სხდომაზე სხვადასხვა დარღვევის გარდა, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემიდან მიღებული ანგარიშები განიხილეს.
სადისციპლინო კომიტეტის წევრებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა რაპორტი, გაეცნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურისგან მიღებულ შუამდგომლობებსა და დამატებით მასალებს, მოუსმინეს მხარეებს და დაადგინეს:
1. საფეხბურთო კლუბი ხარაგაულის "ჩხერიმელა" თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემიდან მიღებულ ზედიზედ ორ რაპორტში მოხვედრის გამო დაჯარიმებულია 10 000 ლარით და მოხსნილია პირველი ლიგის გათამაშებიდან. გადაწყდა, რომ დარჩენილ მატჩებში
2. საფეხბურთო კლუბი ხონის "იმერეთი", თფა-ს რაპორტის მიხედვით, მხილებულ იქნა თბილისის "მარკ სტარსთან" მატჩის შედეგზე მანიპულირებაში. მატჩის ანგარიში გაუქმდა, "იმერეთს" პირველი ლიგის გათამაშებაში დააკლდა 6 ქულა და დაჯარიმდა 10 000 ლარით, ხოლო "მარკ სტარსს" ჩამოერთვა 3 ქულა.
3. ზუგდიდის "ოდიში 1919" მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთან" გამართული მატჩის შედეგზე შესაძლო მანიპულირების გამო დაისაჯა 6 ქულის დაკლებით და 10 000 ლარით.
4. ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესაბამისად, სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ხელმეორედ განიხილა მარტვილის "მერანისა" და "რუსთავის" მატჩის საკითხი და თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილება მატჩის შედეგის გაუქმებისა და გუნდებისთვის 6-6 ქულის ჩამორთმევის, ასევე, 10-10 ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ ძალაში დატოვა.
სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური აგრძელებს მუშაობას საეჭვო მატჩების გამოსავლენად, რადგან მსგავსი ქმედებები უპირველესად აზარალებს ქართულ ფეხბურთს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კლუბებს, დაიცვან სამართლიანი თამაშის პრინციპები, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ითანამშრომლონ სფფ-სთან, არ შევიდნენ გარიგებაში.
თფა-ს ანგარიშების გარდა, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა სხვა საკითხებიც, რომლებზეც მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელი ვლადიმირ კორობკა დაისაჯა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 2000 ლარით.
2. "ზუგდიდი" - "სიონის" მატჩზე გულშემატკივრების ქცევის გამო "ზუგდიდი" დაისაჯა 6500 ლარით და მასპინძლის სტატუსით გამართულ მომდევნო მატჩში ითამაშებს უმაყურებლოდ.
3. მეორე ლიგაში "გარეჯი" - "დურუჯის" შეხვედრაში მასპინძელთა ფეხბურთელი ზაზა კობახიძე მსაჯის მიმართ მუქარის შემცველი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დაისაჯა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 750 ლარით.
4. მეორე ლიგის მონაწილე კლუბს, სენაკის "ეგრისს" დებულების დარღვევის გამო - უცხო ქვეყნის მოქალაქის არამართლზომიერი მონაწილეობა - სამ მატჩში, ზუგდიდის "ჩელასთან", ჩხოროწყუს "ლესიჭინესთან" და ხელვაჩაურის "მაჭახელასთან" ჩაეთვალა 0:3 წაგება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით