ოჩამჩირულ ფეხბურთს 100 წელი შეუსრულდა. საქართველოს ამ ულამაზესმა ქალაქმა, რომელიც დღეს დროებითაა მოწყვეტილი მშობლიურ კუთხეს, ბევრი დიდებული ოსტატი აღუზარდა ქვეყანას. ისინი წლების განმავლობაში წარმატებით იცავდნენ თბილისის "დინამოს" ღირსებას.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ ოჩამჩირელთა კავშირ "ერთობის" ხელმძღვანელს, თენგიზ ნორაკიძეს...
- ზუსტად 100 წლის წინათ, 1916 წელს, ოჩამჩირეში პირველი საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა. ამ გუნდს სათავეში ედგა ცნობილი ქართველი მწვრთნელის, გიგა ნორაკიძის მამა, დიდებული პიროვნება - ლევან სპირიდონის ძე ნორაკიძე. ამ ფაქტმა დაუდო სათავე ოჩამჩირულ ფეხბურთს. მერე ჩვენი
- ბატონო თენგიზ, თუ შეიძლება, მოგვიყევით გამოჩენილ ოჩამჩირელ ფეხბურთელებზე...
- პირველი ოჩამჩირელი ფეხბურთელი, ვინც თბილისის "დინამოში" ითამაშა, გახლდათ შესანიშნავი მეკარე ამირან ტყებუჩავა. სხვათა შორის, ის ცნობილ ქართულ ფილმ "ჭირვეულ მეზობლებში" თამაშობს. ამირანს შეეყარა უცნაური დაავადება - ძვლების ტუბერკულოზი. მოსკოვში ნემსი გაუკეთეს, ძალად დააავადმყოფეს. რუსები ამბობდნენ, თუ "დინამოს" ასეთი მეკარე ეყოლება, რა აზრი აქვს მათთან თამაშს, გოლს მაინც ვერ გავუტანთ ქართველებსო...
ტყებუჩავას მერე "დინამოს" კარს იცავდა კიდევ ერთი დიდებული მეკარე, ოჩამჩირელი კაცი, აფხაზი - ვალტერ სანაია. ის ლავრენტი ბერიას კერპი იყო და სწორედ ბერიას პირადი ბრძანებით გადაიყვანეს მოსკოვის "დინამოში". იქ მას დახვდა ლეგენდარული მეკარე ხომიჩი, ვინც მთელი ბრიტანეთი გადარია მოსკოვის "დინამოს" იქაური ტურნეს დროს და სანაიამ ხომიჩი "დასვა" სათადარიგოთა სკამზე! სწორედ ვალტერი გახდა დიდი ლევ იაშინის მასწავლებელი. ამას თვით იაშინიც აღნიშნავდა, რომ მან სანაიასგან ისწავლა საჯარიმო მოედნის მთელ "ფრონტზე" გაბედული მოქმედება...
"დინამოს" მეკარეთა შორის ღირსეული ადგილი უჭირავს ვლადიმერ მარღანიას. ეს დიდებული მეკარე 30 წლის იყო, როცა ავტოავარიაში მოყვა და ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. 1952 წელს ის საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო ოლიმპიურ თამაშებზე. სულ ახალგაზრდა სტალინოს (დღევანდელი დონეცკი) გუნდში თამაშობდა. ნახა ბერიამ მისი თამაშიც. რა უნდა ამას აქ, წაიყვანეთ სასწრაფოდ თბილისის "დინამოშიო", ბრძანა!..
ნიაზ ძიაპშიპა დიდებული ფეხბურთელი გახლდათ, მცველი. "დინამოს" ისტორიაში თავისი კუთვნილი ადგილი უჭირავს. მერე გუნდის უფროსადაც იმუშავა.
გიგა ნორაკიძე 18 წლის იყო, როცა ანდრო ჟორდანიამ აიყვანა თბილისის "სპარტაკში". მაშინ ეს გუნდი პირველად გადავიდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
სამწვრთნელო ასპარეზზე გიგამ დიდი კვალი დატოვა. მთლიანობაში, მან 15 წელი იმუშავა ქუთაისის "ტორპედოში" და გზა გაუკვალა დიდ ფეხბურთში თენგიზ სულაქველიძეს, რამაზ შენგელიას, სერგო კუტივაძეს, გივი და ლევან ნოდიებს, რამაზ ურუშაძეს, ოთარ გაბელიას... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.
მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის პირველ წლებში გიგა ნორაკიძე იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც...
ვიტალი დარასელია 25 წლის იყო, რომ წავიდა. 13 ნომრით თამაშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში, 13 მაისს გაიტანა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გოლი და 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"