33 წლის ნიკა ჯღარკავას ჯილდო ქვეყანაში სპორტის მასობრიობის გაზრდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის გადაეცა. თავის დროზე ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრობის კანდიდატი გახლდათ, თამაშობდა "ბოხუმის" დუბლებში, საიდანაც 2003 წელს "შალკეს" დუბლშემადგენლობაში მიიწვიეს სინჯებზე - სწორედ იმ დროს, როცა სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გელზენკირხენულ გუნდში ჩაირიცხა. თუმცა ჯღარკავამ კარიერა ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა.
2006-11 წლებში ის "დინამო არენაზე" რიგითი თანამშრომელი იყო, შემდეგ დააწინაურეს
საინტერესოა, რომ ჯღარკავას დამთავრებული აქვს ორი უმაღლესი სასწავლებელი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და ჯიპა-ს მენეჯმენტის ფაკულტეტები. 2015 წელს უეფას საფეხბურთო მენეჯმენტის კურსზე ქართველებიდან საუკეთესო შედეგი ჯღარკავასა და "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს ჰქონდათ. 2016 წლიდან ის უეფას მასობრივი ფეხბურთის პანელის წევრია.
ჯღარკავა ქართული ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი პროგრამის თანაავტორიცაა. მისი, როგორც სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის, საკურატორო სფეროებია პროექტებისა და ასოციაციების მართვა, კლუბების ლიცენზირება, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სპორტული სამართლიანობის დეპარტამენტები - ეს უკანასკნელი, უეფას რეკომენდაციით, ჩაწყობილ თამაშებთან საბრძოლველად შეიქმნა და გემახსოვრებათ, გასულ წელს რამდენი კლუბი დაისაჯა კიდეც.
ბოლო წლებში, უფულობის გამო, ფეხბურთს საქართველოში პოპულარიზაცია სჭირდებოდა და უპირველესად, ნაბიჯები სწორედ ამ კუთხით იყო გადასადგმელი. ამიტომაც შემუშავდა სფფ-ის ახალი სამოქმედო პროგრამა, დაახლობით ამგვარი სახელწოდებით - "სტადიონი და გუნდი ყველა სოფელში".
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ორგანიზაციის მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტის შედეგად (მოყვარულთა ჩემპიონატი, რეგიონთა თასი 13-წლამდელებს შორის, ქალთა ჩემპიონატი), 2016 წელს ქვეყანაში დარეგისტრირებულ ფეხბურთელთა რიცხვი 7 ათასით გაიზარდა. ამაში გადამწყვეტი როლი მოყვარულთა ლიგის დაფუძნებამ ითამაშა: ჯერ თბილისის მოყვარულთა თასი გაიმართა, სექტემბრიდან კი ჩემპიონატში ყველა რეგიონი ჩაერთო: 46 ქალაქში 250-მდე მოყვარულთა გუნდი ჩამოყალიბდა, სადაც 5 ათასამდე ფეხბურთელმა ითამაშა. და ეს იმ დროს, როცა მანამდე საქართველოში 77 გუნდი და 11 ათასი რეგისტრირებული მოთამაშე იყო.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევამდე, კობიაშვილმა საინტერესო ციფრები მოიშველია - თურმე, გერმანიაში პროფესიონალი ფეხბურთელი საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.95 პროცენტია, დანარჩენი კი მოყვარულია. იქ სულ 7 სამოყვარულო ზონაა, რომლებიც ფედერალური მიწების მიხედვით, მინიმუმ, 150-მდე ზონად იყოფა. ამის ხარჯზე, გერმანიაში 7 მილიონამდე ფეხბურთელი ჰყავთ.
დიდი ფეხბურთი სწორედ მასობრივ და სამოყვარულო ფეხბურთზე დგას, ჩვენთან კი ასეთი რამ კომუნისტების დროსაც არსებობდა, მაგრამ არა - ასეთი ორგანიზებული მასშტაბით. მოთამაშეთა რაოდენობის ზრდა კი ხარისხის გაუმჯობესების წინაპირობაა. სფფ-ის გარდა, გუნდებს ეხმარებოდნენ მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საკრებულოები, რეგიონებისა და ქალაქების ფედერაციები და ბევრ სოფელში დაარსდა გუნდი, ბავშვებს ზრდიან და უვლიან მოედნებს, რაც წლების განმავლობაში უდიდესი პრობლემა იყო.
* * *
"ლელომ" წლის საუკეთესო სპორტულ მენეჯერთან ინტერვიუ ჩაწერა:- დამოუკიდებლად, მე არც ერთ პროექტზე არ მიმუშავია - ფეხბურთის ფედერაციაში ეს ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით კეთდება. უბრალოდ, მასობრივი ფეხბურთი ჩემს საკურატორო სფეროში იყო და ეტყობა, ჯილდო ამიტომ გადმომეცა.
ცხადია, ეს ფაქტი მახარებს, მაგრამ მას ინდივიდუალურ ჯილდოდ ნამდვილად არ განვიხილავ, რადგან ეს პრიზი ყველა იმ ადამიანის ერთობლივი შრომის შედეგია, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაშია და ამ სახეობისთვის მუშაობს. ჩვენი მთავარი მიზანი კი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეზიაროს ჯანსაღი ცხოვრების წესს და ჩაერთოს ფეხბურთში.
2016 წელი მნიშვნელოვანი იმიტომაც იყო, რომ ფედერაციის პრიორიტეტებში, პროფესიულ ფეხბურთთან ერთად, მასობრიობაც ჩაჯდა. ამ მიზნით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. წინა წლებთან შედარებით ძირითადი განსხვავება სწორედ ეს იყო.
- 2016 წელს, ფეხბურთის პოპულარიზაციისა და მასობრიობის მიზნით, რამდენიმე პროექტი განხორციელდა. მათ შორის საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?
- ყველა ეს პროექტი ფეხბურთის პოპულარიზაციასა და მასობრიობის გაზრდას ემსახურებოდა და მათი გამორჩევა გამიჭირდება. 2016 წელს განხორციელებულებიდან 13-წლამდელებს შორის რეგიონთა თასს გამოვყოფდი, მაგრამ სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით, ქალთა და, განსაკუთრებით, მოყვარულთა ჩემპიონატს გამოვარჩევდი.
- კარგი ის არის, რომ მოყვარულთა ჩემპიონატმა უეფას რეგიონთა თასზე საქართველოს ადგილი დაუბრუნა...
- მოყვარულთა ჩემპიონატზე ყურადღებას მხოლოდ ამიტომ არ ვამახვილებ. ამით ფეხბურთი ისევ მასობრივი გახდება და პერსპექტივაში, რეგიონულ ლიგებად უნდა გარდაიქმნას. ანუ ქუთაისის, სამტრედიის ან ჩხოროწყუს პირველობები უნდა ჩატარდეს, საბოლოოდ კი გამარჯვებულები აქამდე არსებულ ეროვნულ ჩემპიონატებში დაწინაურდებიან. ანუ აქამდე არსებულ 4 ლიგას კიდევ 1 ან 2 დაემატება.
ქართულ ფეხბურთს სწორედ ეს მასობრიობა, გუნდებისა და მოთამაშეთა რაოდენობა აკლია. გაიხსენეთ, ადრე სოფლებში რეგულარული გუნდები იყო, რაც ბოლო წლებში აღარ არსებობდა. ასეთი გუნდები მასობრივად რაც შეიძლება მეტ სოფელსა და ქალაქში უნდა ჩამოყალიბდეს - ჩვენი პროექტის წარმატებაც სწორედ ეს იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"