ბედი კაცისა: ასიანიც, ათასიანიც...

AutoSharing Option
მალხაზ ასათიანი 35 წლისა მოიყარა. რა სწრაფად გარბის დრო. თითქოს, გუშინ იყო, პირველად რომ გამოჩნდა, პირველი ტაში რომ მოსწყვიტა ტრიბუნებს. ის "გუშინ" უკვე შორეული წარსულია. იმდენად შორეული, რომ ერთი ძალიან კარგი ფეხბურთელის სპორტული ცხოვრება დაიტია. დაიტია და დრო კიდევ მორჩა.

შეიძლებოდა, ეს ცხოვრება დღესაც გაგრძელებულიყო, თუმცა ადამიანი სხვისი ცხოვრების, თუნდაც სპორტულის, სცენარს ვერაფრით დაწერს. ცხოვრების სცენარს თვით ის წერს, ვისაც ეს ცხოვრება ეკუთვნის. სადაც პიროვნებაა, იქ არჩევანია და იმ არჩევანში ვერავინ ჩაერევა...

მალხაზ ასათიანი ქუთაისელია. რიონის პირას ისწავლა მან ფეხბურთის
თამაში. თამაში და ცხოვრება. ქუთაისის შინაგან ბუნებაზე, ერთ წერილში, აბა, როგორ დავწერო. მკითხველი დამეთანხმება: სხვანაირი ხალხი ცხოვრობს იქ, კაცობის, ადამიანობის შემფასებელი და დამფასებელი. ეგაა, შეიძლება ერთი შეცდომაც კი საბედისწეროდ იქცეს ადამიანისთვის...

ბევრგან, ბევრთან მისაუბრია ქუთაისში ფეხბურთსა და ფეხბურთელებზე. რა თქმა უნდა, მისაუბრია ცნობილ ქუთაისელ ფეხბურთელებზე, მათ შორის - მალხაზ ასათიანზე. ყველგან, ყოველთვის მესმოდა ფრაზა - "ასკა კაცია"!

მესმოდა და ძალიან მიხაროდა, რომ ასე აქებდნენ მინდვრის მიღმაც ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ფეხბურთელს, რომლის ახლოს გაცნობა ეგრეც ვერ მოვახერხე. ერთ-ორი სატელეფონო ინტერვიუ და მორჩა. ამით ამოიწურა ჩვენი ნაცნობობა...

ვინ იყო მალხაზ ასათიანი მინდორზე? ეს რომ წარმოვიდგინოთ, დანიასთან თბილისური მატჩი უნდა გავიხსენოთ. საქართველოს ნაკრების მიერ გამართული თითქმის ყველა მატჩი მინახავს მისი დაარსებიდან დღემდე. მახსოვს რამდენიმე თამაში, სადაც ესა თუ ის ფეხბურთელი აშკარად გამორჩეული იყო სხვათაგან, მაგრამ მე არ მახსოვს, ოდესმე ვინმეს ისე ეთამაშოს საქართველოს ნაკრებში, როგორც ასათიანმა ითამაშა დანიასთან თბილისურ მატჩში...

ალან ჟირესი დიდი ფეხბურთელი იყო. ის ვერ გახდა დიდი მწვრთნელი, მაგრამ პირადად ჩემი აზრია: ის სამწვრთნელო კვალიფიკაციით ძალიან ბევრ იმ დამრიგებელს სჯობდა, საქართველოს უპირველესი გუნდი სხვადასხვა დროს რომ გაუწვრთნია.

საფრანგეთის დიდი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა იცოდა ფეხბურთელის ფასი და მან ასათიანი... თვით ზინედინ ზიდანს შეადარა. ჩემი აზრით, ბევრ ქართველ ფეხბურთელს არ რგებია ასეთი კომპლიმენტი და ეს შედარება ჟირესმა სწორედ დანიასთან მატჩის შემდეგ გააკეთა.

...ძალიან მიყვარს ივო შუშაკი. მიყვარს დიდი ადამიანობის, დიდი გულის და ქართველების უსაზღვრო სიყვარულისთვის. რამდენიმე მიზეზის გამო, თავის დროზე შუშაკის მართლაც სიმპათიური "დინამო" ევროასპარეზზე სასურველ შედეგს ვერ შესწვდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი... ასათიანია - ხორვატი დაჟინებით ითხოვდა მის ყიდვას...

წლების წინ, შუშაკს ასათიანზე ვკითხე. მან ჩვეული გულისხმიერებით შემომხედა, წყლიან თვალებში შუქი ჩაუდგა და მითხრა: "დაიმახსოვრე, ის დიდ ფეხბურთს ითამაშებს"!

ითამაშა თუ არა დიდი ფეხბურთი ასათიანმა, ეს ქომაგმა უნდა განსაჯოს. რა თქმა უნდა, მას ბევრად მეტი შეეძლო და ამ თემას ჩვენს წერილში კიდევ დავუბრუნდებით. ივოს ძალიან უყვარდა "ასკა". აკი, სწორედ ეს ორი დამაშვრალი იდგა რუსეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების სათავეებთან...

იმ ღამეს საქართველოში დიდი ზეიმი იყო. ზეიმის მთავარი შემოქმედი, ხორვატ მწვრთნელთან ერთად, ასათიანი გახლდათ. მაშინ ისე ჩანდა, რომ მისი სპორტული წინსვლა, მისი ლიდერობა საქართველოს ნაკრებში კიდევ დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვერავინ იტყვის, რომ ასათიანმა კვალი არ დატოვა საქართველოს ნაკრებში. დატოვა და საკმაოდ ღრმაც. რუსეთთან გოლი და დანიასთან მატჩი იქით იყოს, თურქეთთან გატანილი ბურთი გავიხსენოთ, საქართველოს ნაკრებს ტრაბზონში ქულა რომ მოუტანა მასპინძლებთან ჭიდილში.

ახლა ბევრი დავობს იური სიომინის გადაწყვეტილებაზე. სწორად მოიქცა თუ არა თავის დროზე იური პავლოვიჩი, როცა ასათიანს ამპლუა შეუცვალა და ნახევარდაცვიდან დაცვაში დასწია? როგორც ცენტრალურმა მცველმა, ასათიანმა ჩაატარა არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი, მაგრამ მე მაინც ასე მგონია - ის ჩარჩოებში ჩასვეს. როცა გენიოსს ჩარჩოებში სვამენ, ეს უკვე ძალიან ცუდია.

ამით სიომინმა მალხაზში შემოქმედება მოკლა. მან ის აქცია თავისი საქმის კარგ შემსრულებლად, მაგრამ მაინც რიგით ჯარისკაცად, დაფნის გვირგვინები კი სხვებისთვის გაამზადა...

იქნებ, ასათიანის ფეხბურთიდან წასვლა ამანაც დააჩქარა? მას მოწინააღმდეგის კართან უნდა შეექმნა შედევრები და ბედის გამოისობით, მათი იერიშების ჩაშლა მოუხდა...

საქართველოში, ჩვენს საფეხბურთო წრეებში, დღემდე გავრცელებულია მოსაზრება, რომ ასათიანი ნელა თამაშობდა ფეხბურთს და სიომინმა სწორედ ამიტომ მიიღო დაცვაში მისი დაყენების გადაწყვეტილება.

მე მინახავს ასათიანი - საყრდენი. შეიძლება, ასეთ შემთხვევაში მართლაც იყო ფეხბურთელთან გარკვეული კითხვები მის ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს არ იყო მისი ოპტიმალური სათამაშო ადგილი.

სამაგიეროდ, ის ბრწყინვალე იყო მოწინააღმდეგის კარის ახლოს. მიიღებდა ბურთს და არავინ იცოდა, რას იზამდა. შეეძლო, დიდებული პასი "დაეხატა", შეეძლო, მეურვე მოეტყუებინა, ან პირდაპირ კარში დაერტყა...

მას ჯერ კიდევ ახალგაზრდას მოსწყინდა ფეხბურთის თამაში. ადგა და ჩუმად წავიდა. მე, როგორც რიგითმა ქომაგმა, დღესაც არ ვიცი მისი წასვლის ნაღდი მიზეზი. ვეჭვობ, ბევრმა არ იცის. მიფიქრია ამაზე და საკუთარი ახსნა მაქვს.

მოვიდა დრო და მას დასვენება მოუნდა. ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ესაა, უმჯობესი იქნებოდა, ცოტა გვიან დაესვენა. მაშინაც კი, როცა ასათიანი წავიდა, ის ძალიან სჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს და დღეს ხომ საერთოდ...

ზუსტად ვიცი: ასათიანს რამდენჯერმე სთხოვეს ფეხბურთში დაბრუნება. ზუსტად ვიცი, რომ მისთვის მშობლიური ქუთაისის "ტორპედო" არ იყო ერთადერთი კლუბი, რომელმაც ეს გააკეთა. სთხოვეს, მაგრამ ასათიანი არ დაბრუნდა.

არ მინდა დავიჯერო, რომ მას ეს დაეზარა. მე სხვა რამ მგონია: მალხაზი მიხვდა, რომ ის ვეღარ ითამაშებდა ძველ დონეზე. მას უნდოდა, რომ ძველ მალხაზ ასათიანად დარჩენილიყო. დარჩა კიდეც. ამასთან, დარჩა მონატრებაც და უკმარისობის დიდი გრძნობაც.

ვფიქრობ, მალხაზ ასათიანის ცხოვრება ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ კაიკაცობის მაგალითია. ცხოვრობს ქუთაისში, ისვენებს და ჩუმად, ძალიან ჩუმად აკეთებს ბევრ სიკეთეს. სიკეთის კეთება კი იოლი არასდროს არის, მით უმეტეს - ჩვენს დროში.

ქუთაისი ყველაფერს თავის სახელს არქმევს. ის ლაკმუსის ქაღალდივითაა კარგი და ცუდი კაცებისთვის.

არ აქვს მნიშვნელობა, ბაღის კიდეზე ბაასობ, საფიჩხიაზე, ჭომაში თუ "ზავოდში". "ასკა კაცია!" - ყველგან ასე გეტყვიან.

ქუთაისს უყვარს მალხაზ ასათიანი. საქართველოსაც უყვარს.

სიყვარული კი იოლად არ მოდის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ავტორს. არ მახსოვს, ვის მაგრამ ერთ ცნობილ პიროვნებას აქვს ნათქვამი სიკეთის გაკეთება კი არ არის ძნელი, მისი დანახვა უჭირთო(მე მცირედ შევასწორე და ბრჭყალებში ამიტომ არ ჩავსვი)
devi
14:05 15-08-2016
0
უნივერსალი იყო.სიომინმა გაცეს პასუხი რატოოომ ჩაკლა ნიჭიერი ნახევარმცველი დაცვაში.იქაც გაართვა თავი მალხაზმა
ჯვარშე
13:24 15-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული