საქართველოს თასი - სამარცხვინო სეზონის ლოგიკური დასასრული [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
მატჩის 30-ე წუთზე "დილას" ფორვარდი მათე ვაწაძე "ზესტაფონის" მეკარესთან პირისპირ გავიდა და ის-ის იყო, კარში უნდა დაერტყა, როცა იმერელთა მცველმა თემურ ღონღაძემ მას ბურთი სუფთა ვარდნით აართვა - ეს სუბიექტური მოსაზრება არ გახლავთ, ვიდეოგამეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ღონღაძეს თამაშის წესები არ დაურღვევია.

არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ კი იგი არარსებული ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა, მისი გუნდის კარში კი პენალტი ასევე არარსებული დარღვევისთვის დანიშნა.

გოჩა ხოჯავამ თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა და იმ წამიდან ნათელი გახდა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ "ზესტაფონს" გამარჯვების შანსი, ფაქტობრივად, აღარ
ჰქონდა.

რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, თუ პენალტი იყო, მსაჯს ფეხბურთელიც უნდა გაეძევებინა, მაგრამ ხაზგასმით ვამბობთ - პენალტი არ ყოფილა!

კვარაცხელიას ტენდენციური მსაჯობა ამის შემდეგაც გაგრძელდა და წვრილმანებსა თუ მსხვილმანებში იგი ყოველთვის "ზესტაფონის" საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდა. სხვა ეპიზოდებს თავი რომ დავანებოთ, გასახსენებლად ისიც კმარა, დავით მუჯირს მეტოქესთან ორთაბრძოლაში თავი რომ გაუტყდა და ყვითელი ბარათი მაინც მას რომ მისცეს.

იმავე მუჯირმა მეტოქის მცველს ბურთი სუფთად აართვა და დასარტყამ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა.

რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ თასის ფინალის გაფუჭება მხოლოდ კვარაცხელიას ბრალია - ამ საქმეში უფრო ბევრისშემძლე ხალხის ხელი ურევია და ისიც ნათელია, რატომ გადააყენეს სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელობა.

Sportall.Geმოკლედ, თასის ფინალი, რომელიც საფეხბურთო ზეიმი უნდა ყოფილიყო, ნეიტრალური ქომაგისა და საზოგადოებისთვის ნამდვილ საშინელებად იქცა. ყოველივე ამან კი ნეიტრალური მაყურებლის თვალში "დილას" გამარჯვებას ჩრდილი მიაყენა. არადა, გორელებს სულაც არ ჰყავთ ისეთი გუნდი, ტიტულის მოპოვებაში აუცილებლად მსაჯისა თუ გარეშე ძალების დახმარება რომ დასჭირვებოდა.

"დილას" სამწვრთნელო შტაბმა მოკლე დროში საკმაოდ ხარისხიანი და გამართული ფეხბურთის მოთამაშე კრებული ჩამოაყალიბა, რომელსაც იმის დიდი შანსი ექნებოდა, რომ "ზესტაფონი" სამართლიან გარემოშიც დაემარცხებინა, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს მხოლოდ "ზესტაფონისა" და ქართული ფეხბურთისთვის კი არა, თვით "დილასთვისაა" საზიანო - კონკურენტუნარიანი მაშინ ხარ, თუ მეტოქეებთან თანაბარ პირობებში იმყოფები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ბრძოლასა და დაბრკოლებების გადალახვას მიეჩვევი და ევროთასებზეც მსაჯად კვარაცხელიას არავინ დაგინიშნავს.

ვიმეორებთ, "დილა" საკუთარი სათამაშო ხელწერით სიმპათიებს იმსახურებს, მაგრამ ისეთი მოვლენებით, რაც თასის ფინალში მოხდა, თუნდაც "ზესტაფონისგან" განსხვავებით, ვერასდროს შეიძენს ნეიტრალურ და ობიექტურ ქომაგს და მხოლოდ ერთი ქალაქისა და ერთი უწყების გუნდად დარჩება. ქართული ფეხბურთი კი ასეთი უნიჭო სპექტაკლებით წუმპედან ვერასდროს ამოვა.

დიდი ქაოსი მხოლოდ მოედანზე კი არა, ტრიბუნებზეც იყო გამეფებული. მატჩის უსაფრთხოების ნორმები, ფაქტობრივად, დაუცველი იყო. სტადიონზე არ მიუყვანიათ სპეცდანიშნულების რაზმი. არადა, ასეთი მასშტაბის მატჩებზე მას აქამდე ყოველთვის ვხედავდით ხოლმე. კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ იყვნენ იმ რაოდენობით წარმოდგენილნი, დიდი უწესრიგობის აღკვეთა რომ მოეხერხებინათ.

მთელი 90 წუთის განმავლობაში თამაში ჩაშლის საფრთხის წინაშე იყო. განრისხებულმა ზესტაფონელმა ქომაგებმა მოედანზე ბოთლების სროლა და ლოჟის მიმართულებით უწმაწური სიტყვების (რბილად ნათქვამია) სკანდირება დაიწყეს, რასაც ცოტა ხანში სამართალდამცავებთან მათი შეტაკება და არაერთი ზესტაფონელის დაშავება მოჰყვა. მასობრივ ჩხუბში "ზესტაფონის" ვეტერანი ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ...

მოედანზე ნასროლი საგნების გამო შეხვედრა მცირე ხნით შეჩერდა. საქმეში მატჩის დელეგატი ჩაერთო და თამაშის გაგრძელების ნებართვაც მან გასცა.

ღონღაძის გაძევების შემდეგ შეხლა-შემოხლა მოხდა ფეხბურთელებს შორისაც, რომელშიც "დილას" სათადარიგოთა სკამის სიახლოვეს მყოფი ამ გუნდის მენეჯერი მამუკა ჯუღელიც აქტიურად ჩაერთო.

მოკლედ, "მიხეილ მესხზე" სრული ქაოსი სუფევდა და არც ის იყო გამორიცხული, ამხელა მასშტაბის ვნებათაღელვა მასშტაბურ ტრაგედიაშიც გადაზრდილიყო.

"ზესტაფონს" მატჩის ბოლოს მსაჯისადმი "მიძღვნილი" აპლოდისმენტებისთვის ჯაბა დვალიც გაუძევეს. დვალმა მაისური გაიხადა და კვარაცხელიას ჩუქნიდა...

Sportall.Geსაფინალო სასტვენისთანავე "ზესტაფონის" ფეხბურთელებმა საკუთარ ქომაგებს მადლობა გადაუხადეს და გასახდელში გავიდნენ. ისინი მოედანზე ვერცხლის მედლების მისაღებად დაბრუნებას არ აპირებდნენ, მაგრამ ცოტა ხანში დაბრუნდნენ.

"დილას" საქართველოს თასი პომპეზურად გადაეცა, "ზესტაფონის" საჩემპიონო დაჯილდოება კი, რომელიც თითქოს იმავე საღამოს უნდა გამართულიყო, კიდევ ერთხელ გადაიდო. ყოველივე ამის შემდეგ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ საჩემპიონო თასს თბილისი-ზესტაფონის "მარშუტკას" გაატანენ...

მატჩის მიმოხილვის არშემოთავაზებისთვის კი ბოდიშს გიხდით, რადგან თასის ფინალში ყველაფერი ვნახეთ, ფეხბურთის გარდა. ეს იყო "გვირგვინი" და ლოგიკური დასასრული იმ ამაზრზენი მოვლენებისა, რომლის მომსწრენიც მთელი სეზონის განმავლობაში ვიყავით.

ქვეყანა, რომლის ჩემპიონის ვინაობაც აღმასკომის სხდომაზე ირკვევა, ამაზე უკეთესი ფინალის ღირსი არც არის!

მატჩის შემდეგ
მატჩისშემდგომი პრესკონფერენციისას ჟურნალი "ათიანის" მთავარმა რედაქტორმა გია გორგოძემ დავით ყიფიანის ოჯახის თხოვნა გადმოგვცა - ასეთ ბინძურ ტურნირს დავით ყიფიანის სახელს ნუღარ უწოდებთო. მანვე "დილას" აგენტ ჯუღელის მიერ გასაყიდად დასაწყობებული ფეხბურთელების გუნდი უწოდა.

თემურ შალამბერიძე (დილა): "ძალიან დაძაბული და ემოციური თამაში გამოვიდა. ამაზე ცუდი მსაჯობა არ გინახავთ? უბრალოდ, "დილას" შინაგან საქმეთა სამინისტრო აფინანსებს და მის თამაშს ამხელა აჟიოტაჟი იმიტომ ახლავს".

გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი): "მსაჯობაზე კომენტარს პირველად და უკანასკნელად ვაკეთებ - კვარაცხელიამ თამაში გააფუჭა! როცა მსაჯი ყველა ეპიზოდში შენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს, წარმატების შანსი ნული გაქვს. ფაქტია, ჩემმა გუნდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ ისიც უდავოა, რომ მსაჯმა გამარჯვების შანსი მოგვისპო. ფეხბურთი არც ჭიაბრიშვილისაა, არც შალამბერიძის და არც კვარაცხელიასი. ფეხბურთი არის ხალხის და არ შეიძლება, ყვითელ-წითელი ბარათების ფრიალით ხალხს ზეიმი ჩაუშალო.

შემდეგი სეზონი "დილასთვის" ძალიან ცუდი იქნება, რადგან ასეთ წაგებებს კარგად ვიმახსოვრებ და შევეცდები, მას ყველა მატჩი მოვუგო (იცინის). თემურ შალამბერიძეს გამარჯვებას ვულოცავ და ევროტურნირებზე "დილასაც" და სხვა ქართულ კლუბებსაც წარმატებებს ვუსურვებ".


საქართველოს თასის ფინალი
26.05. თბილისი. მ. მესხი. 6 000 მაყურებელი
დილა-ზესტაფონი 4:1 (იხილეთ ვიდეო)
0:1 აფციაური (13), 1:1 ხოჯავა (31. პენალტით), 2:1 ვაწაძე (48. ხოჯავას პასით), 3:1 ილურიძე (64. კახელიშვილის პასით), 4:1 ინწკირველი (90)

დილა ზესტაფონი
4-2-3-1 4-4-2
სკენდერი რ. კვასხვაძე
შ. კაშია ღონღაძე
სალუქვაძე კობახიძე
ინწკირველი საჯაია
თოთაძე ელიავა
ბეჭვაია აფციაური
არზიანი მენთეშაშვილი
კახელიშვილი გორგიაშვილი
ხოჯავა შ. გრიგალაშვილი
ს. გურული დ. მუჯირი
ვაწაძე დვალი

მწვრთნელები
თ. შალამბერიძე გ. ჭიაბრიშვილი

დილა
61. გურული-ილურიძე
80. ხოჯავა-ახალკაცი
88. ვაწაძე-ბარაბაძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, ალადაშვილი, მეგრელიშვილი, კანდელაკი

ზესტაფონი
46. მუჯირი-გ. ონიანი
58. გორგიაშვილი-შარიქაძე
68. კობახიძე-ოვონიკოკო
სათადარიგოები: მამალაძე, ბაბუნაშვილი, რაჟამაშვილი, გუგუჩია

გაფრთხილება: გორგიაშვილი (11), მუჯირი (19), თოთაძე (45), სალუქვაძე (83), აფციაური (83), დვალი (83), სკენდერი (90)
გაძევება: ღონღაძე (30), დვალი (83)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ასევე იხილეთ
თემურ შალამბერიძე: პენალტი დასანიშნი იყო, "ზესტაფონის" მცველი - გასაგდები

გიორგი ყიფიანი: ამ სიბინძურის მონაწილე პირებმა პასუხი უნდა აგონ!

გიორგი ონიანი: მსაჯისგან აშკარა ჩაგვრამ ფსიქოლოგიურად გაგვტეხა

მათე ვაწაძე: ჩვენი მიზანი თასი იყო და ამ მიზანს მივაღწიეთ

ლაშა სალუქვაძე: მჯერა, თასებსა და ჩემპიონობას კიდევ მოვიპოვებთ

გოჩა ხოჯავა: თასის ფინალში დაძაბულობა რომ არ იყოს, მაყურებლისთვის საინტერესო აღარ იქნებოდა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ავტორ კარგი სტატიაა. უფრო მწვავეედ... ნუ გერიდება ნურაფრის. ჟურნალისტი ხარ და შენი უნდა ერიდებოდეს ყველას.

დომენტი ბატონო დაისჯები!!!!!!!!! თან მალე!!!!
Aleqsa
10:45 28-05-2012
0
ყოჩაღ სტატიის ავტორს რაც იყო ყველაფეი ზუსტად დაუწერია. სამარცხვინოა თასის ასე აღება და რა უხაროდათ გორის ფეხბურთელებს ვერ გავიგე.
dato
10:50 28-05-2012
0

სიახლეები პოპულარული