დინამო (ზაგრები) VS დინამო (თბილისი) - ფარით ან ფარზე!

AutoSharing Option
დღეს, 26 ივლისს, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" გამართავს. შეხვედრა სტადიონ "მაქსიმირზე" თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეს თამაში თბილისის "დინამოსთვის" 150-ე იქნება ევროასპარეზზე. თამაშის წინ გუნდებმა ვარჯიში ჩაატარეს, მწვრთნელებმა კი პრესკონფერენციები გამართეს.

- იურაი იარაბეკი: ფავორიტები ხართ, მაგრამ აქ ჩვენი კოზირებით ჩამოვედით!
- ზლატკო კრანჩარი: ჩემს ფეხბურთელებს "დინამოსთან" მეტი აგრესიულობა მოვთხოვე!
- თბილისის "დინამომ" ზაგრებში პირველი ვარჯიში გამართა [VIDEO]

კონკრეტულად ამ მატჩის, ზოგადად
კი, ორრაუნდიანი ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია - მოგებულს ჯიბეში ექნება ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზური და ერთი ნაბიჯი დარჩება ჩემპიონთა ლიგის იმავე სტადიამდე...

თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ამ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ხვდება. ტრავმის გამო გუნდს ხორვატიაში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ქვილითაია ვერ გაჰყვა.

"დინამოს" ბულგარელი ლეგიონერი სტეფან ველევი კი გუნდს დააკლდება. ის სომხურ "ალაშკერტთან" თბილისური მატჩისას დაშავდა. არადა, იმ შეხვედრაში ბულგარელი ჯერ საყრდენი ნახევარმცველი იყო, მერე კი დაცვის მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა და იქაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ბოლო ინფორმაციით, ტრავმა მოიშუშა "დინამოს" ხორვატმა ლეგიონერმა მატია შპიჩიჩმა. თუ იურაი იარაბეკი საჭიროდ ჩათვლის, შპიჩიჩი დღეს ითამაშებს.

ქართველებთან მატჩის წინ დანაკლისს ვერ ასცდა ზაგრების "დინამოც". ეგ არის, დისკვალიფიკაციის გამო თამაშს გამოტოვებს სლოვენიელი მარჯვენა მცველი პეტარ სტოიანოვიჩი, ვინც "ვარდართან" ორივე მატჩში თითო ყვითელი ბარათი მიიღო.

ამას გარდა, თბილისის "დინამოსთან" მატჩის წინ ზაგრებულმა კლუბმა მართლაც რომ განსაკუთრებული ფეხბურთელი დაკარგა. მხედველობაში გვყავს ხორვატიის მთავარი და ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი, შემტევი ნახევარმცველი მარკო პიაცა. რამდენიმე დღის წინ "იუვენტუსმა" ამ 21 წლის ფეხბურთელში 25 მილიონი ევრო გადაიხადა და ეს შემთხვევით არ მომხდარა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პიაცას მინდორზე ყველაფერი შეუძლია. ის მოქმედებს ორივე ფლანგზე და ცენტრისკენაც სახიფათოდ იწევს.

სწორედ პიაცამ მიითვალა დუბლი ზაგრების "დინამოსთვის" უმნიშვნელოვანეს საშინაო მატჩში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, როცა ხორვატიის ჩემპიონი "ვარდარის" მედგარი წინააღმდეგობის დაძლევას ცდილობდა...

თუ დღეს საღამოს არაფერი შეიცვალა, გუნდშია მარკო როგი - კიდევ ერთი ტალანტი ზაგრებიდან, რომელსაც კარგა ხანია ყურადღებით აკვირდებიან სერია A-ს გამორჩეული კლუბების სელექციონერები. ბოლო ინფორმაცით, როგის გადაბირება "ნაპოლის" სურდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს საქმე წინ არ წასულა და ჩანს, ეს 21 წლის ახალგაზრდაც ითამაშებს ჩვენი "დინამოს" წინააღმდეგ.

ეტყობა, ჩემპიონთა ლიგის საპასუხისმგებლო მატჩის წინ ზაგრებული კლუბის ხელმძღვანელობამ ვერ გარისკა ერთბაშად ორი ლიდერის გაყიდვა.

მძიმე სტარტი
"დინამოში" დაახლოებით ერთი თვის წინ მივიდა ახალი მთავარი მწვრთნელი - ზლატკო კრანჩარი. ის ცნობილი ფეხბურთელის, ნიკო კრანჩარის მამაა. არ ვიცით, ამას უნდა მივაწეროთ თუ სხვა რამეს, მაგრამ ფაქტია - "დინამომ" სეზონი მძიმედ დაიწყო.

მაკედონიაში გამართულ პირველ შეხვედრაში გუნდმა დაცვაში არაერთი შეცდომა დაუშვა და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, შინ კი ორი ბურთი მიიღო საკუთარ კარში და ერთი ხანობა, მაკედონიური ბარიერის დაძლევას კითხვის დიდი ნიშანი დაუსვა.

ფაქტია - ზაგრების "დინამო" ვერ არის იდეალურ ფორმაში და ამ კოზირის საჩვენოდ გამოყენება აუცილებლად უნდა ვცადოთ. გუნდმა გამარჯვებით გახსნა ხორვატიის ჩემპიონატი - შინ 3:1 (ჰოჯიჩი 2, სუდანი) მოუგო ზაგრების "ლოკომოტივას". თვით ამ, ერთი შეხედვით, რიგით თამაშშიც კი იყო დაცვის აშკარა შეცდომები. ყოველ შემთხვევაში, ასე წერს ხორვატიული მედია.

ორივე ტაიმი თანაბრად!
რა თქმა უნდა, მეტოქე ძლიერია და წყვილის ფავორიტადაც მიიჩნევა, მაგრამ თბილისის "დინამო" უშანსოდ ნამდვილად არ იქნება. ჩვენი აზრით, იურაი იარაბეკის გაწვრთნილ გუნდს ამ შეხვედრაში კონკრეტული ამოცანა ექნება - ჩაატაროს ორივე ტაიმი თანაბრად (რა თქმა უნდა, საუკეთესო კუთხით).

"დინამომ" ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე "ალაშკერტთან" და ორივე შემთხვევაში თვალსაჩინო იყო ტაიმებს შორის სხვაობა.

კიდევ ერთი - ზაგრებში აუცილებლად უნდა მოვუფრთხილდეთ საგოლე შანსებს და ისე აღარ უნდა გავანიავოთ ისინი, როგორც - თბილისსა და ერევანში. იმას, რაც გვაპატია "ალაშკერტმა", ზაგრების "დინამო" ნამდვილად არ გვაპატიებს.

Sportall.Ge

მსაჯის ფაქტორი
ვერ ვიტყვით, რომ ზაგრების "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ მსაჯების დახმარებით გადალახა მაკედონიური ბარიერი, მაგრამ საპასუხო მატჩისას მაკედონიელები რუს არბიტრს გვარიანად შემოსწყრნენ.

მართლაც, სრული საფუძველი არსებობდა საიმისოდ, რომ ხორვატთა სასარგებლოდ პირველი 11-მეტრიანი არ დანიშნულიყო. იმედია, დღევანდელი მატჩის მომსახურე არბიტრები არ მოექცევიან "მაქსიმირის" ტრიბუნების გავლენის ქვეშ.

სიტყვამ მოიტანა და, რაც შეეხებათ მსაჯებს - მთავარი არბიტრი 37 წლის ბობ მადენი იქნება. მას ასისტენტობას დევიდ მაკგიჩი და შონ კარი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას სტივენ მაკლინი შეასრულებს. უეფას დელეგატი ბულგარელი ანდრეი მედინცევია, ხოლო მსაჯების ქმედებას სლოვაკი იოზეფ მარკო დააკვირდება.

ახალი ლეშკოვიჩი და ძველი შიტუმი
ხორვატიის ჩემპიონმა თბილისურ გრანდთან მატჩამდე ცოტა ხნით ადრე დაცვა გააძლიერა - "რიეკადან" 25 წლის ცენტრალური მცველი მარიო ლეშკოვიჩი იყიდა.

25 წლის უკანახაზელს, ვისაც საყრდენ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში, ქვეყნის ეროვნულ გუნდში 5 მატჩი აქვს ჩატარებული. ამას გარდა, უთამაშია ხორვატიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ის "ოსიეკის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია.

ლეშკოვიჩთან ერთად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა წარადგინა კიდევ ერთი ფეხბურთელი - 24 წლის გარემარბი მარიო შიტუმი, რომელიც ზაგრების "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და დღესაც ამ კლუბის საკუთრებაა, ოღონდ 2014 წლიდან იჯარით თამაშობდა იტალიურ "სპეციაში" (სერია B), სადაც 65 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ფარით ან ფარზე!
არ არის საჭირო ზედმეტი ეიფორია, კარგად ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია, მაგრამ, უბრალოდ, ერთს მაინც დავწერთ - ორრაუნდიან დუელში ხორვატიის ჩემპიონის დამარცხებით, შესაძლოა, ქართულ საკლუბო ფეხბურთში დიდი შემოტრიალების პროცესი დაიწყოს.

დღეს "დინამო" ითამაშებს მთელი საქართველოსთვის. ვფიქრობთ, ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილია და რომ წარმატებისთვის უნდა გაიღოს შესაძლებლობის 100 პროცენტი და კიდევ მეტიც.

მაშ, ვცადოთ გულით, ბოლომდე, თავდაუზოგავად და მარჯვედ. ვნახოთ, რა გამოგვივა. ცდა ყოველთვისაა ბედის მონახევრე.

ფარით ან ფარზე! სხვანაირად არ გამოვა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
ვშიშობ ფარზე.. დაგვიმტკიცეთ რომ ვცდებით მე და ზუკა თუ მაგრები ხართ
მე და ზუკა
26 ივლისი 2016 19:15
0
ვშიშობ ფარზე.. მიდით აბა დამიმტკიცეთ რო ვცებით მე და აგერ ზუკა
me da Zuka
26 ივლისი 2016 19:03
0
ქვილითაია რომ არ წავიდა, ეგ კარგია, ველევი კი მაგრად დააკლდება დინამოს. ალბათ, ერთბურთიანი წაგება საუკეთესო შედეგი იქნება....
მსქროლავი ტროლი
26 ივლისი 2016 17:51
0
წარმატებები დინამოს, აბა თქვენ იცით ბიჭებო, თუ გინდათ სტადიონზე გულსემატკივები, ყველაფერი თქვენზეა, მე მჯერა თქვენი ბოლოს და ბოლოს პაწა ხომ უნდა გაგვახაროთ
გია
26 ივლისი 2016 17:22
0
მეგობრებო მოგესალმებით. დინამოს ვუსურვებ წარმატებას. როგორც გავარკვიე მეორე არხზე არ იქნება დღეს თამაში და შეგიძლიათ რო მომწეროთ სად შეიძლება თამაშის ყურება ?
ბაქარი
26 ივლისი 2016 16:29
0
საქართველოს თექვსმეტგზის ჩემპიონი თავისი ქვეყნის გრანდია აბა რა არი მიპასუხე
giorgis
26 ივლისი 2016 15:16
0
sityva grandis nnisvnelobis ar ncodne gulsenatkivrebs.grandia dinamo aba ra aris?dinamo qartuli saklubo fexburtis grandia.dges dvalishvilis dgea,imitom ki ara rom qvilitaia ar aris aramed mito rom evropuli gamocdileba aqvs dvalishvils
bacho
26 ივლისი 2016 14:58
0
"დინამოს" წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ გრანდის რა მოგახსენოთ, ეტყობა კაკაურიძემ მთლად კარგად ვერ გაიგო სიტყვა "გრანდის" მნიშვნელობა, ისე ჯიუტად იმეორებს თავის სტატიებში!!!
გიორგი
26 ივლისი 2016 13:41
0
ქვილითაია ვიცი დღეს რო არ იქნება Tao. მაგრამ განმეორებითი მატჩიც ხომ არსებობს??? :D სპიჩიჩი კი მართლა კაი იგროკია, ველევი კი ჯობია, მაგრამ მარცხენა ფლანგზე სპიჩიჩი მშვენივრად მოქმედებთა პირველ მატჩში და ტრავმა მოიშუშაო და სავარაუდოდ იქნება ძირითადში, თან ხორვატიულ ფეხბურთს ნებისმიერ სხვაზე უკეთ იცნობს და საჭირო მოთამაშეა ისედაც
Lasha
26 ივლისი 2016 13:24
0
ივო დინამო ზაგრების აკადემიის დირექტორია...ასე რომ ის შეიძლება კეთილად იყოს განწყობილი, მაგრამ ის ამ შემთხვევაში ჩვენი მეტოქეა და დარწმუნებული ვარ ინფოთი მოამარაგებს ზაგრებს! პირველ რიგში ქართველი ფეხბურთელის ჰომოს ფაქტორებს აუხსნის, რანი არიან ქართველი ფეხბურთელები...:)
gia-s
26 ივლისი 2016 13:06
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული