10:14 20-07-2016
ალაშკერტი-დინამო 1:1 - მშვიდად, თავდაჯერებით, კლასით... [VIDEO]
AutoSharing Option
ამ სტადიაზე ჩვენი ჩემპიონის მეტოქე დღეს, 20 ივლისს გაირკვევა ზაგრების (ხორვატია) "დინამოსა" და სკოპიეს (მაკედონია) "ვარდარის" ჯახში. პირველი თამაში ხორვატებს მაკედონიაში 2:1 აქვთ მოგებული და წყვილის უპირობო ფავორიტები არიან...
...მაგრამ ჩვენ ჯერ ერევნის მატჩს მივხედოთ. იმთავითვე ვთქვათ, რომ "დინამომ" აბსოლუტურად დაიმსახურა შემდეგი ეტაპის საგზური. იურაი იარაბეკის შეგირდებმა პირველივე ტაიმში მოათავეს საქმე, როცა მეტოქის კარში ესოდენ სასურველი გოლი გაიტანეს.
გაუსაძლის, 35-გრადუსიან სიცხეში თამაშს არცთუ ბევრი მაყურებელი დაესწრო. ეს იმის მიუხედავად, რომ შეხვედრის ორგანიზატორებმა მატჩზე უფასო დასწრება გამოაცხადეს. უნდა აღინიშნოს, რომ "დინამო" მაგრად გაამხნევეს მისმა ქომაგებმა და ამ მხრივ, აშკარად აჯობეს ერევნელ გულშემატკივრებს.
იარაბეკმა თამამი, ორშემტევიანი ტაქტიკა აირჩია, "დინამომ" მოწინააღმდეგეს უმკაცრესი პრესინგი დაუწესა და პირველ ტაიმში დაჯაბნა კიდეც. იყო რამდენიმე საგოლე მომენტი და ამათგან თბილისელებმა მხოლოდ ერთი გამოიყენეს - ლადო დვალიშვილი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და გასწვრივი გადაცემა გააკეთა. თითქოს, ბურთი მეკარის უნდა ყოფილიყო, მაგრამ კასპაროვმა ის ვერ დაიმორჩილა და იქვე გაჩნდა ჯაბა ჯიღაური, რომელმაც უპრობლემოდ დააგვირგვინა შეტევა.
ეს მოხდა 22-ე წუთზე. მანამდეც და მერეც პირველ ტაიმში თამაში "დინამოსი" იყო. კარგი მომენტები ჰქონდათ კიტეიშვილს, ქვილითაიას (ორჯერ), ტაიმის ბოლოს გატანა ჭელიძესაც შეეძლო.
პირველი ნახევრის დასრულებას ბევრი აღარაფერი აკლდა, როცა ტრიბუნებზე ჩოჩქოლი ატყდა, მაგრამ სომხურმა პოლიციამ სიტუაცია მალევე დააშოშმინა...
მართალია, მეორე ტაიმი "ალაშკერტმა" გაცილებით უკეთ ჩაატარა, მაგრამ ამის მიუხედავადაც, "დინამოს" მოგება შეეძლო. ეგ იყო მხოლოდ, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში დასანანი გოლი გავუშვით. მანამდე, ქვილითაიას ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი, როცა ხელსაყრელი სიტუაციიდან თავით ურტყამდა, მერე კი იყო გიორგი პაპუნაშვილის უძლიერესი დარტყმა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო სულ ბოლოს ჯიღაურს შეეძლო გატანა, მაგრამ მიზანს ააცილა.
მოკლედ, 1:1 და "დინამო" ძალების განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე, მშვიდად, თავდაჯერებითა და კლასის ხარჯზე გავიდა III საკვალიფიკაციო ეტაპზე.
მატჩის შემდეგ
იურაი იარაბეკი: "რა თქმა უნდა, მძიმე თამაში იყო. პირველ ტაიმში სრულად ვაკონტროლებდით თამაშის მსვლელობას. გვქონდა სამი აშკარა საგოლე მომენტი. მეორე ტაიმშიც გვქონდა მომენტი, მაგრამ ვერ გავიტანეთ... მადლობა ბიჭებს! ჩვენ გადავწყვიტეთ ამოცანა და გავედით შემდგომ ეტაპზე...
რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ტრავმირებული შპიჩიჩის არყოფნაში, ვფიქრობდი, ამ პოზიციაზე თევზაძე დამეყენებინა თუ ჭელიძე. გავითვალისწინე ის, რომ მეტოქე ძალიან სახიფათოა სტანდარტული სიტუაციებისას და ჭელიძის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი. თევზაძე კარგი ფეხბურთელია და მას შანსი აუცილებლად მიეცემა...
ამაღამ მივფრინავ ზაგრებში, სადაც "დინამოსა" და "ვარდარის" საპასუხო შეხვედრას დავესწრები. ზაგრების "დინამო" კარგი გუნდია. მისი ფეხბურთელების საერთო ფასი 75 მილიონს აღწევს, თუმცა ყველა თამაში 0:0-დან იწყება...
ზაგრების "დინამო" ფავორიტია და ეს ჩვენთვის კარგია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი მომავალშიც გავახაროთ".
ალეკო ამისულაშვილი: "შეგვეძლო დღევანდელი თამაშის მოგებაც, მაგრამ საბოლოო შედეგით მაინც კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება ზაგრების "დინამოს" ფავორიტობას, არც "მეორე ნომრად" თამაშია პრობლემა, თუ ეს საჭირო გახდება... მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე გვერდით გვედგა".
ლადო დვალიშვილი: "ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შედეგს, სადაც ჩვენი მეტოქე გაირკვევა. ალბათ, ეს ზაგრების "დინამო" იქნება. მონდომებისა და თავდადების ხარჯზე, ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი".
ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
19.07. ერევანი. "ვაზგენ სარქსიანი". 3 000 მაყურებელი
ალაშკერტი-დინამო 1:1 (პირველი მატჩი 0:2)
გოლები: 0:1 ჯიღაური (22), 1:1 გოზალიანი (51)
ალაშკერტი: კასპაროვი, ვოსკანიანი, ტაშიჩი, მურადიანი, დაშიანი (76. ღაზარიანი), ი. კვეკვესკირი, არტაკ იედიგარიანი, მინასიანი, არტურ იედიგარიანი (65. მელქონიანი), გრიგორიანი (84. ვერონიანი), გოზალიანი.
სათადარიგოები: ბეგლარიანი, პოღოსიანი, ჰოვსეპიანი, სავინი
მწვრთნელი: აბრამ ხაშმანიანი
დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ამისულაშვილი, ჭელიძე, ჯიღაური, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (68. პაპუნაშვილი), ჭანტურიშვილი (84. კურიე), დვალიშვილი, ქვილითაია (62. ცინცაძე).
სათადარიგოები: ლომაია, გელაშვილი, ალვარო, თევზაძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: ამისულაშვილი (51), გრიგორიანი (58), ი. კვეკვესკირი (70)
არბიტრი: მოჰამედ ალ ჰაკიმი (შვედეთი)
იხილეთ სხვა მატჩების შედეგები
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
შენელებული კადრებია?
0
0
ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ კარში დარტყმა,რამდენი გოლის გატანა შეეძლოთ და ააცილეს,ძველად მიდიოდა ვარჯის დროს დარტყმის სწავლება სხვადასხვა კუთხიდან,ასე რომ უნდა დაფიქრდნენ მწვრთნელები!!!
0
0
ვისაც ალაშკერტთან გამარჯვება რამე გგონიათ,წადით და თავები ჩამოიხრჩეთ! ნახეს საამაყო :) :) :)
0
0
თუ მოედანზე ხარ გუნდს ან ეხმარები, ან ვერ ეხმარები. თუ ვერ ეხმარები ე.ი. შენს გასაკეთებელს თანაგუნდელები აკეთებენ და იმათ თავიანთი საქმის გარდა შენი გასაკეთებელი ზედმეტ ტვირთად აწვება და ღლის. ჭანტურიშვილი, პარუნაშვილი და ქვილითაია ორივე თამაშში ძალიან, ძალიან სუსტები იყვნენ. ასეთ ფეხბურთელებს დინამოში ადგილი გარანტირებული სულაც არ უნდა ქონდეთ. მათი შემცვლელები საქართველოს ჩემპიონატში მრავლად მოიძებნებიან. არ ესმის ზოგიერთ დინამოელს თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვს ქართული ფეხბურთის წინაშე. მიუხედავად სუსტი წერტილებისა დინამო არენა გადაიჭედება თუ ამ ხარვეზებს დინამოელები გამოასწორებენ ზაგრებში და გამსვლელ შედეგს დადებენ. დინამო იმსახურებს გულშემატკივრის გვერდში დგომას დღეს ისე როგორც არასდროს.
0
0
იმედია ზაგრებში სხვანაირად ითამაშებენ,მეკარე აშკარად სუსტია,ჩვენ გასაცოდავებულ ჩემპიონატშიც კი უკეთესის შოვნა შჰეიძლება
0
0
Dinamom epizodebshi kargad itamasha.magram karshi amdeni arazustidartkma aravis epatieba.
0
0
ვინც ვერ ხვდება, რომ ალაშკერტს კლასით დინამომ აჯობა და არა თუ აჯობა, ერთი თავით მაღლა იდგა, არ გეწყინოთ და, იმას ფეხბურთის არაფერი გაეგება.
0
0
ააა,კლასით არა? ვაი თქვენს პატრონს.
0
0
რა კლასი, რა სტრატეგია? სამწუხაროდ მეორე ტაიმს ვუყურე და მრცხვენოდა რასაც ქვია. რა ევრო ტურნირები??? ორი ზუსტი პასი არ კეთდება თუ ბურთი ბალახზე არ გორავს. ალაშკერტზე ოდნავ მაღალი დონის გუნდი, სამარცხვინო დღეში ჩაგვაგდებდა. კიდევ კარგი, გადავრჩით.
0
0
ერთი გუნდი დაგვრჩა ევროპაზე ხალხო და დავუდგეთ გვერდით სანამ დაგვრჩა
0
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული