გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე

AutoSharing Option
იყო დრო, გოჩა ხოჯავა ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. უმაღლეს ლიგაში 16 წლისამ ითამაშა, გიორგი დევდარიანის ხელში "თბილისში" გამოჩნდა და თავისი ტექნიკური თამაშით კლაუს ტოპმიოლერიც აღაფრთოვანა.

ახლა ის 31 წლისაა და უკან ჩამოიტოვა ფამაგუსტას "ანორთოსისი", "როსტოვი", მახაჭყალის "ანჟი", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა", გორის "დილა", ვლადიკავკაზის "ალანია", რუსთავის "ოლიმპი", ლარნაკას აეკ-ი, "სახალინი"... ბოლოს ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" თამაშობდა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებისა და ეროვნული გუნდის (2 მატჩი) წევრი. ძალზე შთამბეჭდავი თამაშები ჩაუტარებია რუსეთის პრემიერლიგაში. მაგრამ მოლოდინი, რომ დიდ პოტენციალს გამოიყენებდა და ეროვნული
ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა, ვერ გაამართლა.

ახლა ის "რუსთავში" ვარჯიშობს და მიიჩნევს, რომ ფეხბურთის თამაში კიდევ შეუძლია.

"ხაბაროვსკში ყოფნისას კუნთი გამიწყდა და ოთხი თვე ვეღარ ვვარჯიშობდი. ლევან სილაგაძის დამსახურებაა, "რუსთავში" ვარჯიშის საშუალება რომ მაქვს. უკვე თვე-ნახევარია, რაც ამ გუნდში ვარ და მინდა დიდ ფეხბურთს დავუბრუნდე.

როცა შეიტყვეს, რომ ვვარჯიშობ, რაღაც ვარიანტები უკვე გამოჩნდა. თუ საინტერესო წინადადება იქნება და იმედია, რომ იქნება, უცხოეთში წავალ. ჯერჯერობით კი გვერდში დავუდგები ლევან სილაგაძეს, რომელიც მძიმე პერიოდში დამეხმარა.

დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე", - ამბობს ხოჯავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაბრუნდი ფეხბურთში, საქართველოს ჭირდები გოჩა
გიო
21:47 05-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული