ლეგიონი ევროპალიგაზე: ზავი "ქართულ დერბიში", კვეკვესკირის გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა ცხადაძის თანაშემწე გიორგი ჩიხრაძე და შოთა არველაძე
ევროპალიგაზე ქართული კლუბები აღარ არიან, მაგრამ სამაგიეროდ, არიან ქართველი მწვრთნელები და ცალკეულ გუნდებში მოთამაშე ჩვენებურები. ბედის ირონიით, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა ცხადაძისა და შოთა არველაძის გზები გადაიკვეთა.

ორი მეგობრის პირველი სამწვრთნელო დუელი, თან ოფიციალურ დონეზე, ყაზახეთში შედგა, სადაც ალმათის "ქაირათი" თელ-ავივის "მაკაბის" მასპინძლობდა.

მთელი მატჩი ძლიერი წვიმის თანხლებით, ძალზე დრამატულად, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და 1:1 დასრულდა. ანგარიში "ქაირათის" რუსმა ვარსკვლავმა ანდრეი არშავინმა გახსნა, რომელმაც ახლო მანძლიდან ბურთი ერთი შეხებით დაბალ კუთხეში მოათავსა.
ბოლო წუთზე კი კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, "ჩელსისა" და "ლივერპულში" ნათამაშებმა იოსი ბენაიუნმა აღადგინა წონასწორობა.

მთლად ბოლო წამზე ყაზახებმა მეორე ბურთი გაიტანეს, მაგრამ ლაინსმენის კარნახით, არბიტრმა გოლი არ ჩათვალა. შეტევის მომენტში ისლამხანმა მეტოქის მცველს სახეში იდაყვი ჩასცხო, რაც გაძევებად დაუჯდა.

ასეა თუ ისე, ყველაფერი ერთი კვირის შემდეგ, თელ-ავივში გადაწყდება.

მატჩის შემდეგ ცხადაძემ და არველაძემ კომენტარები გააკეთეს:

"ორივე გუნდის შესრულებით მაღალი დონის ფეხბურთი ვიხილეთ. მაღალი იყო თამაშის ტემპიც და ეს იმის მიუხედავად, რომ ძალიან გადატვირთული კალენდარი გვაქვს...

სამწუხაროდ, თამაშის ბოლოს დასანანი გოლი გაუშვით. პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა მეორე ნახევრის დასაწყისში დავთმეთ...

იმედი მაქვს, საპასუხო მატჩისთვის ესპანელი მცველი შემოგვიერთდება... მიმაჩნია, რომ დღევანდელი შედეგით არაფერი დამთავრებულა", - თქვა ცხადაძემ.

"მეტოქის მოედანზე ფრედ ვითამაშეთ და გოლიც გავიტანეთ. ეს ყოველთვის უპირატესობაა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მძიმე ბრძოლას ველოდებით. "ქაირათს" ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს, განსაკუთრებით - თავდასხმაში.

მეტოქის მინუსი? ალბათ, ის, რომ ბოლო 20-30 წუთი თამაშის საშუალება მოგვცეს. ჩემი გუნდის მინუსებს ჩემთვის დავიტოვებ... არჩათვლილ გოლს რაც შეეხება, ეპიზოდი არ დამინახავს. თუ მსაჯი მართალია, მაშინ მას მადლობას ვეტყვი", - ეს კი არველაძის სიტყვებია.

* * *
ბუდაპეშტში კი გოლი გაიტანა ნიკა კვეკვესკირმა. იქაური მტკ ჩვენთვის კარგად ნაცნობ "გაბალას" მასპინძლობდა. სტუმრებმა 2:1 გაიმარჯვეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს შემდგომი ეტაპისკენ.

24-ე წუთზე ანგარიში სწორედ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, საჯარიმო დარტყმით გახსნა. კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ესტონეთში მოულოდნელი მარცხი შეემთხვა პრაღის "სლავიას". ლევან ყენია და მისი თანაგუნდელები ადგილობრივ "ლევადიასთან" 1:3 დამარცხდნენ. ყენიამ 61-ე წუთიდან ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია ნიკა ამ წელს უკეთეს ლიგაში გადავა
zeke
23:18 15-07-2016
0
ძაან მაგარი და ნიჭიერი ფეხბურთელია კვეკვესქირი და როცა ასეთი ფეხბურთელი გყავს და ძირითადში არ ათამაშებ ნაკრებში ცუდია ვაისო
sura
13:03 15-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული