პრობლემა: სად ხართ, ვასილ მაისურაძის ბიჭებო?

AutoSharing Option
ფოტზე:
ქვედა რიგში (მარცხნიდან): დარციმელია, გაბაძე, ჭანტურია, მაისურაძე, აბურჯანია, წილოსანი,დვალი;
მეორე რიგში: ჯიქია, სამხარაძე, ადამია, შერმადინი, კაკაბაძე, მზევაშვილი;
ზედა რიგში: ჭეჭელაშვილი, გოროზია, პაპუნაშვილი, მესხი, ცინცაძე, ახვლედიანი.


მცირე ხნის წინ, გლდანში, "ამერის" სტადიონზე, მეორე ლიგის გუნდების თამაშით დავინტერესდი: ერთ-ერთ ზონაში ლიდერები - თბილისის "შევარდენი 1906" და "რეალ ვარკეთილი" ხვდებოდნენ ერთმანეთს.

დონის რა გითხრათ, მაგრამ რამდენიმე საინტერესო მოთამაშე კი იყო მოედანზე: მაგალითად, ლაშა ქებაძე, რომელიც რუსთავის "ოლიმპთან" თავის დროზე საქართველოს ჩემპიონი გახდა, "ვარკეთილს" კაპიტნობდა, ხოლო თბილისის "დინამოსა" და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი
ვაჟა ნემსაძე
- "შევარდენი 1906-ს". არადა, უმაღლეს ლიგაში ორივე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და გასაკვირი იყო, მათით უფრო ძლიერი გუნდები რომ არ დაინტერესდნენ...

ბრინჯაოს მედლებით მეორე ლიგაში
ახლა მთავარზე: "შევარდენი 1906-ში" კიდევ ორი 21 წლის ნიჭიერი ახალწვეული ჰყავთ - 2012 წელს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გასული ვასილ მაისურაძის გუნდის მთავარი მეკარე ალეკო ადამია და ამავე გუნდის თავდამსხმელი არჩილ მესხი. პირველი - დასრულებულ სეზონში ტყიბულის "მეშახტეში" (პირველი ლიგა) თამაშობდა, მაგრამ წლეულს უგუნდოდ დარჩა და მეორე ლიგაში თამაში ამიტომაც გადაწყვიტა.

მაისურაძის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო თბილისის "დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი მესხიც, რომელიც 2015 წელს "სიონში" გადავიდა, 2016-ში კი "ბორჯომში" ითამაშა, მაგრამ ტრავმებმა გააწამა და ფორმის აღდგენას ახლა მეორე ლიგაში ცდილობს.

"ზაფხულში პოლონეთში წასვლის შანსი გამიჩნდა, მაგრამ საბუთების შეგროვება ვერ მოვასწარი, ზამთრამდე უგუნდოდ დავრჩი და ინდივიდუალურად ვარჯიშს მეორე ლიგაში თამაში ვამჯობინე. ფორმას ასე უფრო აღვიდგენდი. თანაც, ნემსაძეების ფაქტორმაც იმოქმედა. გიორგი ნემსაძე "შევარდენის" პრეზიდენტია, მისი შვილი ვაჟა კი, გუნდის ლიდერი და როცა დამირეკეს, ბევრი არ მიფიქრია, ისე დავთანხმდი", - ამბობს მესხი და იქვე დასძენს დაბალ ლიგაში მოხვედრის მიზეზებზეც:

"არც ვიცი, რითი ავხსნა, მხოლოდ მესამე ლიგის გუნდში რომ ვთამაშობ. მაგრამ არავის არაფერს არ ვაბრალებ, რაც მოხდა, ყველაფერი ჩემი ბრალია.

ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი საქართველოს ნაკრებისთვის და გუნდის თითოეული მოთამაშისთვის დიდი მიღწევა იყო. არ დავმალავ - დრო რომ გავიდა, მერე და მერე გავაანალიზე, რომ მეტ შრომასა და მეტ წარმატებაზე ზრუნვის ნაცვლად, ცოტა მოვეშვი. ისეთი მონდომებული აღარ ვიყავი, როგორიც სლოვენიაში გამგზავრებამდე.

ამას დაემატა ისიც, რომ თიაქარის ოპერაცია გავიკეთე და 6 თვე გამიცდა. მერე ფორმის აღდგენას დრო დასჭირდა და ამასობაში მთელი სეზონი გავიდა. უთამაშებელ ფეხბურთელს კი დიდად არ ენდობიან.

მაგრამ იმედი მაინც არ გადამიწურავს, პირიქით - მჯერა, დაკარგული არაფერია. ახლა ბევრად მონდომებული ვარ და ასეთ დროს მეტის მიღწევაც შეიძლება".

წარმატებულები
ყველაფერი ცუდად არ არის: ვასილ მაისურაძის ნაკრების რამდენიმე მოთამაშე გაიზარდა და დაწინაურდა. მაგალითად, გიორგი აბურჯანია ესპანური ლა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ "სევილიაში" ჩაირიცხა და ეროვნულ ნაკრებშიც მოსინჯა ძალები.

"ჯვაროსნებში" უკვე სისტემატურად იწვევენ ოთარ კაკაბაძესაც, რომელიც წლეულს ლა ლიგა 2-ის ბინადარ ტარაგონას "ხიმნასტიკში" ჩაირიცხა.

ვლადიმირ ვაისის (მანამდე - კახა ცხადაძისაც) ინტერესის სფეროში ლაშა დვალიც მოექცა, რომელმაც ვროცლავის (პოლონეთი) "შლიონსკში" დაიმკვიდრა ადგილი და კლუბის ფანებისგან აღიარება არ აკლია, მთავარი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც რამდენჯერმე მოხვდა.

ეროვნული გუნდის შეკრებაზე ხშირად იწვევენ გიორგი პაპუნაშვილს, რომელმაც ბრემენის "ვერდერის" 23-წლამდელებში ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ თბილისის "დინამოს" ლიდერია.

მის მხარდამხარ თამაშობს 17-წლამდელთა კიდევ ერთი ყოფილი ლიდერი - მათე ცინცაძე, რომელსაც დიდ იმედებს ვუკავშირებდით. მისგან წინა სეზონშიც მეტ პროგრესს ველოდით...

საყრდენი ნახევარმცველი გიორგი გოროზია ნორვეგიულ "სტაბეკში" სისტემატურად თამაშობს და პრაქტიკა ახალგაზრდულ ნაკრებშიც აქვს.

მაგრამ, მესხის მსგავსად, ამ გუნდის წევრთა უმრავლესობა "მზის ქვეშ" ადგილს ჯერ კიდევ ეძებს.

ბრძოლა გადარჩენისთვის
ალეკო ადამიაზე უკვე გითხარით. მეორე მეკარე ნიკა შერმადინია, რომელიც პირველი ლიგის კლუბ "ჭიათურას" კარს იცავს.

გიორგი გაბაძე და ალეკო მზევაშვილი თბილისის "ლოკომოტივში" გამოდიან, მაგრამ მათგანაც ასევე მეტს ველოდით.

2015 წელს, მარცხენა მცველი გიგა სამხარაძე "დინამო 2-ს" დაემშვიდობა და გორის "დილას" შემადგენლობაში დამკვიდრება მხოლოდ გასულ სეზონში მოახერხა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ცენტრალურმა მცველმა ნიკა ჭანტურიამ ლონდონის "არსენალის" ყურადღება მიიპყრო. მაგრამ "მეთოფეებში" ვერ ჩაირიცხა და მას შემდეგ რამდენიმე გუნდი შეიცვალა: თბილისის "ლოკომოტივიდან" ქუთაისის "ტორპედოში" წავიდა, მაგრამ მალე თბილისურ გუნდს დაუბრუნდა. მერე კონტრაქტი თბილისის "დინამომ" შესთავაზა და გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (20 წლის) კაპიტანი გახდა.

მაგრამ შარშან ჭანტურია ისევ "ლოკომოტივს" დაუბრუნდა. მას არც შრომისმოყვარეობა აკლია და არც - კეთილგონიერება, მაგრამ ტრავმებმა ძალიან გააწამა.

დიდი ნახტომი ვერ გააკეთა გუნდის საყრდენმა ნახევარმცველმა ჭიაბერ ჭეჭელაშვილმაც: კარიერის საწყობად თბილისის "დინამო 2-დან" "ცხინვალში" აღმოჩნდა, მერე გორის "დილასა" და საჩხერის "ჩიხურაში" გადავიდა, წლეულს კი "გურიაშია" და შვიდივე ტურში ითამაშა.

17-წლამდელთა იმ თაობის ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული ნახევარმცველი - ნიკა ახვლედიანი ზუგდიდის "ბაიადან" ქუთაისის "ტორპედოში მიიწვიეს, შემდეგ "ცხინვალში" აღმოჩნდა, მაგრამ თამაში მხოლოდ ამ სეზონში, პირველი ლიგის ბინადარ წალენჯიხას "სქურში" ეღირსა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ორ წელიწადში ვანო წილოსანი თბილისის "დინამოდან" წავიდა და "გურიაში" გამოიჩინა თავი. იქიდან ქუთაისის "ტორპედოში" მიიწვიეს და თავიდან კარგადაც დაიწყო, მაგრამ მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.

ევრო 2012-ის შემდეგ თავდამსხმელმა დავით ჯიქიამ მესამე გუნდი შეიცვალა - "ლოკომოტივიდან" "დინამოში" გადასული, "საბურთალოში" ჩარიცხა, მაგრამ მხოლოდ "სამტრედიაში" გაიხსნა. თუმცა წლეულს სათამაშო პრაქტიკა მასაც აკლია.

საკუთარი ადგილის საძებნელად ბევრი იმოგზაურა დავით დარციმელიამაც, რომელიც "ლოკომოტივიდან" მარნეულის "ალგეთში" მოხვდა, შემდეგ უკრაინის პრემიერლიგის კლუბ "სევასტოპოლში" სცადა თავის დამკვიდრება, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო გუნდმა რუსეთის ჩემპიონატში გადასვლა გადაწყვიტა, ხოლო ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი უნგრულ "ნირედიაზა სპარტაკუსში" აღმოჩნდა, საიდანაც ისევ "ლოკომოტივს" დაუბრუნდა. სამწუხაროდ, ტრავმებმა ეს ნიჭიერი თავდამსხმელიც საგრძნობლად დააბრკოლა.

საერთოდ, ამ ბიჭებისგან ბევრად მეტს ველოდით. იმედი ჯერ კიდევ არ გადაწურულა. გასაგებია, რომ წარმატებული ასაკობრივი ნაკრების ყველა მოთამაშე დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, მაგრამ მაისურაძის ხელში ეს ბიჭები გვაიმედებდნენ და საწყენია, მათი უმრავლესობა დღემდე პოტენციალს სანახევროდაც რომ ვერ ავლენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
პრობლემა ისაა, რომ არა გვყავს შესაბამისი დონის მწვრთნელები ყველაზე მგრძნობიარე ეტაპზე, როცა იუნიორებიდან დიდებში გადადიან, არ ხდება ინდივიდუალური მიდგომა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დატვირთვის კუთხით, რაც იწვევს შემდეგ ტრავმებს და მენტალურ პრობლემებს
llcl
14:44 15-10-2016
0
ვინც იშრომა დაუფასდა! დამნაშავე ყველამ თავისთავში ეძებოს. ღმერთი სამართლიანია!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული