გამორიცხული არაფერია... ჯაბა მუჯირის მეგობრული ჟესტი და ირანულ-ქართული ტენდენცია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, საქართველოში შეკრებაზეა ირანის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ახლად აღზევებული საფეხბურთო კლუბი - თავრიზის "მეშინ შაჰრდარი". სწორედ ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას "რუსთავის" 23 წლის ნახევარმცველი კახა კაკაშვილი.

ამ ტრანსფერს საინტერესო ისტორია აქვს. "რუსთავთან" მატჩის შემდეგ ჩვენებური ფეხბურთელის გარჯა ირანული კლუბის მთავარ მწვრთნელს, ახლო წარსულში "ჰამბურგის" ფეხბურთელ რასულ ხათიბის თვალში რომ მოუვიდა, საქმეში თავისი ყოფილი თანაგუნდელი ჯაბა მუჯირი ჩარია.

მუჯირი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას ხელმძღვანელობს. საქართველოში ის "ვიტ ჯორჯიის" ღირსებას იცავდა. ამის შემდეგ კარიერა ირანში გააგრძელა და იქაურ კლუბებში ითამაშა... ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო
იქნება მუჯირის ნაამბობი ირანულ ფეხბურთზე, საქართველოსთან კავშირებზე...

ფაქტია, არსებობს ტენდენცია ირანული კლუბების მხრიდან ქართული ფეხბურთით დაინტერესებისა და სხვებთან ერთად, ამაში წვლილი ყოფილ ფეხბურთელს, ლევან შავგულიძესაც მიუძღვის.

- რუსთავიდან თავრიზში - კახა კაკაშვილი ირანულმა გუნდმა წაიყვანა
- სამი მიზეზი, რის გამოც ირანელები ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდებაზე ფიქრობენ

ახლა კი ჯაბა მუჯირს მოვუსმინოთ:

"რუსთავთან" შეხვედრაში ირანული გუნდის მთავარ მწვრთნელს, რასულ ხათიბის ძალიან მოეწონა კაკაშვილის თამაში. მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს. კარგა ხნის განმავლობაში ერთად ვთამაშობდით და მთხოვა, რაც შეგიძლია, ამ ფეხბურთელზე გამირკვიეო და მეც დავეხმარე. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა...

ვაპირებ თუ არა ირანელებთან თანამშრომლობას? ამ ეტაპზე, უბრალოდ, ჩემს ყოფილ თანაგუნდელს დავეხმარე. ეს იყო მეგობრული ჟესტი. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

რაც შეეხება ირანულ საკლუბო ფეხბურთს, მისი პროგრესი თვალსაჩინოა. ირანელებს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა აქვთ აზიაში. იქაური კლუბები წარმატებით თამაშობენ აზიის საკლუბო ტურნირებზე...

ხომ ამხელა ქვეყანაა ირანი და ასეთი კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ლეგიონერების რაოდენობა რომ დათვალო, შესაძლოა, ათსაც არ გადასცდეს. საშუალოევროპული დონის კლუბში წასვლას ირანელ ფეხბურთელს შინ დარჩენა ურჩევნია, რადგან ანაზღაურება იგივე აქვს და თან - სახლშია...

კლუბებს ირანში კერძო ინვესტორები აფინანსებენ, თუმცა ისიცაა, რომ ყველა მსხვილი წარმოება ვალდებულია, თანხის ერთი პროცენტი სპორტში დააბანდოს", - გვითხრა მუჯირმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ირანი, რა სირია და აზია, ევროპულ ფეხბურთზე უნდა იყოს სწორება,რა ძნელი მისახვედრია
ალეკსანდრე
15:39 12-07-2016
0

სიახლეები პოპულარული