დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ 2:0 მოუგო სომხეთის ჩემპიონ "ალაშკერტს" და მომდევნო ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი დაიბევა ერევანში გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ.

თუ პირველ ტაიმში "დინამო" ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, რაც იმას უნდა დაბრალდეს, რომ თბილისური გრანდი სეზონში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა, მეორე ნახევარში იურაი იარაბეკის გუნდმა მშვენიერი თამაში აჩვენა და სადაც სამართალი იყო, სომეხთა კარში კიდევ უნდა გაეტანა გოლი (თუ გოლები არა).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

იარაბეკმა თავიდან კლასიკური 4-4-2 ტაქტიკური
სქემა აირჩია. კარში გუნდის ფრანგი ახალწვეული ენტონი სკრიბე დადგა. მარჯვენა მცველის პოზიციაზე უჩა ლობჟანიძე იყო, ცენტრში - რენე ფერეირა და ალეკო ამისულაშვილი, ხოლო მარცხენა მცველად "დინამოს" ხორვატი ახალწვეული მატია შპიჩიჩი მოგვევლინა.

ნახევარდაცვაში მარჯვნივ ჯაბა ჯიღაური დადგა, საყრდენებად - ლაშა პარუნაშვილი და სტეფან ველევი, მარცხნივ კი თავისი ადგილი დაიკავა ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ხოლო ფორვარდებად იარაბეკმა მეტოქის კარზე გიორგი ქვილითაია და ლადო დვალიშვილი მიუშვა.

პირველი ტაიმი ისე გაილია, ასპროცენტიანი საგოლე მომენტი რასაც ჰქვია, "დინამოს" სტუმართა კართან არ შეუქმნია. სეზონის პირველ მატჩში "შესვლა" ფეხბურთელებს აშკარად გაუჭირდათ. მკაცრ პრესინგზე მომართული "ალაშკერტი" ძალიან მშვიდად იცავდა თავს და კონტრშეტევებში ეძებდა ბედს...

პირველი ტაიმის განმავლობაში სულ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ვიხილეთ სომხეთის ჩემპიონის კართან. პირველად სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა ამისულაშვილმა კარგად შეასრულა "სტანდარტული", მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა მეტოქის კარს.

მორიგი სახიფათო შეტევაც "დინამოსი" იყო. ამჯერად ქვილითაიამ დასწრებაზე ითამაშა და ბურთს ხეირიანად რომ მისწვდენოდა, ანგარიში აუცილებლად შეიცვლებოდა. ტაიმის ბოლომდე "დინამომ" კიდევ ერთი კომბინაცია გაათამაშა - დვალიშვილმა ქვილითაიას გადააწოდა, ამან კი ჯიღაურს უპასა, თუმცა საბოლოო დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ცხადად გამოჩნდა, რომ "დინამოს" თამაში კორექტივებს ითხოვდა. განსაკუთრებით საშური იყო გაცილებით მეტი შემოქმედება მოედნის ცენტრში და უნდა ითქვას, რომ იარაბეკმა აშკარად სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება.

მეორე ტაიმი სულ ახალი დაწყებული იყო, როცა ლობჟანიძემ მორიგი ტრავმა (პირველ ტაიმშიც დაშავდა, მაგრამ მოედანზე დაბრუნება შეძლო) მიიღო, თამაში ვეღარ გააგრძელა და იარაბეკმა მინდორზე ოთარ კიტეიშვილს უხმო. მან მინდვრის ცენტრში დაიკავა ადგილი, ველევი კი მარჯვენა მცველად გადავიდა.

კიტეიშვილის მინდორზე გამოსვლის შემდეგ "დინამო" სხვა გუნდი გახდა - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში.

საერთოდ, მეორე ტაიმმა საქართველოს ჩემპიონის აშკარა დომინაციით ჩაიარა და ამაში სოლიდური წვლილი იარაბეკს მიუძღვის. ჯერ ერთი, სლოვაკმა კარგად გადააწყო თამაში და მეორეც - სისხლი გაუშრო მეტოქეს იმით, რომ ჩვენი ნახევარმცველები მეორე ტაიმში ხშირად იცვლიდნენ პოზიციებს, რაც სომეხთა ისედაც დაღლილ დაცვას კიდევ უფრო მძიმე დღეში აგდებდა.

...საგოლე მომენტმაც არ დაახანა. ველევის ჩაწოდების შემდეგ ჭანტურიშვილმა დაარტყა, თუმცა "ალაშკერტი" მეკარე კასპაროვმა გადაარჩინა.

56-ე წუთზე "დინამოს" მიძალება უკვე გოლით დასრულდა. ჭანტურიშვილმა კიტეიშვილი მონახა, რომელმაც რამდენიმე მეტოქის გარემოცვაში დასარტყმელი დერეფანი მოძებნა და საჯარიმოს ხაზიდან ბურთი მეკარისგან შორეულ დაბალ კუთხეში მოათავსა - 1:0.

69-ე წუთზე "დინამოს" უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა. სომეხმა მცველებმა საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს ჯიღაური და რუმინელმა არბიტრმა სებასტიან კოლტესკუმ სავსებით მართებულად დანიშნა 11-მეტრიანი. ბურთთან ქვილითაია მივიდა და კასპაროვს შანსი არ დაუტოვა.

"დინამოს" უპირატესობა ორბურთიანი გახდა და ერთიც რომ გაეტანა, ყველაფერი თბილისში დასრულდებოდა. არადა, იარაბეკის ბიჭებს ცდა არ დაუკლიათ, მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა... სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ შეიძლებოდა, აქეთაც გაგვეშვა.

75-ე წუთზე "ალაშკერტმა" უმწვავესი კონტრშეტევა განახორციელა. გრიგორიანის დარტყმის შემდეგ ბურთი რენე ფერეირას (გუშინ შესანიშნავად ითამაშა) მოხვდა ფეხზე და კარისკენ დაეშვა - "დინამო" ძელმა იხსნა.

ამის შემდეგ ისევ მასპინძელთა ჯერი დადგა. მეკარესთან პირისპირ გასულმა დვალიშვილმა, ვინც გუშინ ძალიან ბევრი იშრომა, დაწოლილ მეკარეს ვერ გადააცილა ბურთი, უკუგდებულს კი შეცვლაზე შესულმა გიორგი პაპუნაშვილმა დაამატა, მაგრამ ისევ მეკარემ იმარჯვა.

გადავრჩით ბოლოშიც. სომეხთა "სტანდარტულის" შემდეგ დაშიანმა თავით მოიგო ორთაბრძოლა და დაარტყა კიდეც - ბურთი ოდნავ ასცდა სკრიბეს კარს.

მოკლედ, "დინამომ" სოლიდური ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ. და მაინც, 2:0 არამც და არამც არ იძლევა დამშვიდების საშუალებას...

ამ "დინამოს" აქვს უკეთ თამაშის რესურსი. ვისურვებდით მეტ "სირბილეს" მინდვრის ცენტრში და თუნდაც, მათე ცინცაძის მეტად დატვირთვას. ერთი შეხედვით, ისიც გამოჩნდა, რომ ველევი მარჯვენა მცველად უკეთესია, ვიდრე საყრდენად.

წვრილმანი შენიშვნები არაფერს ნიშნავს. მართალია, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება გვსურდა, მაგრამ ისიც დავინახეთ, რომ მწვრთნელი ფორმალურად არ ზის სათადარიგოთა სკამზე და საჭიროების შემთხვევაში, თამაშის მსვლელობაში ჩარევა ეფექტურად შეუძლია.

მატჩის შემდეგ
იურაი იარაბეკი: მთავარია, გოლი არ გავუშვით!
"ალაშკერტის" მწვრთნელი: მეტი ხალხი უნდა ესწრებოდეს მატჩს, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა?!
ოთარ კიტეიშვილი: იარაბეკს დავალება არ მოუცია, უბრალოდ მითხრა, შენი იმედი მაქვსო
გიორგი პაპუნაშვილი: გამოჩნდა, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდები სასურველ ფორმას

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
12.07. თბილისი. "დინამო არენა". 15 000 მაყურებელი
დინამო-ალაშკერტი 2:0
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (56), 2:0 ქვილითაია (69-პენ)
დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე (49. კიტეიშვილი), რენე ფერეირა, ამისულაშვილი, შპიჩიჩი, ჭანტურიშვილი, ველევი, პარუნაშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი (83. კურიე), ქვილითაია (76. პაპუნაშვილი).
სათადარიგოები: ლომაია, ცინცაძე, ალვარო, ჭელიძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
ალაშკერტი: კასპაროვი, არტაკ იედიგარიანი, მინასიანი, ტაშიჩი (46. ბარეგამიანი), ვოსკანიანი, პოღოსიანი, დაშიანი, გრიგორიანი, მურადიანი, სავინი (64. არტურ იედიგარიანი), გოზალიანი (83. მელქონიანი).
სათადარიგოები: ბეგლარიანი, ღაზარიანი, ი. კვეკვესკირი, ვერანიანი
მწვრთნელი: აბრამ ხაშმანიანი
გაფრთხილება: მინასიანი (28), პოღოსიანი (37), კიტეიშვილი (51), ბარეგამიანი (70)
არბიტრი: სებასტიან კოლტესკუ (რუმინეთი).

სტატისტიკა
16 კარში დარტყმა 5
6 მიზანში დარტყმა 1
6 კუთხური 0
1 თამაშგარე 2
15 ჯარიმა 23
59% ბურთის ფლობა 41%

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
გუნდს გუნდობის არფერი ეტყობოდა რამდენიმე ფეხბურთელმა ძალიან სუსტად ითამაშა განსაკუთრებით ხორვატმა ძაან მეეჭვება ამ შემადგენლობით რამეს მიახწიონ
MERO
13 ივლისი 2016 11:56
0
მრავალფეროვანი და საშიში DDDDDDDDDD
ggg
13 ივლისი 2016 11:04
0
წესით, თუ გავითვალისწინებთ, რომ დინამოსთვის პირველი ოფიციალური თამაში იყო, ხოლო ალაშკერტისთვის მესამე, დინამო ცუდად არ გამოიყურებოდა მეორე ტაიმში. თუ რამეზე გვაქვს პრეტენზია წესით იქაც უნდა მოვიგოთ. სომხები შეგვიტევენ რადგან ორი გოლი უნდა გაიტანონ და უნდათ თუ არა სივრცეები გამონთავისუფლდება, რაც კიტეიშვილისთვის, პაპუნაშვილისთვის და დვალიშვილი ქვილითაიასთვის მისწრებაა. რეალურად რომ ავიღოთ დინამოს მომატების შანსი აქვს, მთავარია იმ ჟინით ითამაშონ რაც მეორე ტაიმში გააკეთეს. ერთიცაა, ძალიან ცდილობდნენ კომბინაციურ კოლექტიური ფეხბურთის თამაშს, მაგრამ პირველი გოლი მაინც ინდივიდუალური იყო. მგონია, რომ კიდევ შეთამაშდებიან.
გულშემატკივარი
13 ივლისი 2016 10:50
0
პირველი ტაიმი საზიზღარი იყო. არც მეორეში მოუკლიათ თავი მაგრამ რამდენიც ტემპს მოუმატეს იმდენი მომენტი შექმნეს. რენე ყველაზე კლასნია ამ ფორმაციის დინამოში და პლიუს სტაბილური
მინდია
13 ივლისი 2016 10:31
0
პარუნაშვილი იყო ძაან ცუდი გუშინ და კიდევ მეკარე სკრიბეს აშკარად ეტყობა დაბალი კლასი სამწუხაროდ. დვალიშვილი კარგი შენაძენია, კიტეიშვილი მაგარია, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი დღესდღეობით, ჭანტურიშვილს გაცილებით მეტი შეუძლია ვერ ითამაშა, ისევე, როგორც ქვილითაიამ, რენე საუკეთესო იყო და შპიჩიჩი ტყუილა მოიყვანეს თევზაძე ჯობია
შაკო
13 ივლისი 2016 10:20
0
კარგია რაც კარგად მთავრდება!...მაგრამ შემდეგში თამაშის დღევანდელი ხარისხი რამდენად იქნება საკმარისი?...საერთოდ თავიდანავე სკეპტიკურად შევხვდი სლოვაკი მწვრთნელის დანიშვნას,მაგრამ გეგუჩაძის მიერ იარბეკის შექებამ გამახარა,რომ იქნებ იარბეკი არ იქნება უჰრინ–დოსიდალის გაგრძელება,თან იმედი მქონდა ,რომ სლოვაკი ფიზიკაში მოამატებინებდა გუნდს,სისწრაფეები მოიმატებდა და საბოლოოდ ტემპი,ხარისხი....დღეს თამაშის ხარისხი საშინელი იყო პირველ ტაიმში,მეორეში გამოასწორეს(კიტეიშვილის ფაქტორი,ველევის მარჯვნივ გადაყვანამ ითამაშა როლი),საერთოდ ფიზიკა აუცილებელია !ფიზიკის გარეშე ფეხბურთს ვერ ითამაშებ და ფიზიკაზე ნებისმიერმა მწვრთნელმა უნდა იმუშავოს!მაგრამ მაინც არ მესმის დინამოს ხემძღვანელობის გატაცება ჩეხოსლოვაკიური ფეხბურთით.აპრიორი მწვრთნელის ეროვნულება არ განსაზღვარავს თამაშის სტილს(აიაქსში ტოტალური ფეხბურთი უნგრელმა კოვაჩმა დააფუძნა,განავითარა მიხელსმა,ხოლო ბარსაში კროიფმა დანერგა დღევანდელი ესპანური ფებურთი ,მაგრამ....დღეს გერმანელებიც( ვერ წარმოვიდგენდი 80–90წწ–ში,განსაკუთრებით გერმანიის 2000–2002წწ–ის საშინელი ნაკრების შემდეგ) კი ,,ესპანურ,,ფეხბურთს თამაშობენ ბურთის ფლობით,პლასტიკა,ესტეთიკა,პასები..!!!ჩვენ ?...ლეგიონერები–ლეგიონერი აშკარად ,მთელი თავით უნდა ჯაბნიდეს ადგილობრივს!მეკარე ალბათ კარგია,ველევიც არ იყო ცუდი მარჯვნივ,მაგრამ მარცხნიც ხორვატში თევზაძეზე უკეთესი ვერ დავინახე(((ლეგიონერების დამატებით სათადაროგო სკამი გაიზარდა,მაგრამ ხარისხი?...დინამოს სტატისტიკაა საინტერესო–რამდენი ირბინა გუნდმა?თითოეულმა?აქედან სისწრაფეში?პასების რაოდენობა?ზუსტიპასები თითოეულ ფებურთელზე...საყრდენს ზუსტი პასების მინიმუმი 85%უნდა იყოს.რამდენი აქვს პარუნაშვილს?ვიზუალურად დღეს პარუნაშვლმა საერთოდ ძალიან ბევრი ბურთი დაკარგა(((საინტერესოა მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობა,რომლითაც გამოირჩევა ატლეტიკო(საუკეთესო შედეგი აქვს ტოპ–5ჩემპიონატში!).....პ.ს.იმედი ვიქონიოთ,რომ ჯერჯერობით ფიზიკური დატვირთვების ფონზე თამაშობენ და მომავალში ხარისხი გაუმჯობესდება
ზაზა
13 ივლისი 2016 10:16
0

სიახლეები პოპულარული