კახა კაჭარავა: შანსები 50/50-ზეა და ვისაც უფრო გაუმართლებს, ის მოიგებს

AutoSharing Option
22 თებერვალს 2013 წლის პირველი ტიტული თამაშდება, საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი სუპერთასის აწევისთვის იბრძოლებენ.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვედრა 17 საათზე დაიწყება და დასწრება უფასო იქნება.

მოკლედ, "ზესტაფონი" და "დილა" დაეჯახებიან ერთმანეთს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასის საპრიზო ფონდისთვის 50 000 ლარი გამოყო - გამარჯვებული 30 000 ლარს მიიღებს, დამარცხებული - 20 000 ლარს.

მატჩის წინა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორივე გუნდმა ივარჯიშა. მოედანზე ჯერ გორის "დილა" გავიდა. ვარჯიში დახურული იყო, ჟურნალისტებს ბოლო 15 წუთით გაუღეს კარი. შემდეგ
ორივე გუნდის მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა, მერე კი მოედანზე "ზესტაფონი" გავიდა, რომლის ვარჯიში ყველასთვის ღია იყო.

კახა კაჭარავა, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი:
- როგორც იცით, თურქულ შეკრებაზე ვიყავით, ახლა კი სუპერთასის მატჩისთვის ვემზადებით. "ზესტაფონი" შარშან საქართველოს ჩემპიონი რომ გახდა, მას მერე გუნდი ათმა ფეხბურთელმა დატოვა. ეს "ზესტაფონი", ფაქტობრივად, ახალი გუნდია ახალი ფეხბურთელებით.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი არ იბრძოლებს სუპერთასისთვის, ჩემპიონობისა და საქართველოს თასისთვის.

ჩვენი მოწინააღმდეგე კარგად დაკომპლექტებული გუნდია. სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ "დილა" არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა მათ ნაცვლად არანაკლები ფეხბურთელები მიიწვიეს.

დანარჩენი ხვალ გამოჩნდება. ვისაც უფრო გაუმართლებს, ის მოიგებს.

- შანსებს მაინც როგორ შეაფასებდით?
- წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, შანსები 50/50-ზეა. ახალი გუნდი ვართ, შეთამაშება გვჭირდება, თუმცა ამის გამო, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არ გავურბივართ.

- "ზესტაფონში" თქვენი მისვლის შემდეგ რამდენად არის მოსალოდნელი გუნდის სათამაშო სტილის შეცვლა?
- ყველა მწვრთნელს საკუთარი ხელწერა აქვს. ისე კი, გუნდის სათამაშო სტილი იმის მიხედვით ყალიბდება, ფეხბურთელთა რა კონტინგენტიც ჰყავს.

უწინდელი "ზესტაფონიდან" გუნდში 4-5 ფეხბურთელია დარჩენილი, დანარჩენები ახალგაზრდა მოთამაშეები არიან. იმისთვის ვმუშაობთ, რომ "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატის და თასის გათამაშების გარდა, ევროსარბიელზეც ღირსეულად გამოვიდეს. ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა VS ზესტაფონი - სეზონი სუპერთასის მატჩით განახლდება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული