მეტოქე პაოკ-ი - სოლიდური ვიზავი სალონიკიდან

AutoSharing Option
გულშემატკივრებისთვის უკვე ცნობილია, რომ ევროტურნირებს შემორჩენილი ჩვენი ერთადერთი გუნდის, თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპალიგის პლეი ოფში საბერძნეთის ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი კლუბი პაოკ-ი იქნება.

1926 წელს დაარსებული სალონიკის კლუბი პოპულარობითა თუ ტიტულებით მხოლოდ სამ ბერძნულ გრანდს ("ოლიმპიაკოსი", "პანათინაიკოსი", აეკ) ჩამოუვარდება. თითქმის ყოველწლიურად მონაწილეობს ევროტურნირებზეც, თუმცა განსაკუთრებული წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია.

ოღონდ ამ შემთხვევაში "განსაკუთრებულ წარმატებაში" ჩემპიონთა თუ ევროპალიგაზე გამარჯვებას ვგულისხმობთ, თორემ "დინამოს" მომავალი მეტოქისთვის ხომ ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა იმავე ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა (აღარაფერს ვამბობთ პლეი ოფის რაუნდზე), მაშინ, როცა თბილისის
"დინამო" ევროპალიგის პლეი ოფში ხუთწლიანი პაუზის მერე მოხვდა.

აქვე, ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ მაშინ (2011 წელს) ევროპალიგის ჯგუფური ეტაპისკენ გზა სწორედ ბერძნულმა კლუბმა (აეკ-მა) გადაგვიღობა. საერთოდაც, ევროტურნირების ისტორიაში ქართული და ბერძნული კლუბების ურთიერთდაპირისპირებებში უარყოფითი შედეგი გვაქვს...

თუმცა, ამ თემაზე დაწვრილებით მაშინ ვისაუბრებთ, თბილისის "დინამოსა" და პაოკ-ის მატჩი რომ მოახლოვდება. მანამდე კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ევროტურნირების ისტორიაში პაოკ-მა სარეკორდო ანგარიშით მაინცდამაინც ქართულ გუნდთან გაიმარჯვა - 1999 წელს თბილისში უეფას თასის 1/64-ფინალის პირველ მატჩში თბილისის "ლოკომოტივს" 7:0 მოუგო...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მდიდარი წარსული და...
საბერძნეთის ორგზის ჩემპიონი და თასის ხუთგზის ჩემპიონი, სალონიკის პაოკ-ი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იშვიათზე იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველწლიურად მონაწილეობს ევროტურნირებზე.

გამონაკლისი არც წლეულს იყო: სერბი სპეციალისტის, 39 წლის ვლადიმირ ივიჩის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე სახელოვან ჰოლანდიურ კლუბს, "აიაქსს" დაუპირისპირდა. ბევრისთვის მოულოდნელად, "ამსტერდამ არენაზე" გამართული პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დამთავრდა.

საპასუხო შეხვედრა თითქმის პირთამდე სავსე "ტუმბაზე" ბერძნებისათვის იდეალურად დაიწყო: მასპინძელთა კაპიტანმა, სტეფანოს ათანასიადისმა ანგარიში გახსნა, მაგრამ "აიაქსის" ერთ-ერთმა ახალმა ლიდერმა დავი კლაასენმა ტაიმების მიწურულს თითო გოლი გაიტანა და პაოკ-საც ევროპალიგაზე მოუწია გადმოსვლა.

...დიმიტარ ბერბატოვი (ბულგარეთი), პაბლო კონტრერასი (ჩილე), რაზვან რაცი (რუმინეთი), ზლატან მუსლიმოვიჩი (ბოსნია), სერჟიო კონსეისაო, ვიეირინია (ორივე - პორტუგალია), ბიბრას ნათხო (ისრაელი), ჩარლზ იტანჯე (კამერუნი), იბრაჰიმა ბაკაიოკო (კოტ დ'ივუარი) და... ქართული ფეხბურთის აღზრდილი ომარ თეთრაძე - აი, ამ ცნობილ ლეგიონერებს უთამაშიათ სხვადასხვა დროს პაოკ-ში.

რაც შეეხებათ "ადგილობრივი მასშტაბის" ვარსკვლავებს, პაოკ-ის ისტორიაში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი ყოფილა, წლების განმავლობაში რომ გამოდიოდნენ საბერძნეთის ნაკრებში და ამათგან, უპირველეს ყოვლისა, კლუბის ცოცხალი ლეგენდა, გიორგიოს კუდასი უნდა ვახსენოთ, რომელიც პაოკ-ის რეკორდსმენია საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (504).

კუდასმა თავისი ხანგრძლივი კარიერა 80-იანი წლების შუაგულში დაასრულა; 90-იანი წლების ბოლოდან კი პაოკ-ში არაერთი ცნობილი ადგილობრივი ფეხბურთელი გამოდიოდა, საბერძნეთის ნაკრებშიც წლების განმავლობაში რომ თამაშობდა: ზისის ვრიზასი, გეორგიოს გეორგიადისი, კოსტას ფრანცესკოსი, გიორგიოს ტურსუნიდისი, დიმიტრის სალპინგიდისი და, რაღა თქმა უნდა, თეოდოროს ზაგორაკისი, ევროპის 2004 წლის ჩემპიონი!

არანაკლებ გამორჩეული პერსონები მუშაობდნენ სხვადასხვა დროს პაოკ-ის მწვრთნელებადაც: ანგელოს ანასტასიადისი (საბერძნეთი), დიულა ლორანტი (უნგრეთი), დუშან ბაევიჩი (სერბეთი), ლასლო ბოლონი (რუმინეთი), ჰუუბ სტევენსი (ჰოლანდია) და ფერნანდო სანტუში, რომლის ხელმძღვანელობითაც სულ ახლახან პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

სხვათა შორის, ძალიან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ პაოკ-ი თბილისში... შოთა არველაძეს ჩამოეყვანა: დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის უპირველესი ბომბარდირი და შემდგომში წარმატებული მწვრთნელი ამ ბერძნული კლუბის მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახლდათ გაზაფხულზე, როცა ხორვატ სპეციალისტს იგორ ტუდორს სალონიკიდან წამოსვლა მოუწია.

საბოლოოდ, ეს შეთანხმება არ შედგა და 2016 წლის 9 მარტს პაოკ-ის გაძღოლა ტუდორის თანაშემწეს, ახალგაზრდა სერბ სპეციალისტს ვლადიმირ ივიჩს მიანდეს, რომელსაც მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა: სალონიკელებმა ოთხგუნდიან საჩემპიონო პლეი ოფში გაიმარჯვეს და ჩემპიონთა ლიგაში მოხვდნენ...

Sportall.Ge

ჩვენი ჩემპიონის მეტოქის მეპატრონეებზეც ვთქვათ. 2012 წლის აგვისტოდან, პაოკ-ის საკონტროლო პაკეტი ივან სავიდისმა შეიძინა, საქართველოში დაბადებულმა და მერე რუსეთში მოღვაწე ცნობილმა ბიზნესმენმა, რომელიც, იმავდროულად, რუსულ პრემიერლიგაში მოასპარეზე "როსტოვის" მეპატრონეც გახლავთ.

სწორედ სავიდისმა მიიწვია თავის კლუბში ახლო წარსულში ცნობილი სლოვაკი არბიტრი ლუბოშ მიხელი და... პაოკ-ის პრეზიდენტად დანიშნა!..

ცნობადი ახალწვეულები
ახლა კი პაოკ-ის დღევანდელ შემადგენლობას გავეცნოთ და წინდაწინ უნდა ითქვას, რომ ვლადიმირ ივიჩს ფეხბურთელთა მართლაც სოლიდური არჩევანი აქვს: ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე 2 თანაბარი ძალის ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას ძირითადში მოსახვედრად.

აი, თუნდაც, მეკარეები ავიღოთ: "აიაქსთან" ამასწინანდელ ორივე მატჩში პაოკ-ის ძირითადში ვიხილეთ გუნდის ყველაზე "სტაჟიანი" წევრი, 29 წლის პანაიოტის გლიკოსი, რომელიც 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზეც მონაწილეობდა. ასევე, საბერძნეთის ნაკრებში აქვს ნათამაშები 29 წლის მარკოს ველიდისს.

თუმცა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ სულ მალე პაოკ-ის ძირითადი მეკარე კლუბის ყველაზე ცნობადი ახალწვეული, სერბეთის ნაკრების 30 წლის მეკარე ჟელკო ბრკიჩი გახდება. შეგახსენებთ, რომ ბოლო 5 სეზონის განმავლობაში ბრკიჩი სერია "ა"-ში გამოდიოდა ("სიენა", "ბოლონია", "უდინეზე", "კალიარი", "კარპი").

ბრკიჩზე არანაკლებ ცნობადი ახალწვეულია 29 წლის ესპანელი მცველი ხოსე ანხელ კრესპო, რომელიც პაოკ-ში ამ ზაფხულს "რაიო ვალეკანოდან" გადმოვიდა. "სევილიას" შემადგენლობაში კრესპოს ორჯერ აქვს მოგებული ევროპის ლიგა, სხვადასხვა დროს ასევე გამოდიოდა "ბოლონიაში", "ვერონაში", "ასტონ ვილასა" და "კორდობაში".

მის გარდა, პაოკ-ის დაცვის ხაზში სხვა ლეგიონერებიც თამაშობენ: 28 წლის ბოსნიელი მარინ ლეოვაცი და 31 წლის ბრაზილიელი ლეო მატოსი, რომელიც ბერძნულ კლუბში ამ ზაფხულს უკრაინული "დნიპროდან" გადმოვიდა. ცალკე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მცველი, 28 წლის გიორგიოს ცაველასი - საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელს თავის დროზე "აინტრახტსა" და "მონაკოში" უთამაშია.

ცაველასის გარდა, პაოკ-ში კიდევ სამი ისეთი ფეხბურთელია, საბერძნეთის ნაკრებში რომ უთამაშიათ: 31 წლის სტილიანოს მალეზასი, 31 წლის ალეკსანდროს ციოლისი (ამ გამოცდილ ნახევარმცველს თავის დროზე "ვერდერში", "მონაკოში", "სიენასა" და "რასინგში" უთამაშია) და ცეტრფორვარდი, 27 წლის სტეფანოს ათანასიადისი.

Sportall.Ge

ამ გამოცდილი ფეხბურთელების გარდა, პაოკ-ში სხვა არანაკლებ მაღალი კლასის მოთამაშეებიც არიან: 29 წლის ესპანელი ნახევარმცველი ხოსე ალბერტო კანიასი (რომელიც მანამდე "ბეტისში", "ესპანიოლსა" და "სუონსიში" თამაშობდა) ბერძნულ კლუბში ამ ზაფხულს გადავიდა, ისე როგორც 25 წლის უკრაინელი, "დნიპროს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ევგენი შახოვი.

ნახევარდაცვის ხაზში პაოკ-ს კიდევ ორი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს: 23 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი გოიკო ციმიროტი (თავის ქვეყნის ნაკრების წევრი) და 24 წლის ერიკ საბო, რომელმაც ახლახან ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა სლოვაკეთის ნაკრების შემადგენლობაში.

პაოკ-ის ნახევარდაცვასა და თავდასხმაში სხვა ლეგიონერებიც მრავლად არიან: 29 წლის ჯალმა (ანგოლა), 28 წლის დიეგო ბისესვარი (ჰოლანდია), 28 წლის ფაკუნდო ფერეირა (არგენტინა), 25 წლის გარი როდრიგესი (ჰოლანდია) და სხვები.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მართლაც სოლიდურ მეტოქესთან მოუწევს ჩვენს ჩემპიონს ევროპალიგის პლეი ოფში დაპირისპირება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვეთანხმები გრიშას თითოეულ სიტყვას!!! შეგვეშვით რა დინამო ხართ თუ პროვოკაცია. სირცხვილ და ნამუსი სულ დაკარგეთ. ამას წინათ ეზოში ვიხსენებდით რა მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ ჩვენი აზოს ბიჭები,რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ ფეხბურთზე. რა ტექნიკა იყო, რა ბურთის ფლობა. დღეს? ესენი თუ ფეხბურთელები არიან და რა ვიცი. ან ეს რა ფიზიკური მოზადებაა?!ფიფიას ნაღდად არ ესმის ფეხბურთი ნაღდად!ბევრს ხარჯავს და აზრზე არ არის რაში. შეიძლება დინამოში ასეთი უტეხნიკო ფეხბურთელების აყვანა.ე ბიჭო, თუ გადასაყრელი გაქვს ფიფია ფული მომეცი დაგლოცავ მაინც და სიკეთეში ჩაგეთვლება. სტადიონთან ვცხოვრობ და იქით გახედვაც არ მინდა!
MARADONA
11:58 10-08-2016
0
არც მწვრთნელი გივარგა და არც ფეხბურთელები, კი არ დარბიან დალასლასებენ მაგატზე უკეტ და სწრაფად ცჰვენი ქუჩის ბიჭები დარბიან და აზროვნებენ კიდეც სჰენ ფეხბურთელებზე უკეტ, მოკლედ სამარცხვინოები ხართ დინამო უკეთესის ღირსია ვიდრე თქვენ წადით ბაბაიბო სახლში , დაიკავეთტოხი და მოწეული მოსავლით არჩინეთ ოჯახი, ჩვენ კი ნუ გვიშლით ნერვებს, თქვენი თამაშის შემხედვარეს ფეხბურთი შეგძულდება ადამიან, შეგვიცოდეთ რა, გაფიცებთ თქვენს კაცობას!
grisha
11:38 10-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული