ვის რა გაუკვირდა ზაგრებში - ანუ პრაგმატიზმი თუ რომანტიკა?

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 0:2 დათმო ზაგრებში ადგილობრივ სეხნიასთან.

წავაგეთ ორბურთიანი სხვაობით და, რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, წავაგეთ ისეთი თამაში, რომელიც, თავისუფლად შეიძლებოდა, არ წაგვეგო...

- დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]

რომანტიკა თუ პრაგმატიზმი?
თავიდანვე ვივარაუდეთ, რომ "დინამოს" ექნებოდა საგოლე შანსები და "მაქსიმირზე" ბურთი სანატრელი არ გვექნებოდა, მაგრამ ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ მთელ რიგ შემთხვევებში "პირველ ნომრად" ვითამაშებდით.

შეიძლება რაღაც მომენტში ზაგრების "დინამომ" შეგნებულად დაგვითმო მოედნის ცენტრი. ხორვატებმა ძალიან კარგად
იციან, რომ შექმნას გაცილებით მეტი ძალა მიაქვს, ვიდრე ჩაშლას. სეზონის დასაწყისში კი ძალა ხშირად სანთლითაა საძებარი...

და მაინც, ვფიქრობ, ეს იურაი იარაბეკის სცენარი იყო. "დინამომ" სიურპრიზი მოუმზადა მოწინააღმდეგეს და "პირველ ნომრად" ითამაშა. სხვა საქმეა, რომ ჩვენ მიერვე მომზადებულ ნაღმზე ორჯერ თავადვე ავფეთქდით, თუმცა ეს ფეხბურთია და წინასწარ ვერავინ ვერაფერს განსაზღვრავს.

რომანტიკა თუ პრაგმატიზმი? რაც ფეხბურთი არსებობს, არსებობს ეს კითხვაც. აზრები გაყოფილია. არ მივეკუთვნები ფეხბურთის მოყვარულთა ისეთ კატეგორიას, ვისთვისაც მთავარი მხოლოდ შედეგი და ტაბლოა.

მაშინ ფეხბურთი იქნებოდა აბსოლუტურად ზუსტი მეცნიერება და არ იქნებოდა თამაში, რომელიც მილიონებს აბედნიერებს. ვრჩები გამოუსწორებელ საფეხბურთო რომანტიკოსად და იარაბეკისაც მესმის. მან ისე ათამაშა გუნდი, როგორც იდეაში "დინამო" უნდა თამაშობდეს.

აქ მხედველობაში მაქვს სათამაშო სტილი და არა საშემსრულებლო დონე, რომელიც "მაქსიმირზე" აშკარად მოიკოჭლებდა. ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი, ვაკონტროლეთ ბურთი, გავაკეთეთ ბევრი მოკლე პასი და კლასს რომ არ დავეღალატებინეთ, აუცილებლად გავიტანდით.

და მაინც, გინდა თუ არა, გიპყრობს ფიქრი: რა იქნებოდა, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ზეპრაგმატულად რომ გვეთამაშა? კითხვის ნიშნები რჩება. მსჯელობა შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. იარაბეკი "დინამოს" მთავარი მწვრთნელია და მან ზაგრებში ასეთი არჩევანი გააკეთა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ არჩევანს პატივი ვცეთ.

რა იყო კანონზომიერი?
რა იყო თბილისის "დინამოს" ზაგრებულ მარცხში კანონზომიერი? მეტოქე უფრო მაღალი კლასის გუნდი აღმოჩნდა. ჩვენმა "დინამომ" ძალიან იშვიათად იცოდა, რა უნდა ეკეთებინა მაშინ, როცა მოწინააღმდეგის საჯარიმოს უახლოვდებოდა. ეს უკეთ იცოდა ზაგრების "დინამომ".

გახსოვთ ალჟირის ნაკრები? ელ არაბი სუდანი მისი შეუცვლელი ფეხბურთელია. ანტე ჩორიჩი დღეს ან ხვალ გაიყიდება მაგარ კლუბში. ის 19 წლისაა და უკვე ეცვა ხორვატიის პირველი გუნდის მაისურა.

აგერ, გამოცდილი მეკარე ედუარდო, სასწაული ბურთი რომ არ გაატანინა ჯაბა ჯიღაურს. ის წლების განმავლობაში პორტუგალიის ნაკრების ძირითადის გოლკიპერი იყო...

გავიხსენოთ მარკო როგი, ჩილეს ნაკრებთან ახლოს მოტრიალე ანხელო ენრიკესი და ხუნიორ ფერნანდესი, ბოსნიის ნაკრებისთვის შეგულებული არმინ ჰოჯიჩი...

მოკლედ, ზაგრებელთა ყველა ფეხბურთელს აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის გამოცდილება. "დინამოს" ზაგრებში ეს გამოცდილება და გუნდური კლასი არ ეყო.

ლეგიონერები
სეზონთაშორის პერიოდში თბილისის "დინამოში" რამდენიმე ლეგიონერი გამოჩნდა. არავინ იცის, რა იქნება საქართველოს ჩემპიონის ევროკამპანიის დარჩენილ ნაწილში, ამ ეტაპზე კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ გუნდს, პრაქტიკულად, ვერ მოუტანეს სარგებლობა.

დავიწყოთ მეკარე ანტონი კრიბეთი. ბოლომდე ვერ შემექმნა ჩამოყალიბებული აზრი მის თაობაზე. სკრიბემ ასაღები ბურთი გაუშვა ერევანში. ზაგრებში თითქოს ნორმალურად იდგა, მაგრამ ფეხბურთში კარგად ჩახედულმა რამდენიმე პიროვნებამ მითხრა, პირველი გოლისას გუნდის ხსნა მართებდაო და მერე, კარგად რომ დავაკვირდი, ამ სიტყვების სიმართლეში დავრწმუნდი.

ისე მოხდა, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში არ უთამაშიათ "დინამოში" ახლახან მოყვანილ - მატია შპიჩიჩსა და სტეფან ველევს. გასაგებია, რომ ველევის შემთხვევაში მიზეზი ტრავმა იყო. შპიჩიჩი? და მათიას კურიე, ვინც შეცვლაზე შევიდა და არაფრით გამორჩეულა?

"დინამოს" კიდევ ერთი ლეგიონერი, მიკელ ალვარო, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ჩემი სუბიექტური აზრია - გადამწყვეტ მომენტში ლეგიონერებს მეტი სარგებლობა უნდა მოეტანათ "დინამოსთვის". იმედია, აწი ასე იქნება.

ვერ მოვთხოვთ!
ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ ხდება ცოტა იღბლით, ჭარბი განსწავლულობით, ჟინითა და თავდადებით. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ამ ფორმაციის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას კატეგორიულად ვერაფრით მოვთხოვთ.

თანამედროვე "დინამოს" შემადგენლობა, გარკვეულწილად, არ დაეწუნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში სხვა მოთხოვნებია. როცა იქ შესვლა გსურს, გუნდში აუცილებლად უნდა გყავდეს ისეთი 4-5 ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის გამოცდილება აქვს.

"დინამოში" დღეს არიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, მაგრამ ერთადერთი ისეთი მოთამაშე, ვისაც ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ლადო დვალიშვილია. დვალიშვილს ეს გამოცდილება ზაგრებში აშკარად შეეტყო - გოლი არ გაუტანია, მაგრამ პარტნიორებს შორის აშკარად საუკეთესო იყო რენე ფერეირასთან ერთად.

- შელაპარაკება რენესა და ჩორიჩს შორის [VIDEO]

ცოტა მეტიც და...
რა თქმა უნდა, "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას ალალი მადლობა ეკუთვნის. რომ არა ის და მისი შექმნილი თანამედროვე "დინამო", ევროტურნირები უკვე დასრულებული იქნებოდა ჩვენთვის. "დინამოს" ევროასპარეზზე დიდხანს დარჩენას ვუსურვებთ.

ვუყურებ ამ ფორმაციის "დინამოს" და მიჩნდება კითხვა: ნუთუ, არ იყო შესაძლებელი, კლუბს ცოტა მეტი აქტიურობა გამოეჩინა საქართველოს ნაკრების იმ ფეხბურთელთა მიმართ, რომლებიც ამჟამად უგუნდოდ არიან დარჩენილნი.

კარგი, ვთქვათ, "დინამო" ვერ შესწვდებოდა ჯაბა კანკავას. საქართველოს ნაკრების კაპიტანი უმაღლეს დონეზე აპირებს კარიერის გაგრძელებას. როგორ დავიჯერო, რომ არ არსებობდა თორნიკე ოქრიაშვილის გადმობირების შანსი? ის თავის დროზე "ესქიშეჰირში" წავიდა და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში, ალბათ, არც "დინამოს" ეტყოდა უარს...

ცოტა ხნის წინათ გიორგი ლორიამ კონტრაქტი გააგრძელა რუსულ "კრილიასთან". სანამ ამას გააკეთებდა, ის თავისუფალი აგენტი იყო და... ვერავინ დამარწმუნებს, რომ ლორია ცივ უარს იტყოდა დაბრუნებოდა მისთვის მშობლიურ კლუბს...

ვინ იტყვის, რომ "დინამოსთვის" ზედმეტი იქნებოდა მათე ვაწაძის საგოლე ალღო. ვაწაძეს ძალიან უნდა "ორჰუსიდან" წასვლა. სხვა დანიურ გუნდში მას კლუბი არ უშვებს, "დინამოში" კი, ალბათ, გამოუშვებდა...

ისევ ლეგიონერების თემას უნდა დავუბრუნდე. აგერ, ბულგარული "ლუდოგორეცი", რომელიც ან შედის ჩემპიონთა ლიგაში, ან - ვერა. ის დაკომპლექტებულია ბულგარეთის ნაკრებისა და იმ ბრაზილიელი ფეხბურთელებით, რომლებმაც ბრაზილიის უმაღლესი ლიგის სკოლა გაიარეს. ეს უკვე დონეა. და ამ ფეხბურთელებსაც კი უჭირთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლა.

რა თქმა უნდა, ყველაფერი შეფარდებითია. რა თქმა უნდა, "დინამოს" პრეზიდენტმა ძალიან დიდი თანხა დახარჯა, მაგრამ მგონი, ისიც რეალობაა, რაც დავწერე.

ბედისწერა
ზაგრებში "დინამოს" ჰქონდა ორი დიდებული მომენტი და ორივე გააცუდა. ჯერ ნიკა გელაშვილმა ვერ შეაგდო აშკარად გასატანი, მერე ჯაბა ჯიღაურს აუღო ედუარდომ.

- ქართველი კომენტატორი გელაშვილზე - გაცუდებული მომენტების სპეციალისტი [VIDEO]

განსაკუთრებით დასანანი გელაშვილის მომენტი იყო - ისეთი, ათიდან ათ შემთხვევაში ფორვარდმა გოლად რომ უნდა აქციოს. გელაშვილს კი დარტყმული გვარიანად აუცდა. თითქოს, უსიამოვნო მოვლენათა ჯაჭვი გაგრძელდა.

გელაშვილმა ეს მომენტი რომ გააფუჭა, წამსვე ძველი ამბავი გამახსენდა. ჩემპიონთა ლიგაში "ზესტაფონი" თბილისში 1:0-ს უგებს "შტურმს".

გელაშვილი პირისპირ გადის ავსტრიელთა მეკარე გრატცაისთან, რომელიც წამით ქართველი ფეხბურთელის წაქცევას ფიქრობს საჯარიმოს გარეთ, მაგრამ ევროპული ცივსისხლიანობით ხვდება, რომ ეს წითელ ბარათს ნიშნავს და გაძევებას გოლს არჩევს. გელაშვილი სცდება მეკარეს. მას მხოლოდ ფორმალურად მისდევს მეტოქის მცველი. ფორვარდი ხედავს კარს, ურტყამს და... აცილებს. "შტურმს" მოაქვს ბურთი და გააქვს.

მე ასე მგონია: ეს მართლაც კარგი ფორვარდი ჯერაც ვერ დაუსხლტა იმ იმედგაცრუებას. იქნებ ვცდები კიდეც. უბრალოდ, ძალიან მინდა, რომ ნიკა გელაშვილმა გასატანი გაიტანოს. მას შეუძლია ფეხბურთის თამაში!

ნუ გავუშვებთ რენეს ხელიდან
ზოგი რას იტყვის და ზოგი - რას, გემოვნების ამბავია. მე საქართველოში რენე ფერეირა სანტოსის დონის ლეგიონერი არ მახსოვს. საერთო კლასით, იქნებ მასზე მაღლა იდგნენ შემტევი ჩისკო და მცველი ნედ ზელიჩი, მაგრამ რენე საქართველოში უმატებს და ეს განსაკუთრებული მომენტია.

ბრაზილიელს ზაგრებში ჰქონდა ერთი-ორი შეცდომა, მაგრამ მთლიანობაში ის შესანიშნავი იყო და რომ არა მისი ოსტატობა, მასპინძელი კიდევ ორ-სამჯერ დაგვიჭერდა საგოლე კონტრშეტევაზე. ასე მგონია, რომ ის დიდხანს არ შერჩება საქართველოს ჩემპიონატს და უფრო მაღალი დონის პირველობაზე კიდევ უფრო გაიხსნება...

სულ ცოტა ხნის წინათ რენე ყაბულს იყო საქართველოს ნაკრებში თამაშზე. ნეტავ, ხომ არ გადაიფიქრა? ის არ არის ხელიდან გასაშვები ფეხბურთელი!

როგორ ვითამაშოთ?
თბილისში როგორ უნდა ვითამაშოთ, ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ იარაბეკმა იცის. მე კი ჩემს აზრს გამოვთქვამ. საკმარისია, "დინამომ" ცოტა სწრაფად გააკეთოს ყველაფერი, რომ ხორვატთა უკანა ხაზი ჩვენი შეტევებისას რთულ მდგომარეობაში ჩავარდება.

შექმნილ სიტუაციაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფეხბურთელთა აზროვნების სისწრაფესაც.

ზაგრებში აშკარად დაგვიგვიანდა რამდენიმე საშური გადაწყვეტილების მიღება და ვერც საკმარისად თამამები ვიყავით მაშინ, როცა მოწინააღმდეგის საჯარიმოს ვუახლოვდებოდით.

სწრაფად, თამამად, აგრესიულად! - ასე უნდა ვითამაშოთ თბილისში. ამ "დინამოს" შეუძლია ასე თამაში და ეს ჩვენ ვნახეთ ხორვატიაში, მაგრამ მხოლოდ - ეპიზოდურად.

შანსი
ორბურთიანი ჩამორჩენა განაჩენი არ არის. ადრეც ბევრი "ამოქაჩულა" და არც ახლაა გადაუჭრელი ამოცანა. აბსოლუტურად ნეიტრალურად უნდა დავწერო - მე მჯერა, რომ სამშაბათს, "დინამო არენაზე", საქართველოს ჩემპიონს შანსი ექნება. სხვა საქმეა, რამდენად შეძლებს მის გამოყენებას.

ზაგრების "დინამო" "სახლის" გუნდია. სადაც შინ ამდენი შანსი მოგვცა, იქ გასვლაზეც მოგვცემს და ამ შანსებს უნდა ჩავეჭიდოთ, ეს შანსები უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვჭირდება სწრაფი გოლი! და მერე მეტოქე ინერვიულებს.

ჩვენ გვჭირდება ძალიან მაგარი თამაში დაცვაში, რადგან დაცვაში ერთი შეცდომა და ჩათვალეთ, რომ ორრაუნდიან ბრძოლა დამთავრებულია.

ჩვენ ასევე გვჭირდება ძალიან მაგარი ქომაგობა. გუნდს გვერდში სწორედ მაშინ უნდა დაუდგე, როცა მას უჭირს. "დინამოს" გამხნევება სჭირდება და ნუ დავიზარებთ.

ყველანი "დინამო არენაზე"!

ერთად ვცადოთ და იქნებ გამოვიდეს!

ფოტო fcdinamo.ge
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 45 /
მართალია ალეკო ბრავო ამ სტატიის დაწერისთვის ვფიქრობ რაც შეიძლება მეტნი უნდა მივიდეთ და დინამოს მხარში დავუდგეთ დარწმუნებული ვარ დინამო მხარში დგომით ზაგრების დინამოს გაანადგურებს
dinamo
28 ივლისი 2016 21:29
0
აზროვნების სისწრაფე გაიზრდება თუ წინასწარ გათვლი გონებით რა სიტუაციაში,რა უნდა გააკეთო და როგორ.ამას კი ფეხბურთის ცოდნა,დიდი სიყვარული და თამაშზე 24 საათიანი ფიქრი ჭირდება,რასაც საბოლოო ჯამში პროფესიონალიზმი ქვია.თუ ეს არ აქვსფეხბურთელს,ვერც პროგრესს განიცდის და ვერც დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს.
28 ივლისი 2016 18:33
0
ძალიან მძიმე თამაში გველის , მაგრამ უნდა მოვიგოთ და ... გზა განვაგრძოთ ! ამისთვის საჭიროა უსწრაფეს კონტრშეტევებზე ავაგოთ თამაში.ვფიქრობ ,რომ ოთხი გოლის გატანა დაგვჭირდება - იმ ანგარიშით , რომ ერთზე მეტს არაფრით არ გავუშვებთ !!! გვერდით დავუდგეთ საყვარელ გუნდსა და მის ღირსეულ "პატრონს " ბ - ნ რომანს !
007
28 ივლისი 2016 18:01
0
თუ იტალია და გერმანია მიმართავენ ნატურალიზაციას, შენ რაწითელი კვერცხი ხარ>? ალბათ დღემდე გგონია რო ყველაზე მაგრად ვთამაშობთ ფეხბურთს ქართველები
tengos
28 ივლისი 2016 17:03
0
წარმატება ბიჭებს. ყველანი სტადიონზე!
სოსო
28 ივლისი 2016 16:33
0
რენეს არაფერი ესაქმება, ეროვნულ ნაკრებში იმიტომ რომ ის ეროვნულია ,და იქ საქართველოში დაბადებული გზრდილი ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ. თანაც რა ნახეთ ამ რენეში ისეთი ვერ გამიგია.ზაგრებთან 19 წლის ბიჭმა ისეთი ათოხლავა ალბათ ცოტახანი არც დაავიწყდება თანაც მესამე ხარისხოვან გუნდში მოთამაშემ.და წარმოიდგინეთ რას უზამენ რენეს ნაკრების დონეზე.ასე რომ ამას ორი თავით ჯობია ხოჭოლავა რომელიც ოდესაშია,და გირჩევნიათ იმას მიხედოთ რომელიც ძირითდის მოთამაშეა.და არამგონია უკრაინის ჩემპიონატი უარესი იყოს ვიდრე ჩვენი.
თენგო
28 ივლისი 2016 16:27
0
Yvelani wavidet dinamoze dges zagrebi yvela chventaganis metoqea
Dinamoeli
28 ივლისი 2016 15:12
0
მე ვეთანხმები ნაწილობრივ. ან ჩვენ შევთავაზეთ სიურპრიზი და ბურთი დავიჭირეთ, ანდა პირიქით--იმათმა მოგვცეს ბურთი. აშკარად ძლიერია ზაგრები კონტრშეტევაში. ამიტომ აქ დიდი უპირატესობა ექნება. ამაზე თვალის დახუჭვა სისულელეა, მარტო სტადიონზე მისვლით ამას ვერ უშველი.
ბურთს აქაც მოგვცემს, ან სხვა მეთოდს აირჩევს რათა შეტევისთვის სივრცე ქონდეთ. სისწრაფის მომატებაში ვეთანხმები, აგრესია კი სარისკოა, მანდ მსაჯსაც გააჩნია და მოწინააღმდეგესაც. თუ მსაჯმა მოგვცა უფლება მაშინ კაია. მე ვთვლი ჩვენებმა უნდა ითამაშონ ისე რომ აქცენტი აგრეთვე გააკეთონ სტანდარტულებზე. ჯარიმების, კუთხურების ჩაწოდებისას ჩვენი მცველები ჩადიან საჯარიმოში, მაგრამ როგორც წესი ბურთი მათთან არ მიდის. ამ დროს სწრაფი კონტრშეტევისას, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩვენი ნახევარდაცვა პოზიციურად ხშირად ცდება ან უკან ნელა ბრუნდება, დიდი შანსია გოლი აქეთ მივიღოთ. ამიტომ ჩვენებმა ბევრი დრო უნდა დაუთმონ ვარჯიშზე სტანდარტებს. ერთი ბურთი მაინც რომ შეაგდო სტანდარტიდან, ეს მოწინააღმდეგეს ცუდ დღეში ჩააგდებს. წინ დვალიშვილი ვაღიაროთ რომ კარგია, ოღონდ დაცვის დაშლაში, ამ დროს ბურთი სხვამ უნდა გაიტანოს, ან ქვილითაიამ ან შემტევებმა. დანარჩენი მთელი თამაში უნდა ვათამაშოთ ოთხკუთხედები და სამკუთხედები. სამწუხაროდ კედელი ჩვენ არ ვიცით. თუ ღმერთიც ჩვენ მხარეს იქნა და ზემოთ ჩამოთვლილით ორი გოლი გავიტანეთ, ბედნიერები უნდა ვიყოთ და დაველოდოთ პენალტება.
afera
28 ივლისი 2016 15:09
0
ზაგრებს სულპრიზი ელოდებატ აკინო კაი იკო და პოლ კესანი მომტონდა მეკარე დონტი კლასნი იკო
gigilo
28 ივლისი 2016 15:01
0
არ არის რენე ხელიდან გასსსვები და ეს სანანებლად არ გავხადოტ ფედერაციააავ!!!
bacho
28 ივლისი 2016 14:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული