დინამო (თბ)-დინამო (ზ) 0:1 - რა აღიარა იურაი იარაბეკმა [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ორი მატჩის ჯამში 0:3 წააგო ზაგრებელ სეხნიასთან და გადაინაცვლა ევროპალიგაზე, სადაც ჯგუფში მოსახვედრ პლეი ოფს ითამაშებს.

ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი კი ჩვენთვის დასრულებულია...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორი სიურპრიზი
მატჩამდე ორივე გუნდის ბანაკში მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. თბილისის "დინამომ" მოისაკლისა ვენის "რაპიდში" წასული საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ქვილითაია (თან, "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თქმით, ტრავმირებული იყო და ისედაც ვერ ითამაშებდა). ტრავმის გამო იუქმა ბულგარელმა სტეფან ველევმაც. ამას გარდა, გასაკვირი იყო, რომ იურაი იარაბეკმა თადარიგში დატოვა ოთარ კიტეიშვილი.

იმთავითვე ჩანდა, მასპინძელთა მთავარი მიზანი მოედნის ცენტრში
გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება იქნებოდა. რაც შეეხება ზაგრებელთა მთავარ მწვრთნელს, ზლატკო კრანჩარს, მან ტრავმირებული პორტუგალიელი საყრდენი - მაჩადო მოისაკლისა.

პლუს ამას, ხორვატთა სასტარტო შემადგენლობაში, ზაგრებულ მატჩთან შედარებით, სხვა ცვლილებებიც მოხდა. უცნაური იყო პირველი მატჩის გმირის, ანტე ჩორიჩის სათადარიგოთა შორის გამწესება. მიზეზი ან მცირე ტრავმა უნდა ყოფილიყო, ანდაც, შესაძლოა, კრანჩარი მას განსაკუთრებული შემთხვევისთვის, ასე ვთქვათ, ჯოკერად ინახავდა. ასეთი შემთხვევა სტუმარს არ დაუდგა, თუმცა კრანჩარმა ჩორიჩი ბოლოს მაინც "წაავარჯიშა"...

მთლიანობაში, სტუმართა შემადგენლობა უფრო დაცვითი იყო, ვიდრე ზაგრებულ მატჩში...

კლასი, ძამიკო, კლასი...
ცნობილი ქართველი პოეტის ლექსში ასე ამბობს ქართული პოეზიის მეფე გალაკტიონი, ოღონდ, კლასის მაგივრად იქ ნიჭზეა საუბარი. ჩვენ კლასზე ვთქვათ - მთავარ მიზეზზე, რის გამოც თბილისურმა "დინამომ" ზაგრებულთან ორი მატჩის ჯამში "მშრალად" წააგო.

გავრისკავ და ვიტყვი - ეს არ იყო 3 ბურთით წასაგები ორმატჩიანი დუელი. მეტიც, რიგ ეპიზოდებში ჩვენი "დინამო" უკეთესი იყო თბილისშიც და ზაგრებშიც, მაგრამ ტაბლო არ იტყუება. ხორვატი ფეხბურთელები კლასით უფრო მაღლა დგანან.

თუნდაც გუშინდელ მატჩში, კოკისპირულ წვიმასა და სეტყვაში, დაიხარჯა უამრავი ენერგია, მაგრამ ეს ენერგია არ აისახა პოზიტიურ შედეგში. რა თქმა უნდა, ეს შედარებით დაბალ კლასთან ერთად, ცალკეული შეცდომების ბრალიცაა...

რა აღიარა იარაბეკმა?
შესვენებისას "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ორი ლეგიონერი შეცვალა - მატია შპიჩიჩი და მატიას კურიე მოედნიდან გაიხმო. რა აღიარა ამით სლოვაკმა სპეციალისტმა? ალბათ ის, რომ ჩემპიონთა ლიგაში ლეგიონერები ვერ გამოადგნენ გუნდს. ასე იყო ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე და რა იქნება ევროპალიგის პლეი ოფში, ამასაც ყველა ერთად ვნახავთ.

თუნდაც, კურიეს ძირითადში დაყენება ავიღოთ. პირველი ტაიმის განმავლობაში ის ეგრეც ვერ გაერკვა, სად იყო. მას არ ჰქონდა არანაირი ურთიერთგაგება პარტნიორებთან. როგორც იტყვიან, კურიე ალთას იყო, დანარჩენი "დინამო" კი - ბალთას...

ვერ გადაგვარჩინა მეკარე ენტონი სკრიბემ. ჩემი სუბიექტური აზრია - მას შეეძლო მარკო როგის მიერ დარტყმული ჯარიმის მოგერიება, იმის მიუხედავადაც, რომ ბურთი რიკოშეტით წავიდა კარისკენ. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, ცხადია, შეიძლება არსებობდეს სხვა აზრიც, თუმცა მე ასე ვფიქრობ და მგონი, აქვს ამ აზრსაც არსებობის უფლება.

ბევრი მინახავს გაცილებით უარესი რიკოშეტისას მეკარის მიერ მოგერიებული ბურთები...

მივყვეთ გოლის ეპიზოდს თანმიმდევრობით. ჯერ შეცდა რენე ფერეირა, ვინც ქართულ კარიერაში ერთ-ერთი უსუსტესი თამაში ჩაატარა. ლაშა პარუნაშვილი იძულებული გახდა, დაჯარიმებულიყო. ჯარიმის შესრულება როგმა ითავა. ბურთი "ცოცხალ კედელში" მდგომ უჩა ლობჟანიძეს მოხვდა და ძელის გავლით კარში შევარდა.

რა თქმა უნდა, სკრიბე მიდიოდა იმ მიმართულებით, რომლითაც თავდაპირველად მიფრინავდა ბურთი; რა თქმა უნდა, რიკოშეტის შემდეგ მას გაუჭირდა "გადაწყობა", მაგრამ კარამდე საკმაოდ შორი იყო და კიდევ ერთხელ ვამბობ - მეკარეს შეეძლო, დროული რეაგირება მოეხდინა ამ ბურთზე...

უნდა გამოიყენო!..
ფეხბურთში მთავარი გოლია და თუ გოლს ვერ გაიტან, ვერაფრით გაიმარჯვებ. რისთვის გავიხსენეთ ეს ელემენტარული, ანბანური ჭეშმარიტება? "დინამომ" აუცილებლად უნდა მოუმატოს დამაგვირგვინებელ ფაზაში, თუ ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრა სურს.

წილისყრამ საქართველოს ჩემპიონის მეტოქე რომ გამოარკვია, მაშინვე დავწერეთ, რომ შანსები აუცილებლად გვექნებოდა. გვქონდა და მერე როგორი? არადა, ორი მატჩის ჯამში ერთი გოლიც ვერ გავიტანეთ, რასაც ალალად ვიმსახურებდით.

როცა გაქვს ამდენი შესანიშნავი "სტანდარტი", როცა ამდენჯერ ხვდები შეტევის ბოლოსწინა ფაზაში, ასეთი შანსები აუცილებლად უნდა გამოიყენო.

ჰოდა, სწორედ ამას სჭირდება ის კლასი, რომელიც ჩვენს მეტოქეს მეტი ჰქონდა და, აკი, თუნდაც თბილისურ მატჩში, სამი მომენტიდან ერთი გოლად გვიქცია.

რაციონალურად!..
რომ ვაკვირდები, დღეს ყველა, ასე თუ ისე კლასიანი გუნდი, რაციონალურად თამაშობს. ჩვენ კი მივასკდებით ხოლმე მეტოქეს ცარიელ ემოციაზე. რა თქმა უნდა, ყველას გვეჩქარება გოლი და წარმატება, მაგრამ ხანდახან ფეხბურთში შედეგს ცდა სჭირდება.

ჩვენ ძალიან ხშირად გვინდა მოგება ძალიან სწრაფად და ეს ძალიან იშვიათად გამოგვდის. ვერავინ იტყვის, "დინამო" აუცილებლად მოიგებდაო, მაგრამ, ალბათ, არ იქნებოდა ურიგო, ცოტა რაციონალურად გადაგვენაწილებინა ძალები და თუნდაც თავიდან ავრიდებოდით სტუმართა კონტრშეტევებს.

ზლატკო კრანჩარმა კი თბილისური მატჩი უკეთ წაიყვანა, ვიდრე ზაგრებული. ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო საყრდენი ჟონასი, ვინც შესანიშნავად ითამაშა მინდვრის ცენტრში და უდიდესი მოცულობის სამუშაო გასწია.

გარდა ამისა, პირველ ტაიმში განსაკუთრებულად აქტიური ლადო დვალიშვილი მეორე ნახევარში კრანჩარმა იმით გაანეიტრალა, რომ მეურვე შეუცვალა. მანამდე, გორდონ შინდელფელდი თავს ვერ ართმევდა "დინამოს" ფორვარდის მეურვეობას.

დვალიშვილი მაინც საუკეთესო იყო მინდორზე და თუ რამ დააკლდა მის გარჯას, ეს იყო გოლი.

საერთოდ, "დინამოს" ძალიან აკლია მეგოლე თავდამსხმელი. სულო ცოდვილო, იმასაც გაიფიქრებ კაცი - ამდენ ლეგიონერს ერთი გამტანი ფორვარდი ჩამოეყვანათო!..

ჩვენი შანსი
წაგებამ სასოწარკვეთაში არ უნდა ჩაგვაგდოს. ერთი ბარიერის გადალახვაც და "დინამო" ევროპალიგის ჯგუფში ითამაშებს, რაც ამ ახალგაზრდული გუნდისთვის წარმატება იქნება.

ზაგრების "დინამო" კი, გნებავთ, ფინანსურად და გნებავთ, ფეხბურთელთა საერთო ღირებულებით, ჩვენზე მაღლა დგას, მუდამ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში და ჩვენს "დინამოზე" გამოცდილი ფეხბურთელებიც ჰყავს.

მოკლედ, მოიგო ფავორიტმა და გული მხოლოდ იმაზე თუ დაგწყდება კაცს, საკუთარ თავზე მაღლა რომ ვერ ავხტით. არადა, ამას როგორ დავუკარგავთ "დინამოს" - ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ...

ჩემპიონთა ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
02.08. თბილისი. "დინამო არენა". 20 000 მაყურებელი
დინამო (თბ)-დინამო (ზაგრები) 0:1
პირველი მატჩი 0:2
გოლი: 0:1 როგი (9)
თბილისი (4-2-3-1): სკრიბე - ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ამისულაშვილი, შპიჩიჩი (46. კიტეიშვილი) - ჯიღაური, პარუნაშვილი - ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი (72. მიკელ ალვარო), კურიე (46. გელაშვილი) - დვალიშვილი.
სათადარიგოები: ლომაია, ჭელიძე, თევზაძე, ცინცაძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
ზაგრები (3-1-4-2): ედუარდო - სიგალი, ბენკოვიჩი, შილდენფელდი - ჟონასი (77. ჩორიჩი) - სტოიანოვიჩი, ანტოლიჩი, როგი, სოსა (52. მაცელი) - ფერნანდესი (71. პავიჩიჩი), სუდანი.
სათადარიგოები: სემპერი, ლეშკოვიჩი, ჰოჯიჩი, ენრიკესი
მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი
გაფრთხილება: პარუნაშვილი (7), სოსა (25), ჟონასი (34), რენე ფერეირა (39), სუდანი (45), ლობჟანიძე (45), შპიჩიჩი (45), ჭანტურიშვილი (63), ბენკოვიჩი (66), დვალიშვილი (78)
არბიტრი: მ. ზელინკა (ჩეხეთი)

სტატისტიკა
18 კარში დარტყმა 7
4 ზუსტი დარტყმა 3
8 კუთხური 2
3 თამაშგარე 2
11 ჯარიმა 25
58% ბურთის ფლობა 42%

მატჩის სტენოგრამა
3' - ლადო დვალიშვილს წამით ასწრებს ხორვატთა მეკარე ედუარდო;
9' - რენე ფერეირა ცდება. ლაშა პარუნაშვილი ხიფათის განმუხტვას ცდილობს, მაგრამ ჯარიმდება და ყვითელ ბარათსაც იღებს. ჯარიმას როგი ურტყამს. ბურთი "ცოცხალ კედელში" მყოფ უჩა ლობჟანიძეს ხვდება, მიმართულებას იცვლის და ძელიდან კარში გადის - 0:1;
13' - პაპუნაშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ რენეს უძლიერეს თავურს ედუარდო აკრობატულ ნახტომში იგერიებს;
25' - პაპუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ ჯიღაური ოდნავ აცილებს კარს;
45' - სტოიანოვიჩის დარტყმა. რიკოშეტი. აშკარა გოლს გადავრჩით;
45' - ანტოლიჩის თავური. ბურთს სკრიბე იგერიებს;
57' - სიგალისა და გელაშვილის ორთაბრძოლა საჯარიმოში ძალიან ჰგავს თერთმეტმეტრიანს. ჩეხი არბიტრის სასტვენი დუმს;
58' - რენე ფეხებში უვარდება სუდანის და ბურთს კუთხურზე აგდებს;
60' - ჭანტურიშვილი ორ მეურვეს ატყუებს და შორიდან ურტყამს. ბურთი მცირე მანძილით სცდება კარს;
90' - ჯიღაურის ჩაწოდება. გელაშვილი ვერ სწვდება ბურთს ხეირიანად და მისი თავური კარს სცდება;
90'+2 - "დინამოს" არჩათვლილი გოლი. კიტეიშვილის ჯარიმა. არბიტრი მიიჩნევს, რომ თამაშგარეში მყოფი გელაშვილი მეკარე ედუარდოს ხელს უშლიდა...
90'+4 - საფინალო სასტვენი. ზაგრების "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშია, თბილისის "დინამო" კი იმავე სტადიაზე ევროპალიგაში გააგრძელებს ბრძოლას.

მატჩის შემდეგ
იურაი იარაბეკი: პლეი-ოფში შანსებს ვიტოვებთ
ზლატკო კრანჩარი: თბილისში მოსაგებად ჩამოვედით და მოვიგეთ კიდეც

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 58 /
მეკარე უსუსტესია - ზაგრებში ორივე გოლზეც ჩანდა ეს მიუხედავად იმისა რომ არ იყო მისი ბრალი არცერთი. არასწორად მოძრაოდა და შანსი არ ქონდა არცერთ შემთხვევაში როგორმე გადარჩინა გუნდი. ეს გოლიც მეკარის უკლასობის გამო გავიდა - არც კი გადახტა და ბურთს აცულებდა ეგონა ცდებაო. მეკარე, რენეს გარდა დანარჩენი ლეგიონერები, გელაშვილი, დვალიშვილი და მწვრთნელიგასაშვებია და სპორტული დირექტორიც ასეთი ხალხის მოყვანისთვის
დინამო
07:27 04-08-2016
0

ის რომ საქართველოში ფეხბურთი მკვდარია, ამის მიზეზებსი საცეცები თბილისიდან იზრდება. სულ არ სჭირდება დასავლეთ საქართველოს არ თბილისური მანსები და არც ფედერაცია, თავის 12 კლუბიან უმაღლეს მშვენიერ ლიგას თვითონვე მოიწყობენ ისე რომ ლიხს იქეთ არც კი გაიხედავენ.
ზესტა,მერანი,ტორპედო,ჩიხურა,სამტრედია,საპოვნელა,სამგურალი, კოლხეთი,ზუგდიდი,გურია, ბათუმი, ქობულეთი. მშვენიერი ლიგა აეწყობა.
ყველაფერი ამ დინამოსა და თბილისელ ჩინოვნიკებზე რომაა დამოკიდებული,ამაშია უბედურება. არ გვჭირდება დინამოსთან კონკურენტობა, პრაქტიკულად ერთი გუნდის ირვლივ ცეკვავს ყველა და ყველაფერი.


sks070

შენ აგიკრძალავთ ყურებას რომ არ მოითხოვო სხვებისათვის აკრძალვა, მგონი ასე უკეთესი იქნება.
ვის დაკარგვიხარ რომ ფეხბურთის აკრძალვას ითხოვ?ეს არ თქვა სამტრედიაში ან სამტრედიელებთან ესა თორემ გაგაბრტყელებენ ლავაშივით.
Jango
19:32 03-08-2016
0

სიახლეები პოპულარული