TimeLine: რა დაშავდება, ზონის წესი ფეხბურთშიც რომ დავნერგოთ?

AutoSharing Option
ფეხბურთი გაუფერულდა. არ მეთანხმებით? ქართული კლუბების ევროპულ ტურნირებზე გამოსვლას კი არ ვგულისხმობ, ნამდვილ ფეხბურთზე ვამბობ, საფრანგეთის სტადიონებზე რომ გაჩაღდა.

მაგალითი
მაგალითისთვის ხორვატიის ნაკრები ავიღოთ: ჯგუფურ ეტაპზე მშვენივრად იბრძოლა, კარგი თამაშით ესპანეთიც კი დაამარცხა, მაგრამ მოვიდა პლეი ოფი და დადგა. დადგა და ელოდა, როდის ჩაივლიდა 120 წუთი, რომ პენალტების სერიაში დაემარცხებინა პორტუგალია.

თავის მხრივ, კრიშტიანო რონალდო და კომპანიაც მშვიდად აგორებდნენ ბურთს, ალბათ, ისინიც კარგად მოემზადნენ პენალტებისთვის. თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა - მეორე დამატებითი ტაიმის ბოლოს პორტუგალიელებს გაუვარდათ და მოიგეს.

უელსი-ჩრდილოეთ ირლანდია, პოლონეთი-შვეიცარია,
გერმანია-პოლონეთი, პორტუგალია-პოლონეთი... კიდევ უამრავი ისეთი მატჩი იყო, რომლის ბოლოს ბევრს გაუჩნდებოდა შეგრძნება, რომ დრო ტყუილად დაკარგა.

მიზეზი
ჩნდება კითხვა: რატომ იმატა ნაკლებად სანახაობრივმა შეხვედრებმა? იმიტომ, რომ ევროპულ გუნდებში იშვიათია ფეხბურთელები, შეტევაში დიდი ინდივიდუალურობით რომ გამოირჩეოდნენ. სტანდარტული შემტევების შეჩერება კი სტანდარტულ მცველებს არ უჭირთ.

ევროპაში (ახლა უკვე მთელ მსოფლიოშიც) დაცვას შეტევასთან უპირატესობა ნამდვილად აქვს. ამიტომ გუნდები, უპირველესად, დაცვაზე ფიქრობენ. თუ სწრაფი შეტევის შანსი მიეცემათ, ხომ კარგი (როგორც პოლონეთმა გაუტანა შვეიცარიას), თუ არა, ჯობს, პენალტების სერიას დაელოდონ.

120 წუთის განმავლობაში ხორვატებმა პორტუგალიასთან ტემპს მხოლოდ 5 წუთით მოუმატეს, მაგრამ სწორედ მაშინ მიიღეს გოლი. თუმცა თავადაც ჰქონდათ გატანის კარგი შანსი.

იყო კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც არ იტკიებდნენ გუნდები თავს - ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდათ.

რევოლუცია
...და რა დააშავა გულშემატკივარმა, რატომ უნდა უყუროს უფერულ მატჩებს? გამოსავალია მოსაძებნი.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ფიფა თუ უეფა ევრო-2016-ის შემდეგ სერიოზულად დაფიქრდებიან ფეხბურთის წესებში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე, რამაც სპორტის ამ სახეობას მეტი სანახაობრიობა, მობილურობა და სისწრაფე უნდა შემატოს.

თუმცა კართან ცხვრების გამობმა (უმოქმედოდ რომ ატარებენ 90 წუთს) კი არ არის გამოსავალი, არამედ ძირეული რეფორმებია გასატარებელი.

ფეხბურთს რევოლუცია მოსწყურდა. წითელი რევოლუცია? - არა. ვარდებისა? - არა. ნარინჯისფერი? - არა. ნარინჯისფერი რევოლუცია 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო - ჰოლანდიელებმა ტოტალური ფეხბურთი დაამკვიდრეს. დღეს სხვაგვარი რევოლუციაა საჭირო. მაგალითად - საკალათბურთო.

აკრძალვები
ვიდრე საკალათბურთო რევოლუციას მივადგებოდე, გავიხსენოთ, რომ თავის დროზე აიკრძალა მეკარისთვის ბურთის ფეხით დაბრუნება. ასევე, გოლკიპერებს დაუწესდათ ლიმიტი, რამდენ წამს შეუძლიათ ბურთის ფლობა... ეს ყველაფერი თამაშის ტემპის მომატებისთვის გაკეთდა.

თავის დროზე კალათბურთშიც არ იყო შეზღუდვები, მაგრამ დროულად დაწესდა ზონის წესი და კიდევ უფრო სანახაობრივი გახდა.

კალათბურთში საკუთარიდან მეტოქის ნახევრამდე ბურთის გადატანისთვის 8 წამია გამოყოფილი, ხოლო შეტევის დასასრულებლად - 24 წამი. 24 წამში უნდა მოასწრონ მოთამაშეებმა მეტოქის კალათისკენ ბურთის ტყორცნა.

წარმოვიდგინოთ, რა სანახავი იქნება საფეხბურთო მატჩი ამგვარი შეზღუდვებით. ოღონდ, რადგან ფეხბურთში დიდი მოედანია, დრო უნდა გაიზარდოს. მაგალითად, ფეხბურთელებმა საკუთარი ნახევრიდან ბურთი, ვთქვათ, წუთში გადაიტანონ, შეტევისთვის კი სულ 3 წუთი ჰქონდეთ. ეს ხომ გუნდებს აიძულებს, ყოველ 3 წუთში ერთხელ მეტოქის კარში დაარტყან, შედარებით მაღალ ტემპში ითამაშონ...

და კიდევ ერთი: კალათბურთში ბურთი მეტოქის ნახევარზე რომ გადავა, უკან დაბრუნების უფლება აღარავის აქვს. ეს წესი ფეხბურთშიც მეტად საინტერესოდ ჩაეწერებოდა. აბა, რა მშვენიერი იქნებოდა ფეხბურთი საკუთარ ნახევარზე გამობრუნების თუ მეკარისთვის ბურთის დაგორების გარეშე...

ცხადია, ეს ყველაფერი დღეს არარეალურია, მკითხველიც მიხვდებოდა, რომ სერიოზულად არ არის დაწერილი, თუმცა საკალათბურთო წესების მიხედვით გამართული მატჩის ხილვა სულაც არ იქნებოდა ურიგო. მთლად საკალათბურთო არა, მაგრამ ხელბურთის ანგარიშით მაინც დასრულდებოდა. მაგალითად, ასე: გერმანია-საფრანგეთი 24:20. ასეთი ნაკრებების შესრულებით 42 გოლი კი ნამდვილად სასიამოვნო სანახავი იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
თავიდან პენლებიც, ზურგზე ნომრები, ცვლილება, საერთოდ ფეხბურთის თამაშიც სისულედ აღიქმებოდა. ჩემი აზრით ძალიან სწორი და დროული
ავიმუსაიფი
16:48 09-07-2016
0
დზან დზაან სისულელეა
futbalista
14:57 09-07-2016
0

სიახლეები პოპულარული