩვენების რევანში ბევრად უფრო მტკივნეული უნდა ყოფილიყო მეტოქისათვის: იმავე წლის 15 სექტემბერს, ერევანში, "რაზდანზე" პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა და ისე დაემთხვა, რომ ახალ სტადიონზე ჩატარებულ პირველსავე მატჩში "არარატი" 0:1 დამარცხდა თბილისის "დინამოსთან" (ერთადერთი გოლი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანა).

ზემოხსენებული მატჩების გარდა, რაღა თქმა უნდა, 1976 წლის საბჭოთა კავშირის თასის ფინალიც უნდა ვახსენოთ, როცა თბილისის "დინამომ" დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძისა და რევაზ ჩელებაძის გოლებით 3:0 დაამარცხა "არარატი" და პირველად მოიპოვა თასი...

საერთოდ კი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში "დინამომ" და "არარატმა" ერთმანეთში 58 მატჩი გამართეს და უპირატესობა ჩვენს მხარესაა: 23 მოგება, 16 ფრე, 19 წაგება, ბურთების სხვაობა - 75:62.

დაბოლოს, კიდევ ერთ სტატისტიკურ მაჩვენებელზეც: საქართველოს ნაკრების ისტორიაში დღემდე სარეკორდოდ რჩება 1997 წლის 30 მარტს გამართული მატჩის შედეგი, როცა დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენმა ნაკრებმა 7:0 მოუგო სომხეთის ნაკრებს!

იმ მატჩში შოთა არველაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, არჩილ არველაძემ - დუბლი, თითო გოლი კი გიორგი ქინქლაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს...

კურიოზული მარცხი, სარეკორდო მოგება...
საქართველომ 1990 წლიდან გადაწყვიტა დამოუკიდებელი ჩემპიონატის ჩატარება, სომხეთმა კი - 1992 წლიდან. თუმცა ისე მოხდა, რომ ქართულ-სომხური გუნდები 1997 წლამდე არ ხვდებოდნენ ერთმანეთს ევროტურნირებზე...

და აი, დამოუკიდებელი ქვეყნების სახელით პირველი დაპირისპირების დროც დადგა: 1997 წელს, თასების თასის პირველ შესარჩევ ეტაპზე შოთა ჭეიშვილის დამოძღვრილ ბათუმის "დინამოს" მეტოქედ ერევნის "არარატი" ერგო! პირველი მატჩი ბათუმში გაიმართა და "დინამომ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 4:2 (გოლები: ჯუბა ჩუხუა 2, ავთანდილ ღლონტი, გელა შეყილაძე).

თუმცა, როგორც მერე გაირკვა, ბათუმელთა გუნდში დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს უთამაშია და "დინამოსაც" წაგება ჩაეთვალა (0:3).

საპასუხო მატჩი ჩვენი გუნდისათვის ისე დაიწყო, უკეთესს ვერ ინატრებდი: როსტომ თორღაშვილისა და ივანე მახარაძის გოლებით "დინამო" პირველ ტაიმშივე დაწინაურდა ორბურთიანი უპირატესობით, მაგრამ ეს ანგარიში (0:2) აღარ შეცვლილა და მომდევნო ეტაპზეც "არარატი" გავიდა.

ამის მერე კიდევ ერთხელღა მოხდა, როცა ქართულ-სომხური გუნდების დაპირისპირების დროს მომდევნო ეტაპზე ჩვენ ვერ გავდიოდით: 2005 წელს, უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" სტუმრად 3:2 (გოლები: გიორგი ალავერდაშვილი, ლაშა ქებაძე, გიორგი ონიანი) მოუგო ერევნის "ბანანცს".

თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, საპასუხო მატჩში "ლოკომოტივი" შინ 0:2 დამარცხდა "ბანანცთან" და ასპარეზობას გამოეთიშა.

აი, ეს იყო და ეს: დანარჩენ ოთხ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ქართული გუნდი გადიოდა და ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით აღსანიშნავი 1998 წლის ზაფხულია, როცა "ინტერტოტოს თასის" პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ევროტურნირების დებიუტანტმა ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე 6:0 (გოლები: გიორგი მეგრელაძე-2, დავით ჯანაშია-2, ზაზა ვაჩიბერაძე, კახა კვეტენაძე) მოუგო "ერებუნის".

საპასუხო მატჩი, ფაქტობრივად, ფორმალობად იქცა, თუმცა სოსო ფრუიძის დამოძღვრილმა "ტორპედომ" არც სომხეთში წააგო და ფრედ, 1:1 (გოლი: შალვა ხუჯაძე) ითამაშა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართულმა გუნდმა ევროტურნირებზე ექვსბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა...

წარმატებული სერია
ისე მოხდა, რომ 2006 წლის ზაფხულში ევროტურნირებზე, ქართულ-სომხური გუნდების ერთდროულად ორი დაპირისპირება ვიხილეთ და ორივეში ვიმარჯვეთ;

უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ამერმა" საშინაო მატჩი კი წააგო (0:1) "ბანანცთან", სამაგიეროდ, გიორგი ჩიხრაძის დამოძღვრილმა გუნდმა ერევანში იყოჩაღა და 2:1 (გოლები: რატი წინამძღვრიშვილი, დენის დობროვოლსკი) მოიგო.

აი, რაც შეეხება "ინტერტოტოს თასის" საწყის ეტაპზე მოასპარეზე თბილისის "დინამოს", კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა სტუმრად 5:1 (გოლები: ჯაბა დვალი 2, მიხეილ ხუციშვილი, მიხეილ ბობოხიძე, ტორნინი) მოიგო, შინ კი - 3:0 (გოლები: შოთა გრიგალაშვილი, დავით გიგაური, სანდრო იაშვილი).

ბოლო დაპირისპირება კი სომხურ გუნდებთან 2011 წელს გვქონდა, როცა არმაზ ჯელაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე რუსთავის "მეტალურგმა" ირაკლი ქობალიას ერთადერთი გოლის წყალობით "ბანანცი" დაამარცხა, საპასუხო შეხვედრაში კი 1:1 (გოლი: გიორგი მიქაბერიძე) ითამაშა და მომდევნო ეტაპზეც გავიდა.

საერთოდ კი, ევროტურნირებზე ქართულ-სომხური გუნდების ურთიერთდაპირისპირებათა სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია: 12 მატჩი, 7 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება, ბურთების სხვაობა: 24-12.

იმედია, ეს დადებითი ბალანსი "დილა"-"შირაქის" ორრაუნდიანი დაპირისპირების შემდეგაც არ შეიცვლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველა ქართული გუნდის იმედი მაქვს, წარმატებები!
გუჯა კახაძე
15:48 30-06-2016
0
ვერ გავიგე სამტრედია გაბალას მეორე არხი გადასცემს პირდაპირ პირველმა არხმა ვერ გაუშვა ეს თამაში თრიალეთი საქართველოს არ ფარავს
dato
11:25 30-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული